Get All Access for $5/mo

2Mcars - როგორ აღმოჩნდა უკრაინაში დაწყებული სტარტაპი ქართულ ბაზარზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მოგეხსენებათ, უკვე 9 თვეზე მეტია, რაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს. შეიარაღებულმა კონფლიქტმა, უდიდესი ადამიანური მსხვერპლისა და ინფრასტრუქტურული ზარალის მიღმა, რეგიონში მნიშვნელოვნად გააუარესა ბიზნესკლიმატი, რაც როგორც მიწოდების ჯაჭვების მოშლაში, ისე ენერგეტიკული სისტემების კოლაფსში აისახა. ასეთ პირობებში, სულ რამდენიმე წლის წინ დაწყებული სტარტაპებისათვის ოპერირება თითქმის შეუძლებელი გახდა და უშუალოდ სტარტაპერებს, გუნდისა და თავიანთი ბიზნესის გადარჩენის ალტერნატიული გზების ძიება მოუწიათ.

სწორედ ასეთ სტარტაპზე, 2Mcars-ზე გვინდა ვისაუბროთ, რომლის დამფუძნებელი, ბაჩი გორდეზიანი Entrepreneur-ს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

2Mcars უკრაინის ბაზარზე სულ ორი წლის წინ დაფუძნდა და კომპანიამ თავიდანვე მიზნად დაისახა, ადამიანებისთვის ავტომობილების აშშ-იდან ჩამოყვანის პროცესი მაქსიმალურად გაემარტივებინა. იოლი კომუნიკაციით, გამჭვირვალობით და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით, კომპანიამ სწრაფად მოახერხა უკრაინის ბაზარზე გარკვეული წარმატების მიღწევა, ხელმძღვანელობა კი საქმიანობის გაფართოებაზე დააფიქრა. თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისში დაწყებულმა ომმა გეგმები შეცვალა და 2Mcars-ს პრაქტიკულად გადარჩენისთვის მოუწია ბრძოლის დაწყება.

"უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში ვფიქრობდით, როგორ გაგვეგრძელებინა საქმიანობა. შეიძლება ითქვას, ცოტა დავიბენით, ვინაიდან ინდუსტრიაში სერიოზული ცვლილებები, გართულებული მსოფლიო ლოგისტიკა, ომი უკრაინაში და დაძაბული ვითარება რეგიონში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ბიზნესისთვის. ამის მიუხედავად, საჭიროდ მივიჩნიეთ აქტიურად გვემოქმედა, გავბედეთ და ჩვენი შესანიშნავი გუნდის ძალისხმევით, საქართველოს ბაზარზეც შემოვედით", − აცხადებს ბაჩი გორდეზიანი, − "გვჯეროდა, რომ რაც ერთხელ უკვე შევძელით, შეგვიძლია უფრო მეტი წარმატებით განვახორციელოთ. ამოცანა იყო, უკრაინაში შეგვენარჩუნებინა 2mcars-ის გუნდი და ოფისი, რომელიც გააგრძელებდა საქმიანობას და ამავდროულად, საქართველოს ბაზრისთვის ამ სფეროში ახალი, პასუხისმგებლობიანი მოთამაშე შეგვემატებინა ჩვენი სახით. დიდი კონკურენციის პირობებში არც ისე მარტივი იყო თავის დამკვიდრება. ეს თავიდანვე გვესმოდა, მაგრამ გვქონდა და გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენს გუნდს შეუძლია ბაზარზე შექმნას კომპანია, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებელზე, დანერგავს მომსახურების უმაღლეს სტანდარტსა და გამჭვირვალობას. მე, როგორც დამფუძნებელმა, მაქსიმალური ფსონი დავდე ამ კომპანიაზე − როგორც ფინანსური, ასევე რეპუტაციული, და მზად ვარ, ბოლომდე ვიბრძოლო ჩემს გუნდთან ერთად".

2Mcars-ს თბილისში ოფისის გასახსნელად, გაყიდვების გუნდის შესაქმნელად და მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად, სულ რაღაც 2-3 თვე ჰქონდა, თუმცა კომპანიამ გაართვა თავი დასახულ ამოცანას და ნოემბრის თვეში 100 ავტომობილის რეალიზება მოახერხა.

ამავდროულად, კომპანიის უკრაინის ოფისს ელექტროენერგიის გარეშე უწევს მუშაობა, რაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებითაა გამოწვეული, თუმცა გუნდი მაინც ახერხებს ალტერნატიული წყაროების მოძიებას, შეუფერხებელი ოპერირებისათვის.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, ომმა უკიდურესად გაართულა სერვისის სფერო როგორც უკრაინაში, ისე ზოგადად, რეგიონში. გადაიტვირთა პორტები, გაიზარდა ტრანსპორტირების ხარჯები და დრო, ასევე, ზოგიერთი მიმართულებები სრულიად დაიხურა, რისი ნათელი მაგალითიცაა ოდესის პორტი, რომელიც რამდენიმე თვეა არ ფუნქციონირებს.

"მოგვიწია ალტერნატიულ პორტებზე გადაწყობა და სახმელეთო გადაზიდვების ორგანიზება საქართველოდან უკრაინის მიმართულებით. ზოგადად, ბოლო ორი წელი ძალიან რთული პერიოდია ჩვენს ინდუსტრიაში, ყოველდღიურად იცვლება ტარიფები, ხარჯები და სტაბილურობის შენარჩუნება ურთულესია. თუმცა ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ანტრეპრენერისათვის მნიშვნელოვანია არ გაჩერდე და არ შეგეშინდეს სირთულეების. ყველაზე დიდი მოტივაცია და ასევე პასუხისმგებლობაა, როდესაც ადამიანებს სჯერათ შენი, იზიარებენ შენს იდეებს და მზად არიან ბოლომდე იბრძოლონ შენთან ერთად. ეს არის გუნდი და რაც უფრო მეტი თანამოაზრე გყავს, მით უფრო ახლოს ხარ საერთო მიზნებთან. ასე რომ, მთავარი ინვესტიცია აუცილებლად გუნდში უნდა განახორციელოთ, ვინაიდან გუნდის გარეშე, დიდი მიზნების მიღწევა, პრაქტიკულად შეუძლებელია", − აღნიშნავს ბაჩი გორდეზიანი.

რაც შეეხება კომპანია 2Mcars-ის უახლოეს სამომავლო გეგმებს, 2023 წლისათვის იგეგმება გაყიდვების მოცულობის მკვეთრი ზრდა − 300-350 მანქანა თვეში, საიდანაც მინიმუმ 100 ავტომობილი საცალო მომხმარებლების წილს შეადგენს. ასევე, კომპანია აპირებს ოფისების გახსნას როგორც საქართველოს მასშტაბით (ბათუმი, ქუთაისი, თელავი, გორი) ისე სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე გასვლას და საოპერაციო კუთხით, სერვისის გასაუმჯობესებლად პროგრამული უზრუნველყოფის დახვეწას.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia