Amadeo - პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ბიზნესს ფინანსური ანალიტიკისა და ანგარიშგების პროცესების ავტომატიზაციას სთავაზობს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Amadeo.ge ახალი ქართული პროექტია, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსური ანალიტიკის პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს. Amadeo-ს შექმნის იდეა 2024 წელს, სულ რამდენიმე თვის წინ გაჩნდა - მაშინ, როდესაც დამფუძნებლებმა გაიაზრეს, რომ ბაზარზე არსებულ საბუღალტრო პროგრამებს არ აქვს ფინანსური ანალიტიკის ფუნქციები და მხოლოდ ბუღალტრულ საქმისწარმოებაზეა ორიენტირებული. შედეგად კომპანიებს არ აქვთ საჭირო ინფორმაცია იმისთვის, რომ ოპტიმალური ფინანსური გადაწყვეტილება მიიღონ. სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, გიორგი ჩუგოშვილმა და მარო კოშაძემ იდეალური ფინანსური ასისტენტი - Amadeo შექმნეს, რომელიც პასუხობს ბაზრის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას: მცირე და საშუალო ბიზნესებს აკლიათ მარტივი, ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი, რომელიც სთავაზობს ფინანსური ანალიტიკისა და ანგარიშგების პროცესების ავტომატიზაციას გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად.
"იდეა წარმოიშვა იმ საჭიროებიდან, რომელსაც პირადად ვაწყდებოდი, რადგან რამდენიმე კომპანიას ვმართავ და ვიცი, რამდენად დიდი დრო და რესურსი სჭირდება კომპანიის ფინანსების მუდმივ კონტროლს. ჩემი ფინანსური განათლება და ინსტრუმენტების ცოდნა მეხმარებოდა ამ პროცესებში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დიდ დროს ვხარჯავდი. მცირე და საშუალო ბიზნესების დამფუძნებლებს ხშირად არ აქვთ საკმარისი ფინანსური და ტექნიკური ცოდნა ფინანსების სამართავად. ამიტომ გადავწყვიტე, შემექმნა ინსტრუმენტი, რომელიც არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სხვა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნებოდა, რათა მათ შესძლებოდათ ფინანსების უფრო მარტივად და ეფექტიანად მართვა. Amadeo არის ბუღალტერიის სარკე, ის არ ანაცვლებს საბუღალტრო პროგრამებს, არამედ ინტეგრირდება არსებულ საბუღალტრო პროგრამებთან და ბუღალტრულ გატარებებზე დაყრდნობით ქმნის დინამიკურ, რეალურ დროში განახლებად ფინანსურ ანალიტიკურ დეშბორდებს და მარეგულირებელ ანგარიშგებებს", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს გიორგი ჩუგოშვილი, Amadeo-ს თანადამფუძნებელი.
როგორც გიორგი ჩუგოშვილი განმარტავს, ფინანსურ სექტორში ინოვაციის დანერგვა ნამდვილად მოითხოვს გამბედაობას და, ამავე დროს, ფინანსებისა და ტექნოლოგიების სიღრმისეულ ცოდნას. Amadeo-ს გუნდის მთავარი უპირატესობა სწორედ ამ კომპეტენციების შერწყმაშია, რაც ბაზარზე ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. ეს გაბედული ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მცირე და საშუალო კომპანიები ხშირად ნაკლებად არიან მზად ტექნოლოგიების დანერგვისთვის და პროცესში უფრო მეტ რისკს ხედავენ, ვიდრე სარგებელს. თუმცა თავიდანვე სჯეროდა გუნდს, რომ მნიშვნელოვანი იყო ინოვაციური გადაწყვეტილების შექმნა, რომელიც არა მხოლოდ ხელმისაწვდომი იქნებოდა SME-თვის, არამედ კომფორტსა და სიმარტივეს შესთავაზებდა მომხმარებლებს.
"ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო მომხმარებლის ნდობის მოპოვება და მათი დარწმუნება, რომ Amadeo საჭირო ტექნოლოგიაა მათი ფინანსების სწორად და ეფექტიანად მართვისთვის. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესები არიან, რომლებსაც ხშირად არ აქვთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მზაობა - ბევრი კომპანიისთვის დიჯიტალიზაცია ჯერ კიდევ სიახლეა. ეს გამოწვევა მოითხოვდა არა მხოლოდ ჩვენი ინსტრუმენტის სრულყოფას, არამედ მომხმარებელთა ინფორმირებას, რათა ტექნოლოგიების მიმართ მათი ცოდნა და მიმღებლობა გაზრდილიყო. ჩვენი პრიორიტეტი იყო ისეთი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც მარტივად და ინტუიციურად მუშაობს, რაც დაეხმარებოდა ბიზნესებს ფინანსების მართვის პროცესის გამარტივებაში. თავდაპირველად ბაზრისთვის რთული იყო იმის გააზრება, რომ კომპლექსური და დინამიკური ფინანსური პროცესები შეიძლება მარტივი და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტით მართულიყო. თუმცა ჩვენს გუნდთან ერთად აქტიურად ვმუშაობდით პროდუქტის სრულყოფაზე, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე და დღეს ამ შედეგებით უკვე ვამაყობთ. ვფიქრობ, ჩვენი გამბედაობა უკვე აისახება შედეგებში - პროდუქტის ამოქმედებიდან ორ თვეში 120 აქტიური მომხმარებელი გვყავს", - აღნიშნავს მარო კოშაძე, Amadeo-ს CEO.
