ჩვენ ვქმნით მომავლის პროდუქტს - ანა ტურაბელიძე, საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების მხარდაჭერის ექსპერტი სპეციალისტი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ საქართველოს ბანკის მობილბანკით ტრანზაქციის განხორციელებას სულ რამდენიმე წამი ესაჭიროება. იმ შემთხვევაში კი, თუ ჩვენს ტემპზე მორგებულ პროცესებში შეფერხება ფიქსირდება, ეს ჩვენში დიდ დისკომფორტს იწვევს. თუმცა, პრობლემა რამდენიმე წამში გვარდება და ჩვენც მზად ვართ, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
ამ პროცესების შეუფერხებელ მუშაობაზე პასუხისმგებელი საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების მხარდაჭერის გუნდია. ისინი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და თანამედროვე საბანკო პროდუქტების - ინტერნეტ ბანკის, მობილბანკის, sCoolApp-ისა და Bog.ge-ს გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.
ამ გუნდის წევრია ანა ტურაბელიძეც, რომელიც ამჟამად საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების მხარდაჭერის ექსპერტ-სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს.
"ჩვენი გუნდი საბანკო პროდუქტების მხარდაჭერაზეა პასუხისმგებელი და მიზნად ისახავს, უზრუნველყოს მათი გამართული ფუნქციონირება. ამ პროცესში სწორი გადაწყვეტილების სწრაფად მიღება კი ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ, ამ სფეროში წარმატების მისაღწევად აუცილებლად უნდა იცოდე, როგორ იმუშაო ფორსმაჟორში", - აღნიშნავს ანა.
ამბობს, რომ გუნდის ერთობლივი მუშაობა და საერთო მიზნისკენ სწრაფვა არის სწორედ ის, რისი დახმარებითაც საქართველოს ბანკი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და მოთხოვნად ციფრულ ინსტრუმენტებს ქმნის.
"ჩვენს ციფრულ სერვისებს საქართველოში 1.2 მილიონი ადამიანი იყენებს, რაც მათ ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფინანსურ ინსტრუმენტებად აქცევს. ეს ჩვენთვის ძალიან დიდ წარმატებას ნიშნავს და ჩემში სიამაყის გრძნობას აჩენს - ჩვენ ხომ საერთო მიზანი გვამოძრავებს და ერთობლივი ძალისხმევით ვცდილობთ, შევქმნათ თანამედროვე, გამორჩეული, ინოვაციური, მომხმარებელზე მორგებული ციფრული პროდუქტები", - ამბობს ანა.
განმარტავს, რომ საერთო ძალისხმევა და ერთიანობის შეგრძნება არის სწორედ ის, რაც მისთვის საქართველოს ბანკის გუნდს გამორჩეულს ხდის. "ჩვენ ყოველთვის ერთად ვცდილობთ გადავჭრათ პრობლემები, აქ არ არსებობს "შენი პრობლემა, ჩემი პრობლემა", - თითოეული გამოწვევა ყველასია და ყველა ერთად ვცდილობთ ეფექტური, სწრაფი და მომხმარებელზე მორგებული გადაწყვეტების შემუშავებას".
გვიყვება, რომ საქართველოს ბანკში მოხვედრა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ტრანზაქციის განხორციელების პრობლემა თავად შეექმნა.
"საქართველოს ბანკის გუნდში მოხვედრამდეც ძალიან ხშირად ვიყენებდი მობილბანკს. თუმცა, ერთხელ, ტრანზაქციის განხორციელებისას პრობლემა შემექმნა. ეს ფაქტი ჩემს მეგობართან დავაფიქსირე მან კი მითხრა, რომ ზუსტად იცოდა რაში იყო პრობლემა და რომ მას ძალიან მალე მოაგვარებდა. მაშინ მივხვდი, რომ მეც მინდოდა ზუსტად მცოდნოდა, რა იწვევდა შეფერხებებს, როგორ ხდებოდა მათი იდენტიფიცირება, მათთან გამკლავება და შედეგად მომხმარებლისთვის გამორჩეული გამოცდილების შეთავაზება", - გვიყვება ანა.
საკუთარ მაგალითზევე აღნიშნავს, რომ მომხმარებლები ხშირად პროცესებში ხარვეზებს ბანკის გუნდს მიაწერენ, თუმცა, შიდა სამზარეულოს გაცნობის შემდეგ აღმოაჩინა, რომ რიგ შემთხვევებში ეს პრობლემები შესაძლოა მედიუმი კომპანიების, პროვაიდერებისა და ვენდორების მხრიდან მოდიოდეს.
სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფის პრინციპების გასაგებად კი ამ მიმართულების სპეციფიკის შესწავლა გადაწყვიტა.
"დავიწყე სხვადასხვა პროგრამების სწავლა, ჩემი ძალისხმევით ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი გამეგო ამ სფეროს შესახებ - ვუყურებდი შემეცნებით და ამხსნელ ვიდეოებს, ინტერნეტში ვეძებდი საგანმანათლებლო რესურსებს... შედეგად, რაღაც მომენტში გადავწყვიტე, ჩემი შესაძლებლობები გამომეცადა და CV საქართველოს ბანკში გავგზავნე. ასე დაიწყო ჩემი კარიერული თავგადასავალი",- ამბობს ანა.
იხსენებს, რომ საქართველოს ბანკში მოსვლისთანავე სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა, რადგან აღმოაჩინა ყველა ის გრძელი, მრავალეტაპიანი პროცესი, რომელიც მობილბანკით ერთ წამში ოპერაციის განხორციელების უკან დგას.
"როგორც მომხმარებელს, არ მესმოდა, რა დრო ჭირდებოდა ტრანზაქციის განხორციელებას, თუმცა, მას შემდეგ რაც "შიდა სამზარეულოში" აღმოვჩნდი, ნათელი გახდა, რომ თურმე ეს პროცესი არც ისე მარტივი იყო, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. ახლა როდესაც ჩემს გვერდით ვინმეს მსგავსი უხერხულობა ექმნება, სულ ვფიქრობ ხოლმე - ერთ დროს მათ ადგილას ხომ მეც ვიყავი", - გვიყვება ანა.
ამბობს, რომ საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ფეხი აუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიურ ინოვაციებს და მომხმარებლებს ახალი, მათ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე მორგებული სერვისები შესთავაზოს.
"მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანი, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვქმნით მომავლის პროდუქტს. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და მუდმივად ვისწრაფვით წინსვლისაკენ", - ამბობს ანა.