500 Georgia: გაიცანით სტარტაპი Bilimber-ი, რომელიც მოსწავლეებს საუკეთესო მასწავლებლებთან აკავშირებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
წელს უკვე მეოთხედ, საქართველო სტრატაპების აქსელერაციის პროგრამა 500 Georgia-ს მასპინძლობს, რომელიც საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და 500 Global-ის ინიციატივით იმართება. პროგრამა სტარტაპების სწრაფი აქსელერაციისა და ბაზარზე მასშტაბირების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამისათვის, მონაწილეები საერთაშორისო დონის მენტორებთან და აქსელერაციის ექსპერტებთან ერთად საკუთარი ბიზნესის ზრდისა და ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავებაზე მუშაობენ.
ინტენსიური გადამზადების 12 კვირიანი პროგრამა უკვე დასრულდა, ახლა სტარტაპები 500 Georgia-ს შემაჯამებელი ღონისძიებისთვის, Demo Day-სთვის ემზადებიან.
თუმცა, Demo Day-ს დაწყებამდე 500 Georgia-ს სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის მონაწილე სტარტაპს, Bilimber-ს გაგაცნობთ, რომელიც 6-12 კლასის მოსწავლეებს ეხმარება, 60 წამზე ნაკლებ დროში დაუკავშირდნენ საუკეთესო მასწავლებლებს და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
სტარტაპის დამფუძნებლები იერასილ ოსპანოვი და აკბოტა მუსსა არიან. მართალია, დღეს ბაზარზე საგანმანათლებლო პლატფორმები სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა, როგორც დამფუძნებლები გვიხსნიან, Bilimber-ი მომხმარებლებს ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს. რასაც სტატისტიკა მოწმობს - დღეს სტარტაპის მომხმარებელთა რაოდენობა 400 000-ს აჭარბებს. Bilimber-ის შესახებ უფრო დეტალურად კი თავად დამფუძნებლები გაგვესაუბრნენ:
"გლობალურად, მოსწავლეების 80% ხშირად განიცდის დემოტივაციას. ამის მიზეზი კი სწავლის პროცესში გაჩენილ კითხვებზე პასუხების ნაკლებობაა - ისინი პასუხების მიღებას ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან ცდილობენ, ან ინტერნეტში ეძებენ. მასწავლებლებთან რეალურ დროში კომუნიკაციის შეზღუდული შესაძლებლობა პასუხების მოძიებას კიდევ უფრო მეტად ართულებს. ინტერნეტში ატვირთული ინფორმაცია კი ხშირად სულაც არ არის ინდივიდუალურ შეკითხვებზე მორგებული. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც მოსწავლეებს საუკეთესო მასწავლებლებთან დააკავშირებდა", - აღნიშნავენ დამფუძნებლები.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. Bilimber-ი ეხმარება მოსწავლეებს, მოემზადონ გამოცდებისთვის, გაიარონ იმიტირებული ტესტები და ხარისხიანად შეასრულონ საშინაო დავალებები.
"Bilimber-ის მეშვეობით, მოსწავლეებს აქვთ წვდომა პრაქტიკული რესურსების ფართო სპექტრზე, მათ შორის ათასობით კითხვაზე, იმიტირებულ ტესტებზე... ასევე, პლატფორმის დახმარებით მათ შეუძლიათ, საკუთარი ცოდნა პერსონალიზებულ ვიქტორინებში გამოსცადონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს რესურსები შექმნილია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ნებისმიერი გამოცდისთვის მომზადება", - გვიხსნიან დამფუძნებლები.
კონკურენტებისგან განსხვავებით, პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს Test Hub-ს, რომელიც მოსწვალეებს აძლევს წვდომას 500 000-ზე მეტ, რეგულარულად განახლებად ტესტზე. ამასთან, დეტალური ანალიტიკის მეშვეობით, მოსწავლეებს შეუძლიათ, ივარჯიშონ და თვალყური ადევნონ საკუთარ პროგრესს.
სასწავლო პროცესის კიდევ უფრო მეტად გასახალისებლად, აპლიკაციაში თავმოყრილია გემიფიკაციის ელემენტები, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო გამოცდილების შექმნას და ეხმარება მათ, ყოველდღიური სასწავლო ჩვევების გამომუშავებაში. თამაშის ელემენტების დამატებით კი, იზრდება მოსწავლეების მოტივაცია და სასწავლო პროცესი უფრო საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობს.
