როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ? ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საკუთარი ბიზნესის წამოწყება აღგაფრთოვანებთ. ალბათ იდეაც გაქვთ ან საკუთარი კომპანიის შექმნასა და გაფართოებაზე ფიქრი გხიბლავთ. გსურთ, გარისკოთ. მაგალითად, მიატოვოთ სამსახური და ცოტა ხნით შემოსავლის გარეშე დარჩეთ. თუმცა, უკვე ამ ეტაპზე ლოგისტიკურ ბარიერს ეჩეხებით: ბევრი ფული არ გაქვთ.
ერთი შეხედვით, ეს არქონა ასეთ დროს ყველაზე დიდი პრობლემაა, თუმცა პირადი კაპიტალის არქონამ ოცნებების ასრულებაში ხელი არ უნდა შეგიშალოთ. პრინციპში, ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ.
რაში სჭირდება ბიზნესს ფული
თავდაპირველად, გავიაზროთ, რაში სჭირდება ზოგადად ბიზნესს ფული. არ არსებობს უნივერსალური სტარტაპბიუჯეტი საქმის წამოსაწყებად. განსხვავებულ ბიზნესებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, შეაფასოთ რა თანხა გჭირდებათ, ვიდრე საკუთარი კომპანიის დასაარსებელი კაპიტალის ძიების ალტერნატიულ მეთოდებს მიმართავდეთ.
გაითვალისწინეთ შემდეგი საჭიროებები:
ლიცენზიები და ნებართვები: იმის მიხედვით, თუ რომელ რეგიონში საქმიანობთ, ოპერირებისთვის შეიძლება საბუთები და რეგისტრაცია დაგჭირდეთ.
მომარაგება: ნედლეულის შეძენა გიწევთ? კომპიუტერები და/ან სხვა მოწყობილობები ხომ არ გჭირდებათ?
აღჭურვილობა: სპეციფიკური დანადგარები, ან პროგრამული უზრუნველყოფა ხომ არ გესაჭიროებათ?
საოფისე ფართი: ეს უზარმაზარი ხარჯია. ინტერნეტს, კომუნალურ გადასახადებს, საოფისე ნაგებობის მომსახურების ხარჯებს ვერ აცდებით და ისიც უნდა გადაწყვიტოთ, გაიტანოთ თუ არა ე.წ. ბექადმინისტრაციული საქმიანობა, მათ შორის გადარიცხვები და ზედნადებები, აუთსორსინგზე.
ასოციაციები, ხელმოწერები, საწევროები: რომელი გამოცემების გამოწერისა და ასოციაციების საწევროების ყოველთვიური ხარჯების გაღება მოგიწევთ?
მიმდინარე ხარჯები: მოიძიეთ ყველა წვრილმანი ხარჯი. მარკეტინგული ხარჯები არ გამოგეპაროთ.
იურიდიული ხარჯები: ბიზნესის განვითარების პროცესში იურისტის კონსულტაცია ხომ არ დაგჭირდებათ?
თანამშრომლები, არასრულ განაკვეთზე მომუშავენი და კონტრაქტორები: თუკი საქმეს მარტო ვერ გასწვდებით, სახელფასო უწყისში თანამშრომლების ჩასმა მოგიწევთ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საკუთარი ბიზნესის მცირე ბიუჯეტით წამოწყების ორი ძირითადი გზა არსებობს: შევამციროთ ხარჯები, ან ხელმისაწვდომი კაპიტალი გარე წყაროების მეშვეობით გავზარდოთ.
ამ შემთხვევაში, სამი ვარიანტი არსებობს:
1. შეამცირეთ საჭიროებები:
პირველი ვარიანტი ბიზნესმოდელის შეცვლაა, რათა ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯებზე ნაკლები დაგჭირდეთ. ვთქვათ, კომპანიის შექმნას კონსულტანტის, ან არასრულ განაკვეთზე მომუშავის სტატუსით აპირებთ. დაქირავებულთა ხარჯების შემცირებას შეძლებთ, თუკი ერთადერთი თანამშრომელი თავად იქნებით. თუ ოფისი არ გჭირდებათ, შინიდან იმუშავეთ. შეასრულეთ "საშინაო დავალება" და იპოვეთ იაფი მომმარაგებლები, ან მთლიანად შეკვეცეთ საწარმოო ხაზები, რომელთა შენახვა დასაწყისისთვის ძვირი გიჯდებათ.
