Join our Waitlist for Expert Advice!

"ამერიკული აკადემიის" კურსდამთავრებულთა ნაწილი მთავრობას ე.წ. "რუსულ კანონთან" დაკავშირებით მიმართავს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის" კურსდამთავრებულთა ნაწილი ე.წ. "რუსულ კანონთან" დაკავშირებით საზოგადოებისა და პარლამენტის წევრების მიმართ საჯარო მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ, "გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის" (GZAAT) კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი, ამ დოკუმენტის ხელმომწერები, ვაცნობიერებთ რა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, საქართველოს პარლამენტის მიერ მისი მესამე მოსმენით დამტკიცება და აღნიშნულის შედეგად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, თავს ვალდებულად ვთვლით, საზოგადოებას და ხელისუფლებას ამ კანონის შესახებ ჩვენი მკაფიოდ უარყოფითი დამოკიდებულება გავაცნოთ.

მას შემდეგ, რაც 2001 წელს, თბილისში, "გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია" დაფუძნდა, დისკუსიაზე და თავისუფალი აზრის პატივისცემაზე ბაზირებული "ჰარკნესის მეთოდით" სკოლამ ათასზე მეტი ახალგაზრდა აღზარდა და მათ ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აზიისა და ავსტრალიის საუკეთესო უნივერსიტეტებში ჩარიცხვის და ნაწილობრივი ან სრული დაფინანსებით სწავლის საშუალება მისცა. მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღება და საუკეთესო ცოდნისა და გამოცდილების საქართველოში ჩამოტანა უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელიც ჩვენ, როგორც სკოლის მოსწავლეებმა საკუთარ თავზე ავიღეთ. ვფიქრობთ, რომ ახლა, ამ პასუხისმგებლობის საჯაროდ გამოხატვის დრო დადგა.

დაფუძნების შემდეგ, "გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამ" საკუთარი საქმის პროფესიონალებისა და საზოგადოებრივად მოაზროვნე მოქალაქეების არაერთი თაობა აღზარდა, რომელთა ნაწილი კერძო სექტორში დასაქმდა, ნაწილმა კი ქვეყნისთვის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება საჯარო სექტორიდან გადაწყვიტა. თუმცა პროფესიული ვექტორის არჩევის მიუხედავად, ჩვენთვის, "გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის" კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილისთვის უცვლელ ჭეშმარიტებად რჩება ის დევიზი, რომლითაც სკოლამ აღგვზარდა, რადგან ვფიქრობთ, რომ ქვეყნის ბედნიერი მომავალი მხოლოდ ორი იდეის - განათლებისა და სიკეთის გაერთიანებით მიიღწევა.

მივიჩნევთ, რომ ის მდგომარეობა, რომელიც, ბოლო დროს, მმართველი პარტიის მიერ ე.წ. "რუსული კანონის" მეორედ შემობრუნებით შეიქმნა, ჩვენი სკოლის და ქართველი ერის ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საფრთხის წინაშე აყენებს და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თაობათა მიერ გაღებულ შრომას წყალში ყრის. აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის და მისი ცალკეული სახელმწიფოების ლიდერები ღიად და მკაფიოდ ეუბნებიან საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ კანონს არაფერი აქვს ევროპული, ხოლო მისი მიღება ქვეყანას ევროკავშირს დააშორებს - იმ ევროკავშირს, რომლის მიერ ჩვენთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამ მთელი ერი გააბედნიერა და გააერთიანა. იმ ევროკავშირს, სადაც გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით არის ნაკარნახევი.

ჩვენ, როგორც საქართველოში საუკეთესო ამერიკული განათლების მიმღებებს გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის რუსეთისგან დამოუკიდებლობაში და ჯანსაღად, მდგრადად და, რაც მთავარია, თავისუფლად განვითარებაში ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა დასავლელი პარტნიორების დახმარება უალტერნატივოა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასავლელი პარტნიორების გარეშე საქართველოში არც ელექტროენერგიის ქსელი იარსებებდა, არც გზები, არც განათლების სისტემა და, სავარაუდოდ, არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებითაც ასე ძალიან ვამაყობთ, რადგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოს ქართული ინტერესების დასაცავად ათობით მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყვეს.

გვესმის რა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გაწვევა, ფორმალურად, შეუძლებელია, მაგრამ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, მმართველ პარტიას შეუძლია პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაიზიაროს და კანონზე უარი თქვას. საქართველოს ნებისმიერი მთავრობის მოვალეობაა, ქართველი ხალხის ნება აღასრულოს და იმედი გვაქვს, ეს ამ შემთხვევაშიც ასე იქნება და მმართველი პარტია ამ ღიად ანტიდასავლურ და ანტიევროპულ კანონმდებლობაზე ერთხელ და სამუდამოდ უარს იტყვის და მას აღარასდროს დაუბრუნდება.

საქართველოს მომავალი ევროპაშია! არა რუსულ კანონს!", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც, ამ დრომდე, 120-ზე მეტი კურსდამთავრებული აწერს ხელს.

ხელმომწერების სია იხილეთ ბმულზე.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად?

თინათინ რუხაძე − ACT-ის თანადამფუძნებელი და ხედვის ლიდი