5 გზა, რათა თქვენს ბიზნესში თავისუფლება მოიპოვოთ და გავლენა შეინარჩუნოთ
By Chris Kille
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მეწარმეობის ადრეულ წლებში მჯეროდა, რომ რაც უფრო მეტად ვეცდებოდი ჩემი ბიზნესის ყველა ასპექტის მართვას, იგი მით უფრო წარმატებული იქნებოდა. მეგონა, რომ მიკრომენეჯმენტი წარუმატებლობისგან თავის დაცვის მცდელობა იყო. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ სანამ ყველაფრის გაკონტროლების მცდელობით ვიყავი დაკავებული, ვკარგავდი ერთს, ყველაზე მნიშვნელოვანს: თავისუფლებას - კრეატიული აზროვნების უნარს და პირად დროს.
გარდამტეხ მომენტში დავფიქრდი, რომ ნამდვილი სამუშაო თავისუფლება არა საკუთარი თავის გათავისუფლება, არამედ გონივრული ლიდერული უნარების გამომუშავება და ადამიანებისთვის საქმის ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობის შექმნაა. სტატიაში ხუთ სტრატეგიას გთავაზობთ, რომელიც დაგეხმარებათ, რეალურ თავისუფლებას გავლენის დაკარგვის გარეშე მიაღწიოთ.
შექმენით ექსპერტთა გუნდი
მეტი თავისუფლების მიღების ერთ-ერთი შესანიშნავი გზაა, გყავდეთ ადამიანები, რომლებმაც თქვენზე მეტი იციან. მაგრამ ლიდერების უმეტესობა ამას არ აკეთებს, რადგან ეშინიათ, რომ კონტროლის დათმობა მოუწევთ ან ქვეშევრდომების ჩრდილქვეშ მოექცევიან. თუმცა იმ ადამიანების დასაქმება, რომლებიც თქვენზე ჭკვიანები არიან, საშუალებას მოგცემთ, თქვენს ძლიერ მხარეებზე ყურადღება გაამახვილოთ და დარწმუნდეთ, რომ კომპანია წესრიგშია.
თუ თქვენმა მარკეტინგის მენეჯერმა რეკლამის შესახებ თქვენზე მეტი იცის, ნება მიეცით, პასუხისმგებლობა აიღოს. თუ ფინანსურ ლიდერს შეუძლია რთული რიცხვები სწრაფად გამოთვალოს, მას გადაწყვეტილების მიღების უფლება უნდა მისცეთ. ეს მიდგომა სასარგებლოა, რადგან შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ბიზნესის თითოეული სეგმენტი კარგ ხელშია.
შექმენით "აკრძალული ზონა"
ერთ-ერთი ყველაზე არაპროდუქტიული საქმიანობა, რომლითაც ბიზნესის მფლობელი შეიძლება დაკავდეს, არის მიღებული გადაწყვეტილების მართებულობის მტკიცება. ეს სამუშაო პროცესს ანელებს. გამოსავალი? შექმენით "აკრძალული ზონა". თქვენს გუნდთან ერთად დაადგინეთ სტანდარტები და მათი ნდობა მოიპოვეთ, რათა მცირე გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება შეძლონ. არჩევანის თავისუფლება მათ საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და პროდუქტიულად იმოქმედონ, პარალელურად კი თქვენი დადგენილი წესებით იხელმძღვანელონ.
სარეზერვო სისტემების დანერგვა ყველა ამოცანისთვის
რამდენადაც არ უნდა გვჯეროდეს, რომ ოპერაციის მთავარი გასაღები ჩვენ ვართ, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ პროცესები სწორად განვითარდება მაშინაც, როცა ჩვენ გარშემო არ ვართ. სასურველია, გყავდეთ რეზერვი, რომელიც საჭირო დროს ნებისმიერ დავალებას შეასრულებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მიუწვდომელი ხართ, მივლინებაში ან სამოგზაუროდ მიდიხართ. ასევე, განსაზღვრეთ, რომელი ამოცანებია გადამწყვეტი თქვენი ბიზნესისთვის და თითოეული მათგანისთვის საგანგებო გეგმა იპოვეთ.
თქვენი გუნდი საგანგებო სიტუაციებისთვის მოამზადეთ
გაუთვალისწინებელი შემთხვევები გარდაუვალია. თუმცა შეგიძლიათ სტრესი თავიდან აირიდოთ. თქვენი გუნდი თქვენი დახმარების გარეშე უნდა გაუმკლავდეს საგანგებო სიტუაციებს. კრიზისის მენეჯმენტი და პრობლემის გადაჭრის უნარი თქვენს გუნდს ეხმარება, სწრაფად იფიქროს და დაბრკოლებები შეამციროს. ამისთვის საჭიროა ტრენინგები და წინასწარი მომზადება.
სამომავლო პერსპექტივებზე ყურადღების გამახვილება
ხშირად ყოველდღიური რუტინის გამო სამომავლო პერსპექტივებზე ფიქრი გვავიწყდება. ელწერილებზე პასუხი, სამუშაო შეხვედრები გრძელვადიანი გეგმების შემუშავებაში ხელს გვიშლის. საჭიროა, თქვენი ყურადღება კომპანიის მომავალზეც გაამახვილოთ. ყოველ კვირას გამოყავით დრო, რათა სამომავლო ამოცანებზე დაფიქრდეთ. თქვენს სტრატეგიასა და პარტნიორობას გადახედეთ.
ბიზნესში თავისუფლების მოპოვება დავალებების გონივრულად შესრულებას გულისხმობს. პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა საშუალებას გაძლევთ, სტრესი შეამციროთ და მეტი თავისუფლება მოიპოვოთ. ასე თქვენი კომპანია არა მხოლოდ სტაბილურობას შეინარჩუნებს, არამედ განვითარებასაც განაგრძნობს.