და, რაც მთავარია, Bilimber-ი მოსწავლეებს აძლევს წვდომას 1000-ზე მეტ სანდო მასწავლებელზე.
"თავდაპირველად, ჩვენი პროდუქტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის სასწავლო მასალებზე წვდომის გაზიარებას. თუმცა, სულ რაღაც ორ კვირაში 300-ზე მეტი წერილი მივიღეთ ახალი საგნებისა და კითხვების დამატების მოთხოვნით. ასევე, გვწერდნენ, რომ კარგი იქნებოდა, თუ წინა წლის საგამოცდო ნაშრომებსაც გავხდიდით ხელმისაწვდომს. თუმცა, ყველაზე საგულისხმო ის ფაქტი იყო, რომ მასწავლებლებმაც დაიწყეს ჩვენთან დაკავშირება. ამ მომენტში მივხვდით, დრო იყო, შეგვექმნა Bilimber-ი", - გვიყვებიან დამფუძნებლები.
მალევე, Bilimber-ის დამფუძნებლებმა პარტნიორობა დაამყარეს ყაზახეთის უდიდეს ტესტირების ცენტრებთან, რისი მეშვეობითაც, მნიშვნელოვნად გაზარდეს ტესტების მონაცემთა ბაზა.
"პარტნიორობის შედეგად, დავამატეთ 400,000-ზე მეტი ახალი ტესტი. ასევე, გავააქტიურეთ გემიფიკაციის ფუნქცია ჩვენს აპლიკაციაში, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, შეეჯიბრონ ერთმანეთს და მიიღონ Bilimber ქულები. ამ სტრატეგიულმა ინიციატივებმა მომხმარებლების მოზიდვის კუთხით გადამწყვეტი როლი ითამაშა, რის შედეგადაც ჩვენი მომხმარებლების ბაზა 3-ჯერ გაიზარდა. ჩვენ შევძელით უფრო დიდი აუდიტორიის მოზიდვა ყოვლისმომცველი და მიმზიდველი სასწავლო პლატფორმის მიწოდებით", - გვიყვებიან ისინი.
დღეს Bilimber-ის პლატფორმის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების (MAU) რაოდენობა 60 ათასია. მათ მიერ პლატფორმაზე გატარებული დრო კი საშუალოდ 20 წუთს შეადგენს. ყოველთვიურად, მომხმარებლების ბაზა 25%-ით იზრდება, ხოლო აპლიკაციის საშუალო რეიტინგი, 12 000-ზე მეტი შეფასების შედეგად, 4.8 არის.
თუმცა, სტარტაპის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. მათი მიზანი მაქსიმალური ზრდაა.
"გვსურს, რომ ჩვენი აპლიკაციის მომხმარებლების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბოს, შეიძინოს 200 000-ზე მეტი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი (MAU) და გამოიმუშაოს $100,000 ყოველთვიური შემოსავალი (MRR). და რაც მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად. მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში კი ვგეგმავთ, მივაღწიოთ 300-500 მლნ აშშ დოლარის შემოსავალს", - აღნიშნავენ ისინი.
ამბობენ, რომ სწორედ დასახული მიზნების სწრაფად მისაღწევად გადაწყვიტეს 500 Georgia-ს სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მიღება.
როგორც განმარტავენ, ეს არის საუკეთესო გზა, გქონდეს წვდომა საერთაშორისო დონის მენტორებთან და დარგის ექსპერტებთან, რომლებიც გეხმარებიან, სტარტაპის განვითარებისა და ფონდების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავებაში.
"500 Georgia ეს არის შესაძლებლობა სტარტაპებისთვის, დაამყარონ კავშირები საერთაშორისო დონის აქსელერაციის ექსპერტებთან და მენტორებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან და პოტენციურ ინვესტორებთან. პროგრამის ფარგლებში, გამოცდილ მენტორებთან ერთად ვმუშაობთ ბიზნესის ზრდისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე, რაც გვეხმარება, სრულად გამოვავლინოთ ჩვენი სტარტაპების პოტეცნიალი და გადავდგათ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი განვითარებისკენ", - აღნიშნავენ Bilimber-ის დამფუძნებლები.