2024 წლის შემოდგომაზე თბილისში Outlet Village იხსნება 10 ჰექტარსა და 20,000 კვ.მ ფართობზე განთავსებული 110 ბრენდული მაღაზია ვიზიტორებს შოპინგის უნიკალურ გამოცდილებას შესთავაზებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თბილისი რეგიონში მოდის დედაქალაქად მოიაზრება და, შესაბამისად, საუკეთესო ადგილად აღიქმება Outlet Village-ისთვის. 10 ჰექტარსა და 20,000 კვ.მ ფართობზე განთავსებული 110 ბრენდული მაღაზია 2024 წლის სექტემბერში გაიხსნება და ვიზიტორებს შოპინგის უნიკალურ გამოცდილებას შესთავაზებს.
თბილისის Outlet Village იქნება პირველი სავაჭრო ცენტრი რეგიონში, რომელიც მომხმარებელს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების კოლექციებს, დასასვენებელ ადგილებს და განსხვავებულ გასტრონომიულ გამოცდილებას ჰპირდება. აუთლეტი დაპროექტებულია მსოფლიოში აღიარებული წამყვანი ესპანელი დიზაინერების მიერ. ინსპირაცია საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა იყო, ხოლო დიზაინი ისტორიისა და თანამედროვეობის ჰარმონიული ნაზავი იქნება.
პროექტი თბილისში Georgian Outlets & Resort Group-მა და TORG-მა ჩამოიტანეს. ეს უკანასკნელი არის მსგავსი სავაჭრო ცენტრების ერთ-ერთი მთავარი დეველოპერი. მათი კომპლექსური მიდგომა და ექსპერტთა გუნდი განთქმულია როგორც მსოფლიოს საუკეთესო აუთლეტ-ვილიჯების მმართველი შეერთებულ შტატებში, ევროპაში და განვითარებად ბაზრებზე. TORG-ის უნიკალური მეთოდი მათი მრავალპროფილური გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის მორგებაა სხვადასხვა სფეროში, როგორიც არის პროექტების მენეჯმენტი, მარკეტინგი, ლიზინგი, ოპერაციული მენეჯმენტი და საცალო ვაჭრობა ცალკეული ქვეყნების კულტურულ და სოციალურ თავისებურებებზე მორგებით. სწორედ ეს ქმნის Outlet Village-ებს, რომლებიც უპასუხებს ყველა გამოწვევას და აკმაყოფილებს ყველა ადგილობრივ მოთხოვნას. თბილისის Outlet Village-ის მმართველობა მთლიანად TORG-ის მიერ განხორციელდება.
Georgian Outlets & Resorts Group-ის დამფუძნებლები არიან ცნობილი ქართული სამშენებლო ჯგუფი Domus Group და ქართველი წარმატებული ბიზნესმენი ბ-ნი გურამ (გუგა) ცანავა. ჩვენ პატივი გვქონდა გავსაუბრებოდით ბატონ ცანავას − გამოცდილ მეწარმესა და აღმასრულებელ დირექტორს, რომელსაც მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს მსხვილ ორგანიზაციებში წამყვან პოზიციებზე. გურამ ცანავა გახლავთ სხვადასხვა ბიზნესასოციაციის ბორდის წარმომადგენელი. ცანავას პროფესიონალიზმზე მისი განათლებაც ბევრს ამბობს − ის იყო სტენფორდის ბიზნესის სკოლის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებული საქართველოდან, ხოლო ამჟამად სტენფორდის მსოფლიო ელჩია. გურამ ცანავამ დაასრულა კურსები ჰარვარდისა და უორტონის უნივერსიტეტებში, მიიღო სპეციალური კვალიფიკაცია პროექტების მენეჯმენტში სტენფორდის საინჟინრო სკოლაში. ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაში გრენობლის ბიზნესის სამაგისტრო პროგრამის შემოტანით კავკასიის უნივერსიტეტში და დროდადრო ატარებდა ლექციებს სტრატეგიულ მენეჯმენტში სტუდენტებისთვის. გურამ ცანავა გახლდათ პირველი ადამიანი მთელი რეგიონიდან, ვისთანაც გამოქვეყნდა ინტერვიუ Stanford Business Magazine-ში − მსოფლიოს წამყვან გამოცემაში.
მოწოდებით ანტრეპრენერი, ბ-ნი ცანავა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმდინარე პროექტს ხელმძღვანელობს, როგორიც არის ახალი სავაჭრო ცენტრი რუსთავში − "რუსთაველი მოლი", "თბილისი აუთლეტ ვილიჯი", ყავის სახლების ქსელი "ილი" და საცალო ვაჭრობის მოდის კომპანია. ყოველივე ზემოაღნიშნული მას აძლევს ძალიან კარგ აღქმას და ხედვას ამ ინდუსტრიისა და ზოგადად, ქართულ ბაზარზე. გურამ ცანავას აკადემიური მიღწევები და მრავალფეროვანი გამოცდილება კი ქმნიან მის უნიკალურ პერსპექტივას, რაც ქართული ბაზრის ფართო ცოდნასთან ერთად, შედარებით აადვილებს ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ტენდენციების პროგნოზირებას.
Entrepreneur-თან საუბრისას ბატონმა ცანავამ გაგვიმხილა საინტერესო სიახლეები "თბილისი აუთლეტის" ვილიჯის შესახებ.
შეგიძლიათ უფრო მეტი გვიამბოთ, როგორ მიმდინარეობს Outlet Village-ის მშენებლობა?
სამშენებლო სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის შემოდგომის ბოლოს. ჩვენ მალე დავიწყებთ მოლაპარაკებებს კერძო რესტორატორებთან და მსხვილი კვების ობიექტების მენეჯერებთან, რათა ვიზიტორებს ჰქონდეთ მრავალფეროვანი არჩევანი.
ამჟამად, ბრენდის პრე-ლიზინგის ხელშეკრულებების 70% უკვე გაფორმებულია, ხოლო ძირითადი ლიზინგის კონტრაქტები უახლოესი ორი თვის განმავლობაში დასრულდება. დანარჩენი მზადების პროცესშია. ქვეყანაში 15-იდან 20-მდე ბრენდი ოფიციალურად ჯერ არ არის წარმოდგენილი, მაგრამ მათ სურთ ბაზარზე შემოსვლა და თბილისში მათი ოფიციალური მაღაზიების გახსნა. ეს ბრენდები ეძებენ ადგილობრივ პარტნიორს ან ინვესტორს, რომელიც დაინტერესებული იქნება მათი ექსკლუზიური ლიცენზიით. ჩვენ Georgian Outlet & Resort ჯგუფში დავეხმარეთ ზოგიერთ ამ ბრენდს ადგილობრივ ინვესტორებთან დაკავშირებაში და შევთავაზეთ მათ დაემატებინათ ახალი ბრენდები საკუთარ პორტფოლიოში ან განეხილათ ინვესტირება მათთვის ახალ ბიზნესში.
როგორც მოგეხსენებათ, გაფორმებული კონტრაქტების დიდი ნაწილი არის საშუალო ან პრემიუმბრენდებთან. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მათ წარმოვადგენთ ბაზარზე და ისინი შემოვიდნენ ქვეყანაში Outlet Village-ის დახმარებით. სიამაყით გვინდა გაგიზიაროთ ცნობილი გლობალური ბრენდების სახელები, როგორებიცაა PINKO, DKNY, Wolford, Patricia Pepe და მრავალი სხვა. ეს თბილისისთვის მოდის სამყაროში მოგზაურობის შესანიშნავი დასაწყისი უნდა იყოს. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ ვეხმარებით პირდაპირ თუ ირიბად მოდის ინდუსტრიის აყვავებას და მის ზრდას ყველა ამ ახალი ბრენდის მოზიდვითა და შუამავლობით.
TORG კურირებს რეკრუტინგის პროცესს, მარკეტინგს და PR-ს გლობალური და ადგილობრივი ბაზრისთვის. მათ უკვე მოამზადეს მარკეტინგის მოცულობითი ბიუჯეტი. ასობით ათასი დოლარის წლიური მარკეტინგის ხარჯები უპრეცედენტოა ჩვენი რეგიონის სავაჭრო ცენტრებისთვის. ჩვენ მოველით, რომ Outlet Village მოიზიდავს 7 მილიონზე მეტ ვიზიტორს პირველი სამი წლის განმავლობაში.
მარკეტინგული სტრატეგია შემუშავდა შემდეგი მიზნის ირგვლივ − Outlet VIllage უნდა გახდეს დასასვენებელი, გასართობი და სავაჭრო ადგილი, რომელიც შესთავაზებს უამრავ ისეთ სერვისს, რომლებიც არ არის ხელმისაწვდომი სხვა სავაჭრო ცენტრებში, მაგალითად, როგორიცაა სპეციალური ტურები, ავტობუსების ტურები, VIP-შოპინგი და ა.შ. ონლაინ გაყიდვების პლატფორმა ამჟამად სამუშაო პროცესშია და ჩაეშვება მას შემდეგ, რაც ცენტრი გაიხსნება ვიზიტორებისთვის.
როგორ ფიქრობთ, რა არის აუთლეტ-ვილიჯების პოპულარობის მიზეზი?
მსოფლიოში აუთლეტ-ვილიჯები რა თქმა უნდა, უფრო ტრენდული ხდება და ამის დამადასტურებელი სტატისტიკაც არსებობს. ACROSS – European Placemaking Magazine − რომელიც შოპინგზე, მაღაზიებსა და უძრავ ქონებაზე წერს, ადასტურებს მაღაზიების შემოსავლის ზრდას 30%-70%-ით და, ზოგიერთ შემთხვევაში, გაორმაგებასაც კი მთელ მსოფლიოში. საინტერესო ფენომენია, რომ ბევრმა ბრენდმა, რომლებსაც აქამდე არ ჰქონდათ აუთლეტ-მაღაზია, აქტიურად დაიწყეს მუშაობა კოლექციების შექმნაზე სპეციალურად აუთლეტ-მაღაზიებისთვის. აღმოჩნდა, რომ ეს ბიზნესი საკმაოდ მომგებიანია.
თანამედროვე დიზაინითა და ინფრასტრუქტურით თბილისის Outlet Village-ის სტრატეგიული მდებარეობა იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა, როგორც ახალი ბაზარი რეგიონში საერთაშორისო ბრენდებისთვის, რომ ისინი დაგვთანხმდნენ მაღაზიების გახსნაზე პირდაპირ აუთლეტში. ეს დიდი იშვიათობაა, როცა ბრენდი ქვეყანაში ოფიციალური წარმომადგენლის გარეშე შემოდის. ჩვენ უკვე ხუთ ასეთ ბრენდთან გვაქვს შეთანხმება და პირდაპირ აუთლეტ-ვილიჯში შევთავაზებთ მომხმარებელს სეზონურ კოლექციებს, ხოლო ზოგიერთი ჯერ კიდევ ფიქრობს ფილიალის გახსნაზე.
რას უნდა ველოდოთ თბილისი აუთლეტ-ვილიჯში და როგორ შეიცვლება სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია?
გამოკითხვამ, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ ACT-ის, გლობალური კვლევითი და საკონსულტაციო კომპანიის დახმარებით, მოგვცა ღირებული ინფორმაცია საქართველოში ყველაზე სასურველი ბრენდების შესახებ. შეგროვდა მომხმარებელთა გამოხმაურება ტოპ-5, 10 და 20 ყველაზე მოთხოვნად ბრენდზე 11 კატეგორიაში: ლაქშერი, ქალები, მამაკაცები, ბავშვები, უნისექსი, აქსესუარები, ფეხსაცმელი და ა.შ. ეს ინფორმაცია დაგვეხმარა ჩვენი ბრენდების ლიზინგის სტრატეგიის შემუშავებაში.
ყველა ბრენდს აქვს ინდივიდუალური მოთხოვნები მაღაზიის ფართთან და განლაგებასთან დაკავშირებით შესაბამისი გარემოს შესაქმნელად. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა ბრენდთან და მათ ადგილობრივ პარტნიორებთან, რათა მოვარგოთ ადგილმდებარეობა და დიზაინი მათ მოთხოვნებს. ყველა დეტალი, როგორიცაა სამშენებლო სამუშაოები, ავეჯი და ა.შ., შეთანხმებულია, რათა ხელი შეუწყოს ბრენდის სწორ პოზიციონირებას ბაზარზე.
ამ აუთლეტში ჩვენ არ ვსაუბრობთ გასაყიდ მორჩენილ მარაგზე, არამედ სპეციალურად წარმოებულ კოლექციებზე ვილიჯებისთვის. ტანსაცმელზე გლობალური მარაგიდან და აუცილებლად უმაღლესი ხარისხის პროდუქციაზე.
ბრენდის ლიზინგის კონტრაქტები ზღუდავს ბრენდებს, რომ მხოლოდ მათი ადგილობრივი მაღაზიის ნარჩენი კოლექციების 20% გაყიდონ აუთლეტ-ვილიჯში. დარჩენილი პროდუქცია უნდა იყოს მიღებული მაღაზიათა გლობალური ქსელიდან, რათა უზრუნველყონ ფართო არჩევანი ზომაში, დიზაინსა და სეზონურ კოლექციებში. ბრენდებმა უნდა შესთავაზონ მუდმივი სიახლეები და ახალი, საინტერესო კოლექციები საკუთარ მოდის მოყვარულ კლიენტებს.
გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ველით ჩვენ ირგვლივ არეალის შემდგომ განვითარებას − სასტუმროებს, რესტორნებს, ინფრასტრუქტურას... ჩვენ შესაძლოა არ ვიყოთ უშუალოდ ჩართული, მაგრამ გვჯერა, რომ Outlet Village ნამდვილად ხელს შეუწყობს ამ პროცესს.
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამო მსგავსი კონცეფციის სავაჭრო ცენტრები მსოფლიოში უფრო მიმზიდველი ხდება ვიზიტორებისთვის − განსაკუთრებით Covid-19-ის შემდეგ. ერთი მიზეზი არის მაღაზიებში სიარულის სურვილი. მაღაზიები ახლა პროდუქციის უფრო ფართო არჩევანს და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობენ კლიენტებს. ასევე, ბოლო კვლევებზე დაყრდნობით პანდემიის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ადამიანები უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს გარე სივრცეებში და ღია სავაჭრო ობიექტებში.
თბილისის Outlet Village სტრატეგიულად არის განლაგებული და გათვლილია, რომ უნდა მოემსახუროს სომხეთს, აზერბაიჯანს, უცხოელ სტუმრებს და, რა თქმა უნდა, ქართველ მომხმარებლებს. ეს იყო აუცილებელი პირობა TORG-ისთვის ამ პროექტში საინვესტიციოდ. Outlet Village გახდება საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის, შოპინგისთვის და გართობისთვის თბილისიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალზე.
თბილისის Outlet Village იქნება საქართველოს აუთვისებელი პოტენციალის გამოყენების შესანიშნავი მაგალითი და უკვე გახსნილ, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მაღაზიებთან ერთად, ჩვენს დედაქალაქს შოპინგის სასურველ დანიშნულების ადგილად აქცევს.