"ფლომასტერი" - ცოდნის გაცემა, ცოდნის მიღება და ცოდნის წარმოება ერთ სივრცეში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომპანია "ფლომასტერი" 2018 წელს იმ მიზნით დაარსდა, რომ პროფესიონალებისა და დამსაქმებლებისთვის ერთად მუშაობა გაეადვილებინა და მათ საერთო მიზნების მიღწევაში დახმარებოდა.

ცოდნის გაცემა, ცოდნის მიღება და ცოდნის წარმოება - ესაა სამი მთავარი ღერძი, რომლის გარშემოც "ფლომასტერი" ტრიალებს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, Entrepreneur-ი Flowmaster-ის დირექტორებს: ეკატერინე ხუცაიძეს – Flowmaster-ის CEO-სა და ანი ხარშილაძეს – flowstarter-ის ხელმძღვანელს ესაუბრა.

გვიამბეთ თქვენი კომპანიის შესახებ, ვინ ხართ, რას საქმიანობთ და რა არის თქვენი მთავარი მიზანი?

ეკატერინე ხუცაიძე:

ვინ ვართ ჩვენ? - პროფესიული და პიროვნული განვითარების კონტენტის მწარმოებელ-გამავრცელებლები, რომლებიც ქმნიან მარტივ, თანამედროვე და ხარისხიან მასალებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებზე დაფუძნებით.

კომპანია "ფლომასტერი" ქმნის პროდუქტებს, რომლებიც მოიცავს ჰიბრიდულ ტრენინგებს, ვორქშოპებს და YouTube არხს - Flowmaster.online, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს სასარგებლო ინფორმაცია პირად და პროფესიულ განვითარებაზე. ჩვენი პორტფოლიო მრავალფეროვან პროექტებს მოიცავს, მათ შორის გამორჩეულია flowstarter-ი, რომელიც სპეციალურად სტუდენტებისთვისაა შექმნილი და მიზნად ისახავს მათი პროფესიული ზრდისა და კარიერული შესაძლებლობების განვითარებას.

რა არის ჩვენი მიზანი - რაც შეიძლება მეტმა ადამინმა მიიღოს ჩვენი უფასო YouTube სასწავლებიდან ცოდნა და ჩვენი ჰიბრიდული ტრენინგები ყოველთვის იყოს ახალი, თანამედროვე და საჭიროებებზე მორგებული, რათა მეტ ადამიანს დავეხმაროთ პროფესიულ განვითარებაში.

როგორ შეიცვალა და ჩამოყალიბდა ამ დროის განმავლობაში კომპანიის ხედვა და რა ახალი მიზნები დაისახეთ?

ეკატერინე ხუცაიძე: ჩვენი კომპანია შეიქმნა იმისთვის, რომ ტრადიციული ტრენინგები ჩაეტარებინა და დროთა განმავლობაში, მოთხოვნიდან და გარემო ცვლილებებიდან გამომდინარე, ფიზიკური შეხვედრები ონლაინშეხვედრებით ჩავანაცვლეთ, შესაბამისად, დავიწყეთ ჰიბრიდული ტრენინგების შექმნა - ამ ტიპის სწავლება ონლაინსწავლებასა და პირისპირ შეხვედრებს აერთიანებს. ონლაინსწავლება ხორციელდება სპეციალურ პლატფორმაზე, TalentLMS-ზე, სადაც პროგრამის ყოველკვირეული მასალა, ვიდეო და ტექსტური რესურსები, ტესტები და დავალებებია ხელმისაწვდომი. მონაწილეები კვირის განმავლობაში ეცნობიან კონკრეტული მოდულის თეორიულ მასალას, ხოლო კვირის ბოლოს თემატური Q&A სესია ტარდება ტრენერის, კოორდინატორისა და მონაწილეების ჩართულობით.

ადამიანებს სულ ცოტა დრო რჩებათ, სიახლეების მისაღებად და ეს საზრდო მაქსიმალურად მარტივად, მოსახერხებელი ფორმით უნდა მიიღონ.

