Book Café - სტუდენტების მიერ შექმნილი ახალი ლიტერატურული კაფე ბათუმში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სწორი სამუშაო გარემო დადებითად აისახება პროდუქტიულობისა და შრომისუნარიანობის ზრდაზე. საოფისე, ისევე როგორც საუნივერსიტეტო გარემო, სტრესული და არაპროდუქტიულია. თანამედროვე დამსაქმებლები და დასაქმებულები არასაოფისე შრომაზე გადადიან, რაც ალტერნატიული სივრცეების მოთხოვნას წარმოშობს. ასევე, სტუდენტებიც ეძებენ განსხვავებულ სივრცეებს სწავლისთვის, თუმცა, წიგნების საჭიროებიდან გამომდინარე, მათი არჩევანი ბიბლიოთეკებია.

სწორედ შრომის პროდუქტიულობის გასაზრდელად ლუკა დუმბაძემ და ხატია ფუტკარაძემ Book Café შექმნეს, რომელიც ყველა საჭირო რესურსით ცდილობს მომხმარებლების უზრუნველყოფას. იგი აერთიანებს ჯანსაღი კვების ობიექტს, სამუშაო სივრცესა და წიგნებს. სულაკაურის გამომცემლობასთან თანამშრომლობით დამფუძნებლებმა კაფეს საჭირო ლიტერატურის რესურსის შევსება შეძლეს - შექმნეს სამუშაო სივრცე, შეადგინეს დაბალანსებული და ჯანსაღი მენიუ, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ პროდუქტიულობის ზრდისთვის ჯანსაღი კვება აუცილებელი კომპონენტია.

"კაფეს იდეა მაშინ გაჩნდა, როცა თავადაც სტუდენტები ვიყავით და მსგავსი სივრცეების დეფიციტს განვიცდიდით. პრაქტიკულად, ერთ სივრცეში არ იყო შესაძლებელი სამივე კომპონენტის სინთეზი. დღეს კი ამ პრობლემის აღმოფხვრა თავად გადავწყვიტეთ.

კაფეს იდეის უკან მხოლოდ ორი ადამიანი ვდგავართ. იდეს განხორციელებაზე მუშაობა კი მაშინ დავიწყეთ, როცა სტუდენტები ვიყავით და საკმარისი გამოცდილება არ გვქონდა ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად. რთული იყო ისეთი გარემოს შექმნა, სადაც იმ ყველა კომპონენტის სინთეზს მოვახდენდით, რაც ჯანსაღი სამუშაო გარემოსთვის იყო აუცილებელი. თავად მოგვიწია ყველა რესურსის მოძიებამ და ყველა პროცესში თავად ვიყავით ჩართულნი. ამავდროულად, იმ ფონზე როცა ბაზარზე მაღალი კონკურენციაა, განსხვავებული იდეის გაცოცხლება და მისი სისრულეში მოყვანა ნამდვილად დიდ გამბედაობას მოითხოვს. ჩვენი ბიზნესმოდელი არ არის სტანდარტული ბაზარზე არსებული სამუშაო სივრცეებისა და, მათგან განსხვავებით, ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. სამუშაო სივრცე კაფეში დავაინტეგრირეთ და ამ სფეროში არსებული კონკურენციის ფონზე თავის დამკვიდრება გადავწყვიტეთ, რაც დიდი გამბედაობას მოითხოვდა ჩვენი მხრიდან", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ლუკა დუმბაძე.

Book Café-ს იდეის ავტორების მიზანი ისეთი უნიკალური სივრცის შექმნა გახლდათ, რომელიც ერთიანად მოიცავდა წიგნების, ჯანსაღი კვებისა და სამუშაო სივრცის შეთავაზებას, რაც კაფეს კონცეფციის მთავარ ნაწილს წარმოადგენს. დამფუძნებლების აღნიშვნით, ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ვინაიდან მომხმარებელთა მრავალფეროვანი მოლოდინები უნდა დაეკმაყოფილებინათ. ეს მოითხოვდა როგორც კრეატიულობას, ასევე სამიზნე აუდიტორიისა და ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს, რის მოსაგვარებლადაც შეისწავლეს ბაზრის მოთხოვნილებები და შექმნეს კაფე ისეთი მასახიათებლებით, რომელიც მომხმარებელთა სურვილებსა და საჭიროებებს შეესაბამებოდა. შესაბამისად, სამუშაო სივრცე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადეს. შემოსავლების მიღება კი კაფეს პროდუქტებით გადაწყვიტეს. მეორე გამოწვევა სწავლისა და მუშაობის დაბალანსებაც გახლდათ. ვინაიდან კაფე სწრაფად ვითარდება, ის უდიდეს დროსა და რესურსს მოითხოვდა დამფუძნებლების მხრიდან. სულ რამდენიმე თვეა, რაც საქმეს შეუდგნენ და Book Café-ს შედეგები, გუნდის დაუღალავი შრომის შედეგად, მუდმივად უმჯობესდება.

"საკუთარი საქმიანობის დაწყება ჩვენი დიდი ხნის მიზანი იყო. ამისთვის გრძელი გზის გავლამ მოგვიწია. საკუთარი თავი ბევრი მიმართულებით გამოვცადეთ და გზადაგზა შემხვედრ ყველა გამოწვევას გავუმკლავდით. გვქონდა ბევრი განუხორციელებული იდეაც, რადგან თავს მზად არ მივიჩნევდით. რაღაც პერიოდის შემდეგ კი ეს იდეები სხვის მიერ ცოცოხლდებოდა. ამ ყოველივემ საკუთარ თავში უფრო მეტად გვარწმუნა და დღეს ჩვენი იდეების განხორციელებას შევუდექით. ახლა, როცა Book Café დავაფუძნეთ, მისგან ძლიერი ბრენდის შექმნა გვსურს. ბრენდის მთავარი მესიჯი კი ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაა მეტი პროდუქტიულობისთვის", - აღნიშნავს ხატია ფუტკარაძე.

რაც შეეხება სამომავლო განვითარების ხედვას, Book Café-ს განმახორციელებლების კიდევ ერთი ამოცანა სოციალური საწარმოების მხარდაჭერაა. ლუკა დუმბაძისა და ხატია ფუტკარაძის განმარტებით, თანამედროვე ბიზნესსუბიექტები კომერციულ მოგებაზე ორიენტირებულები არიან და მათთვის სოციალური ეფექტები საზრუნავს არ წარმოადგენს. სოციალური მეწარმეობა კი ისეთ კომერციული საქმიანობას გულისხმობს, რომელიც პოზიტიურ შედეგებს გამოიმუშავებს საზოგადოებისა და გარემოსთვის. "სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანი მათთან თანამშრომლობა და თავიანთი საქმის განხორციელებაში დახმარებაა. ვცდილობთ, ჩვენთვის საჭირო პროდუქტები მათგან შევიძინოთ, ხოლო მათთვის, ვინც ხელსაქმეს ეწევა, გვსურს, გამოვყოთ სივრცე, სადაც ისინი თავიანთი პროდუქტების რეალიზებას შეძლებენ", - აცხადებენ დამფუძნებლები.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.