გაიცანით საქართველოს ბანკის ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის კიდევ ერთი ბენეფიციარი, მადონა ბეინაშვილი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ბელის ცომიკები" სიყვარულის, ხალისის, სიფერადისა და ფანტაზიის უსაზღვრო წყაროა. მას შეუძლია ოჯახის წევრები შვილებთან უფრო მეტად დაახლოვოს, გაახალისოს და გააბედნიეროს არა მხოლოდ ბავშვები, არამედ მათი მშობლებიც. ჩვენთან ერთად ყველა ბედნიერია", - ამბობს საბავშვო საძერწი ეკო პლასტილინის - "ბელის ცომიკების" დამფუძნებელი, მადონა ბეინაშვილი, რომელიც საქართველოს ბანკის "ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის" ერთ-ერთი ბენეფიციარია.
მადონა გვიყვება, რომ სწორედ "ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამაში" მონაწილეობისას გადაწყვიტა კომპანიის სახელის - "ცომიკების" დარქმევა.
"ბელის ცომიკები" საძერწი ცომია, რომელიც მზადდება მხოლოდ საკვები პროდუქტით. ცომს რბილი, სასიამოვნო და მარტივად ფორმირებადი სტრუქტურა აქვს, რომელიც სენსორული და მოტორული უნარების განვითარებას უწყობს ხელს, აღვიძებს და ავითარებს ფანტაზიას, ფერების აღქმას. "ბელი" დავარქვი იმიტომ, რომ ჩემი შვილების სახელებს - ბესოს და ლიზის მოიცავს, თან თავისთავად საყვარელი სიტყვაა და საბავშვო თემას უხდება. "ცომიკები" კი, საძერწი ცომია, პატარაა, ფერადი და საყვარელი - შესაბამისად "ცომიკები" უფრო ზუსტად ასახავს მას.
ერთ ამბავს გავიხსენებ, როდესაც "ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, ერთ-ერთ ტრენინგზე ჩემს იდეას ვაცნობდი - "ცომიკები" რამდენჯერმე ვახსენე და აღნიშნულმა სიტყვამ ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ ამან კიდევ უფრო მეტად გადამაწყვეტინა "ცომიკების" დარქმევა", - გვიყვება მადონა.
მეწარმემ იდეა, რომელიც ბიზნესად აქცია, საკუთარ შვილებს დაუკავშირა.
"სახლში ხშირად ვამზადებდი მსგავსი ტიპის გასართობებს, რადგან ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს. ერთ-ერთი აუტისტური სპექტრის მქონეა და მისი განსაკუთრებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და მრავალფეროვნებისთვის საკმაოდ ბევრი რამე ვცადე. ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ეკოლოგიურობას. შესაბამისად, ამ დამოკიდებულებამ გადამაწყვეტინა სათამაშოების კეთება. "ცომიკები" ერთ-ერთი იყო, რაც ჩემი შვილებისთვის დავამზადე. აღმოჩნდა, რომ საუკეთესო ხარისხის გამოვიდა - ამის შემდეგ კი, აქტიურად ვამზადებდი სხვადასხვა ფერის ცომებს. ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანი, საჭირო და საყვარელი გასართობი გახდა, ყველგან თან ვატარებდით, სადაც წავიდოდით. ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო ისიც, რომ ჩემი შვილის თერაპევტებს ძალიან მოეწონათ და დღეს ისინი თერაპიის პროცესში აქტიურად იყენებენ. ასე იქცა გასართობი სათამაშო "ცომიკები" ბიზნესად", - გვიყვება მადონა.
ეკომეგობრული და მრავალფეროვანი "ცომიკები" გათვლილია, როგორც ბავშვებზე, მშობლებზე, ასევე პატარებთან მომუშავე სპეციალისტებზე.
"ცომიკებით" თამაშს დამამშვიდებელი ზემოქმედება აქვს, რომელიც ხსნის სტრესსა და დაძაბულობას. უფროსებისთვის ეს არის საუკეთესო საშუალება ბავშვებთან საკომუნიკაციოდ და სათამაშოდ. უფროსი ასაკის ადამიანებისთვის საკმაოდ კარგია ხელის მტევნების გასავარჯიშებლად, განსაკუთრებით ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესში", - გვიხნის მეწარმე.
მადონა სამომავლოდ გაფართოებასა და სასწავლო კურსის დამატებასაც გეგმავს, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის უფასო იქნება.
"სამომავლოდ ვაპირებ "ცომიკებთან" დაკავშირებით აქსესუარების, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ხის დაფების, საბრტყელებლის, საჭრელის, ასევე საბავშვო წინსაფრებისა და სამკლაურების დამატებას. ვაპირებ უგლუტეინო საძერწი ცომის გამოშვებას, იმ პატარა მომხმარებლებისთვის, რომლებსაც გლუტეინის აუტანლობა აქვთ. ასევე, ვგეგმავ გაფართოებას, სტენდის გაკეთებას, მაღაზიებთან და საბავშვო ცენტრებთან თანამშრომლობას. ვაპირებ კურსის გაკეთებასაც, რომელში მონაწილეობაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის უფასო იქნება", - აღნიშნავს მადონა.
"ბელის ცომიკების" შეძენა, ონლაინ მაღაზიასა და გამოფენებზეა შესაძლებელი.
რაც შეეხება "ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამას", მადონა ამბობს, რომ აღნიშნულმა პროგრამამ დიდი წვლილი მიიღო მისი ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებაში.
"ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამიდან" ძალიან ბევრი რამ მივიღე - მოტივაცია, ცოდნა, მიმართულება, საინტერესო ადამიანები, იდეები, რაც მთავარია სახელი "ცომიკები", რისთვისაც მადლობელი ვარ. ეს პროგრამა არის და ყოველთვის იქნება ჩვენი საქმიანობის, იმ გეგმებისა და მიზნების სათავეში, რომელიც გვაქვს და სულ მალე განვახორციელებთ", - ამბობს "ბელის ცომიკების" დამფუძნებელი, მადლონა ბეინაშვილი.
ინფორმაციისთვის, "ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა" საქართველოს ბანკის პროექტია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ხორციელდება. ინიციატივა, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით, 200 ქალი მეწარმის ციფრული უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.