კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი პრესტიჟული პროფესიული ქსელის NISPAcee-ის პრეზიდენტად აირჩიეს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სერბეთში გამართულ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელის (NISPAcee) 31-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე მმართველმა კომიტეტმა ქსელის მომავალ პრეზიდენტად ერთხმად აირჩია კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, ეკა აკობია.
კონფერენციის თემა იყო - "საჯარო ადმინისტრირების მომავლის უზრუნველყოფა განვითარებადი ტექნოლოგიებით". ბელგრადის კონფერენციის დასკვნით პლენარულ სესიაზე ეკა აკობიამ, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტისა და მმართველი საბჭოს სახელით, ქსელის წარმომადგენლები 2024 წელს თბილისში, 32-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც CU-ში გაიმართება და მიეძღვნება შემდეგ თემას: "საჯარო ადმინისტრირება პოსტ-კონფლიქტურ რეკონსტრუქციაში".
კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის (CSG) დეკანი, ეკა აკობია, აღნიშნავს:
"NISPAcee-ის პროფესიული ქსელის პრეზიდენტობა დიდი პასუხისმგებლობაა, რაც გულისხმობს ორგანიზაციის ტრადიციული აქტივობების წარმართვას ,აკადემიასა და პრაქტიკოსებს შორის კავშირების ხელშეწყობას და ქსელის ხილვადობისა და პროდუქტიულობის ზრდას."
ამავდროულად, ეს მნიშვნელოვანი ასპარეზია კავკასიის უნივერსიტეტისა და მთლიანად ქვეყნისთვის. უპირველეს ყოვლისა, ამგვარი ჩართულობა შესაძლებელს გახდის სახელმწიფო მართვის სკოლის საჯარო მმართველობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი სწავლების ორივე საფეხურზე ახორციელებს, საერთაშორისო სტანდარტებით განვითარებასა და ინტერნაციონალიზაციას.
NISPAcee-ის 2024 წლის ყოველწლიური კონფერენცია, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი უმასპინძლებს, ერთი მხრივ შესაძლებლობას მოგვცემს საჯარო ადმინისტრირების სფეროში საქართველოს შესახებ ცნობიერება გავზარდოთ და მივიპყროთ ევროპელი და ამერიკელი სამეცნიერო წრეების ყურადღება. მეორე მხრივ კი, შევქმნათ შესაძლებლობა ქართველი მეცნიერების მეტად ინტეგრირებისთვის საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების ევროპულ პროფესიულ საზოგადოებაში. ამ მიზნების რეალიზაციის გარანტია თავად NISPAcee-ია, რომელსაც აკადემიური კონფერენციების ორგანიზების თითქმის 30 წლიანი გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია აქვს და მისი წევრები სფეროს გამოჩენილი სპეციალისტები არიან.
ის ფაქტი, რომ კონფერენციას უმასპინძლებს კავკასიის უნივერსიტეტი ადგილობრივი მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ასობით კოლეგასთან პროფესიულ ინტერაქციას; რეცენზირებასა და კვლევითი ინტერესების მიხედვით სამომავლო პროფესიული კავშირების დამყარებას. ასეთ ფორმატებს კი ძალიან ხშირად თან მოსდევს კოლაბორაციული პროექტები და ერთობლივი კვლევები, რაც კვლევითი პროდუქტიულობის ზრდის აუცილებელი წინაპირობაა. ეს კი, თავის მხრივ, საქართველოს განათლების სისტემის სტრატეგიული მიზანია. სწორედ ამიტომ, აღნიშნული კონფერენცია დიდი მნიშვნელობისაა ქართული სოციალური მეცნიერების სფეროსთვის.
NISPAcee-ს ყოველწლიურ კონფერენციას კავკასიის უნივერსიტეტმა 2015 წელსაც წარმატებით უმასპინძლა. კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლა 2001 წლიდან ქსელის აქტიური ინსტიტუციური წევრია, რაც მჭიდროდ უკავშირდება, სკოლის პირველი დეკანის, მზია მიქელაძის ღირსშესანიშნავ საგანმანათლებლო საქმიანობას. მას NISPAcee-ის პრეზიდენტის პოზიცია 2006-2008 და 2010-2012 წლებში ეკავა.
NISPAcee არის საჯარო მართვისა და ადმინისტრირების სფეროს პროფესიონალთა ქსელი, რომელიც განათლების, ტრენინგების და კვლევების მეშვეობით აქტიურად უწყობს ხელს დემოკრატიული და ეფექტური მმართველობის ხელშეწყობას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ქსელში ამჟამად გაწევრიანებულია რეგიონის 100-ზე მეტი ინსტიტუცია და მჭიდროდ თანამშრომლობს საჯარო მმართველობის სფეროს ისეთ გლობალურ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა UN DESA, ASPA, NASPAA, EGPA, EAPAA, IASIA-IIAS და სხვა.