Sponsored Content

განათლების გზაზე არ გაჩერდე - როგორ ვიმკურნალოთ, როცა ნოემბრის სევდა შეგვეყრება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

15-17 ნოემბერს, "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის დღეები იმართება. ფესტივალის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

თუ ფესტივალის ფარგლებში საინტერესო საკითხავს ეძებთ, გაეცანით დათო გორგილაძის რჩევებს.

ნოემბერი რომ წელში გადატყდება, მერე მოდის სევდა დღეები.

და რადგანაც ადამიანები ვართ და უკუღმართობები გვჩვევია, როგორც მორიელის ნაკბენს ვუწამლებთ ხოლმე მორიელისვე შხამით, სევდა დღეების დროსაც უარესი სევდით უნდა ვიკვურნალოთ - ჩამოვიფხატოთ ქუდები, გავირჭოთ ყურსასმენები და ვუსმინოთ Radiohead-ის ყველაზე გულის დამდუღვრელ მელოდიებს; შევუნთოთ ცეცხლი ჩაის წყალს, დავჭრათ ლიმონი ალყა-ალყა, ამოვიკეცოთ საბნები, და ეკრანებზე მივუშვათ რომანტიკა კინოები 24/7-ზე, სადაც ჰიუ გრანტი ლამაზ ქალს ჰყვარობს და იმის დანახვაზე ბრინჯივით იბნევა; სადაც კოლინ ფირტი რენე ზელვეგერთან შეხვედრისას გაჯორდება ხოლმე და როცა გეგონება ენა გადაყლაპაო, მაშინღა დაძრავს ერთი-ორ სიტყვას და შენ აქედან დარდობ, ნეტა ხმა არ ამოეღოო; ტომ ჰენქსი და მეგ რაიანი კიდევ ელექტრონული წერილებით ეკეკლუცებინ ერთმანეთს. მოკლედ, მოფენილია ნიუ იორკისა და ლონდონის ქუჩები ყვითელი ფოთლებით და ზედ გამიჯნურებული ადამიანები დააბიჯებენ. შენ კიდევ წევხარ და ხვრეპ გურიის ჩაის. უკეთესი რა უნდა ინატრო.

მაგრამ ნოემბრის სევდის მკურნალობა ასევე შეიძლება წიგნის დღეებით. ესეც უებარია. ცივა გარეთ, შენ შედიხარ სითბოში და ამ სითბოს ზედ ისიც ემატება, რომ მთელი დუნიის ლიტერატურული ჯადოსნობა სახეში გეხლება. ხედავ ახალგაზრდებსა და ძველგაზრდებს, რომლებიც ანთებული თვალებით ეძებენ სამათკბილო წიგნებს და ამ ორომტრიალში თითქოს ვერც ამჩნევენ ერთმანეთს. მიდის დიდი რუზრუზი და ტკბილხმოვანება. შიგადაშიგ წამოუბერავს გადაფურცვლისას წარმოქმნილი სიო. ეწევი ზამთრის პირას შემგროვებლობას, იმარაგებ ამბებსა და პერსონაჟებს, რომლებიც ცივ დღეებს გადაგაგორებინებენ.

ჰოდა ამ ლიტერატურული დღესასწაულის წინ argacherde.bog.ge-მ ხუთიოდე კითხვა დამისვა. გავცემ პასუხებს ალალად. რა მაქვს დასამალი. ეგებ ვინმეს რამეში გამოგადგეთ:

წიგნიო, რომლითაც ბოლოს აღფრთოვანდიო

ასეთი წიგნია "სიზმრების სასახლე".

იმით დავიწყოთ, რომ ისმაილ კადარეს ხელიდან გამომდნარი ცუდი ტექსტი მე არ წამიკითხავს. ეს კაცი ხარისხის ნიშანი იყო. რასაც მისი სახელ-გვარი აწერია, ყველაფერს დაუზარებლად კი არა, ბავშვური აღტაცებით ვკითხულობ ხოლმე და არ მახსენდება, რომ იმედი გამცრუებოდეს. "სიზმრების სასახლე" ქართულ ენაზე გამოცემული მისი მესამე რომანია (ჯერ "გახლეჩილი აპრილი" იყო, რომელსაც "მკვდარი არმიის გენერალი" მოყვა).

გადაშალეთ წიგნი და აედევნეთ მთავარ გმირს ახალი სამსახურისკენ მიმავალ გზაზე (დასაწყისში ისეთივე გაურკვევლობაში აღმოჩნდებით, როგორც თავად პერსონაჟი, რომელიც დაწესებულებაში შესასვლელ კარს დაეძებს. ნუ შეშინდებით). ის მუშაობას იწყებს სამსახურში, რომელსაც სიზმრების შეგროვება და მათთვის ინტეპრეტაციების მიცემა ევალება. ხომ არის ჯადოსნობა? არის, აბა რა არის?!

ბოლოდროინდელი სიახლეო, რომელიც მკითხველს არ უნდა გამორჩესო

"თათრების უდაბნო" ბრუნდება. ამაზე დიდი სიახლე რაღა უნდა იყოს? ძველი ტირაჟები კარგა ხანია ამოიწურა და სანთლითაა საძებარი ბუკინისტებში. მაგრამ ეძებე რამდენიც გინდა, იქაც არ იშოვება). ცოტა წიგნს მოუხდენია ჩემზე ისეთი გავლენა, როგორიც დინო ბუცატის ამ რომანს; ეს ტექსტი პირველად ბევრი წლის წინ წავიკითხე, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, რომ ოდნავაც არ გაფერმკრთალებულა ჯოვანი დროგოს ამბავი ჩემს მეხსიერებაში. საზღვრისპირა გარნოზონში მასთან ერთად გატარებულმა დრომ ისეთი კვალი დატოვა ჩემზე, რომელსაც წარუშლელს უწოდებენ ხოლმე და მგონი არც ციხესიმაგრის ძველ კედლებთან შეზრდისა და უდაბნოდან მომავალი საფრთხის განცდა მტოვებს.

ქართული რომანიო, რომელიც მკითხველის მეტ ყურადღებას იმსახურებსო

ეგეთი რომანიც ბევრია, მაგრამ მე რომ მოთხრობების კრებულზე ვთქვა, რა დაშავდება? მოთხრობის ჟანრს ბოლო დროს ძალიან ჩაგრავენ და გული მიკვდება. იყო ერთი დიდი მწერალი სახელად ნუგზარ და გვარად შატაიძე. მისი ტექსტებისა თუ სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმები ან სერიალი ნანახი გექნებათ ("გაღმა ნაპირი", "სიმინდის კუნძული", "ცხელი ძაღლი") მაგრამ, შესაძლოა, თავად ტექსტები წაკითხული არ გქონდეთ. არადა, მისი თხრობის მანერა, ავტორისეული ენა, მისებური ქართული, პერსონაჟთა სახეები და ხასიათი სხვაგვარი, განუმეორებელი ჯადოსნობაა. ამ კრებულის გამოცემასთან მეც მაქვს კავშირი და ვიქნები სუბიექტური. წადით და მიჩივლეთ! ხელოვნების აღქმა ხომ ისედაც სუბიექტური რამაა. ამის გამო გირჩევთ ნუგზარ შატაიძის კრებული "ნოემბრის წვიმა და სხვა" წაიკითხოთ.

წიგნიო, რომელიც მშობელმა უნდა უყიდოს მოზარდსო, თუ უნდა, რომ კითხვა შეაყვაროსო

ჩემთვის აქ ამბავი "ტომ სოიერის თავგადასავლით" იწყება და, ალბათ, აქვე მთავრდება, მაგრამ თუ თავი გამოვიდე და არ დავამთავრე, შეიძლება ამ კეთილშობილურ საქმეში ჯერომ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში" გამოგვადგეს. ზოგიერთს ნილ გეიმანის "კორალაინი" მოხიბლავს.

ისე, ჩვენში დარჩეს და ბავშვს წიგნის წაკითხვა მაშინ უნდება, როცა ხედავს, რომ მშობელი კითხულობს. ეს ისე, საწყენად არა.

წიგნიო, რომლის წაკითხვაც დღევადელ საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანიაო

ჩავუსხდეთ ლათინური ამერიკის იმ ავტორებს, რომლებსაც დიდი წიგნები აქვთ დაწერილი დიქტატურაზე, აბსოლუტურ ძალაუფლებასა და მის მარტოობაზე. მაგალითად, გაბრიელ გარსია მარკესის "პატრიარქის შემოდგომა" ან მარიო ვარგას ლიოსას "ვაცის ნადიმი".

ნოემბერია. უამინდობის გამო ვერჩაცმული საშემოდგომო ტანისამოსის, გაუმხელელი სიყვარულებისა და უჩუქებელი ყვავილების თვე. სევდა იცის ამან, ოღონდ ტკბილი სევდა. ჰოდა, რამით ხომ უნდა ვინუგეშოთ თავი? Radiohead -ის მოსმენით? - შეიძლება; Notting hill-ის ყურებით? - ვარიანტია; ლიტერატურის სამყაროში გადაბარგებით? - უეჭველად.

განათლების გზაზე არ გაჩერდე - აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები ვებგვერდზე ganatleba.bog.ge