ასევე, გვაქვს სრულიად ონლაინტრენინგები, ჩვენს ონლაინტრენინგებს ჰყავს subscription კლიენტები და სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებს ყოველთვიურად აქვთ წვდომა განახლებულ და ახალ ტრენინგებზე. "ფლომასტერის" LMS (Learning management system) ბიბლიოთეკა კი მუდმივად განახლებადია.

ამის პარალელურად, უფასო სასწავლებელი დავაარსეთ და მიზნად დავისახეთ, რომ ამის საშუალებით ათიათასობით ადამიანს მოესმინა და გაეგო აქტუალური თემების შესახებ, როგორც YouTube-ის, ასევე ჩვენი საიტისა და სოციალური მედიის დახმარებით.

მოგვიყევით YouTube არხის შესახებ, რას გვთავაზობს არხი?

ანი ხარშილაძე: flowmaster-ის YouTube არხი შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს პიროვნული და პროფესიული განვითარების გზაზე წინსვლა. ჩვენი მიზანია, რომ ყველას, განურჩევლად ასაკისა, პროფესიისა თუ გამოცდილებისა, შევთავაზოთ საჭირო ცოდნა და პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

ჩვენი შემეცნებითი ვიდეოები ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა: ლიდერობა, კარიერა, წარმატება, პროდუქტიულობა და სტრესი, Gen Z, მოლოდინები, ონლაინკომუნიკაციების საშუალებები, პროექტებისა თუ გუნდების ეფექტიანი მართვა, PMP სერტიფიცირება, თვითშეფასება და ა.შ

რაც მთავარია, ამ ინფორმაციას იღებენ გამოცდილი ტრენერებისგან, რომლებიც თავიანთი ისტორიების გაზიარებით ინსპირაციის და მოტივაციის წყაროც შეიძლება გახდნენ.

არხის შექმნის დღიდან, ჩვენი მიზანი იყო საგანმანათლებლო ვიდეოების უფასოდ გაზიარება, რეკლამების გარეშე. 4 წლის განმავლობაში არხმა მოიპოვა 2 მილიონამდე ნახვა და 31 ათასი გამომწერი, რაც ჩვენთვის ნიშანი და მოტივაციაა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ვაგრძელებთ არხის განვითარებას.

რას გულისხმობს flowstarter პროგრამა?

ანი ხარშილაძე: flowstarter-ი არის პროგრამა მეორე კურსის სტუდენტებისთვის, რომელიც აერთიანებს პრაქტიკულ სწავლებას "ფლომასტერსა" და პარტნიორ კომპანიებში, პირადი და პროფესიული ზრდის ტრენინგებს, self-learning პლატფორმაზე (LMS) ვიდეომასალებსა და Q&A შეხვედრებს ტრენერებთან.

პროგრამის მიზანია, დაეხმაროს სტუდენტებს, აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები და საჭიროებები, განავითარონ კარიერული უნარები, იპოვონ სასურველი სპეციალობა და ადაპტირდნენ რეალურ სამუშაო გარემოში.

რამდენადაც მეორეკურსელი სტუდენტები არიან იმ ეტაპზე, როცა მეტ-ნაკლებად გარკვეულები არიან საუნივერსიტეტო სწავლებაში და ირჩევენ პროფესიას, ამასთან, სურთ, ნახონ რეალური სამუშაო გარემო, flowstarter-ის პროგრამა აძლევს მათ საშუალებას, თავი ბევრგან მოსინჯონ არა მარტო სხვადასხვა პროფესიაში, არამედ სხვადასხვა კომპანიის რეალურ სამუშაო სივრცეში, და გადადგან პირველი ნაბიჯები პროფესიული ცხოვრებისკენ.

პროგრამის განმავლობაში მონაწილეებს "ფლომასტერი" უწევს მენტორობას, უტარდებათ 1on1 შეხვედრები, რაც პირადი საჭიროებების უკეთ დადგენაში ეხმარებათ.

როგორია თქვენი კომპანიის სამუშაო გარემო და კულტურა?

ეკატერინე ხუცაიძე: "ფლომასტერი" ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელმაც 4-დღიანი სამუშაო კვირა დანერგა. ვფიქრობთ, რომ ზუსტად იმავე მოცულობის საქმეს, რაც 5-დღიან სამუშაო კვირაში შეიძლება გაკეთდეს, მეტად პროდუქტიულად ვასრულებთ.

ჩვენი კომპანია მუშაობს ეჯაილ სისტემით. ამ სისტემის ერთ-ერთი მახასიათებელია გუნდური მიდგომა და დაყოფა კონკრეტულ მიმართულებებზე. თითოეული გუნდი პასუხისმგებელია კონკრეტული ამოცანის შესრულებაზე და თითოეულ გუნდს ჰყავს თავისი პროდუქტის მფლობელი (PO).

კომპანიაში გვყავს ყველა თაობის წარმომადგენელი, მაგრამ ჩვენი დასაქმებულები, ძირითადად, არიან GenZ თაობა და ამით ძალიან ვამაყობთ. უკვე კარგად ვიცით, როგორ ვიმუშაოთ მათთან და რა სჭირდებათ იმისთვის, რომ თავი მათთვის სასურველ სამუშაო გარემოში იგრძნონ.

"ფლომასტერში" სამუშაო პერიოდი იყოფა სეზონებად. ყოველ სეზონზე თანამშრომელმა შეიძლება მოირგოს ახალი როლი, წინა სეზონისგან განსხვავებული.

ვმუშაობთ როგორც ოფისში, ასევე ონლაინ. ყველანაირი სამუშაო დოკუმენტი გვაქვს ციფრული. ჩვენი თანამშრომლები ცხოვრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, შესაბამისად, ყველანაირი შეხვედრა გვაქვს ონლაინ და ეს ხელს არ გვიშლის, რომ სამუშაო შესრულდეს ხარისხიანად.

რას გეგმავთ უახლოეს მომავალში და რა მიზნები გაქვთ?

ანი ხარშილაძე: როგორც აღვნიშნეთ, Flowmaster-ში ვმუშაობთ გუნდურ პრინციპზე, სადაც თითოეული გუნდი თავისი კონკრეტული მიმართულებით განვითარების გეგმებსა და მიზნებზეა კონცენტრირებული. თითოეული პროექტი ჩვენი საერთო მისიის - პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობისკენ არის მიმართული.

ჰიბრიდული პროგრამების გუნდის მიზანია, ყოველთვის შექმნას ახალი, საინტერესო და თანამედროვე პროგრამები. ჩვენი პროგრამები მუდმივად ვითარდება და უმჯობესდება, რათა მაქსიმალურად საინტერესო და სასარგებლო იყოს მონაწილეებისთვის. თემატიკა კი მუდმივად აქტუალურია. სწორედ ამიტომ სულ ახლახან შევქმენით "გავლენიანი კომუნიკაციის ქოუჩის" - ICCP პროგრამა, რაც თანაბრად საჭირო და საინტერესოა ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლისთვის.

flowstarter-ის გუნდი: გაზაფხულზე გეგმავს ახალი, უფრო მასშტაბური ნაკადის მიღებას და თანამშრომლობის გაზრდას მეგობარ კომპანიებთან. გუნდის სამომავლო გეგმებში ასევე პრიორიტეტულია საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება.

ხოლო, Visibility Team YouTube-ის არხზე გეგმავს ახალი გადაცემის დაწყებას, რომელიც მოიცავს ინტერვიუებს სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან. ამით ვცდილობთ, ჩვენი კონტენტი მრავალფეროვანი გავხადოთ და მომხმარებლებს პროფესიონალების ცოდნა და უნიკალური გამოცდილება შევთავაზოთ.

ასევე, ვაპირებთ, აქტიურად ჩავერთოთ ისეთ ღონისძიებებში, რომლებიც პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული. ამ ეტაპზე მენეჯერების, ლიდერების, HR პროფესიონალებისა და ბიზნესში მოღვაწე ქალებისთვის განკუთვნილ კონკრეტულ ღონისძიებებზე ვმუშაობთ.

ეს გუნდები კი ერთიანად ქმნიან "ფლომასტერს" და მათი საერთო მიზანია ინოვაციური მიდგომებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა მიიღოს არა მხოლოდ ცოდნა, არამედ შთაგონება და მხარდაჭერა, რაც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი