Black Friday Sale! 50% Off All Access

Native Georgian ქართული ხორცი ქართველებს... და არა მარტო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ირაკლი დოლიძე

2 წლის წინ ქართველი ბიზნესმენი ვასილ ბაბლუანი, რომელიც ესპანეთში საქმიანობს, ღორის ხორცის მწარმოებელი უდიდესი ესპანური კომპანიის Deraza Iberico S.L.-ის ხელმძღვანელ რეხინო დიაზ დელ რიოსთან და მის პარტნიორ ლუის სანს კასადოსთან ერთად კახეთში ჩავიდა. იდეა მწვადის დაგემოვნებისთანავე წარმოიშვა და ქართული ღორის ხორცით აღფრთოვანებულმა რეხინომ ვასილ ბაბლუანს დახმარება შესთავაზა. ვინაიდან უნიკალური გემოვნური თვისებების მქონე ქართული ღორი გადაშენების საფრთხის წინაშე იდგა, მისი გადარჩენისთვის უდიდესი ძალისხმევა და შრომა იყო გასაწევი.

ასე შეიქმნა Native Georgian.

Native Georgian-ის მიზანი ქართული ღორისგან გამორჩეული პროდუქტის შექმნაა. მას სათავეში რამდენიმე ადამიანი უდგას – ქართველი ბიზნესმენი ვასილ ბაბლუანი, რეხინო დიაზ დელ რიო, ლუის სანს კასადო და გიგლა აგულაშვილი.

დიაზ დელ რიოს ოჯახის ოთხ თაობას ესპანეთში ღორის ავთენტური ჯიშის, "იბერიკოს" გადარჩენის უნიკალური გამოცდილება აქვს. მისი კომპანიის გაყიდვებმა 2017 წელს 85 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ქართული ღორის გადარჩენის პროექტის წამოწყებაც რეხინო დიაზ დელ რიოს ინიციატივაა.

"ჩვენმა ფირმამ და საპარტნიორო ფონდმა დააარსეს ერთობლივი კომპანია, რომლის 49% ფონდის საკუთრებაშია. ფონდი ფინანსური და ადამიანური რესურსით გვეხმარება. ასეთი ტიპის პროექტებს სხვა ქვეყნებში, როგორც წესი, სახელმწიფო ახორციელებს, თუმცა საქართველოში კერძო სექტორმა წამოიწყო. მაგრამ აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო პირველსავე დღიდან მხარში გვიდგას", – აღნიშნავს ვასილ ბაბლუანი.

რეხინო დიაზ დელ რიო და ლუის სანს კასადო ვასილ ბაბლუანისა და გიგლა აგულაშვილის სრულუფლებიანი პარტნიორები გახლავან. ისინი წარმოებისა თუ სელექციის პროცესში არიან ჩართულნი და კვლევების მიმართულებით რეკომენდაციებს გასცემენ. ყველანი თანხმდებიან, რომ ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე არა ესპანური, იტალიური, ან გერმანული წესით დამზადებული ძეხვეული და ხამონი, არამედ სუფთა ქართული პროდუქტი უნდა გავიდეს.

"ჩვენს ინტერესში "იბერიკოს" წარმოება არ შედის. არ გვინდა ესპანური ხამონი გავაკეთოთ, გვსურს ადგილობრივი პროდუქტი შევქმნათ. დავრწმუნდით, რომ ქართული ღორის ხორცს არანაკლები ღირებულება და თვისებები აქვს, რისი დამსახურებითაც ბაზარზე დამკვიდრდება. ეს იქნება ქართული ღორის პროდუქტი, ამიტომაც დავინტერესდით ისტორიული რეცეპტებით. ბაზარზე პროდუქტი "ქართული ღორის" სახელით გავა. ექნება ქვეკატეგორიები: "რაჭული", "კახური" და სხვ. რა თქმა უნდა, უძველეს ტექნოლოგიას "გავაკეთილშობილებთ", მაგრამ ქართულ ძირს არ დავუკარგავთ", – აღნიშნავს გიგლა აგულაშვილი.

პროექტის წამოწყებისთანავე, საპარტნიორო ფონდთან ერთად კვლევისა და ექსპერიმენტირების პროცესში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარული დეპარტამენტი და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიც ჩაერთო. უკვე მომზადებულია პროექტი, რომლის მიხედვით რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო და ზემო სვანეთი სანდო ზონად უნდა გამოცხადდეს და ცხოველებთან მოპყრობის სპეციალური რეჟიმი დადგინდეს.

ქართული ღორის გადარჩენის პროექტი 5 ეტაპისგან შედგება:

პირველი ეტაპი წლის ბოლოს სანაშენე ფერმის გახსნით დასრულდება. ამ ფერმაში დასახლდება 300 დედა ღორი, რომელთა შემადგენლობა 1 წლის შემდეგ 900 სულით გაიზრდება. მეორე და მესამე ეტაპზე დასაკლავი და საჯიშე ღორების ზრდის პროცესი დაიწყება, მეოთხეზე – მასშტაბების კიდევ უფრო გასაზრდელად, პარტნიორ ფერმებს მიჰყიდიან გოჭებს და მათგან უკვე გაზრდილ ღორს შეიძენენ. დაკვლისა და გადამუშავების პროცესის შემდეგ კი, პროდუქციას ბაზარზე გაიტანენ. სწორედ ამ სტადიაზე ამუშავდება მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოში წარმოებული პროდუქციის მაღაზიები, დისტრიბუციის სისტემა; "შეიქმნება პატარა საწარმოები – ძეხვეულის თუ რაჭული ლორის. პარალელურად, ვიმუშავებთ ბაზრის შექმნასა და მიწოდების არხების განვითარებაზე. მაგალითად, რესტორნებს ჩვენ მოვამარაგებთ, რაც იმპორტირებული ნედლეულის საჭიროებას შეამცირებს და ტურისტებიც უკვე ქართულ, ტრადიციული მეთოდით დამუშავებულ პროდუქტს გასინჯავენ. ბევრი ადამიანი ჩაერთვება. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია არაერთ გაჩერებულ საწარმოსთან, რომლებიც გვინდა ავამუშაოთ, ხორცპროდუქტების წარმოება განვაახლოთ. უკვე კახეთიდანაც დაგვიკავშირდნენ, თელეთიდანაც", – ამბობს ვასილ ბაბლუანი. მეხუთე ეტაპზე, 5-6 წელიწადში ქართული ხამონის წარმოება ჩაეშვება.

სანაშენე ფერმის პრეზენტაცია წლის ბოლოს რაჭაში, პატარა სოფელ ღარში გაიმართება. "ძირითადი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ფერმა 5 ჰექტარ მიწაზე იქნება განთავსებული. წლის ბოლოს იქ 300 დედა ღორს დავაბინავებთ, ფერმაში კი თანამედროვე და ტრადიციული ტექნოლოგიების ნაზავს გამოვიყენებთ. საუბარი მომთაბარე ღორზე გვაქვს, ამიტომ აუცილებელია მათ ბუნებრივი პირობები შევუქმნათ. ფერმაში დაბადებული გოჭები მომავალში მოსახლეობამ ტყეში უნდა გაზარდოს", – განგვიმარტავს რეხინო დიაზ დელ რიო.

Native Georgian ქართველ გლეხს თანამშრომლობის შემდეგ სქემას სთავაზობს: სანაშენე ფერმა გლეხებს გასაზრდელად დედა ღორებს 8 თვის ასაკში მიჰყიდის. გოჭები, რომლებიც დაიბადებიან, 2 თვეს დედასთან, და შესაბამისად, გლეხებთან გაატარებენ. 10 თვის ასაკს ზემოთ, დაგრილების (ავტ. დაწყვილების) შემდეგ კი, სხვა პარტნიორ ფერმებში და სანაშენე ფერმაში გადანაწილდებიან.

ამასთან ერთად, პარტნიორი ფერმერები სანაშენე ფერმიდანაც შეძლებენ საჯიშე და ასევე, დასაკლავი სახეობის წაყვანას, რომელთაც თავად გამოზრდიან და მოგვიანებით Native Georgian-ს უკან მიჰყიდიან.

