500 Georgia-ში მონაწილე სტარტაპი Uteach-ი - პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს აძლევს ონლაინ კურსების შექმნისა და გაყიდვის შესაძლებლობას
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სტარტაპების აქსელერაციისთვის, ბიზნესების სწრაფი ზრდისა და განვითარებისთვის შექმნილი პროგრამა 500 Georgia უკვე ოთხი წელია საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 Global-ის თანამშრომლობით ხორციელდება.
წელს პროგრამის ფარგლებში 12 სტარტაპი შეირჩა, რომლებიც უკვე აქტიურად გადიან ინტენსიური გადამზადების კურსებს და საერთაშორისო დონის მენტორებთან ერთად მუშაობენ საკუთარი ბიზნესების ზრდის, ფონდების მოზიდვის და საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირების სტრატეგიების შემუშავებაზე.
500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე სტარტაპია Uteach-ი, რომელსაც საპასუხისმგებლო მისია აკისრია. მისი მიზანია, განათლების პროვაიდერებს გაუადვილოს კურსების შექმნისა და გაყიდვის პროცესი, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში განათლების დონის ამაღლებას. ჩვენ დავინტერესდით, უფრო მეტი გაგვეგო სტარტაპის შესახებ, ამისათვის კი Uteach-ის თანადამფუძნებელს, ჰრაირ შაჰბაზიანს გავესაუბრეთ:
გვიამბეთ, როგორ გაჩნდა Uteach-ის შექმნის იდეა?
Uteach-ის შექმნის იდეა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდში გაჩნდა. ამ პერიოდისთვის უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა დაგროვებული ონლაინ სწავლების პროცესების ავტომატიზაციისთვის განკუთვნილი სასწავლო პლატფორმების შექმნის მიმართულებით.
სწორედ ამიტომ, ჩავთვალე, რომ შესაფერისი დრო იყო შემექმნა სტარტაპი, რომელიც საშუალებას მისცემდა კურსის შემქმნელებსა და განათლების პროვაიდერებს, თავადვე შეექმნათ და გაეყიდათ საკუთარი კურსები ერთ სივრცეში. შეიძლება ითქვას, რომ ეს იდეა გამართლებული აღმოჩნდა, რადგან კორონავირუსის პანდემიის შემდეგ განათლების ბაზარი სწრაფად გაიზარდა.
ვისი დაფუძნებულია Uteach?
Uteach-ს ორი დამფუძნებელი ჰყავს, მე - ჰრაირ შაჰბაზიანი და შუშან შაჰბაზიანი. მე და შუშანი და-ძმა ვართ, თუმცა, გუნდის ძირითად წევრებთან ერთად 7 წლის განმავლობაში მრავალ პროექტზე ვმუშაობდით, რის გამოც ჩვენი სამუშაო გარემო ოჯახური განწყობით ხასიათდება.
ჩვენ ორივეს სხვადასხვა მიმართულებით მიღებული გვაქვს მდიდარი სამუშაო გამოცდილება. მე ამჟამად Uteach-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას ვიკავებ, ასევე ვარ IT კომპანიის - AIST Global-ის დამფუძნებელიც. ეს კომპანია 7 წელზე მეტია ფუნქციონირებს, თუმცა უკვე შევძელით მრავალი საერთაშორისო პროექტის განხორციელება დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, რუსეთისა და სხვა ქვეყნების ბაზრებისთვის.
ასევე, წარმატებით შევიმუშავე სხვადასხვა სტარტაპ პროდუქტი: Buycycle, Creattie (ყველაზე დიდი და საუკეთესო პრემიუმ დიზაინის აქტივების პლატფორმა). ვიყავი განათლების ტექნოლოგიების მიმართულებით – Setters-ის (დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების ერთ-ერთი უდიდესი კომპანია) ტექნოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი (CTO).
ამასთან, Uteach-მდე, გუნდთან ერთად, მრავალი პლატფორმის შექმნაზე ვმუშაობდი, რომელთა მიზანი ელექტრონული სწავლების პროცესის ავტომატიზაცია იყო. ამ პროცესებში ძირითადად ხელმძღვანელის ამპლუაში ვიყავი ჩართული. დღეს კი სწორედ ამ გუნდთან ერთად ვმუშაობ Uteach-ის განვითარებაზე.
შუშან შაჰბაზიანს კი ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე 5-ზე მეტ წლიანი გამოცდილება აქვს მიღებული, ის ასევე მუშაობდა მომხმარებლის წარმატების მენეჯერის პოზიციაზეც. Uteach-ის პლატფორმის ფარგლებში კი ქმნის მარკეტინგულ სტრატეგიას და, აკონტროლებს მარკეტინგული მასალებისა და კონტენტის შექმნას და ასრულებს ყველა სხვა შესაბამის ამოცანას, რომელიც აუცილებელია გაყიდვების ზრდისთვის. ამასთან, შუშანი იყო კიდევ ორი სომხური სტარტაპის თანადამფუძნებელი.
მოგვიყევით, რას სთავაზობს თქვენი სტარტაპი მომხმარებელს?
Uteach არის პლატფორმა კრეატორებისთვის, რომლის მეშვეობითაც, მათ შეუძლიათ, შექმნან და გაყიდონ საკუთარი კურსები ერთ სივრცეში. ჩვენი გადაწყვეტა ავტომატიზაციაა, რომლის წყალობითაც ჩვენი მომხმარებლები საკუთარი დროის 70%-მდე ზოგავენ.
Uteach-ის მეშვეობით, ყველა სპეციალისტს აქვს შესაძლებლობა, პროცესის ავტომატიზაციის ინსტრუმენტებით სულ რამდენიმე წუთში შექმნას სასწავლო ვებგვერდი და ამისათვის ტექნიკური ცოდნა საერთოდ არ არის საჭირო.
ასევე, პლატფორმის მეშვეობით, მათ შეუძლიათ, შექმნან ვიდეოკურსები, პროდუქტები, ცოცხალი სესიები, ქოუჩინგის კურსები და სხვა. სხვა სიტყვებით, Uteach-ი არის სივრცე კრეატორებისთვის, სადაც მათ აქვთ შესაძლებლობა, აწარმოონ ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და მოახდინონ ადგილობრივი გადახდის მეთოდების პლატფორმაზე ინტეგრირება და მათთვის სასურველი ენის დამატება.
როგორი იყო სტარტაპზე მუშაობის პროცესი და რა სირთულეებს წააწყდით?
Uteach-ის შექმნაზე მუშაობა პანდემიის გამო დისტანციურად მოგვიწია. მართალია, სამუშაოს სახლიდან ვასრულებდით, თუმცა ორ თვეში უკვე მზად გვქონდა პირველი ვებგვერდი. მაგრამ მალევე აღმოვაჩინეთ, რომ პროდუქტი ისეთი არ იყო, როგორიც ჩანაფიქრში გვქონდა.
რეალურად ჩვენი პროდუქტი არ იყო შექმნილი მომხმარებლისთვის, რადგან არ გვქონდა ჩატარებული ინტერვიუები და კვლევები. ჩვენ უბრალოდ შევქმენით პროდუქტი იმ წარმოდგენებზე დაფუძნებით, რომლებიც სწორად მივიჩნიეთ და გვეგონა, რომ იყო ის, რაც მომხმარებელს ესაჭიროებოდა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირი აღმოჩნდა. ამან კი მრავალი შეცდომა წარმოშვა. სწორედ ამიტომ, მოგვიწია, ყველაფერი თავიდან დაგვეწყო.
ბევრი უძილო ღამის შემდეგ კი შევქმენით პროდუქტი, რომელიც ჩვენს მომხმარებელს უყვარს.
რა ეტაპზეა ამჟამად სტარტაპი?
სტარტაპი ამჟამად Pre-seed ეტაპზეა.
ადრე თუ მიგიღიათ მონაწილეობა სხვა ტიპის აქსელერატორში?
არა, 500 Georgia პირველი აქსელერაციის პროგრამაა ჩვენთვის.
რატომ მოგინდათ 500 Georgia-ს პროგრამის აპლიკაციის შევსება?
Uteach-ი არის სტაბილური და სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს ელექტრონული სწავლების სამყაროს მოზიდვას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ ამ მიზნებს და არ გავუშვათ ხელიდან არც ერთი შესაძლებლობა ახალი უნარების მოსაპოვებლად.
როგორია თქვენი მოლოდინი პროგრამასთან დაკავშირებით?
500 Georgia-ს სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დამფუძნებლების, მომხმარებლების და პოტენციური პარტნიორების გლობალურ ქსელზე წვდომის მიღებაა.
როგორ ფიქრობთ, რა შესაძლებლობებს აძლევს 500 Georgia სტარტაპებს და რატომ არის მათთვის მნიშვნელოვანი ამ პროგრამაში მონაწილეობა?
დამფუძნებლები, პროგრამის განმავლობაში, იღებენ უამრავ ინფორმაციას და გამოხმაურებას ექსპერტებისგან და აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ მიღებული ცოდნა, გაზომონ შედეგები და მუდმივად მიიღონ უკუკავშირი. სწორედ ეს არის წარმატების რეალური გზა.
და ბოლოს, ზოგადად, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ, დიდი სურვილი გვაქვს, გავხდეთ Edtech სამყაროს უნიქორნი.