Sponsored Content

როგორ დავაღწიოთ თავი კატასტროფულ მდგომარეობას?

By Jason Feifer

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ცხოვრებაში პირველად ჩავფლავდი პროფესიული თვალსაზრისით. თუმცა, ჩავფლავდი "ხარისხიანად". ახლავე აგიხსნით, რა იყო ამაში ხარისხიანი.

ჩემი ჩაფლავების ისტორია ასე ჟღერს: ლას ვეგასში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონფერენციაზე სიტყვით გამოვდიოდი და ვყვებოდი ისტორიას, რომელიც იქამდე ასჯერ მაინც მექნებოდა ნაამბობი. თუმცა, მაინცდამაინც ამხელა აუდიტორიის წინაშე რაღა დამემართა, ტვინი გამეთიშა და მონაყოლშიც ჯაჭვი გამიწყდა. ასობით ადამიანის წინაშე ვიდექი და ვბლუკუნებდი. მტკივნეული სირცხვილი იყო.

გინდათ, ამ ამბის ყველაზე უცნაური ნაწილი გითხრათ ? ეს კატასტროფა სულაც არ ყოფილა. ხალხი ბედნიერი იყო, მადლიერიც კი - მადლობა გადამიხადეს.

მინდა გითხრათ, რა ვისწავლე. იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, თქვენც გქონიათ მსგავსი მომენტები - როცა კონტროლი დაკარგეთ და ყველაფერი დაინგრა. და მე ნამდვილად კარგი ამბავი მაქვს: აღდგენა არც ისე რთულია, როგორც თქვენ ფიქრობთ.

რა მოხდა?

ვეგასის საკონფერენციო დარბაზში ვარ, ვაპირებ გამოვიდე კონფერენციაზე უძრავი ქონების შემფასებლებისთვის, სახელწოდებით Valuation Expo. ერთი ბიჭი გამეცნო და მეუბნება: "მე ვიქნები თქვენი დროის მაკონტროლებელი და გამოგიგზავნით შეხსენებას, როცა 10 და შემდეგ ხუთი წუთი დაგრჩებათ". მადლობას ვეუბნები და დროზე არც ვფიქრობ, ეს საერთოდ არ მაწუხებს. ამ გამოსვლას წელიწადში ათობით ვაკეთებ და ვსაუბრობ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ადამიანები და ორგანიზაციები განვითარდნენ ცვლილებების დროს. ამ შემთხვევაში მე დამიქირავეს 30-წუთიანი მოხსენებისთვის და ვიცი, დროულად როგორ დავასრულო.

სცენაზეც გავდივარ და თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ, აუდიტორიაც ჩართულია განხილვაში. ენერგიულად ვუძღვები დისკუსიას და ნახევარიც კი არ მაქვს ჩამთავრებული, რომ შეხსენება მომდის - 10 წუთი დამრჩა.

და სანამ იმის გაცნობიერებაში ვარ, რომ 10 წუთი დამრჩენია, თუ რაიმე შეცდომას დავუშვებ, შემდეგი შეტყობინებაც მომდის - 5 წუთი მაქვს დარჩენილი. აი, აქ კი ვიბნევი - კი მაგრამ, როგორ - ამხელა დრო როდის და რანაირად გავიდა? ჩემი გათვლებით, 18 წუთი მაინც უნდა მქონდეს. ჩემი გონება ბრუნვას იწყებს, ყველაფერს ვიხსენებ და ვფიქრობ - ნუთუ 25 წუთია, ვსუბრობ, რა შემეშალა და დარჩენილს როგორ მოვუყარო თავი 5 წუთში?

ვფიქრობ და თან ვცდილობ, საუბარი გავაგრძელო - მე ხომ აუდიტორიის წინაშე ვდგავარ. მახსოვს, რომ ლუდის კომპანიის შესახებ რაღაც ანეკდოტს ვყვებოდი - თუმცა, ახლა ისე ვარ აღელვებული, ვერაფერს ვიხსენებ - კონტროლს ვკარგავ, სიტყვებს ვერ ვიხსენებ. სცენაზე მრავალი პრობლემის წინაშე აღმოვჩენილვარ, თუმცა, სულ ვამაყობდი საკუთარი უნარით, ლავირება შემძლებოდა. მქონია ტექნიკური პრობლემა, აუდიტორიაში ხმაური, ყველაფერი - ახლა კი, პირველად, პრობლემა მე ვიყავი.

ვჩერდები და აუდიტორიას ბოდიშს ვუხდი. შემდეგ ვცდილობ განვაგრძო, თუმცა, თითქოს დასაყრდენს ვეღარ ვპოულობ. ისევ ვჩერდები - უკვე აუდიტორიაც ფორიაქობს, მახსენებენ, ბოლოს რაზე ვლაპარაკობდი, მახსენებენ ბოლო წინადადებებს - მე კი წამიერად ვაცნობიერებ, რომ ეს, უბრალოდ, არ შემიძლია.

