GITA-მ საგრანტო პროგრამა "25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" გამოაცხადა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ რეგიონალური საგრანტო პროგრამა გამოაცხადა შემდეგ რეგიონებში - სამეგრელო, სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი. USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან თანამშრომლობით, საგრანტო პროგრამის ბენეფიციარებს ზუგდიდის, წალენჯიხის, ონისა და მესტიის მუნიციპალიტეტებიდან ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დამატებითი რესურსები პროექტების განხორციელებისთვის.
რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ითანამშრომლებს სამი სხვადასხვა მიმართულებით. ეს მიმართულებებია: 1) პრე-აქსელერაციის პროგრამები სამეგრელოში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში. 2) ტექნოლოგიური კვირეულები კასპში, გორში, მესტიასა და ზუგდიდში, 3) რეგიონალური საგრანტო პროგრამების კომპონენტი. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს და ადგილობრივ მეწარმეებს, შექმნან იდეიდან პროდუქტი, განახორციელონ სტარტაპ პროექტები, რაც რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემების მოსახლეობას მიეცემა საშუალება, შეისწავლოს ფინანსებზე წვდომის ალტერნატიული წყაროების მოძიების მეთოდები და შექმნას დინამიური ცვლილებების მიმართ მდგრადი ეკონომიკური განვითარების პოტენციალი.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები აჭარის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში. სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი 15 მაისიდან საშუალება ეძლევათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინონ განაცხადები. საგრანტო წინადადებებს შეაფასებს კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით და შერჩეული სტარტაპები კომისიის წინაშე წარსადგენად გაივლიან გადამზადების
სპეციალურ კურსს, რომელიც მოიცავს: ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. "ფიჩინგს". საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.
გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ასევე არარეგისტრირებულმა პირმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებპორტალზე www.grants.gov.ge.