Fortu Wealth – სტარაპი, რომელიც გეხმარებათ, ეფექტურად განკარგოთ თქვენი ქონება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"Fortu Wealth ქონების მართვის საინვესტიციო საკონსულტაციო სერვისია, რომელიც ქმნის ფინანსურ გადაწყვეტებს მაღალი შემოსავლის მქონე კლიენტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად", - ასე იწყება საუბარი 500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპთან, რომელმაც პროგრამის ფარგლებში 12 კვირიანი ინტენსიური გადამზადების პროგრამა გაიარა და ახლა შემაჯამებელი ღონისძიებისთვის ემზადება.
საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და სილიკონ-ველიზე დაფუძნებული ვენჩურული საინვესტიციო კომპანია 500 Global-ის ერთობლივი პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებამდე სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი.
ამასთან, სულ უფრო და უფრო მეტად მატულობს დაძაბულობა, რადგან პროექტში მონაწილე ბიზნესები აქტიურად მუშაობენ აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლაზე - მათ ხომ ერთ წუთში საკუთარი სტარტაპი ინვესტორებს ისე უნდა გააცნონ, რომ პოტენციური პარტნიორების ყურადღება მიიპყრონ.
თუმცა, სანამ ფართო აუდიტორიას მსმენელის ამპლუაში შევუერთდებოდეთ, გადავწყვიტეთ უკეთ გაგაცნოთ Wealth Management-ის მიზნით შექმნილი პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს საკუთარი ქონების ეფექტურად მართვაში ეხმარება. ამისათვის კი მის დამფუძნებლებს - აზამატ სულთანოვს და ფირდავსხონ შახიდს გავესაუბრეთ.
"Fortu Wealth-ის შექმნის მიზანი მომხმარებლისთვის, ქონების მართვის მიმართულებით, პერსონალიზებული და ინოვაციური მიდგომის შეთავაზებაა. მისი მეშვეობით, მათ შეუძლიათ მართონ საკუთარი ფინანსები მარტივი, ინტუიციური და კომფორტული აპლიკაციით, რომელიც ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება", - აღნიშნავს აზამატ სულთანოვი, Fortu Wealth-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
როგორც გვიყვება, სტარტაპი თავდაპირველად ბრიტანეთის ბაზარზე სამომხმარებლო გადაწყვეტებს ქმნიდა, მომხმარებლის მხრიდან გამოვლენილი ინტერესის შედეგად კი პროდუქტის სხვა ქვეყნის ბაზრებზე, ადგილობრივ ბანკებთან პარტნიორობით დანერგვაზე დაიწყეს მუშაობა.
პროდუქტის უნიკალურობა მის თანამედროვე ოპერაციულ სისტემაში გამოიხატება.
"Fortu Wealth გთავაზობთ პერსონალიზებულ და ტექნიკურად გააქტიურებულ Wealth Management-ის სერვისს, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და მანქანურ სწავლებას მორგებული საინვესტიციო პორტფოლიოს შესაქმნელად. Fortu-ს მთავარი მიზანია, იყოს უსაფრთხო და მოსახერხებელი პროდუქტი, რომელიც თავის თავში გააერთიანებს პერსონალიზებულ მიდგომას და იქნება მარტივად გამოსაყენებელი", - ამბობს ფირდავსხონ შახიდი, Fortu Wealth-ის თანადამფუძნებელი.
როგორც გვიყვებიან, სტარტაპის პირველი ნაბიჯები ბაზრის კვლევას, ბიზნეს გეგმის შემუშავებასა და დაფინანსების უზრუნველყოფას მოიცავდა.
"თავდაპირველად ჩვენ შევძელით და 215%-ით გადავაჭარბეთ თავდაპირველ crowdfunding სამიზნეს - ჩვენი ბიზნესი საწყის ეტაპზე 588-მა ინვესტორმა 515 ათასი ფუნტი სტერლინგით დააფინანსა. ეს იქცა ჩვენთვის მოტივაციად, კიდევ უფრო მეტად განგვევითარებინა ჩვენი სტარტაპი", - აღნიშნავენ დამფუძნებლები.
შედეგად, 2021 წლის მესამე კვარტალში მათ შექმნეს და ჩაუშვეს სრულად მოქმედი iOS აპი და ვებ ვერსია ინვესტიციებისა და გადახდის შესაძლებლობებით. ასევე გაუშვეს საინვესტიციო პლატფორმა და გააუმჯობესეს მომხმარებლის გამოცდილება ბეტა მომხმარებლების გამოხმაურების საფუძველზე. რის გამოც, Fortu-მ მარკეტინგული აქტივობების გარეშე მოიპოვა სანდო რეპუტაცია.
თუმცა, Fortu Wealth-ი არ ჩერდება და მომავალში საკუთარი სერვისების გაფართოებას ახალ ბაზრებზე გეგმავს, ასევე, აპირებს შექმნას ახალი პროდუქტები და განახორციელოს ინოვაციური ცვლილება Wealth Management-ის ინდუსტრიაში.
როგორც აღნიშნავენ, მათ დასახული მიზნების მიღწევაში 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მიღებული გამოცდილება დაეხმარებათ.
"ამ პროგრამაში მონაწილეობით ძალიან ღირებულ შეხედულებებს გაგვიზიარებენ მენტორები და გვექნება წვდომა იმ ქსელზე, რომელიც დაგვეხმარება, ბიზნესი ბევრად უფრო მასშტაბური გავხადოთ. გარდა ამისა, ეს პროგრამა კარგი შანსია საიმისოდ, რომ საპილოტე პროექტები ვაკეთოთ", - აღნიშნავენ აზამატ სულთანოვი და ფირდავსხონ შახიდი.