Cyber Monday Sale! 50% Off All Access

BAU International University Batumi-ს ახალი რექტორი ჰყავს როგორ გადაამზადებს უნივერსიტეტი სტუდენტებს მაღალკვალიფიციურ ექიმებად?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე მსოფლიოში, გლობალიზაციის კვალდაკვალ, უფრო და უფრო იზრდება სამედიცინო განათლებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა, ვინაიდან ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესება პირდაპირაა დაკავშირებული მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებაზე. სწორედ ამ მიზანს, წლებია ემსახურება BAU International University Batumi, რომელიც უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებითა და თანამედროვე მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირებით, ახორციელებს სამედიცინო სწავლების პროგრამებს. BAU International University Batumi-ის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის მიზანია ადგილობრივ და საერთაშორისო დასაქმების ბაზრებზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და ჯანდაცვის მიმართულებით მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა.

მიმდინარე წლიდან უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს, რომელიც უნივერსიტეტის მართვას არსებული სტრატეგიული მიზნებითა და ამასთან, ინოვაციების დანერგვით განაგრძობს.

გიორგი ცხვედიანი განათლების სფეროში 2006 წლიდან საქმიანობს და 17 წლის განმავლობაში ამა თუ იმ პოზიციიდან უძღვებოდა განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. სხვადასხვა დროს მუშაობდა განათლების აკრედიტაციის, შემდეგ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ასევე − სხვადასხვა წამყვან კერძო უნივერსიტეტში, ლიდერულ პოზიციაზე. ამასთან, გიორგი 5 წლის განმავლობაში გახლდათ აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის სამსახურის ხელმძღვანელი და გარკვეული პერიოდით მუშაობდა ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუციების საქართველოში განხორციელებად პროექტებზეც. შესაბამისად, გიორგის გამოცდილება უმაღლესი განათლების სფეროში მოიცავდა სხვადასხვა პოზიციასა და პასუხისმგებლობას, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება საუნივერსიტეტო საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში.

"მთავარი მოტივაცია განათლების სექტორში იყო ის, რომ მსურდა შევხვედროდი რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა სფეროს პროფესიონალს, რომლებსაც განსხვავებული ხედვა და აზროვნება ჰქონდათ. ჩემთვის ყველაზე საინტერესო უმაღლესი განათლება აღმოჩნდა. სწორედ ამ მიზნით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოზიციაზე ვმუშაობდი აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში − სწორედ იმ პერიოდში, როდესაც განათლების სისტემა ვითარდებოდა საქართველოში და ახალი მიმართულებები ემატებოდა.

კარიერის განმავლობაში, განათლების სისტემას ვუყურებდი როგორც სახელმწიფო სექტორის მხრიდან, ისე კერძო დაწესებულების კუთხიდანაც. ჩემი უკანასკნელი გამოწვევა კი არის ახლანდელი პოზიცია BAU International University Batumi-ში − უნივერსიტეტში, რომელიც განსხვავდება საკუთარი პროფილით, მიდგომებითა და ხედვით", − Entrepreneur-თან საუბარში განმარტავს გიორგი ცხვედიანი.

დაფუძნების დღიდან, უნივერსიტეტის მთავარი ამოცანაა, მუდმივად დახვეწოს საგანმანათლებლო პროგრამები, მისცეს სტუდენტებს უახლესი ცოდნა და გამოცდილება, ითანამშრომლოს საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებთან და კვლევით ინსტიტუტებთან, განახორციელოს სამეცნიერო კვლევების ინტეგრირება სწავლის პროცესში, შექმნას შესაბამისი სიმულაციური გარემო კლინიკური გარემოს უზრუნველსაყოფად და იზრუნოს აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე.

BAU International University Batumi მხარს უჭერს გლობალურ ხედვას მულტიკულტურული სასწავლო და კვლევითი გარემოს შექმნის გზით, რომელიც თავის მხრივ სწავლების, კვლევისა და კლინიკური პრაქტიკის მაღალ სტანდარტზე და ხარისხის მუდმივ განვითარებასა და დახვეწაზეა ორიენტირებული.

უნივერსიტეტის ახალი რექტორი ორიენტირებული იქნება ცოდნის საერთაშორისო მასშტაბით გავრცელებაში, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო წრეებში ინტეგრაციასა და კურსდამთავრებულთათვის საერთაშორისო მასშტაბით კარიერული შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე.

