კომპანია "არტგაიდი" - შენი მეგზური ვიზუალური ხელოვნების სივრცეში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"არტგაიდი" არის ონლაინპლატფორმა, სადაც მარტივად და შეუფერხებლადაა შესაძლებელი ხელოვნების ნიმუშების შეძენა, ისევე როგორც განთავსება, გარკვეული პირობების გათვალისწინებით.
პლატფორმა ორიენტირებულია საქართველოში მე-20 და 21-ე საუკუნის ქართული ვიზუალური ხელოვნების პოპულარიზაციაზე, ცნობადობის გაზრდაზე, ხელოვნების ნიმუშების შესყიდვის კულტურის დანერგვასა და გავრცელებაზე.
"ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ცნობილ მხატვრებთან, ისე დამწყებ არტისტებთან, რომელთაც ჯერ ფართო აუდიტორია არ იცნობს. პლატფორმა კოლექციონერების, მხატვრებისა და პოტენციური მყიდველების ერთმანეთთან დაკავშირებას უზრუნველყოფს.
ჩვენ გვაქვს მიზანი და ამბიცია, შევქმნათ ვიზუალური ხელოვნებით ვაჭრობის კულტურა, რომელიც დაფუძნებული იქნება სანდოობაზე, გამჭვირვალობასა და მოქნილობაზე", - ქეთევან ცეცხლაძე, ხელოვნებათმცოდნე, დამოუკიდებელი მკვლევარი, "არტ გაიდის" თანადამფუძნებელი და დირექტორი.
როგორც ქეთევანი ამბობს, ამ ეტაპზე ვებგვერდზე განთავსებულია ქართველი არტისტების როგორც ფერწერული, ისე გრაფიკული ნამუშევრები, სერიგრაფიისა ლითოგრაფიის ტექნიკით შესრულებული ორიგინალი პრინტები.
"ჩვენი პლატფორმა საშუალებას გაძლევთ, ონლაინსივრცეში დაათვალიეროთ და აღმოაჩინოთ თქვენთვის საინტერესო მხატვარი, ასევე, გაეცნოთ კერძო კოლექციონერების მიერ გამოტანილ უნიკალურ ნამუშევრებს".
საიტზე მარტივი ფილტრების საშუალებით შეგიძლიათ ნამუშევარი თქვენი ბიუჯეტისა და გემოვნების მიხედვით შეარჩიოთ. "არტგაიდი" გთავაზობთ ვიზუალური ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს, როგორც პირადი კოლექციის შესაქმნელად, ისე საინტერესო და ორიგინალური საჩუქრის გასაკეთებლად. ბრენდი ქმნის საკუთარ კოლექციასაც, რომელიც ექსკლუზიურად მის სახელთანაა დაკავშირებული.
"ვებგვერდზე, "არტგაიდ ექსკლუზივის" განყოფილებაში, თქვენ ნახავთ ნამუშევრებს, რომელთა შეძენაც მხოლოდ ჩვენს პლატფორმაზეა შესაძლებელი. მათ შორისაა მოხატული კერამიკული თეფშები, აბრეშუმის შარფები ქართველი და უცხოელი არტისტების მიერ სპეციალურად შექმნილი დიზაინით, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები".
"არტგაიდის" პლატფორმა, ძირითად საქმიანობასთან ერთად, მომხმარებელს სთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორიცაა ინდივიდუალური კონსულტაცია ხელოვნებათმცოდნე/მრჩეველთან კერძო კოლექციის შექმნის პროცესში, რათა კონცეფცია სწორად განსაზღვროთ, თქვენი მიზნებიდან, გემოვნებიდან, ბიუჯეტიდან და ინტერესებიდან გამომდინარე.
ასევე, ნამუშევრებისთვის ჩარჩოს შერჩევა, ჩასმა და ინტერიერში განთავსება, სპეციალური შეფუთვა განსაკუთრებული საჩუქრისთვის. ინდივიდუალური ვიზიტების დაჯავშნა მხატვრის სახელოსნოში ან კოლექციონერთან არტკონსულტანტის თანხლებით. ნამუშევრის ავთენტურობის დამადასტურებელი ხელმოწერილი სერტიფიკატის გაცემა "არტგაიდის" დირექტორისა და ხელოვნებათმცოდნის მიერ.
"ჩვენი გუნდი კომპანიებსა და ორგანიზაციებს ინდივიდუალური ხელშეკრულებისა და თანამშრომლობის ფორმატში ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს.
ჩვენი პლატფორმა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად ერთ სივრცეში დაათვალიეროს, გაეცნოს და აღმოაჩინოს საინტერესო ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები, ნახოს მათი ღირებულება და შეიძინოს ონლაინ. ამით მომხმარებელი ზოგავს დროს და ენერგიას.
ჩვენთან გაკეთებული შენაძენი მომხმარებლისთვის სწორი და სარფიანი ინვესტიციაა, რადგან ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ირჩევა არტკონსულტანტის მიერ, წინასწარ ხდება ნამუშევრის ისტორიის მოკვლევა, ანალიზი, მისი ავთენტურების საკითხის დაზუსტება და სხვა".
ქეთევანი გვიყვება, რომ ვიზუალური ხელოვნების ონლაინპლატფორმის შექმნის ინსპირაცია 2024 წელს გაჩნდა.
"ჩემთვის მხატვრებთან, კოლექციონერებსა და ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან ორგანულია, რადგან მხატვრების ოჯახში დავიბადე. ხელოვნებათმცოდნეობის პროფესია ავირჩიე.
ამჟამად სადისერტაციო ნაშრომზე ვმუშაობ და 1980-იანი წლების ქართულ სახელოვნებო სივრცეს ვიკვლევ, ლექციებს ვკითხულობ და არტქონსალთინგს აქტიურად ვეწევი.
ჩემი მეგობარი, ეკა ტაბატაძე, რომელიც კომპანიის თანდამფუძნებელია, ამ პლატფორმის შექმნის, იდეის ფორმირებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული".
ეკა ბიზნესლიდერია 20-წლიანი გამოცდილებით, ფინანსურ, სადაზღვევო, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დარგში. განხორციელებული აქვს დიდი პროექტები ბიზნესებისთვის, ციფრული სტრატეგიის ჩამოყალიბების, ინოვაციების და ცვლილებების მართვისა და გუნდების პერფორმანსის გაუმჯობესების მიმართულებით.
"ჩემმა პარტნიორმა, რომელიც ჩემი მთავარი მოტივატორია, იდეის რეალიზების საშუალება მომცა. ბიზნესმენტორობა, დახმარება გამიწია და დღესაც პროცესებს ერთობლივად ვმართავთ, პლატფორმის გამოუმჯობესებასა და ახალ პროექტებზე ვმუშაობთ".
ქეთევანი მიიჩნევს, რომ სახელოვნებო ბაზარი საქართველოში საკმაოდ არასტაბილური და ქაოსურია, მიუხედავად იმისა, რომ არის ბევრი საინტერესო, დიდი ისტორიისა და გამოცდილების მქონე, რესპექტაბელური და საერთაშორისოდ აღიარებული გალერეები.
"ბოლო წლებში, განსაკუთრებით პანდემიისას, სოციალურ ქსელებში ბევრი გვერდი შეიქმნა, რომელიც მომხმარებლებს ქართველი მხატვრების ნამუშევრებს სთავაზობს. ხშირად არის პრობლემები, რაც ნამუშევრების ავთენტურობისა და მათი ღირებულების პრობლემურ საკითხებს უკავშირდება.
ამდენად, მომხმარებელიც დაბნეულია. არ არის ნდობა ონლაინგალერეებისა და პლატფორმების მიმართ. ამას ემატება არასტაბილური ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური გარემო და რეგიონში არსებული გამოწვევები, ისევე როგორც ამ მიმართულებით ცოდნისა და განათლების.
საკმაოდ რისკიან დროს წამოვიწყეთ ჩვენი ბიზნესი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ყველაზე სწორი დრო ბიზნესის დასაწყებად ის მომენტია, როდესაც შენ თავად გრძნობ შენი იდეის რეალიზების პოტენციალს და შესაძლებლობას. მაშინ, როდესაც გჯერა და გწამს, რომ გამოგივა. ამდენად, არ ვუშინდებით სირთულეებს და მზად ვართ ჩვენი მიზნებისთვის მუშაობა გავაგრძელოთ".
"არტგაიდის" გუნდისთვის ინსპირაცია თავად ხელოვნებაა. მხატვრების პორტფოლიოების განხილვა, ფოტოგადაღებები, მათთან ურთიერთობა, ახალი სახელების აღმოჩენა, ნამუშევრების სელექცია.
"ასევე, დიდ ისნპირაციას გვაძლევს ის შედეგები, რასაც მსოფლიო არტბაზარზე ვხედავთ. საზღვარგარეთ მსგავსი პლატფორმების წარმატებული განვითარების ბევრი მაგალითი არსებობს.
გვაქვს ამბიცია და სურვილი, რომ ამ მიმართულებით სწორედ ჩვენი პლატფორმა გახდეს ლიდერი რეგიონში. ჩვენი მიზნები არის ჩვენი შთაგონების წყარო. გვსურს, განვავითაროთ ბრენდი, როგორც არა მარტო ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა, არამედ როგორც საგანმანათებლო და საკონსულტაციო ჰაბი ვიზუალური ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის".
ქეთევანი იხსენებს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა მომხმარებლის ნდობის მოპოვება იყო. მიუხედავად, იმისა, რომ "არტგაიდის" პლატფორმაზე მრავალფეროვანი არჩევანია და განსხვავებულ ფასთა კატეგორიაში შეიძლება საინტერესო ნამუშევრის შეძენა, ადამიანების უმრავლესობა ხელოვნების ნიმუშის შეძენას მაინც ერთგვარ "ფუფუნებად" მიიჩნევს ან მხოლოდ ინტერიერის გასალამაზებელ ელემენტად განიხილავს.
"ახლა ჩვენ ამ მიმართულებით ვაპირებთ გააქტიურებას, მეტი საგანმანათლებლო აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვას მომხმარებლების ინფორმირებისა და მათი ცოდნის გაღრმავებისთვის. მომხარებელს უჭირს, ფიზიკურად, ნამუშევრის ნახვის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს.
პირველი და უმთავრესი ნდობის საკითხია, მეორე - "იქნებ არ მომეწონოს"? ასევე, ღირებულება, რასაც, სამწუხაროდ, ქართველი მომხმარებელი არ აღიქვამს, როგორც ინვესტიციას. ვფიქრობ, იმ მოკლე დროში, რაც ჩვენ ოპერირება დავიწყეთ, შევძელით, რომ ჩვენს მომხმარებლებს დავახლოებოდით და მათი ნდობა მოგვეპოვებინა".
ქეთევანი მომავალი წლის გეგმებზეც საუბრობს. "არტგაიდის" მიზანია პლატფორმის კონტენტის გაფართოება.
"ქართველ არტისტებთან ერთად გვინდა უცხოელი მხატვრებიც დავამატოთ. გვინდა, რომ კავკასიის რეგიონის სახელოვნებო ბაზარი უკეთ შევისწავლოთ და კოლაბორაციის პრეცედენტები შევქმნათ.
ქართველი მხატვრების მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია აზერბაიჯანში. ბაქოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში არაერთი ქართველი მხატვრის ნამუშევარია დაცული. გვაქვს კარგი თანამშრომლობა სომხეთის სახელოვნებო სივრცესთან, ამდენად, გვინდა, უკვე არსებული რესურსები და კონტაქტები ჩვენი პლატფორმის გაფართოებისთვის გამოვიყენოთ.
ვგეგმავთ სპეციალური პაკეტების შეთავაზებას ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც გულისხმობს ვიზიტებს მხატვრების სახელოსნოებში, ლექციებისა და შეხვედრების ციკლებს. გვინდა, მეტი დრო დავუთმოთ საგანმანათლებლო მიმართულებას".