არსებობს რამდენიმე ხარჯი, რომელთაც ვერ აცდებით. სხვა ყველაფერი რომც მოიშოროთ, ლიცენზიისა და იურიდიული მომსახურებისთვის თანხის გამოყოფა ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ. აშშ-ის მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის (SBA) პროგრამის ინფორმაციით, ბევრი მიკრობიზნესი 3 ათას დოლარზე ნაკლები ბიუჯეტით იწყებს, შინიდან საქმიანობის წარმართვა კი შესაძლოა ათას დოლარზე ნაკლებიც დაჯდეს.
2. ბუტსტრეპი (სტარტაპი მინიმალური დანახარჯებით):
მეორე არჩევანი თქვენი ბიზნესის "შესამზადებელი" პერიოდის იდეაზე დაგაფიქრებთ. სრულფასოვანი ბიზნესმოდელით მუშაობის ნაცვლად, საბაზო ვარიანტით დაიწყეთ. სტარტის ასაღებად შეგიძლიათ ბლოგი და ერთი სავიზიტო სერვისი ჩაუშვათ, შეამციროთ სამოქმედო არეალი, აუდიტორია და მოგება. თუკი სტარტაპს თვითდასაქმებულის სტატუსით იწყებთ, უდიდეს საწყის ხარჯებს არიდებთ თავს (და გამარტივებულ საგადასახადო რეჟიმშიც მოექცევით). გადარიცხვების ამერიკულ სერვის Due-ს მსგავსი კომპანიები, ინვოისებისა და დოკუმენტაციის მოწესრიგებაში მრავალ დამწყებს ეხმარებიან.
როგორც კი შემოსავლიანი გახდებით, მოგებას საკუთარ საქმეში დააბანდებთ და ოცნების ბიზნესის ერთბაშად დაწყების ნაცვლად, ნელ-ნელა შეუდგებით საქმეს.
3. აუთსორსი
მესამე გამოსავალი დაფინანსების პოვნაა. სტარტაპების დაფინანების თემა რამდენიმე სტატიაში განვიხილეთ და ამ საკითხს აღარ ჩავუღრმავდები. თუმცა, იცოდეთ, რომ საწყისი კაპიტალის მოპოვების მრავალი გზა არსებობს. თუნდაც მაშინ, როდესაც ბევრი არაფერი გაქვთ.
ჩამოგითვლით ამის რამდენიმე პოტენციურ წყაროს:
მეგობრები და ოჯახი. დახმარების მეგობრებისგან და ოჯახისგან მიღების შესაძლებლობას ნუ უგულვებელყოფთ. თუნდაც საწყისი კაპიტალის მოგროვება, რამდენიმე პარალელური წყაროდან დაგჭირდეთ.
ენჯელ ინვესტორები. ენჯელ ინვესტორები მდიდარი ადამიანები არიან. ისინი ახალი თაობის ბიზნესიდეებს უჭერენ მხარს. როგორც წესი, ინვესტირებას კომპანიის თანამფლობელობის სანაცვლოდ სთავაზობენ. ასეთ დათმობაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.
ვენჩურული კაპიტალი. ვენჩურული კაპიტალისტები ენჯელ ინვესტორებს გვანან, თუმცა როგორც წესი, პარტნიორები და ორგანიზაციები არიან და ცდილობენ, უკვე არსებულ ბიზნესებს დაეხმარონ.
ქრაუდფანდინგი. პოპულარული მეთოდი ლოგიკური მიზეზის გამოა: კარგი იდეისა და საკმარისი მუშაობის დამსახურებით, ნებისმიერი საქმისთვის შეძლებთ დაფინანსების მოპოვებას.
სახელმწიფო გრანტები და სესხები: აშშ-ში მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის პროგრამის (ასევე საშტატო და ადგილობრივი ხელისუფლების სააგენტოები) არსებობა ახალ წამოწყებებს განვითარებაში ეხმარება. ბევრი მათგანი სესხებსა და გრანტებსაც გასცემს.
საბანკო კრედიტი: თუკი კარგი საბანკო ისტორია გაქვთ, კრედიტის აღებას ყოველთვის შეძლებთ.
ამ სამიდან ერთი ან მეტი ვარიანტის გამოყენების შემთხვევაში, შეძლებთ პირადი დაბანდებები შეამციროთ. სავარაუდოდ, რამდენიმე დათმობაზე წასვლაც მოგიწევთ. მაგალითად, მცირე მასშტაბით დაიწყებთ, პარტნიორებს შემოიერთებთ, ან სესხს აიღებთ. თუმცა, თუ თქვენი ბიზნესიდეის გჯერათ, მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერცერთი დაბრკოლება ვერ გადაგეღობებათ. მთავარია, საწყისი კაპიტალის პრობლემა გადაჭრათ.