ბენქსი: ლეგენდის დაბადება - გამოფენის მხარდამჭერია SOLO X და VISA
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის 5 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში პირველად ბენქსის საერთაშორისო გამოფენა - "ბენქსი: ლეგენდის დაბადება," სტივ ლაზარიდისის კურატორობით გაიმართება. პროექტის მხარდამჭერები არიან SOLO X და VISA.
გამოფენა ფართო აუდიტორიისთვის 18 ოქტომბერს გაიხსნება და 14 თებერვლამდე დარჩება თბილისში.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოში აღიარებული, ლეგენდარული ბრიტანელი გრაფიტის არტისტის - ბენქსის შემოქმედებითი გზა ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლამდე. ექსპოზიცია შედგება გამოფენის კურატორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო მასალისგან, ასევე კერძო კოლექციებში არსებული ბენქსის ორიგინალი ნამუშევრებისგან.
ამასთან, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი ქუჩის ხელოვანების მიერ მუზეუმის კედელზე შესრულებული ნამუშევრებიც, ელენე კაპანაძის კურატორობით. გამოფენაში მონაწილე არტისტები არიან გაგოშა, მიშიკო სულაკაური, სემიჩკა, კოსკა, SICK 'N TIRED.
"ეს კონკრეტული მოგზაურობა ბენქსისთან ერთად მუშაობის 11 წელიწადს ეხება, როცა მე მისი ფოტოგრაფი, დოკუმენტალისტი, მძღოლი, აგენტი, მენეჯერი და ყველაფერი ვიყავი. ბენქსის პირველად 1997 წელს შევხვდი, როდესაც ის იწყებდა მუშაობას, როგორც ახალგაზრდა უცნობი გრაფიტის არტისტი ბრისტოლიდან. ამ გამოფენაზე ნახავთ ბენქსის მიერ განვლილ სრულ გზას. დაათვალიერებთ მის ხელოვნებას ორი პერსპექტივიდან - ჩემ მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფოტოებს, რომლებიც შეგიქმნით წარმოდგენას იმის შესახებ, თუ საიდან მოვიდა ის, როგორ დაიწყო ყველაფერი და, ასევე, ნახავთ ორიგინალებს, რომ გაჩვენოთ, რამდენად გასცდა ბენქსი საზღვრებს და რამდენად უსწრებდა დროს. ნელ-ნელა, დათვალიერებისას, თავად მიხვდებით, თუ რატომ გააღმერთა იგი ხელოვნების სამყარომ და როგორ იქცა ვანდალი არტისტი საკულტო ფიგურად", - აღნიშნავს სტივ ლაზარიდისი.
"ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმმა 5 წლის განმავლობაში უმასპინძლა ათობით გამოფენას და საინტერესო საღამოს, ასიათასზე მეტ ვიზიტორს. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ქართული ხელოვნების მხარდაჭერა და რუსთაველის 7 ნომერში ქალაქის კიდევ ერთი კულტურის ცენტრის შექმნა. საერთაშორისო მასშტაბის პროექტი - ბენქსის გამოფენა, ცხადია, ჩვენთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ამ გამოფენას რამდენიმე მიზანი აქვს: ადგილობრივი დამთვალიერებელი მუზეუმის მეხუთე დაბადების დღეზე ნახავს იშვიათ ექსპოზიციას და გაიცნობს ლეგენდას. გარდა ამისა, ამ გამოფენით მუზეუმი მხარს უჭერს ქართულ სტრიტ არტს. ჩვენი მიზანია, რომ თბილისი ხელოვნების მსოფლიო რუკაზე მოინიშნოს - ამ მასშტაბის გამოფენამ ქვეყანაში შესაძლოა ტურისტული ნაკადიც მოიზიდოს", - აღნიშნავს მუზეუმის გუნდი.
"SOLO კულტურული პროექტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში მსოფლიოში აღიარებული არტისტის - ბენქსის ნამუშევრების გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საზოგადოებას, იხილოს როგორც ბენქსის ორიგინალი ნამუშევრები, ასევე სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო მასალა, გაეცნონ ბენქსის შემოქმედებით გზას და გახდნენ მსოფლიო გამოცდილების ნაწილი. ჩვენი მხარდაჭერით საქართველომ უკვე მრავალ საერთაშორისო არტისის გამოფენასა თუ ღონისძიებას უმასპინძლა. ჩვენი ინიციატივების მიმართ მუდმივად მზარდი ინტერესი კი გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელებას შევუწყოთ ხელი", - აღნიშნავს ეთერ ირემაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.