ფერმის ტერიტორიაზე სრულფასოვანი ინფრასტრუქტურა გაშენდება. მათ შორის იქნება საერთო საცხოვრებელი, რომელშიც თანამშრომლები, სურვილის შემთხვევაში, ოჯახთან ერთად დაბინავებასაც კი შეძლებენ. ქართულთან ერთად, ყველა საორგანიზაციო საკითხში ესპანური მხარეა ჩართული.

"საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად ყველა პირობაა შექმნილი, მაგრამ ბევრ დაბრკოლებასაც წააწყდებით. პრობლემებს, ძირითადად, გამოცდილების არქონა ქმნის. ჩვენი კომპანია Native Georgian სწორედ იმას ემსახურება, რომ პროფესიონალების ნაკლებობით აღმოცენებული სირთულეები ქვეყანაში შესაბამისი ექსპერტების ჩამოყვანით აღმოფხვრას", – აღნიშნავს ვასილი.

"პოტენციური მეწარმეები ხშირად ჩივიან ფინანსური რესურსის ნაკლებობაზე. თუმცა იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც ცოდნის დეფიციტზე საუბრობს. არადა, სწორედ ცოდნის ნაკლებობა ქმნის მძიმე სურათს და არსებულ ფინანსურ რესურსსაც ანიავებს. ჩვენი იდეის კონცეფცია პროფესიონალთა გამოცდილების ათვისებას უკავშირდება. სულაც არ ვცდილობთ მხოლოდ ტექნოლოგიების და ფინანსების მოზიდვას. ჩვენთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა ისეთ ადამიანებთან თანამშრომლობას აქვს, რომელთაც გრძელი გზა გამოიარეს და დიდი ინტელექტუალური რესურსიც დააგროვეს. კომპანიის პარტნიორები ამ საქმის უდიდესი პროფესიონალები არიან. კომპანიამ შეძლო საკუთარ ქვეყანაში ჯიშის გადარჩენის საქმე უდიდეს ინდუსტრიად გარდაექმნა", – გიგლა აგულაშვილი.

პროექტის პირველადი ინვესტიცია 15 მილიონ დოლარს უტოლდება. მის განხორციელებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრი, ვეტერინარები და ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.

პროექტის ავტორები მთელი საქართველოს მასშტაბით 9 რეგიონში მცხოვრები ფერმერების დასაქმებას აპირებენ. ნებისმიერ მსურველ გლეხს საშუალება ექნება, თავად გამოზარდოს განუსაზღვრელი რაოდენობის ღორი. სახელმწიფო, თავის მხრივ, პროექტის ავტორებს გარანტიას აძლევს, რომ გარკვეულ ტერიტორიებს ეგრეთ წოდებულ სანდო ზონად აქცევს – გაამკაცრებს გარემოსა და ვეტერინარულ კონტროლს, რაც უკვე სამომავლოდ ქვეყნიდან პროდუქტის ექსპორტზე გატანას გააიოლებს.

საკუთარი პროდუქციის საზღვარგარეთ გაყიდვამდე, ავტორთა გეგმაში იმპორტირებული ხორცპროდუქტების ჩანაცვლებაა, მით უმეტეს, რომ ქვეყანას აქვს რესურსი, მოსახლეობა საქართველოშივე წარმოებული ხორცპროდუქტებით მოამარაგოს.

"ვეცდებით იმპორტი ჩავანაცვლოთ – დიდი ფინანსური რესურსი გადის ქვეყნიდან. კვებითი პროდუქტების 80% იმპორტირებულია. სავაჭრო ბალანსში მნიშვნელოვანი დეფიციტი გვაქვს და ეს პროექტი ამ მხრივ დადებით გავლენას მოახდენს", – გვიხსნის ვასილი.

რაჭაში გახსნილი ფერმის პარალელურად, გაიხსნება გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ღორის ხორცის გადამუშავებას, დაფასოებას თუ სხვადასხვა ტიპის ხორცპროდუქტის დამზადებას შეუდგება.

