COP27: ბრძოლა თითოეული ცელსიუსისთვის COP27-ის შესახებ სალი ურენის სტატია Sustainable Brands-ის ონლაინ გამოცემაში გამოქვეყნდა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
პირველი "მხარეთა კონფერენცია" (COP) 1995 წელს გაიმართა. მას შემდეგ 27 წელი გავიდა, თუმცა, კონფერენციის თანმდევი სკეპტიციზმი აღარავის აკვირვებს. დღევანდელ სამყაროში, ქვეყნებისა და კერძო სექტორის მიერ ნულოვანი სტრატეგიის უნივერსალური იმპლემენტაცია, მეცნიერების მიერ განსაზღვრულ დროში, ჯერ კიდევ შორეულ ოცნებად რჩება. თუმცა, ახლა მოქმედებაა საჭირო - მოქმედება და რაც შეიძლება სწრაფად.
წლევანდელი COP27-ის შესახებ მომავლის ფორუმის (FORUM FOR THE FUTURE) აღმასრულებელი დირექტორის, სალი ურენის სტატია Sustainable Brands-ის ონლაინ გამოცემაში გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"როგორი იყო თქვენი გამოცდილება მხარეთა კონფერენციაზე?" "იქნება კი COP27 ცვლილების მომტანი?" - ეს ის ორი კითხვაა, რომელსაც დიდ ბრიტანეთში ცხელი და მზიანი შარმ-ელ-შეიხიდან დაბრუნების შემდეგ ყველაზე ხშირად მისვამდნენ.
სანამ პასუხს გავცემდე, ვაღიარებ, რომ ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო NGO Observer-ის ამპლუაში კონფერენციაზე დასწრება. თუმცა, როგორია ამ კითხვებზე ჩემი პასუხი? ალბათ ვიტყოდი, რომ ეს იყო ქაოსი.
თავდაპირველი ანგარიში წყლისა და საკვების ნაკლებობის, შენობებს შორის ნარეცხი წყლების გადინების შესახებ - სიმართლე აღმოჩნდა. უდავოა, გარკვეულ ასპექტებში მდგომარეობის გაუმჯობესება შეინიშნებოდა, თუმცა, ცხოვრების ირონია ჩვენთვის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში უწყლოდ ყოფნა აღმოჩნდა, რაც რეალურად დღეს მილიონობით ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ამ მდგომარეობას თან ახლდა დაუვიწყარი თავგადასავალი - სასტუმროდან კონფერენციისთვის განკუთვნილ ტერიტორიამდე მისვლა. სად აღმოვჩნდებოდით, არ ვიცოდით. გამომდინარე იქიდან, რომ უდაბნოში გამავალი გზატკეცილი სულ რამდენიმე წლის წინ დააგეს, ის ხშირად რუკაზე არც იყო დატანილი, შესაბამისად, არც ჩვენ ვიყავით რუკაზე.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის... გაკვირვებას თავად კონფერენციის ადგილიც იწვევდა. წარმოიდგინეთ, დიდი სავაჭრო სივრცე, სადაც მრავალი დახლია განლაგებული. გააორმაგეთ სივრცის მოცულობა და დახლების რაოდენობა. ალბათ, ახლა მიახლოებით მაინც აღიქვამთ შენობის მასშტაბურობას, სადაც გზის გაკვლევა შეკრულ წრეზე სიარულის მსგავს გასართობად იქცა.
COP27-ის კონფერენცია რამდენიმე პანელური სესიისგან შედგებოდა, რომლის პარალელურად, სხვადასხვა ოთახში მინიმუმ ოთხი შეხვედრა მიმდინარეობდა. თუმცა, უცნაური იყო, რომ მაღალი რანგის პოლიტიკოსების მონაწილეობის მიუხედავად, აღნიშნული ღონისძიება მოლაპარაკებების ხასიათს არ ატარებდა. შეიძლება ითქვას, რომ თავად პოლიტიკოსები ხშირად "წრეზე დადიოდნენ".
როდესაც კლიმატსა და ჯანდაცვაზე ერთად ვსაუბრობთ...
აღსანიშნავია, რომ COP-ის შეხვედრაზე, კლიმატისა და ჯანდაცვის კოალიციის მიერ შექმნილი დოკუმენტის წარდგენის პატივი მერგო, რომელიც კლიმატისა და ჯანდაცვის სფეროს წინაშე მდგარ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში მხარეებს ინტეგრირებული მოქმედებისკენ მოუწოდებს და ქმნის ერთგვარ პრაქტიკულ გზამკვლევს კერძო სექტორისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ინტეგრირებული სტრატეგიის შემუშავებას.
