GITA - მ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეთორმეტედ გამოაცხადა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეთორმეტედ გამოაცხადა. დაინტერესებულ პირებს 14 თებერვლიდან საშუალება ეძლევათ, გრანტების პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინონ ინოვაციური ბიზნეს იდეა, რომელთა შეფასებას განახორციელებენ სააგენტოს მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შემფასებლები. პირველ ეტაპზე შეირჩევა 150 სტარტაპი, რომელიც გაივლის გადამზადებას ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით. შემდგომ საფეხურზე 150 სტარტაპი გრანტების პორტალის მეშვეობით წარმოადგენს ბიზნეს გეგმებს, რომლებსაც შეაფასებენ საერთაშორისო ექსპერტები. ბიზნეს გეგმის შეფასებისა და გასაუბრების საფუძველზე გამოვლინდება 50 ფინალისტი.
თანადაფინანსების გრანტები განკუთვნილია იმ სტარტაპებისთვის, რომელთა ჯამური ბრუნვა არ აღემატება 500 000 ლარს ბოლო 12 თვის განმავლობაში. ასევე პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. პროექტი არ უნდა იყოს დაკავშირებული სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს და სახიფათო ნივთიერებების წარმოებასთან. ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებული პროექტები დასაშვებად იქნება მიჩნეული, თუ იგი არ ეხება სპირტის ან სპირტის შემცველი პროდუქტების წარმოებას.
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის თერთმეტი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 215 სტარტაპი დაფინანსდა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანადაფინანსების ვებ-პორტალზე www.grants.gov.ge.