"ჩემი პირვანდელი გეგმები ეხება როგორც შიდა, ისე საგარეო საკითხების კომბინირებას. ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები დაშვებულნი არიან ნებისმიერი ქვეყნის სალიცენზიო გამოცდაზე. თუმცა, ამ საკითხზე მუშაობასთან ერთად, განსაკუთრებულ აქცენტს გავამახვილებთ შიდა პროცესების გაუმჯობესებაზეც. გვსურს, აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს როგორც სტუდენტებთან, ისე აკადემიურ პერსონალთან, მშობლებთან, პარტნიორებთან და სხვა. დიდი სურვილი გვაქვს, შევქმნათ ერთიანი საზოგადოება, სადაც თითოეულ წევრს ექნება ემოციური "მიჯაჭვულობა" ორგანიზაციასთან − ანუ მარტივად რომ ვთქვათ, საკუთარი შესრულებული საქმით თავს დიდი ორგანიზმის ნაწილად იგრძნობს. სწორედ ამ მიზნით, მაქსიმალურად განვავითარებთ გუნდურობისა და პასუხისმგებლობის დონის ზრდას ყველა იმ ადამიანში, ვინც საუნივერსიტეტო საქმიანობასთანაა დაკავშირებული", − განმარტავს გიორგი ცხვედიანი.

ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი სრულადაა ორიენტირებული სტუდენტებსა და მათ მოთხოვნებზე. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციაში ფუნქციონირებს სტუდენტური მომსახურების განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელია როგორც სასწავლო პროცესის შესახებ სტუდენტის ინფორმირებასა და კონსულტაციაზე, ასევე სტუდენტური კლუბების შექმნაზე, ერთობლივი სტუდენტური ღონისძიებების ორგანიზებასა და სტუდენტების აკადემიურ წრეში ინტეგრირებაზე. ამასთან, BAU International University Batumi-ის კარიერული მხარდაჭერის სამსახური სტუდენტთა პიროვნული და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და ძლიერ ლიდერებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

BAU International University Batumi-ში სწავლების პერიოდი სამ ფაზად იყოფა: შესწავლა, გადაწყვეტილების მიღება და წარმატების მიღწევა. უნივერსიტეტის გუნდში ღრმად სწამთ, რომ სტუდენტებთან თანამშრომლობითა და უწყვეტი კომუნიკაციით მათ მაღალი ხარისხის განათლებას უზრუნველყოფენ.

"ჩვენ, როგორც მულტიეროვნული უნივერსიტეტი, ვიზრუნებთ იმაზე, რომ მომავალი ექიმები ყველა საჭირო უნარით აღვჭურვოთ. ეს არ ეხება მხოლოდ აკადემიურ გამოცდილებას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ვაწვდით სტუდენტებს, არამედ ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიცაა: სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალისთვის აუცილებელი ისეთი უნარები, როგორებიცაა ემპათია, ლიდერობა, გუნდურობა და სხვა.

უნივერსიტეტში შემუშავებული გვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, როგორიცაა სტუდენტის პორტფოლიო, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სტუდენტის ყველა მიღწევას, მის მიერ გასინჯულ პაციენტებს, პროგრესს და 360-გრადუსიან შეფასებას ყველა იმ პირისგან, ვისთანაც სტუდენტს აქვს შეხება, იქნება ეს კოლეგა-სტუდენტი, ლექტორი, ზედამხედველი ექიმი, პაციენტი და სხვა. განახლებულ ინფორმაციას სტუდენტებს ყოველწლიურად ვაწვდით და სტუდენტს ვუზიარებთ ინფორმაციას არა მხოლოდ რეკომენდაციების, არამედ მათი პროგრესის შესახებაც. ეს არის ძალიან სასიამოვნო პროცესი, როდესაც ვხდებით იმ ფაქტის მომსწრე, თუ როგორ იცვლება, ვითარდება და იხვეწება ხოლმე სტუდენტის სხვადასხვა მნიშვნელოვანი კომპეტენცია", − აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი.

უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სამეცნიერო კვლევების განვითარებაცაა, რომლის ფარგლებშიც, სასწავლებელი მუშაობს აკადემიური პერსონალის კვლევითი პოტენციალის ზრდაზე, ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშემწყობი კვლევების განხორციელებაზე, კვლევების გამოყენებადობისა და კომერციალიზაციის პოტენციალის რეალიზებასა და კვლევების ინტერნაციონალიზაციაზე. აღსანიშნავია, რომ ახალი რექტორის განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კურსდამთავრებულთა კვლევების დაფინანსებასა და მათ გამოქვეყნებას საერთაშორისოდ აღიარებულ სამეცნიერო ჟურნალებში.

"უნივერსიტეტი მნიშვნელოვან აქცენტს გაამახვილებს სამეცნიერო კვლევებზე. უნდა აღინიშნოს, რომ აკადემიური პერსონალის შერჩევისას ყურადღება დაეთმობა არა მხოლოდ მათ გამოცდილებას ლექციების ჩატარებაში, არამედ პერსონალის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასაც. ჩვენი უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი პირველი სასწავლებელი, რომელიც აკადემიური პერსონალის შერჩევისას ჰირშის ინდექსის მაჩვენებლით ხელმძღვანელობს − მარტივად რომ ვთქვათ, ლექტორების შერჩევისას ყურად ვიღებთ საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში მათი ციტირების მაჩვენებლებს.

რაც შეეხება სტუდენტურ სამეცნიერო საქმიანობას, უნივერსიტეტის დამთავრებისას ჩვენი კურსდამთავრებულთა კომპეტენცია იმდენად მაღალია, რომ მათ ვაძლევთ საშუალებას, ამავე უნივერსიტეტში გაუძღვნენ სხვადასხვა სიმულაციურ მეცადინეობას, განახორციელონ სასემინარო სწავლება, მიიღონ დაფინანსება, როგორც ახალგაზრდა მეცნიერებმა და სხვა. შედეგად, ვქმნით ახალგაზრდა მეცნიერებისა და ჯანდაცვის ახალგაზრდა პროფესიონალთა ქსელს, რომელიც ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულებისგან იქნება შემდგარი", − განმარტავს გიორგი ცხვედიანი.

უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების სტრატეგია მოიცავს უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობის გაძლიერებას რეგიონული პოლიტიკის კონტექსტში. განათლების სფეროში გლობალური კოოპერირება ინსტიტუციისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. BAU International University Batumi-ის მთავარი საგარეო ორიენტირი, პარტნიორ ინსტიტუციებთან ერთად, ინკლუზიურ კვლევით აქტივობებში ჩართულობაა, რომელიც აკადემიურ პერსონალს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ საზღვარგარეთ, მიიღონ გამოცდილება და იყვნენ უფრო პროაქტიულები თავიანთ სფეროში.

BAU International University Batumi-ში აქტიურად ხორციელდება კვლევები იმუნოჰემატოლოგიის, ეპილეფსიის, სივრცითი მეხსიერების ფორმირების, ხანდაზმულობის ეპიგენეტიკური და აუტოფაგური მოლეკულური მარკერების, მიკრობიოლოგიის, ღეროვანი უჯრედებისა და სხვა მიმართულებების შესახებ. კვლევებში ჩართული არიან როგორც უნივერსიტეტის საბაზისო მეცნიერებათა დეპარტამენტის წევრები, ასევე სტუდენტებიც. მიმდინარეობს ერთობლივი კვლევითი პროექტების დაგეგმვა ევროპის რეიტინგულ უნივერსიტეტებთან. უნივერსიტეტი ასევე იწვევს აკადემიურ პერსონალსა და მკვლევრებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც მისი სასწავლო გარემოს ინტერნაციონალიზაციას, და უახლეს მოთხოვნებთან შესაბამისობის საფუძველს იძლევა, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფს სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლას სხვა უნივერსიტეტებთან, სასწავლო თუ კლინიკური პრაქტიკის განხორციელების მიზნით. უნივერსიტეტის საქმიანობის ფარგლებში ხორციელდება ფუნდამენტური თუ გამოყენებითი კვლევები და მათი ინტეგრაცია საგანმანათლებლო პროგრამებში, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სტუდენტთა კომპეტენციებს და სრულად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს.

გიორგი ცხვედიანის განმარტებით, სასწავლებელი ამჟამად საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება. გასული წლების წარმატებული კურსდამთავრებულების წყალობით, სასწავლებელზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, რაც გამოიხატება იმაში, რომ აღნიშნულ უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარების მსურველთა რიცხვი იმაზე მაღალია, ვიდრე გამოცხადებული ადგილები. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რექტორის განმარტებით, უნივერსიტეტის მთავარი მიზანი იქნება, კურსდამთავრებულთა მინიმუმ 90%-მა, რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ, შეძლოს საერთაშორისოდ აღიარებული, საექიმო, სალიცენზიო გამოცდების ჩაბარება ისე, რომ მათი ცოდნა და კვალიფიკაცია სრულად ეხმიანებოდეს სხვადასხვა ქვეყნის მოთხოვნებს, იქნება ეს აშშ, ბრიტანეთი, გერმანია თუ სხვა. სწორედ ამ მიზნით, BAU International University Batumi-ის უნივერსიტეტი, ახალი რექტორის აქტიური ჩართულობით, განაგრძობს სალიცენზიო გამოცდების შინაარსის კვლევას, რომლის შედეგად კურსდამთავრებულები მზად იქნებიან მოიპოვონ საერთაშორისო აღიარება და მიიღონ უნივერსიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრინციპად გაცხადებული უპირატესობა − მსოფლიო მასშტაბით დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანობა.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს