Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
The Moodie Daviit-ის ვებგვერდზე "ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" გლობალური კომუნიკაციების პრეზიდენტის, მარიან სალზმანის ბლოგი გამოქვეყნდა, რომელშიც ავტორი მისივე ყოველწლიური მოლოდინების დოკუმენტიდან "2023 წლისთვის ხუთი მთავარი ტრენდი: ყველაფრის გადაფასება" მნიშვნელოვან იდეებს გვიზიარებს.
როდესაც 2023 წელზე ვფიქრობთ, ჩვენ ვგრძნობთ როგორც შიშს, ასევე იმედს. ერთი მხრივ, ჩვენ გვეშინია რეალობის მუდმივად ზრდადი ეფემერული ბუნების: ტექნოლოგიურად მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული დაყოფის ზრდის, ბოლო დროს კი, ინფორმირებულ და ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფ ადამიანებს შორის განსხვავების გაღრმავების. ჩვენ ახლა იმ მდგომარეობაში ვიმყოფებით, როდესაც თითოეულის რწმენა უფრო და უფრო მეტად დამოკიდებული ხდება არა იმაზე, თუ რა არის ჭეშმარიტება, არამედ იმაზე, თუ რას აღიარებენ ჩვენს "ბაბლში" მყოფნი სიმართლედ.
მიუხედავად ამისა, 2023 წელის უფრო მეტი ტრენდი და მოლოდინი გვაძლევს იმედს. ადამიანები დაღლილნი და შეშფოთებულნი არიან ყველაფერ იმით, რაც მათ გარშემო ხდება და გამოთქვამენ მზადყოფნას, იბრძოლონ და ეჭვის ქვეშ დააყენონ ისეთი მოსაზრებები, როგორებიც არის კოლეჯში მიღებული განათლების მნიშვნელობა (განსაკუთრებით, აშშ-ში), მეწარმისადმი ერთგულება და კაპიტალიზმის სხვა ფუნდამენტური პრინციპები.
პირველი ტრენდი: რეალობაზე კონტროლის დაკარგვა
ჩვენ ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც "deepfake" ტექნოლოგია, სოციალურ ქსელში ინფლუენსერები, ხელოვნური ინტელექტის ქმნილებები და ვირტუალური მეგობრები დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ. მთავარი კითხვა, რომელიც 2023 წლისთვის ჩნდება და აქტუალური იქნება მომდევნო წლებშიც, ძალიან მარტივია - "ვის და რას შეგვიძლია ვენდოთ?"
თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, ჩვენ უკვე ვეღარ ვენდობით ჩვენს თვალებსა და ყურებს. არასწორი ინფორმაციის და დეზინფორმაციის გავრცელების ზრდასთან ერთად გაერომ მოუწოდა წევრ ქვეყნებს, შემოიღონ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრული ცნობიერების ამაღლებას.
დეპერსონალიზაცია-დერეალიზაციის აშლილობა (DPDR), რომელიც ფსიქიკური აშლილობაა, ადამიანებში იწვევს მენტალურად და ფიზიკურად დისტანცირების შეგრძნებას და რეალობის აღქმაზე ახდენს ზეგავლენას. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მკურნალობა თერაპია ან ფსიქოთერაპიაა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რა მოხდება მაშინ, როდესაც თერაპევტებს ხელოვნური ინტელექტის მქონე ბოტები ჩაანაცვლებენ?
ტრენდი მეორე: ყველაფერი ფარსია
ახლა, როდესაც ადამიანები აღარ იღებენ სამსახურის პოსტულატებს დაეჭვების გარეშე და უმაღლესი განათლების მნიშვნელობასაც კითხვის ნიშნით უყურებენ, ისინი ასევე ეჭვქვეშ აყენებენ იმ სისტემას, რომელიც ამ ყველაფერს ეფუძნება: კერძოდ, კაპიტალიზმს. ეს ეკონომიკური მოდელი, რომელმაც ევროპაში ადგილი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში დაიმკვიდრა და შემდეგ მთელს მსოფლიოში გავრცელდა, ამჟამად მოხსენიებულია როგორც ყველა დაავადების გამომწვევი მიზეზი, დაწყებული კლიმატის ცვლილებიდან თუ ეკოლოგიური კატასტროფიდან, ეკონომიკურ უთანასწორობამდე და მზარდ ფსიქიკურ აშლილობამდე.
Edelman-ის მიერ 2019 წელს ჩატარებული გლობალური კვლევის თანახმად, მოსახლეობის 56% მიიჩნევს, რომ კაპიტალიზმი, როგორი სახითაც ის დღეს არსებობს, სამყაროსთვის უფრო მეტად ზიანის მომტანია, ვიდრე სარგებლის.
ტრენდი მესამე: მდგრადობის ნორმალიზება
დღეს საზოგადოება კლიმატური ცვლილების მიმართ ყველაზე მგრძნობიარეა. GlobeScan-ის მიერ 17 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტთა 65% სიტუაციას "ძალიან სერიოზულად" აფასებს. 2022 წელს 31 ქვეყანაში ჩატარებული კვლევით კი დადგინდა, რომ 10-დან 4 ადამიანი კლიმატურ ცვლილებას ბავშვების გაჩენისგან თავის შეკავების ფაქტორად ასახელებს.
2023 წელს ჩვენ ვნახავთ კიდევ უფრო მეტ ინოვაციას ეკოლოგიური ცნობიერების მიმართულებით, როგორიც არის ახალი მიწოდების სისტემები, საკვებზე მათი წარმოების შედეგად გარემოში გამოთავისუფლებული ნახშირორჟანგის შესახებ დატანილი იარლიყები და პასიური მდგრადობის ინსტრუმენტები, როგორიც არის, ე.წ. "მოწყურებული ასფალტი" წყალდიდობისკენ მიდრეკილ ადგილებში, ახალი თეთრი საღებავი, რომელიც ამცირებს კონდიციონერის საჭიროებას, მცირე ურბანული ტყეები, რომელიც ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნებას და ამცირებს როგორც ტემპერატურას, ასევე ატმოსფეროს დაბინძურების დონეს.
გლობალური ენერგო კრიზისის პარალელურად, მზარდი ინფლაციის გამო კი უფრო და უფრო მეტი ადამიანი იტყვის უარს თვითმფრინავით მგზავრობაზე და გამოიყენებს ღამის ავტობუსებსა და მატარებლებს.
ტრენდი მეოთხე: ხმის სიმძლავრე
უფრო მეტად იზრდება ხმის, როგორც საზოგადოებაში არსებული გარკვეული დაავადებების აღმოფხვრის მნიშვნელობა. წყნარი აბაზანები და წყნარი სივრცეები ხშირად გამოიყენება სულის დასამშვიდებლად და შფოთვების შესამცირებლად. ასევე, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს ყავისფერ ხმაურს რელაქსაციის პროცესში ან იმისათვის, რომ მოახდინონ უკეთ კონცენტრაცია.
2023 წელს ჩვენ გავაგრძელებთ ხმის გამოყენების ახალი მეთოდების კვლევას - ხმასა და დაავადებას შორის კორელაციის გასარკვევად. ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარები აგროვებენ მონაცემებს ხმების შესახებ, რათა შექმნან ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, მოახდინოს ნევროლოგიური დაავადებების, აუტიზმისა თუ კიბოს დიაგნოზირება მხოლოდ ადამიანის ხმისა და საუბრის გაანალიზებით.
ტრენდი მეხუთე: მოვახდინოთ ჩვენი პატარა სამყაროების ადაპტაცია
ადამიანები სულ უფრო და უფრო პატარა სამყაროებს ქმნიან, რომლებიც ძირითადად მათი სახლების გარშემო ბრუნავენ. თუმცა, დღეს ხშირად მათი სამყაროს ღერძი სამსახურიც ხდება. მართალია, ისინი თავს უფრო დაცულად გრძნობენ, თუმცა, პარალელურად იზრდება უსაფრთხოების საჭიროება - ისინი ცდილობენ თავი დაიცვან პანდემიისგან, ამინდისგან, სამუშაო ბაზრისგან თუ მიწოდების ჯაჭვისგან. ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად კი ისინი საკუთარ სახლს ტექნიკითა და ტექნოლოგიით ავსებენ, იმარაგებენ საკვებს და გასართობ აქტივობებს, რომლებიც კრიზისის პერიოდში დასჭირდებათ.
2023 წელს ჩვენ ვნახავთ სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს, რომლებიც საკუთარ სახლს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სივრცედ აქცევენ. აშშ-ში 2029 წლისთვის ვარაუდობენ, რომ სახლის მცენარეების ბაზარი 26 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს. საინტერესოა, რომ 2021 წელს აღნიშნული ბაზრის მოცულობა 18 მილიარდს აშშ დოლარზე ნაკლები იყო.
უფრო და უფრო მეტი კომპანია იწყებს ისეთი მცირე ნაგებობების წარმოებას, რომელსაც შეუძლია გახდეს სივრცე მედიტაციისთვის (ან უბრალოდ ოაზისი ბავშვების გარეშე). უფრო და უფრო მეტი შხაპი გვთავაზობს მულტისენსორულ გამოცდილებას, ჰიდროთერაპიული პროცედურებით, განათებებით, პესონალიზირებული ხმებით და მრავალი სხვა.