და მალევე ვხვდები, რომ…

ვწვალობ, რომ ჩემივე ისტორია დავასრულო, ხალხიც ნერვიულად მგულშემატკივრობს და უკვე ცხადი ხდება - მთავარი ისტორია არაა. უახლოეს სკამზე ვეშვები და ვამბობ: "იცით რა? ჯანდაბა!" აუდიტორიაში სიცილი და ტაშის ხმა ისმის. მთელმა დარბაზმა თითქოს ამოისუნთქა. ვყვები, რომ გადაღლილი ვარ, გამოუძინებელიც და ფრენის შემდეგ გადაღლაც მაწუხებს - ერთი სიტყვით, გრძელი დღე მქონდა.

აუდიტორიისთვის სხვა ისტორიების მოყოლას ვიწყებ და ვგრძნობ, რომ სხეულში ადრენალინი მაწვება, პანიკაში ვარ და მე მხოლოდ ნახევრად ვარ თანამიმდევრული. ჰოდა, მეც ვუყვები აუდიტორიას, რომ მსგავსი შემთხვევები ყველას მოსდის, რომ სპიკერის გადმოსახედიდან ძალიან რთული გამოცდილებაა და, საუბრის პარალელურად, ვცდილობ მინიმალური კონტროლი მაინც შევინაჩუნო. კვლავ ვიხდი ბოდიშს, ვხუმრობ და სცენიდან დამარცხებული ჩავდივარ.

და სწორედ აქ მინათდება გონება

დროის მაკონტროლებელი ბიჭი ჩემთან მორბის და ბოდიშს მიხდის გაურკვევლობისთვის. აღმოჩნდა, რომ ჩემს წინა გამომსვლელს გათვლილზე მეტი დრო დასჭირდა, შემდეგ ხმის პრობლემა შეიქმნა და საბოლოოდ სცენაზე 4:30-ის ნაცვლად 4:43 სთ-ზე გავედი. რადგანაც ამ ბიჭს სხვა ინსტრუქცია არ ჰქონდა და იცოდა, რომ 5 სთ-ზე ჩემი გამოსვლა უნდა დასრულებულიყო, შესაბამის შეტყობინებებსაც მიგზავნიდა.

სწორედ ამიტომ მეუცნაურა მისი შეტყობინებები - 30-წუთიანის ნაცვლად 17-წუთიან გამოსვლაში ცდილობდა ჩავტეულიყავი. თუმცა, სამწუხაროდ, ამაზე მე არაფერი ვიცოდი. რეალურად, ეს მისი ბრალიც კი არ იყო - მე უნდა გავჩერებულიყავი და დამეზუსტებინა, რა ხდებოდა. საბოლოო ჯამში დიდებული გაკვეთილი მივიღე სხვა მსგავსი შემთხვევისთვის.

დამსწრეებიც მოდიან, თავიანთ ისტორიებს მიყვებიან, როცა ჩემსავით ტვინი გაეთიშათ და ცდილობენ, ხასიათზე მომიყვანონ. ღონისძიების ორგანიზატორები მოდიან და მეუბნებიან, რომ ამ აურზაურს კარგად გავართვი თავი და ამისგან თავადაც მიიღეს გაკვეთილი. ის ადამიანიც კი კმაყოფილი იყო, ვინც ჩემს გამოსვლაში ფული გადაიხადა. ასე რომ, ყველას მოეწონა ჩემი გამოსვლა ჩემ გარდა.

რა შემეძლო უკეთ გამეკეთებინა?

ღამით ამაზე ფიქრით არ მეძინება. მომხდარი რამდენჯერმა დეტალურად გავიხსენე და ვფიქრობ - რა შეიძლებოდა მექნა სცენაზე ისეთი, რომ მთელი მოხსენება ასე ცუდად არ წარმართულიყო? რა შეიძლებოდა შემეცვალა, რით გამეხადა პოზიტიურად დასამახსოვრებელი. ვიწყებ სხვადასხვა სცენარის განხილვას. მაგალითად, როცა წავიბორძიკე, უნდა შევჩერებულიყავი და აუდიტორიისთვის მეკითხა, მათ თუ ჰქონიათ მსგავსი მომენტი და გაეზიარებინათ გამოცდილება. საბოლოო ჯამში კი ყველანი ერთ დიდ გაკვეთილს ვისწავლიდით - ამ იდეას ფიქრებიდან ვერ ვიშორებ, ნელ-ნელა სინანული მიტევს და ვხვდები, რომ განსხვავებული ხედვის მოსმენა მჭირდება.

ჩემი ფსიქოთერაპევტი მეგობრისთვის, კეტრინ მორგან შაფლერისთვის, ხმოვანი შეტყობინების ჩაწერას ვიწყებ. ვუყვები, რაც მოხდა, როგორ გავუმკლავდი მე და როგორ გავიჭედე იმ სცენარების წარმოდგენაში, რითაც უკეთესად შემეძლო მდგომარეობასთან გამკლავება. პირველ რიგში, ვხედავ, რომ ხმამაღლა საუბარი მშველის - თითქოს იდეებს თაროზე ვალაგებ და ვიცი, რომ შემდეგაც შემეძლება მიბრუნება.

კეტრინს ხმოვან შეტყობინებას ვუგზავნი და მეძინება. დილით კი მისი პასუხი მხვდება. კეტრინი ფიქრობს, რომ მშვენივრად გავუმკლავდი სიტუაციას და ერთადერთი, რაც არ მოსწონს, ჩემი ფანტაზიებია იმაზე, რა შემეძლო მექნა.

"შენ შენს იდეალურ, სრულყოფილ ვერსიას იგონებ. თუმცა იცოდე, ყველაფერი ავთენტური ბევრად ძლიერია, ვიდრე, უბრალოდ, იდეალურად დავარცხნილი", - მეუბნება იგი.

ის ახსნას აგრძელებს: "შენებურ იდეალურ ვერსიაში აუდიტორიას არ დაუტოვე შანსი და არ ენდე, რომ თავადაც მიხვდებოდა - დიახ, ჩვენ ყველანი ვფლავდებით და ჩვენივე არჩევანია, აქედან ჯანსაღად გამოვალთ თუ ტალახში ჩავეფლობით. და მთავარი ის კი არაა, რა სისწრაფითა და ეფექტურობით გამოვალთ მდგომარეობიდან, არამედ ჩვენი მცდელობა, - შეცდომების დაშვებისა და აღდგენისთვის საჭირო ძალების პოვნა".

ეს სწორედ ის იყო, რის მოსმენაც მჭირდებოდა. მთავარი ის არაა, რამდენად სწრაფად ან შთამბეჭდავად გამოხვალთ რთული მდგომარეობიდან. გაზომეთ ეს ყველაფერი თქვენივე მცდელობებითა და ზრახვებით - სწორედ მათზე გაქვთ კონტროლი და სწორედ ამას დაინახავენ ადამიანებიც.

სახლში ვბრუნდები და ჩემს ცოლსაც ვუყვები ამ ამბავს. მასაც შესანიშნავი რამ აქვს სათქმელი:

"შენ იმ აუდიტორიაში ხალხს დაუტოვე მესიჯი, რომელზეც არც კი გიფიქრია. შესაძლოა ამის სწავლება და ჩვენება სულაც არ გინდოდა, მაგრამ სწორედ ესაა, რაც შენც და მათაც მუდამ გემახსოვრებათ".

დიახ, ეს ყველაფერი სიმართლეა

დამსწრეებმა უამრავი წერილი მომწერეს ღონისძიებიდან კვირების შემდეგაც კი. ისინი მეუბნებოდნენ, რომ მათ, უბრალოდ, ადგომა და კითხვის დასმაც კი უჭირდათ პანელზე, პატარა ბავშვივით იბნეოდნენ. მათ თვალში როკვარსკვლავი ვიყავი.

ეს მესიჯები ჩემთვის ყველაფერი იყო. ახლა მესმის, რა აძლევდა მათ მოტივაციას - ჩვენ არ ვიზომებით იდეალურობის საზომით. ეს რაღაც უფრო ღრმა, შინაარსიანი და ადამიანურია, უფრო რეალისტურიც და უფრო გრძელვადიანიც.

ამიტომაც, როცა მსგავსი რამ ხდება, ადამიანებთან ჰუმანურობა არ დაკარგოთ და იმ სიმებს შეეხეთ - არ იდარდოთ, რამდენად იდეალურად გამოგივათ, რამდენად ლამაზად ან რამდენად სწრაფად. იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რომ ამას აკეთებთ. და ამას აუდიტორიაც ყოველთვის დაიმახსოვრებს.

Jason Feifer

Entrepreneur Staff

Editor in Chief

Jason Feifer is the editor in chief of Entrepreneur magazine and host of the podcast Problem Solvers. Outside of Entrepreneur, he is the author of the book Build For Tomorrow, which helps readers find new opportunities in times of change, and co-hosts the podcast Help Wanted, where he helps solve listeners' work problems. He also writes a newsletter called One Thing Better, which each week gives you one better way to build a career or company you love.