კავკასიის უნივერსიტეტში სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამის - CUnicorn-ის - დემო დღე გაიმართა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე (პირველი ნაკადი/Batch 1).
ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში.
CUnicorn-ში მონაწილეობის მიღება უფასოა და შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან, კურსდამთავრებულებისგან და ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისგან შემდგარ (მინიმუმ ერთი გუნდის წევრი), ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმნელად.
10 კვირის განმავლობაში, პროგრამის მონაწილე ხუთმა სტარტაპ გუნდმა გაიარა მენტორინგის ინტენსიური სესიები სფეროს წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო მენტორებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად და გაეცნო სტარტაპის შექმნის ყველა ძირითად პრინციპს.
დემო დღეს ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი გიორგი ბურდული უძღვებოდა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სალომე ხაჩიაური-ზოლტაუმ.
სტარტაპერები დემო დღეზე ინდუსტრიის ექსპერტებისა და ინვესტორების წინაშე საკუთარი იდეებით წარდგნენ, ჟიურის წევრების კითხვებს უპასუხეს და პოტენციური პარტნიორები გაიცნეს.
ღონისძიების განმავლობაში მოეწყო პანელური დისკუსია თემაზე - სტარტაპ ეკოსისტემის ევოლუცია. მოწვეული პანელისტები იყვნენ: კრის ბარი - US Mac-ის გენერალური დირექტორი; ქეთი ქვარცხავა - იურიდიული ფირმა BLC–ის მმართველი პარტნიორი, გიორგი ჩუგოშვილი - Phubber-ის თანადამფუძნებელი და გური ქოიავა - ინვესტორთა ქსელი Axel-ის და Startup Buro –ის თანადამფუძნებელი.
ღონისძიების დასასრულს, ჟიურის წევრებმა - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, US Mac–ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრის ბარიმ, იურიდიული ფირმა BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთი ქვარცხავამ, Gazelle Finance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ჯანელიძემ და Croco Squad-ის თანადამფუძნებელმა გიორგი ბარნაბიშვილმა გამოავლინეს გამარჯვებულები, რომლებსაც კავკასიის უნივერსიტეტმა და ღონისძიების მხარდამჭერებმა ჯილდოები გადასცეს.
პირველ ადგილზე გასულ სტარტაპს, Rollycks-ს კავკასიის უნივერსიტეტმა ფულადი ჯილდო 3000 ლარი გადასცა. აღნიშნული გუნდი ღონისძიების მხარდამჭერმა CrocoSquad-მაც 3000 ლარით დააჯილდოვა.
"კავკასიის უნივერსიტეტმა Rollycks-ის გუნდს მოგვცა პრეაქსელერაციის 10 კვირიან პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა, რათა ჩვენი სტარტაპი დაგვეხვეწა, მიგვეღო ახალი ცოდნა და გამოცდილება ინდუსტრიის პროფესიონალებისგან და შეგვეძინა მნიშვნელოვანი კონტაქტები, რაც ასევე დაგვეხმარა გუნდის განვითარებასა და გამარჯვებაში CUnicorn-ის დემო დღეს" - ლუკა ცარციძე, Rollycks -ის CTO.
მეორე ადგილზე გასულ სტარტაპს, AI Farmer -ს CrocoSquad-მა ფულადი ჯილდოს სახით 2000 ლარი გადასცა.
"მთელი გუნდის სახელით ვამბობ, რომ ამ 10 კვირის განმავლობაში ყოველი დღე და შეხვედრა ძალიან საინტერესო და ღირებული იყო. ამ გამოცდილებამ გაგვაძლიერა, თავდაჯერება გაგვიმყარა და ახალი შემართება მოგვცა წინსვლისთვის " - გიორგი ხანიშვილი, AI Farmer -ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
მესამე ადგილზე გასული სტარტაპი E-Flow, ღონისძიების მხარდამჭერმა Gazelle Finance-მა 1500 ლარით დააჯილდოვა.
"CUnicorn-მა მოგვცა შესაძლებლობა, შევხვედროდით წარმატებულ სტარტაპერებს, მენტორებს და მოწვეულ სტუმრებს, რომელთა კომპლექსური ჩართულობითა და პროგრამით გათვალისწინებულ პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობით მივიღეთ ისეთი ცოდნა და ახალი უნარები, როგორიც განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებს აუცილებლად სჭირდებათ" - ლუკა ქობალია, E-Flow-ს თანადამფუძნებელი.
კავკასიის უნივერსიტეტმა და დემო დღის მხარდამჭერმა, ქლევერტონმა, VISA-მ, PAYZE–მ და Startup Georgia-მ საკუთარი რჩეული სტარტაპები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს.
ღონისძიების განმავლობაში მოეწყო საგამოფენო სივრცე კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მხარდაჭერით განვითარებული სტარტაპებისთვის, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ სტუმრებისთვის საკუთარი პროდუქტები და პროტოტიპები წარედგინათ.
დემო დღე გაიმართა შემდეგი ორგანიზაციების მხარდაჭერით: CrocoSquad, TBC, Gazelle Finance, Clevertone, VISA, PAYZE, PAVILION WINES, US Mac, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), AXEL, ბიზნეს ფორმულა და Startup Georgia.