Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში Microsoft-ის მაღალტექნოლოგიური ლაბი გაიხსნა, რომლის მთავარი მიზანს ქართველი სტუდენტებისა და პროფესორებისთვის თანამედროვე ციფრული უნარებისა და ცოდნის ათვისებაში მხარდაჭერაა.
ახლად შექმნილი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია დააჩქარებს სასწავლო პროცესის ტრანსფორმაციას, რადგან ის სტუდენტებს მრავალმხრივ რესურსებსა და გამოცდილებას შესთავაზებს. სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პროფესორები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლები უამრავ საინტერესო შესაძლებლობებზე მიიღებენ წვდომას. ესენია: პროექტებისა და კვლევის მხარდაჭერა, სემინარები და ტრენინგები, ინოვაციებისა და მეწარმეობის მხარდაჭერა, ჰაკათონები, კონკურსები და ღონისძიებები, კარიერული მხარდაჭერა, სასწავლო პროგრამების შემუშავება, ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიები.
როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე განმარტავს, ლაბის გახსნა უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ტექნოლოგიებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის.
"Microsoft-ის ლაბი BTU-ში ოფიციალურად დაფუძნდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენი სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის და ყველა იმ პარტნიორისთვის, ვისთან ერთადაც ასობით პროექტს ვახორციელებთ. ლაბის მიზანი იქნება BTU AI პლატფორმის განვითარებაში მონაწილეობა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სხვადასხვა გადაწყვეტის შექმნა და საზოგადოებისთვის შეთავაზება. ლაბი ჩართული იქნება ყველა იმ პროექტში, რომელიც მიმდინარეობს კიბერუსაფრთხოების ბლოკჩეინის და სხვა ინოვაციების მიმართულებით. ეს არის მნიშვნელოვანი დღე, რადგან Microsoft-ის წარმომადგენლები თვითონ ესტუმრნენ უნივერსიტეტს და თავად გააჟღერეს ის მზაობა და ინტერესი, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობის ფარგლებში გააჩნიათ", - განაცხადა ნინო ენუქიძემ.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი Microsoft Learn for Educators-ის წევრია. ეს გახლავთ საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სასწავლებლებს, უნივერსიტეტებს, კოლეჯებს და საშუალო სკოლებს აძლევს Microsoft-ის ოფიციალურ კონტენტზე წვდომას, რომ ეს უკანასკნელი საკუთარ სასწავლო პროცესში ჩართონ.
"მოხარულები ვართ, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის ფარგლებში ვთანამშრომლობთ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სტუდენტებს ჰქონდეს წვდომა უახლეს გადაწყვეტებსა და რესურსებზე. ეს მათ დაეხმარება, აიმაღლონ ცოდნა და კომპეტენცია, მზად იყვნენ წარმატებული სამომავლო დასაქმებისთვის", - განაცხადა სერგეი ლეშენკომ, Microsoft-ის რეგიონულმა მენეჯერმა დსთ-ს ქვეყნებში.
ლაბის ფარგლებში, საქართველოში, ტექნოლოგიური ინდუსტრიის კომპანიებისთვის, დელეგაციის წევრებმა პირველი ვორქშოფი თემაზე "უნარები და დასაქმება AI-ის ეპოქაში"
ჩაატარეს.