აღნიშნული დოკუმენტი სხვადასხვა ორგანიზაციასთან - Bupa, Haleon, Reckitt და Walgreens Boots Alliance თანამშრომლობით შეიქმნა და მიზნად ისახავს, თითოეული განხორციელებული ქმედება კლიმატის ცვლილების შეჩერებისკენ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობისკენ მიმართოს. სწორედ ამგვარად, შესაძლებელი გახდება დღეს ჩვენს წინაშე მდგარი ორი ურთიერთდაკავშირებული და უდიდესი პრობლემის გადაჭრის პროცესის დაჩქარება.
ეს იყო დიდი პატივი, ბიზნეს, სამთავრობო და მულტილატერალური ორგანიზაციების ექსპერტებისა და ფილანთროპული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გამეზიარებინა აღნიშნული შესაძლებლობა.
თუმცა, დავუბრუნდეთ რეალობას... დიდ ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ, კითხვა - "რამდენად არის COP რაიმე შედეგის მომტანი?" - გაზეთებისა და ჟურნალების მთავარ სათაურებად იყო გამოტანილი. ეს გასაკვირი არც არის.
პირველი "მხარეთა კონფერენცია" (COP) 1995 წელს გაიმართა. მას შემდეგ 27 წელი გავიდა, თუმცა, კონფერენციის თანმდევი სკეპტიციზმი აღარავის აკვირვებს. დღევანდელ სამყაროში, ქვეყნებისა და კერძო სექტორის მიერ ნულოვანი სტრატეგიის უნივერსალური იმპლემენტაცია, მეცნიერების მიერ განსაზღვრულ დროში, ჯერ კიდევ შორეულ ოცნებად რჩება. თუმცა, ახლა მოქმედებაა საჭირო - მოქმედება და რაც შეიძლება სწრაფად.
რას ვფიქრობ?
მიმაჩნია, რომ საბოლოოდ ყველაფერი რაღაც კონკრეტულ შედეგებამდე დადის. მაშინ, მთავარი კითხვაა - ზუსტად რა მასშტაბის ცვლილებებს უნდა ველოდეთ?
- ერთბაშად მოხდება ნახშირის მოხმარებიდან ამოღება? - არა
- შეწყდება ბუნებრივი აირის ახალი წყაროების ძებნა? არა
- შეიცვლება უმცირესობის სიხარბე და უარს იტყვიან საწვავზე მომუშავე ინდუსტრიაზე? არა
- ხელს შეუწყობს საუკუნის ბოლომდე ტემპერატურის მატების მაჩვენებლის 1.50C-ზე დაბალ ნიშნულზე დარჩენას? ვწუხვარ, მაგრამ შესაძლოა რომ არა.
მაშინ, რა არის ჩვენი მიზანი? რატომ არ ვანებებთ ყველაფერს თავს და რატომ არ ვამბობთ უარს ჩვენს მცდელობებზე, რომელიც მიმართულია სასურველი მომავალის შექმნისკენ და რომელიც ასე სასიცოცხლოდ გვესაჭიროება? იმიტომ რომ ყოველი გრადუსი 0.1°C -დან 1.5°C -მე ღირს ბრძოლად. ჩვენი მომავალი ხომ ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული.
ანუ, რა ხდის COP-ს გამორჩეულს? ამაზე ჩემი პასუხი შემდეგია:
ჯანდაცვა, როგორც დღის წესრიგის ღერძი
COP-ის კონფერენციაზე ჯანდაცვა დღის წესრიგის მთავარი ღერძი იყო, როგორც კლიმატისა და ჯანდაცვის გადაკვეთის წერტილი. ეს მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო: პირველ რიგში, აჩვენებს მზაობასა და რეალურ სურვილს, დავარღვიოთ ჩარჩოები და დავინახოთ ჩვენს ირგვლივ არსებული სისტემების ურთიერთმიმართება, რის შედეგადაც შევძლებთ ცვლილების განხორციელებას. მეორე მხრივ კი, ჯანდაცვას აქვს შესაძლებლობა, კლიმატის ცვლილების შეჩერებისთვის ბრძოლა ყველასთვის ხელმისაწვდომი და აქტუალური გახადოს.
ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზეგავლენას ახდენს კლიმატურ მდგომარეობაზე და ეს ურთიერთკავშირი ნათელია. ეს ის მთავარი გამოწვევებია, რომლებიც ჩვენს წინაშე ახლა დგას და მისი მოგვარება სასწრაფოა. დროში შეზღუდულობა და მისი საზიანო ხასიათი ის ფაქტორებია, რომლებიც ქმედების ინიცირების წინაპირობას წარმოადგენს.
გარდა იმისა, რომ ჯანდაცვა ჩვენს წინაშე მდგარი თვალნათელი გამოწვევაა, მნიშვნელოვანი პრობლემაა საკვებიც - დღეს დღის წესრიგში დგას კლიმატის ცვლილებასა და მდგრადი საკვების სისტემებს შორის არსებული კავშირი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სხვადასხვა რგოლებს შორის ურთიერთმიმართებას.
ახალი ხმები, რომლებიც დღეს მკაფიოდ ისმის
ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ახალგაზრდა აქტივისტების ხმა უკვე მკაფიოდ ისმის COP-ის კონფერენციაზე, რაც მას ახალ ძალასა და მრავალფეროვნებას მატებს. თუმცა, ეს ხმა ჯერჯერობით არც ისე მკაფიოა. ისტორიულად მარგინალიზებული ჯგუფები კლიმატური ცვლილების მიმართ მოწყვლადები არიან და ახლა, ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჰქონდეთ წვდომა სხვადასხვა პლატფორმაზე, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ, საკუთარი გამოცდილება ფართო აუდიტორიას გაუზიარონ და ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინონ.
თანამშრომლობა და კოლაბორაცია კონფერენციის მთავარი ღერძია
დღეს მსოფლიოს მასშტაბით 198 სახელმწიფო სხვა მიზეზის გარშემო არ ერთიანდება. ფაქტი, რომ მხოლოდ ერთი ჯგუფი ვერ შეაჩერებს კლიმატურ ცვლილებას - ყველასათვის ნათელია. საკვები სისტემიდან ენერგიამდე, გარემოს სისტემების შექმნიდან ტრანსპორტამდე - საჯარო, კერძო, ფილანთროპული თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთად ცდილობენ, შექმნან ახალი შესაძლებლობები.
მთავარი მამოძრავებელი კაპიტალია
კონფერენციის ფარგლებში ყველაზე დიდი მიღწევა "Loss and Damage" ფონდის დაარსების გამოცხადება იყო. მართალია, ჯერ დეტალები უცნობია, თუმცა ფონდის მიზანი იქნება, ხელი შეუწყოს განვითარებად ქვეყნებში კლიმატური ცვლილების შედეგად გვალვის, წყალდიდობის, ზღვის დონის მატების შედეგად გამოწვეული ზარალის აღმოფხვრასა და მინიმიზაციას. როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა აღნიშნა "COP-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სამართლიანობისკენ" - და მე ამას სრულად ვეთანხმები. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი კაპიტალისკენ. ვიმედოვნოთ, რომ ეს ინიციატივა წარმატებული იქნება
საბოლოოდ, ყველაფერი მარტივ ჭეშმარიტებამდე დადის: აუცილებლად უნდა გვქონდეს იმედი
COP27-მა კიდევ ერთხელ დამანახა საყოველთაო ჭეშმარიტება, რომ ჩვენ არ უნდა მივეცეთ უიმედობასა და სასოწარკვეთილებას, არამედ დროში განგრძობითად გვახსოვდეს, რომ დღეს მილიონობით ადამიანი კლიმატური ცვლილების შედეგად დაზარალდა. ეს ადამიანები აღნიშნულ შედეგებს თავიდან ვეღარ აირიდებენ.
თუმცა, უიმედობამ არ უნდა შეგვაჩეროს. პირიქით, მან უნდა გამოგვაცოცხლოს. სასოწარკვეთის პარალელურად იმედის შენარჩუნება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შევქმნათ ისეთი სისტემები, რომელსაც ვენდობით.
უნდა ვიმოქმედოთ უფრო სწრაფად და გავაკეთოთ უფრო მეტი იმისათვის, რომ საძირკველშივე აღმოვფხვრათ ჩვენი პრობლემები. ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რა მიმართულებით შეგვიძლია ჩვენი ძალისხმევის მაქსიმალიზაცია - ფორუმისთვის ეს ნიშნავს საკვების, ენერგიისა და ბიზნესის რგოლებს შორის ურთიერთკავშირის დანახვას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, განვახორციელოთ გლობალური ცვლილება. ფუჭი და მყიფე ტრანსოფორმაციები კი უშედეგოა.
ჩვენი მიზანია სამართლიანი და რეგენერაციული მომავლის შექმნა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ადამიანებსა და პლანეტას განვითარდეს. მჯერა, რომ COP-ის პროცესები მიზანთან კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვებს.