Get All Access for $5/mo

"მინდა სუფთა ფურცლიდან დავიწყო და მოვუსმინო, ვისწავლო ქართველი მეღვინეებისგან და ამით ჩემს ცოდნას რამე ახალი შევმატო" "მსურს ვიპოვო საქართველოს განსაკუთრებული გემო, მოუთმენლად ველი მის აღმოჩენას"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალბათ, ერთხელ მაინც ყველასთვის უთქვამთ - "მიჰყევი საკუთარ ინსტიქტებს". იტალიაში დაბადებულ მელანია ბეტისტონს დედისგან მუდმივად ესმოდა ეს სიტყვები. სწორედ ამიტომ ენდო თავის ინსტიქტებს, მარკეტინგის შესწავლის შემდეგ შეიცვალა პროფესია WSET-ის (Wine & Spirit Education Trust) მიმართულებით და სომელიეს სამაგისტრო პროგრამაზე გადავიდა.

ახლა ის უკვე უფროსი სომელიეაა, უფრო მეტიც, მან 2022 წელს გაიმარჯვა ახალგაზრდა სომელიეების კონკურსში და დიდ ბრიტანეთში "Harpers" ტოპ 25 სომელიეთა რიგში ადგილი დაიმკვიდრა. მელანია წელს IWSC Wine Judging in Georgia 2024 - ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრია, რომელიც 2023 წლის 28-30 ნოემბერს კახეთში გაიმართება, საზეიმო დაჯილდოებას კი საქართველო 1 დეკემბერს უმასპინძლებს.

  • მელანია, თქვენ უნიკალური გამოცდილების ნაწილია ტრადიციული და თანამედროვე ელემენტებით დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია. რის აღმოჩენას ელით განსაკუთრებით IWSC Wine Judging in Georgia კონკურსზე წარდგენილ ღვინოებში?
  • მსურს ვიპოვო საქართველოს განსაკუთრებული გემო, მოუთმენლად ველი მის აღმოჩენას. ღვინის ინდუსტრიის ბუნებრივმა განვითარებამ და მისმა ისტორიამ ქართულ ღვინოს გარკვეული სტატუსი მიანიჭა, თუმცა, მაინტერესებს, დარჩება თუ არა ის ავთენტურობისა და ძირძველი მემკვიდრეობის ჩარჩოებში, თუ უარს იტყვის თავის უნიკალურ მახასიათებლებზე კომერციული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
  • თქვენი კარიერული თავგადასავალი, ცხოვრებისეული გატაცებისკენ სწრაფვა და მარკეტინგიდან ღვინის ინდუსტრიაში გადასვლა ნამდვილად შთამაგონებელია. როგორ აისახება თქვენი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში თქვენს ამჟამინდელ პროფესიაზე, როგორც მთავარი სომელიე, ღვინის ბაიერი და ახლა, როგორც IWSC Wine Judging-ის მსაჯი?
  • ვცდილობ ჩემი ძველი პროფესია გამოვიყენო მეღვინეობის სფეროში. გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ ინდუსტრიაში მარკეტინგი ხელახლა აღმოვაჩინე. კომუნიკაციას აქვს და ყოველთვის ექნება ყველაზე დიდი გავლენა, როდესაც საქმე ბრენდს ან, ზოგადად, რეგიონს ეხება.

სიტყვებს "საქართველო ღვინის სამშობლოა" რაღაც განსხვავებული, ღრმა გაგება და ეფექტი აქვს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ საქართველოს ასეთი პოზიციონირება ნელ-ნელა მოძველდა, სწორედ ამიტომ ჩამოვდივარ საქართველოში, რათა გადავფურცლო ამ ძირძველი ისტორიის "ახალი ფურცლები".

  • 2022 წელი თქვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი წელი იყო. რადგან ახალგაზრდა სომელიეების კონკურსში გაიმარჯვეთ და გაერთიანებული სამეფოში ჰარპერის 25 საუკეთესო სომელიათა რიგში მოხვდით. რა რჩევებს მისცემდით ახალგაზრდა სომელიეებს, რომლებიც ისწრაფვიან ასეთივე მომავლისკენ?
  • მე მჯერა, რომ ჯილდო სულაც არ განსაზღვრავს პროფესიონალიზმს, განსაკუთრებით როცა საქმე ღვინოს ეხება. კონკურსები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, რასაც ფართო საზოგადოება ხედავს. მთავარი სამუშაო გამოცდილება ბევრად ღრმად ფესვებში ჩადის.

იმისთვის, რომ გახდეთ გამოცდილი ღვინის მსაჯი, რასაკვირველია უნდა იცოდეთ ყურძნის ჯიშების გარჩევა და წარმოშობა, რაც ნიშნავს, რომ უნდა იშრომოთ, დასვათ კითხვები, იმსჯელოთ კოლეგებთან ერთად.

თუმცა, თქვენ ასევე უნდა იყოთ კარგი კომუნიკატორი და შეგეძლოთ წერაც. აუცილებლად გაითვალისწინეთ ექსპერტების რჩევები, რაც თქვენვე გამოგადგებათ მომავალში მსაჯობისას. თქვენ უნდა იყოთ გულწრფელები და კრიტიკულები, როცა საჭიროა არ შეგეშინდეთ თქვენი აზრის დაცვა ან სხვისი აზრის წინააღმდეგ წასვლა. უპირველეს ყოვლისა, იყავით ობიექტურები.

  • როგორია თქვენი მოლოდინი კავკასიის რეგიონის ღვინოებზე? და როგორ წარმოგიდგენიათ IWSC Wine Judging in Georgia-ს გავლენა ქართული ღვინის ინდუსტრიაზე?
  • საქართველოში კლიმატი ძალიან მრავალფეროვანია. მშრალი აღმოსავლეთი ერწყმის გრილ და ნოტიო დასავლეთს, რასაც ემატება კავკასიის მთების ჰავა და ათასობით მდინარე, ეს ყველაფერი ღვინის გასაოცარ გემოებს ქმნის. დარწმუნებული ვარ ქართული ღვინოს არ ექნება კლასიკური დასავლურ ევროპული გემო, ამიტომ ველოდები მარტივ, თუმცა ავთენტურ გემოებს. ვფიქრობ, ღვინოებს ექნებათ ალკოჰოლის მაღალი დონე და მკვეთრი სურნელი.
  • მელანია, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ღვინის წარმოების მდიდარ 8000-წლიან ისტორიას, რას ელით ყველაზე მეტად საქართველოსგან?
  • საოცრად მხიბლავს კავშირი ღვინოსა და ისტორიას შორის. როგორც იტალიელი, ვაზის ბევრი ჯიში ვიცი, თუმცა მოუთმენლად ველი გავიცნო და დავაგემოვნო 500 ქართული ადგილობრივი ყურძნის ჯიშისგან წარმოებული ღვინოები, - ზოგადად, გემოები კავკასიის რეგიონიდან. ასევე სიამოვნებით გავიცნობ ტრადიციულ ქვევრის ღვინოს.
  • საქართველო ამაყობს თავისი ღვინის მემკვიდრეობით, ადგილობრივი ექსპერტები და მოყვარულები აფასებენ თავიანთ ღვინო. როგორ ემზადებით ქართველ მეღვინეებთან შესახვედრად და მათ ღვინოებში "ჩაძირვას"?
  • მინდა სუფთა ფურცლიდან დავიწყო და მოვუსმინო, ვისწავლო ქართველი მეღვინეებისგან და ამით ჩემს ცოდნას რამე ახალი შევმატო. ჩემი სურვილია ვკითხო მათ, როგორ გამოიყურება ქართული ღვინის მომავალი, თუ სად ხედავენ თავიანთ თავებს. დიდი სიამოვნებით მოვისმენ ისტორიებს, თუ როგორ ტოვებენ ქართველი მეღვინეები ტრადიციული ქვევრის ტექნიკას უკან და ეძებენ ახალ მიმართულებებს, რათა დააკმაყოფილონ საერთაშორისო საბაზრო მოთხოვნილებები.
  • ღვინის ინდუსტრიაში თქვენი დიდი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, რითი შეიძლება ქართული ღვინო გამოირჩეოდეს სხვა ღვინოებისგან, რომელიც გაგისინჯავთ?
  • ქართული ღვინოები აღარ დგას ჩრდილქვეშ, როგორც ეს ადრე იყო, თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ისეთი პოპულარული, რომ მკაფიო წარმოდგენა გვქონდეს რეგიონის მიერ შემოთავაზებულ ზოგად მახასიათებლებზე. მე ვიცი, რომ მცირე ზომის საოჯახო მარნები შთამბეჭდავ ღვინოებს აწარმოებენ, ისინი ცდილობენ ტექნიკის მოდერნიზებას. შესაძლოა, სწორედ ამ მცირე მეწარმეებმა, რომლებსაც ჯერ არ ვიცნობთ, ყველაზე მეტად დაიმსახურონ მსაჯების მოწონება.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე