გაციფრულებული ბიზნესის განვითარების მასშტაბები და პოტენციალი - "ნისა სტუდიო" პროგრამის - "უფასო ვებგვერდი ბიზნესს" მონაწილეა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქართული მცირე ავეჯისა და დეკორის საწარმო "ნისა სტუდიო", რომელიც ძველ და სტანდარტულ ავეჯს ახალ სიცოცხლეს სძენს, საქართველოს ბანკისა და სავაჭრო პალატის ერთობლივი პროექტის "უფასო ვებგვერდი ბიზნესს" მონაწილეა. ინიციატივის ფარგლებში მან უკვე გააციფრულა ბიზნესი.
ბრენდის დამფუძნებელი, ნანო მისაბიშვილი გვიყვება, თუ როგორ შეიქმნა "ნისა სტუდიო" და რა გზა გაიარა ბრენდმა, რათა რეალურ ბიზნესად ქცეულიყო.
"საქმიანობა 2020 წლის მიწურულს, პანდემიის პერიოდში, როგორც ჰობი ისე დავიწყე და დღეს უკვე მომგებიან ბიზნესად ვაქციე. მსურდა, ყოველდღიური ერთფეროვანი ავეჯისათვის განსხვავებული დატვირთვა მიმეცა. სანამ საქმიანობას დავიწყებდი, შევისწავლე ბაზარი და აღმოჩნდა, რომ ამ მიმართულებით მომხმარებელს არჩევანი ნაკლებად ჰქონდა. ფასიც არ იყო ხელმისაწვდომი. რადგან თავისუფალ დროს, ხელოვნებითა და ხელნაკეთი ნივთების შექმნით ვარ დაკავებული, გადავწყვიტე ჩემი ჰობი ბიზნესად მექცია და ასე გაიცნო "ნისა სტუდიო" 2021 წლიდან მომხმარებელმა. დღეს უკვე სამეგრელოში, ქალაქ სენაკში, მცირე ხის ავეჯის საწარმოს ვაფუძნებ და ბიზნეს მოდელის მოდიფიკაციაზე ვმუშაობ", - გვიყვება ბრენდის დამფუძნებელი.
ბრენდი ორიენტირებულია პროფესიული განათლების პოპულარიზაციაზე და ახალი სივრცის გამოყენებას, სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს - ასწავლოს სხვებს მცირე ავეჯის, დეკორისა თუ სხვადასხვა ნივთების დამზადება.
"ბრენდის ერთ-ერთ მთავარ მიზანს პროფესიული განათლების პოპულარიზაცია წარმოადგენს. შესაბამისად, ვგეგმავ დაინტერესებულ პირებს შევასწავლო სხვადასხვა ნივთების დამზადება. მანამდე, ფიზიკური სივრცის არ ქონის გამო, შეუძლებელი იყო მსგავსი აქტივობების განხორციელება. თუმცა, სენაკში ჩვენი საწარმოს მოწყობის დასრულდებისას ვგეგმავ ამ მიმართულებით განვითარებას. მასშტაბი არ შემოიფარგლება მხოლოდ საწარმოს ლოკაციით. ვორქშოპები, სამომავლო შოურუმის ფარგლებში, თბილისშიც ჩატარდება", - აღნიშნავს ნანო.
ამ ეტაპისთვის, დამფუძნებელი საქმიანობას მარტო უძღვება, თუმცა სამომავლოდ რამდენიმე ადამიანის დასაქმებას გეგმავს.
"როცა საქმიანობა დავიწყე, პირადად ვამზადებდი პროდუქციას. შემდგომ რეგულარულად ვუკვეთავდი ოსტატს და მისგან მიღებულ პროდუქტს ვიზუალურად ვცვლიდი. მუდმივი დასაქმებულები ჯერჯერობით არ მყოლია, თუმცა აქტიურად ვეძებ დაინტერესებულ პირებს როგორც წარმოების კუთხით, ასევე საორგანიზაციო ნაწილში ჩართულობისთვის", - განმარტავს ნანო.
"ნისა სტუდიოს" მცირე ავეჯისა და დეკორის რეალიზაცია მანამდე ძირითადად Facebook-ით და Instagram-ით ხდებოდა. დღეს კი, ბრენდს წარმოებული პროდუქციის გაყიდვა ვებგვერდის მეშვეობით შეუძლია.
კომპანიის დამფუძნებელი საქართველოს ბანკისა და სავაჭრო პალატის ერთობლივ პროექტზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ბიზნესის გაციფრულება ბრენდის მიმართ მეტ საანდოობას იწვევს და ექსპორტის პოტენციალის გაზრდას უწყობს ხელს.
"საქართველოს ბანკისა და სავაჭრო პალატის პროექტში მონაწილეობა ბიზნესისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ბრენდის მიმართ იზრდება სანდოობა, რაც ერთ-ერთი ფუნდამენტია წარმატებული ბიზნესისათვის და საქმიანობასაც მეტად პროფესიონალურ დატვირთვას სძენს. პროექტმა ხელი შეუწყო ბაზარზე ბრენდის პოზიციონირებასა და კონკურენტუნარიანობას. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტის პოტენციალი. პროექტში ჩართვამდე ვერ წარმოვიდგენდი ბიზნესის განვითარების მასშტაბებსა და პოტენციალს, დღეს კი მკაფიოდ ვხედავ განვითარების გზას, რაშიც ბიზნესის გაციფრულება დამეხმარა", - აღნიშნავს "ნისა სტუდიოს" დამფუძნებელი, ნანო მისაბიშვილი.
ინფორმაციისთვის, პროექტი "უფასო ვებგვერდი ბიზნესს" სავაჭრო პალატისა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით ხორციელდება. გამარჯვებული მეწარმეებისთვის სავაჭრო პალატა უზრუნველყოფს როგორც ვებგვერდის დამზადებას, ასევე მისი მართვის ტრენინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერას. ბანკი კი, ბიზნესის ინტერესებზე მორგებულ ონლაინ გადახდების (ბარათით გადახდა, განვადებით გადახდა, ნაწილ-ნაწილ გადახდა, PLUS და MR ქულებით გადახდა და სხვა) ინტეგრაციას ახორციელებს, მეწარმეებისთვის შეღავათიანი პირობებით. პროექტში საქართველოში რეგისტრირებული ის მეწარმეები იღებენ მონაწილეობას, რომლებსაც პროდუქტის გაყიდვა ელექტრონული კომერციის საშუალებით სურთ.