Neuralink-ის ტვინის პირველმა ჩიპმა სათანადოდ ვერ იმუშავა - რა ხარვეზი აღმოაჩნდა ტექნოლოგიას?
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ილონ მასკის Neuralink-მა განაცხადა, რომ ტვინის იმპლანტის ნაწილი, რომელიც ისტორიაში პირველად ადამიანის ტვინში მოათავსეს, გაუმართავი იყო. ჩიპი მუშაობს, თუმცა მისი ზოგიერთი ძაფის თავის ტვინთან კავშირი გაწყდა. ეს კი მის ეფექტიანობას ამცირებს.
Neuralink-მა შექმნა ტვინის კომპიუტერის ინტერფეისი, ან BCI (brain-computer interface-ი), რომელიც საბოლოოდ დაეხმარება პარალიზებულ პაციენტებს, მხოლოდ გონების გამოყენებით აკონტროლონ გარე ტექნოლოგია. კომპანიის სისტემა, სახელად Link-ი, აღრიცხავს ნერვულ სიგნალებს 1 024 ელექტროდის გამოყენებით 64 "ძაფზე", რომლებიც უფრო თხელია, ვიდრე ადამიანის თმა, ნათქვამია მათ ვებსაიტზე.
იანვარში Neuralink-მა მოწყობილობა ჩაუნერგა 29 წლის პაციენტს, სახელად ნოლანდ არბაუს - ეს ჩიპის ადამიანის ტვინზე გამოცდის პირველი შემთხვევაა. მარტში, როცა პაციენტი BCI-ს იყენებდა, კომპანიამ ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადასცა, ხოლო აპრილის ბლოგპოსტში თქვა, რომ ოპერაციამ "ძალიან კარგად" ჩაიარა.
თუმცა მაისში გავრცელდა ცნობები ზოგიერთი ძაფის თავის ტვინთან კავშირის დაკარგვის შესახებ. Neuralink-ში არ აკონკრეტებენ, რა რაოდენობის ძაფებზეა საუბარი.
მიუხედავად ამისა, არბაუ BCI-ს დღეში დაახლოებით 8 საათის განმავლობაში იყენებს, ხოლო შაბათ-კვირას ეს დრო 10 სთ-მდეც კი იზრდება. პაციენტი ამბობს, რომ Link-ის გამოყენება ფუფუნებაა, რადგან ეხმარება სამყაროსთან დაკავშირებაში.
Neuralink-ი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ტექნოლოგიას იკვლევს - ამ მიმართულებით მეცნიერები დეკადებია, მუშაობენ.