პროექტის მიზანია საქართველოში ხორცის გადამუშავების ტრადიციული მეთოდები აღადგინოს, ასევე მოსახლეობას და საქართველოში ჩამოსულ ტურისტულ სეგმენტს ტრადიციული სამზარეულო შესთავაზოს.

"გვინდა დავიწყოთ, მაგალითად, რაჭული ლორის ხარისხობრივი გაუმჯობესება, დახვეწა, ძეხვეულის წარმოება. საქართველოს ფაქტობრივად ყველა რეგიონში არსებობს ხორცპროდუქტების შენახვა-დაძველების მეთოდები. გვინდა ქართული პროდუქტები ბაზარზე დავაბრუნოთ", – ამბობს ვასილი.

"რით ვკვებავთ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს? – იმპორტირებული პროდუქტით. გვინდა ეს ნიშა შევავსოთ. ესპანეთიდან ჩამოსულ ადამიანს ესპანური ხამონი კი არ გავასინჯოთ, არამედ ქართული. რაც მთავარია, ხელმისაწვდომი პროდუქცია შევქმნათ, მისაღები ფასისა და უმაღლესი ხარისხის ფორმულა შევიმუშაოთ".

კომპანია გადამამუშავებელი საწარმოს გახსნისთანავე ძეხვეულის მცირე რაოდენობით დამზადებას დაიწყებს. როდესაც ფერმაში არსებული ღორის რაოდენობა დამაკმაყოფილებელ ნიშნულს მიაღწევს, წარმოების მასშტაბი გაიზრდება.

იდეის დამუშავების საწყის ეტაპზე, როდესაც პროექტის ავტორებს რამდენიმე ათეული ღორი

ჰყავდათ, ხამონიზაციაზე ექსპერიმენტები დაიწყეს. ღორის ბარკლებისგან დამზადებული დელიკატესის ქართული ვერსია მაღალი ხარისხის პროდუქტი გამოვიდა. ხამონიზაციის პროცესზე ექსპერიმენტები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა უახლოეს მომავალში ხამონის – ესპანური დელიკატესის მასშტაბური წარმოება არ იგეგმება. ეს შედარებით გრძელვადიანი პერსპექტივაა.

არ გვინდა იფიქროთ, რომ მხოლოდ ღორის ჯიშის გადარჩენის საქმით შემოვიფარგლებით. ვაპირებთ ხორცის წარმოების მთელი სექტორი ავითვისოთ", – გვიხსნის ვასილ ბაბლუანი.

"განვითარება იწყება ტრადიციიდან" და "ევოლუცია გემოვნებაშია" – სწორედ ამ ორი სლოგანით გამოჩნდება Native Georgian ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე. ქართული ხორცპროდუქტის საზღვარგარეთ გატანა მას მერე მოხერხდება, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებით პროდუქტს კეთილსაიმედოს სტატუსი მიენიჭება.

პროექტის პრეზენტაცია მაისში შედგა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ ქართულ მხარეს გვერდით ისეთი გამოცდილების მქონე ადამიანი უდგას, როგორიც რეხინო დიაზ დელ რიოა. მისი მთავარი რჩევაც ასე ჟღერს: "ქვეყნის მთავარი რესურსი ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც ცდილობენ რაღაც შექმნან. ამას ვეუბნები ჩემს შვილებს და იმავეს გეტყვით თქვენც – ყველაზე მნიშვნელოვანია, ურთიერთობებში გახსნილები იყოთ. ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება სრულიად ჩვეულებრივი ადამიანისგან გაიგოთ, შესაძლებელია ერთ დღეს დიდ იდეად იქცეს – რაც უფრო მეტს მოისმენთ, მით მეტად წაგადგებათ. ვფიქრობ, საქართველო ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა უნდა ააშენონ. იცოდეთ: შესაძლებელია ნებისმიერ სექტორში ძველი განაახლოთ და ამ გზით შექმნათ რაღაც ახალი".

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი