Join our Waitlist for Expert Advice!

პირველი ქართული კრიპტოგადახდების კომპანია CityPay.io გლობალურ ბაზარს შეუერთდა

By ელენე ლომსაძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი უკვე დიდი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე განხილვის საგანია და საკმაო პოპულარობითაც სარგებლობს. ნელ-ნელა კრიპტოვალუტების მფლობელებს გაუჩნდათ მოთხოვნა, საკუთარი ფინანსური აქტივისთვის ფართო გამოყენება ჰქონოდათ. გარდა ამისა, ციფრული ვალუტის მფლობელთა რაოდენობის ზრდამ, ბიზნესებში კრიპტოვალუტების სანაცვლოდ პროდუქტების გაყიდვის საჭიროებაც გააჩინა.

ეს პოტენციალი CityPay.io-ს დამფუძნებლებმა − ბექა ქემერტელიძემ და ერალფ ჰატიპოღლუმ 3 წლის წინ დაინახეს და ბიზნესისთვის კრიპტოგადახდების მისაღებად რეგიონში პირველი და უნიკალური პლატფორმა შექმნეს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან აქტიურად ფუნქციონირებს და სხვადასხვა სფეროს რამდენიმე წამყვან ბიზნესთან თანამშრომლობს.

CityPay.io-ს მეშვეობით დღეს უკვე ბიტკოინით ან სხვა კრიპტოვალუტებით ყოველდღიურად სხვადასხვა პროდუქტის, სერვისის შეძენა შეგვიძლია. მისი მიზანია, ადგილობრივი თუ საერთაშორისო გადახდის პროცესი მარტივი, სწრაფი და დაცული იყოს, როგორც ბიზნესისთვის, ასევე მისი მომხმარებლებისთვისაც. პლატფორმის ერთ-ერთი უპირატესობაა ის, რომ გადახდა ნებისმიერი კრიპტოვალუტის მეშვეობით, ნებისმიერი კრიპტო ელ.საფულითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, მის სისტემაში გაცვლის რამდენიმე პლატფორმაა ინტეგრირებული, ეს კი საშუალებას გვაძლევს, პროდუქტის შეძენისას გადახდილი თანხის კონვერტაცია საუკეთესო კურსით მოხდეს.

სულ ახლახან CityPay.io-მ წარმატებით დახურა Seed საინვესტიციო რაუნდი, რომლის განმავლობაშიც არაერთი მოლაპარაკება წარიმართა.

"გვიხარია, რომ ინვესტიცია მივიღეთ ისეთი კომპანიებისგან, რომელთაგან თითოეულის წვლილი ჩვენი კომპანიისთვის უნიკალური და ბევრად მეტია, ვიდრე ფინანსური მხარდაჭერა. მათთან რეგიონული თანამშრომლობით დიდი ასპარეზი და შესაძლებლობა გაგვეხსნა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით დეტალების გაჟღერება არ შეგვიძლია, თუმცა ჩვენ გულშემატკივრებს მალე შევატყობინებთ ამ სიახლეს", განმარტავს ერალფ ჰატიპოღლუ, კომპანიის თანადამფუძნებელი და CEO Entrepreneur-თან საუბრისას.

პარტნიორობა უმსხვილეს კრიპტოკომპანიებთან

CityPay.io-მ სულ ცოტა ხნის წინ დააანონსა მსოფლიოს წამყვან ბირჟა Binance-თან პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც, Binance-ის მომხმარებლებს საშუალება მიეცათ Binance Pay-თა და CityPay.io-ს საშუალებით განახორციელონ გადახდები 1,000-მდე ლოკაციაზე.

CityPay.io 2 წელზე მეტია, რაც წარმატებით ემსახურება ბიზნესებს კრიპტოგადახდების კუთხით, მან განვითარების საკმაოდ საინტერესო გზა განვლო. Entrepreneur-ს სურს გიამბოთ, როგორ მოახერხა CityPay.io-ს პროფესიონალთა გუნდმა კრიპტოვალუტით ტრანზაქციები ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად გარდაექმნა.

2023 წლის დასაწყისში CityPay.io-მ პარტნიორობა მსოფლიოში წამყვან, უმსხვილეს კრიპტოკომპანიებთან − Binance, Gate.io და Tether-თან გააფორმა. აღნიშნულმა თანამშრომლობამ გლობალურ ბაზარზე უდიდესი გამოხმაურება გამოიწვია და ქართული სტარტაპი 500-ზე მეტ საერთაშორისო მედიაში გამოჩნდა, ხოლო ფართომასშტაბიანმა გამოხმაურებამ საქართველო გლობალურ კრიპტორუკაზე მონიშნა.

უმსხვილეს კომპანიებთან პარტნიორობამ ქართულ კომპანიას მისცა მეტი არეალი, მსოფლიო ბაზარზე მუშაობის მეტი გამოცდილება, პოტენციური მომხმარებლების უფრო ფართო წრე და შესაძლებლობა, ძალიან მოკლე დროში განვითარების უდიდესი ნახტომი განეხორციელებინათ. ამ ეტაპზე, ბიზნესი მკვეთრი ზრდის პარალელურად მომსახურების ხარისხისა და პროდუქტის სტაბილური განვითარების პროცესის შენარჩუნებაზე ზრუნავს.

"ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც ხედავ როგორ მიდის პატარა სტარტაპი წინ და როგორ მხარდაჭერას იღებ მსოფლიოს წამყვანი დიდი კომპანიებისგან. ჩვენმა გუნდმა მოახერხა საერთაშორისო მომსახურების სტანდარტის დაკმაყოფილება და მიაღწია ისეთ შედეგებს, რომლებიც პოზიტიურ ცვლილებებს ახდენს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში", − ბექა ქემერტელიძე, CityPay.io, თანადამფუძნებელი.

როგორ აფასებენ კრიპტოსამყაროს წამყვანი კომპანიები CityPay.io-სთან თანამშრომლობას?

ბოლო პერიოდში კომპანიის საერთაშორისო პარტნიორების რიცხვს Tether და Bitfinex შეუერთდა, რის შედეგადაც გადახდა პირველი სტაბილური კრიპტოვალუტა USDt-ით გახდა შესაძლებელი. როგორც ისინი აანონსებენ, საკმაოდ საინტერესო და მასშტაბური ერთობლივი გეგმები აქვთ.

"მოხარულნი ვართ CityPay.io-სთან კოლაბორაციით, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი მისიისთვის, ყველასათვის უზრუნველვყოთ USDt-ის გადახდების სწრაფი, უსაფრთო და ხარჯეფექტიანი გამოყენება. ჩვენ, როგორც კომპანიას, რომლის მოწოდებაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით საზოგადოებისთვის ფინანსური თავისუფლების უზრუნველყოფა, გვჯერა, რომ ისეთ სტარტაპთან კოლაბორაცია, როგორიც CityPay.io-ა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია დასახული მიზნების მისაღწევად. ეს თანამშრომლობა ასახავს მნიშვნელოვან ეტაპს ჩვენს მოგზაურობაში და აღფრთოვანებული ვართ, მომდევნო თვეების განმავლობაში აღმოვაჩინოთ ახალი გზები, თუ როგორ არის შესაძლებელი USDt-გადახდების ინტეგრირება ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში", − აღნიშნავს პაოლო არდოინო, Tether & Bitfinex-ის ტექნიკური დირექტორი.

"Binance-ში ფულის თავისუფლების გვჯერა. CityPay.io-სთან თანამშრომლობამ არა მხოლოდ გაზარდა კრიპტოინდუსტრიის ცნობიერება რეგიონში, არამედ მომხმარებლებს მეტი დაცულობა და ეფექტიანი გადახდის სისტემა შესთავაზა. აღფრთოვანებულები ვართ CityPay.io-სთან მუშაობით და ერთად განვაგრძობთ კრიპტოვალუტის დანერგვის სტიმულირებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით", − აღნიშნავს იური გალიჩენკო, Binance Pay-ისა და ბარათების ბიზნესის განვითარების მენეჯერი.

"Gate.io, პლატფორმა Gate Pay-ს გამოყენებით, კრიპტოვალუტის სფეროში რევოლუციას ახდენს, რაც მათ 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სრულად აითვისონ Web 3.0-ის ცხოვრების წესი და თავისუფლად გამოიყენონ კრიპტოვალუტა ყოველდღიური საყიდლებისთვის.

მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ CityPay.io-სთან, კრიპტოგადახდების უახლეს სტარტაპთან, რომელიც უზრუნველყოფს კრიპტოგადახდის უწყვეტ სერვისს ასობით ყოველდღიური სცენარისთვის, მათ შორის: სასტუმროების დაჯავშნა, სუპერმარკეტებში ვაჭრობა, საკვებ ობიექტებში გადახდა და სხვა. აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ადგილობრივ მოსახლებასა და საქართველოს ბაზარზე არსებულ სავაჭრო ობიექტებს. დარწმუნებული ვართ, CityPay.io სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს Gate Pay-ის გაფართოებასა და მისი ზრდის მხარდაჭერაში ევროპულ ბაზარზე", − აცხადებს ფენგ ჟო, Gate.io-ის კრიპტოგადახდების სერვისის ხელმძღვანელი.

ვინ ქმნის წარმატებას CityPay.io-ში?

ერალფ ჰატიპოღლუ CityPay.io-ს თანადამფუძნებელი

ერალფ ჰატიპოღლუ CityPay.io-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელსაც მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით 10-წლიანი გამოცდილება აქვს. მან 2016 წელს საქართველოში ერთ-ერთი პირველი მაინინგ-ცენტრი დააარსა. დღეს ერალფი CityPay.io-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია, იგი აქტიურადაა ჩართული პოტენციურ თუ არსებულ საერთაშორისო პარტნიორებთან და კლიენტებთან კომუნიკაციაში.

ერალფის თქმით, სტარტაპი შექმნისთანავე აქტიურად თანამშრომლობდა კრიპტოვალუტის მფლობელებთან, იმ დროდან, როცა მისი გამოყენება ძირითადად ფინანსური ინვესტიციების კუთხით ხდებოდა. მოგვიანებით დამფუძნებლებმა დაინახეს ფინანსური აქტივის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების საჭიროება და შეიქმნა პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ბიზნესს გადახდების მიღება, ხოლო კრიპტომფლობელებს გადახდების განხორციელება შეუძლიათ.

"დაარსებიდან დღემდე ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოგვიწია. პროდუქტმაც განვითარების დიდი და ხანგრძლივი გზა განვლო, რათა ბიზნესის რეალური საჭიროებები დაგვეკმაყოფილებინა. აქტიურად ვუსმენდით კრიპტოგადამხდელების უკუკავშირს და საბოლოოდ შევქმენით რეგიონში პირველი და წარმატებული სისტემა, რომელმაც სამიზნე აუდიტორიისგან დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. ჩვენ დღემდე ვზრუნავთ განვითარებაზე, რათა პლატფორმა კიდევ უფრო მეტად გამოყენებადი გავხადოთ", აღნიშნავს ერალფ ჰატიპოღლუ.

CityPay.io-მ სტარტაპის პირველი ნაბიჯები ადგილობრივ ბაზარზე გადადგა და დღეს უკვე სრულყოფილი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზეც აქტიურად ოპერირებს. გლობალური მასშტაბის პარტნიორებმა კომპანიას სხვადასხვა ქვეყნიდან მეტი ცნობადობა, სანდოობა და მხარდაჭერა მოუტანა, განსაკუთრებით კი ბოლო კვარტალში.

რაც შეეხება ცალკეულ ბიზნესებს, CityPay.io თავიანთ სექტორში მოწინავე კომპანიებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Wendy's Georgia, "8000 მოსავალი", "სილქ ჰოსფითალითის" მმართველობაში შემავალი სასტუმროები: "რადისონ ქოლექშენი", "წინანდლის მამული", სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერია"; სუპერმარკეტების ქსელი Fresco; სასტუმრო Episode Hotels და სხვა.

ერალფის თქმით, ამ დროისთვის CityPay.io-ს ყველაზე დიდი მიღწევა კრიპტოვალუტის ყოველდღიური მოხმარების აქტივად გარდაქმნაა. დღეს CityPay.io-ს ონლაინგადახდების არხისა თუ ადგილზე განთავსებული კრიპტო POS-ტერმინალების საშუალებით თითქმის ყველა სახის პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენაა შესაძლებელი. კომპანიის თანადამფუძნებლის თქმით, მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენენ ასევე ის გუნდი და პარტნიორები, რომლებიც ერთი იდეის გარშემო უდიდესი მოტივაციით გაერთიანდნენ და ქმნიან პოზიტიურ ცვლილებებს ადამიანების ცხოვრებაში.

"სტარტაპის არსებობის გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა, სადაც მნიშვნელოვანი იყო არ დაგვეკარგა რწმენა, მოტივაცია და ახალი შესაძლებლობების ძიების სურვილი, რასაც თანადამფუძნებლებმა, ვფიქრობ, წარმატებით გავართვით თავი და ყველა დაბრკოლება შესაძლებლობად ვაქციეთ. 2 წლის შემდეგ, 26-კაციან გუნდთან, 1000-მდე პარტნიორ ბიზნესთან და ათობით საეთაშორისო მხარდამჭერთან ერთად ვქმნით რეალურ ღირებულებას ადამიანებისა და ბიზნესების ყოველდღიურობაში", − განმარტავს ერალფ ჰატიპოღლუ.

ქეთი ქარსელაძე მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი

ქეთი ქარსელაძე CityPay.io-ს ადგილობრივ და საერთაშორისო მარკეტინგულ სტრატეგიებზე მუშაობს, რომელსაც ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისმა უსაზღვრო ინტერესმა ციფრული სამყაროს შესაძლებლობებისა და დეცენტრალიზებული ფინანსური ბაზრის მიმართ განაპირობა ის, რომ იგი დღეს CityPay.io-ს გუნდის წევრია, რომელსაც დაარსების დღიდან შეუერთდა.

მარკეტინგული აქტივობები და საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია სტარტაპის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ქეთის თქმით, ბრენდისა და კრიპტოსამყაროს ცნობადობის, სანდოობის ზრდა ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. CityPay.io-ს მთავარი ამოცანა სანდოობის შექმნა გახლდათ კრიპტოვალუტის, როგორც გადახდის საშუალების მიმართ, რაც წარმატებით შეძლეს და არაერთი მხარდაჭერა მოიპოვეს ქართულ თუ უცხოურ ბაზარზე არსებული კომპანიებისა და პარტნიორებისგან.

"პროდუქტის წარდგენისას ძალიან დიდი რესურსი დავხარჯეთ კრიპტოსთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებასა და ჩვენ მიმართ სანდოობის დამკვიდრებაში. ვფიქრობ, ამ ძალისხმევის და გლობალური პროგრესის შედეგი ჩვენთანაც აისახა და ამ ორი წლის განმავლობაში საშუალოდ 10-ჯერ გაიზარდა კრიპტოგადახდების ინტეგრაციის მსურველი ბიზნესების ყოველთვიური რაოდენობა, ხოლო კრიპტომფლობელთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა. მკვეთრად იზრდება ასევე კრიპტოგადახდებზე მოთხოვნა, რასაც მათ ყოველდღიური ცხოვრების სტილში წარმატებით ვამკვიდრებთ", განმარტავს ქეთი ქარსელაძე.

მარკეტინგის გუნდი

ახალ პარტნიორებთან ერთად კომპანიის ცნობადობა მკვეთრად გაიზარდა. ბოლო კვარტალში დაახლოებით 500-ზე მეტმა ადგილობრივმა და საერთაშორისო მედიაარხმა გამოხატა ინტერესი და გააშუქა კომპანიის სიახლეები. მათ შორის ისეთმა გლობალურმა საინფორმაციო არხებმა, როგორებიცაა: U today, newsBTC, Cointelegraph, yahoo! finance, Marketwatch, KTLA (los angeles, usa), PR newswire, Benzinga (usa, canada), Coinscreed. გარდა ამისა, პირად twitter-ზე კომპანიას აქტიურად უჭერდა მხარს Binance-ის CEO, Changpeng Zhao (CZ), რამაც ასევე გლობალური გამოხმაურება და ინტერესი გამოიწვია კომპანიის მიმართ.

