Wiggly - ახალი ქართული სტარტაპი და შენი ცხოველის პირადი AI ასისტენტი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანიონი ცხოველების ინდუსტრია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად მზარდია. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სახლში ოთხფეხა ოჯახის წევრები ჰყავთ, დღითიდღე მატულობს. გარდა ამისა, საზოგადოება უფრო აქტიურად ერთვება მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების სოციალურ პრობლემაშიც და მის გადაჭრის გზებზე ფიქრობს.
შესაბამისად, იზრდება ინტერესი კატებისა და ძაღლების მოვლა-პატრონობის წესების შესახებ, რომელიც უამრავ საკითხსა და დეტალს მოიცავს. ამ ინფორმაციების მოძიებას ადამიანები მეგობრების, სოციალური ქსელების, მიმოფანტული სტატიებისა და მუდმივად დაკავებული ვეტერინარების საშუალებით ცდილობენ. კითხვები ბევრია, სწორი და სანდო პასუხების მოძიება კი არც ისე მარტივი. დროის სიმცირის, შეზღუდული ფინანსების, ზოგჯერ კი სულაც სერვისის ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, ცხოველების პატრონებს უამრავ პრობლემებს უქმნის.
სწორედ ამ დაბრკოლებების გადაჭრას აპირებს ახალი ქართული სტარტაპი Wiggly, რომელიც AI ტექნოლოგიების გამოყენებით, თავს უყრის კომპანიონი ცხოველების გარშემო ყველა მნიშვნელოვან და აუცილებელ ინფორმაციას და კატებისა და ძაღლების პატრონებს 24 საათიან დისტანციურ მხარდაჭერას სთავაზობს.
Wiggly ძალიან ჭკვიანი, კეთილგანწყობილი და რაც მთავარია ცხოველმოყვარული ბოტია. შეგიძლიათ დაუსვათ კითხვები ვეტერინარიის, საბაზისო მოვლის, ნუტრიციისა და სხვადასხვა სერვის პროვაიდერების შესახებ. Wiggly ითვალისწინებს კონკრეტული ცხოველის ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და საჭიროებებსაც, რაც მის პასუხებს კიდევ უფრო ზუსტსა და დეტალურს ხდის.
Wiggly-ს თანადამფუძნებლის თორნიკე ჩუნთიშვილის აზრით, ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოში, ძალიან ბევრი ინდუსტრიისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ტრენდი და ე.წ. გეიმჩეინჯერია.
"ვფიქრობთ, რომ AI ტექნოლოგიების გამოყენება ცხოველების ინდუსტრიაშიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს და გვინდა ამ ცვილებების განხორციელებაში ჩვენმა სტარტაპმა დიდი წვლილი შეიტანოს"
ამ ეტაპზე, რამდენიმეთვიანი კვლევების შედეგად დაგროვებული მონაცემებით, Wiggly-ს უკვე საკმარისი ცოდნა აქვს იმისთვის, რომ მომხმარებლებს საჭირო მხარდაჭერა შესთავაზოს. მომხმარებლებთან თითოეული ახალი ინტერაქციით, AI ტექნოლოგია კიდევ უფრო მეტი მონაცემის შეგროვებასა და დამუშავებას შეძლებს. ეს ნიშნავს მუდმივ განავითარებას და დროსთან ერთად, უფრო და უფრო მეტ კითხვაზე უფრო და უფრო ზუსტი და პერსონალიზებული პასუხების გაცემის შესაძლებლობას.
Wiggly-ს, განვითარების ორი ეტაპი ექნება. პირველ ეტაპზე, ქართულენოვანი ბოტი, ქართულ ბაზარს სრულიად უფასოდ მოემსახურება, მეორე ეტაპზე კი კომპანია საერთაშორისო ბაზარზე შესვლასა და IOS და Android აპლიკაციების შექმნასაც გეგმავს.
ვიგლის თანადამფუძნებლის, ნათია ჩიქოვანის აზრით "ძაღლები და კატები კომპანიონი ცხოველები არიან. მათთვის ადამიანებთან ერთად ცხოვრება, სოციალიზაცია და ჩვენი სიყვარული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მათი მოვლისა და ზრუნვის პასუხისმგებლობაც ადამიანებს გვაკისრია. იცხოვრონ თქვენმა ოთხფეხა მეგობრებმა თავისი საუკეთესო ცხოვრებით Wiggly-ს მთავარი საფიქრალია, რომელზე ფიქრსაც ჩვენ არასოდეს შევწყვეტთ"