ალექსანდრე ონიანი - გზა პირველი ვებგვერდიდან Bentley University-მდე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ალექსანდრე ონიანი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია, რომელიც Fullbright-ის პროგრამისა და "საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით Bentley University-ში, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს.
ალექსანდრეს კარიერის პირველი ნაბიჯები იმ მომენტიდან იწყება, როდესაც 12 წლის ასაკში პირველად ჰქონდა შეხება კომპიუტერთან, რომელიც ახალი შესაძლებლობებისა და ცოდნის მიღების საშუალებად იქცა. "ვცდილობდი, უკეთ გამეგო, როგორ მუშაობდა ყველაფერი კომპიუტერის მონიტორს უკან", − ამბობს ალექსანდრე.
განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით აღსავსე, ცოდნის მისაღებად უამრავ ვიდეოს, კურსსა და სტატიას ეცნობოდა, რის შედეგადაც მარტივი ვებგვერდების შექმნა ისწავლა − "არ დამავიწყდება ის ემოცია, როცა პირველად დავინახე, როგორ იყენებდნენ ჩემი მეგობრები ჩემსავე შექმნილ საიტს გასართობად. დღემდე, რა საქმესაც უნდა ვაკეთებდე, იქნება ეს სწავლის თუ სამსახურებრივი კუთხით, სწორედ ამ ემოციას ვეძებ".
შედეგი და ცვლილება, რომელიც ინფორმაციულ ტექნოლოგიებს მოაქვს ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებული ინტერესის სფერო აღმოჩნდა ალექსანდრესთვის. მას შემდეგ, რაც აგრარულ უნივერსიტეტში მოხვდა, მისი მისწრაფებები კომერციული სამყაროსა და ბიზნესის მიმართ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ამის შემდეგ, Fullbright-ის პროგრამისა და აშშ-ში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ შეიტყო − ადგილის, სადაც ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კულტურა შეიქმნა. "მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო "საქართველოს ბანკს" მადლობა შესაძლებლობისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, გარდამტეხი მომენტია ჩემს ცხოვრებაში. შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა", − აცხადებს ალექსანდრე ონიანი.
გარდა სასწავლო გამოცდილებისა, ალექსანდრე ცდილობდა, ყოფილიყო ორგანიზაციის ნაწილი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მეტ პრაქტიკულ ცოდნას მისცემდა. "ასეთი ორგანიზაციის მოსაძებნად ტრადიციულ მეთოდს მივმართე და მოვძებნე IT-აკადემია STEP-ი. STEP-ში მუშაობით ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ საწყისი თვეების განმავლობაში მონოტონური დავალებების შესრულება მიწევდა, უკეთ გავერკვიე ტექნოლოგიურ სფეროში და ტრენდებში; საშუალება მქონდა კურსები დამეგეგმა ლექტორებთან ერთად, დავსწრებოდი და ნაწილობრივ მე ჩამეტარებინა პრეზენტაციები თანამედროვე ტრენდებსა და ტექნოლოგიებზე. ამ ყველაფრის გამო ჩემთვის ბევრად ცხადი და ნათელი გახდა, რა იყო IT-სფერო და რა გამოყენება ჰქონდა მას ყოველდღიურ ცხოვრებაში", − ამბობს ალექსანდრე.
"საქართველოს ბანკის" სტიპენდია გარდამტეხი ფაქტორი აღმოჩნდა ალექსანდრეს კარიერული წინსვლისთვის:
"Fullbright-ის პროგრამა "საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით დამეხმარა სწავლა დამეწყო აშშ-ში, Bentley-ის უნივერსიტეტში, რომელიც მდებარეობს ბოსტონში − ჩემი აზრით, სამყაროში ტექნოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და ინოვაციურ ადგილას. აქ მაქვს საშუალება, ვკონცენტრირდე ჩემთვის საინტერესო თემებზე, გამოვიკვლიო და საფუძვლიანად შევისწავლო იგი და ასევე ვიპოვო თანამოაზრეები. ვფიქრობ, ნებისმიერი სფეროს, განსაკუთრებით კი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების, შესასწავლად საჭიროა რაც შეიძლება მეტი პრაქტიკული შრომა, თამამი ნაბიჯების გადადგმა, შედეგებზე დაკვირვება, შეცდომების გააზრება და ხელახლა ცდა. ეს სტიპენდია სწორედ ამის საშუალებას მაძლევს", − განმარტავს ალექსანდრე.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომელთაც საზღვარგარეთ სურთ განათლებისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღება, ალექსანდრე ურჩევს, არ გაჩერდნენ, რადგან ეს გადაწყვეტილება წაადგებათ არა მხოლოდ აპლიკანტებს, არამედ მათ გარშემომყოფებსა და ქვეყანას. "ზუსტად ჩამოყალიბდით თქვენს მიზნებსა და მისწრაფებებზე და გამოიყენეთ ყოველი შესაძლებლობა, რომელიც მათ განხორციელებაში დაგეხმარებათ", − აცხადებს ალექსანდრე ონიანი.
მოპოვებული სტიპენდია და პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა, ალექსანდრეს თქმით, დაეხმარება, რესურსები სრულად მიმართოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისკენ − "დღეს საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ნებისმიერი პრობლემის სრულად ან ნაწილობრივ გადაჭრა სწორედ ამ სფეროს შეუძლია, ამიტომ შევეცდები, მიღებული პრაქტიკული გამოცდილებით უფრო ღრმად გავაანალიზო არსებული პრობლემები და გამოწვევები, და ბაზარს მათი გადაჭრის უნიკალური გზები შევთავაზო".
ინფორმაციისთვის, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს თბილისში აშშ-ის საელჩო. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას მთელ მსოფლიოში. პროგრამის კურსდამთავრებულებს შორის არიან სახელმწიფოთა ნობელის პრემიის ლაურეატები, სახელმწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. დამატებითი დეტალები "საქართველოს ბანკის" სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია ბმულზე: https://csr.ge/ka