"ჩვენს საქმიანობაში ყველაზე დიდი ინსპირაცია ისაა, რომ ვხედავთ, როგორ უმარტივებს Amadeo კომპანიებს ფინანსური ანალიზისა და ანგარიშგების პროცესს", - განმარტავს გიორგი ჩუგოშვილი. მისი თქმით, გუნდისთვის განსაკუთრებით დიდი მოტივაციაა ის დადებითი შეფასებები, რომლებიც არა მხოლოდ მომხმარებლებისგან, არამედ პარტნიორებისგანაც ესმით. Amadeo-ს პარტნიორები არიან ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, როგორიცაა Nexia 4SME - პირველი პარტნიორი, რომლის მხარდაჭერამაც Amadeo-ში ავტომატიზებული Saras რეპორტების შემუშავება გახადა შესაძლებელი; GITA, რომელმაც გუნდში დიდი პოტენციალი დაინახა და 150 000 ლარიანი გრანტით დააჯილდოვა. Axel - Georgian Business Angel Network-ის 21 ინვესტორი, რომლებმაც სინდიცირებული ინვესტიციით გამოუცხადეს Amadeo-ს ნდობა; "საქართველოს ბანკი", რომლის მომხმარებლებსაც პარტნიორობის ფარგლებში ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს; Balance-ი, რომელთანაც ახლახან დაასრულეს ინტეგრაცია, რათა მათი მომხმარებლებისთვის ფინანსური ანალიტიკისა და რეპორტინგის სერვისები გახადონ ხელმისაწვდომი; უნივერსიტეტები, რომელთან ერთადაც ორგანიზებას უწევენ სასწავლო აქტივობებსა და ჰაკათონებს სტუდენტებისთვის, და კიდევ უამრავი სხვა კომპანია, ბუღალტრული კავშირი და ფორუმი, რომელიც ყოველდღიურად უფრო მეტ ნდობას და ინტერესს უცხადებს ახალ ქართულ პროდუქტს. გიორგის აზრით, მათი მხარდაჭერა და პარტნიორობა ყოველდღიურად არწმუნებს მას, რომ სწორ გზაზე დგანან და აძლევს ძალას, გააუმჯობესონ პროდუქტი, რათა მომხმარებლებისთვის უფრო მეტი სარგებელი შექმნან.
"აღსანიშნავია, რომ Amadeo-ს იდეა მხოლოდ 6 თვის წინ გაჩნდა, თუმცა ჩვენი ძლიერი ტექნიკური გუნდის ჩართულობით პროდუქტის პირველი ვერსია 3 თვეში შეიქმნა. მომდევნო წლის ჭრილში ვგეგმავთ იმავე დინამიკით გავაგრძელოთ განვითარება და ვფოკუსირდეთ ფუნქციონალის გაღრმავებასა და გაუმჯობესებაზე, განსაკუთრებით ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ფინანსური ასისტენტის განვითარებაზე. AI ფინანსური ასისტენტის ინტეგრაცია Amadeo-ში მომხმარებლებს, პერსონალიზებული ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფ და ზუსტ ფინანსურ მონაცემებს მიაწვდის", - მარო კოშაძე.
"ჩვენს უახლოეს გეგმებში შედის ბანკებთან ინტეგრაცია, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს, სესხის განაცხადი ერთდროულად რამდენიმე ბანკში გააკეთონ და მიიღონ საუკეთესო საბანკო პირობები მათი კრედიტუნარიანობის საფუძველზე, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს კომპანიების დროს და გაამარტივებს სესხის აღების პროცესს.
მსოფლიოს მასშტაბით 330 მილიონამდე SME კომპანია იყენებს პრიმიტიულ საბუღალტრო პროგრამას, რომელსაც აქვს შეზღუდული ფინანსური ანალიტიკისა და რეპორტინგის ფუნქციონალი, სწორედ ამიტომ ვგეგმავთ ბაზრის გაფართოებას, რათა მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი შევიყვანოთ ჩვენს ეკოსისტემაში როგორც საქართველოს რეგიონში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენი მიზანია, Amadeo იქცეს სანდო, ინტუიციურ და კომპლექსურ ფინანსური მართვის ინსტრუმენტად, რომელიც მცირე და საშუალო კომპანიების დამფუძნებლებს დაეხმარება, უკეთ გაიგონ საკუთარი ბიზნესის ფინანსური მდგომარეობა და გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებები მიიღონ", - გიორგი ჩუგოშვილი.