CityPay.io საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში, მათ შორის გამოცდილების გაზიარების კუთხითაც. ხშირი შეხვედრები ტარდება სტუდენტებთან. გარდა ამისა, პარტნიორებთან ერთად იგეგმება საავტორო საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, რომლის მიზანი კრიპტოსა და ბლოკჩეინის შესახებ ცნობიერების ზრდა იქნება, რათა ის, რაც აქამდე მომავლის თემად აღიქმებოდა, მეტად ხელშესახები გახდეს საზოგადოებისთვის. კომპანიას კიდევ არაერთი შორს მიმავალი გეგმა აქვს.

"ჩვენი სამომავლო გეგმა მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის კრიპტომფლობელთა ძლიერი community-ის შექმნა და მათთან აქტიური კომუნიკაციის დამყარებაა. მეორე კი რეგიონულ ბაზარზე ბრენდის პოზიციონირება და ბაზრის ათვისებახლავთ. მუშაობა ორივე მიმართულებაზე დაწყებული გვაქვს და მალე კიდევ უფრო დიდი მასშტაბის პროექტებს შემოგთავაზებთ", − განმარტავს ქეთი ქარსელაძე.

თამთა დავითაშვილი Product Owner-ი

თამთა დავითაშვილი CityPay.io-ს გუნდს Product Owner-ად მაშინ შეუერთდა, როდესაც არამხოლოდ საქართველოში, არამედ − მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კრიპტო ვალუტების შესახებ ცოტამ თუ იცოდა. იმ პერიოდისთვის თამთას კრიპტო სამყაროს შესახებ საბაზისო ცოდნა ჰქონდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ CityPay.io-ის დამფუძნებლებთან ერთად სხვა პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, დიდი ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით შეეჭიდა სრულიად ახალ სფეროს

"CityPay.io სულ რამდენიმე მეგობრის ურთიერთთანამშრომლობით შეიქმნა. თავიდანვე გავერთიანდით ის ადამიანები, რომლებსაც გვჯეროდა იდეის, გვჯეროდა კრიპტოგადახდების მომავლისა და თანამედროვე ტექნოლოგიების. განვითარების გზაზე სწორედ ის ადამიანები შემოუერთდნენ გუნდს, რომლებსაც ისეთივე რწმენა და ინტერესი ჰქონდათ კრიპტოსამყაროს მიმართ. როდესაც ამ გუნდის წევრი ვხდებოდი, ზუსტად ვიცოდი, რომ ამ ხალხთან ერთად სტარტაპზე მუშაობა ერთი დიდი თავგადასავალი იქნებოდა", − აღნიშნავს თამთა დავითაშვილი.

CityPay.io რეგიონში პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი კრიპტოგადახდების პროვაიდერია. კომპანია ბიზნესებს აძლევს საშუალებას, მიიღონ კრიპტოგადახდები თავიანთი მომხმარებლებისგან, მიღებულ კრიპტოს კი სურვილისამებრ უკონვერტირებენ ტრადიციულ ვალუტაზე (ლარზე).

პროდუქტის განვითარების გუნდი

გარდა ამისა, Entrepreneur-თან საუბარში CityPay.io-ს Product Owner-ი აღნიშნავს, რომ კომპანიას სტაბილური კრიპტოვალუტა − USDt დაემატა, რომელსაც მოუთმენლად ელოდებოდნენ როგორც მერჩანტები, ისე კრიპტოგადამხდელები. ამასთანავე, CityPay.io ემსახურება უკვე არა მხოლოდ ბიზნესებს, არამედ ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც მარტივად, ბარათის საშუალებით შეუძლია შეიძინოს სასურველი კრიპტოვალუტა.

რას ნიშნავს იყო Product Owner-ი CityPay.io-ში და რა როლი აკისრია მას აღნიშნული ბიზნესის განვითარებისთვის? მომხმარებლებთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად, თამთა, როგორც Product Owner-ი, ცდილობს, მუდმივად დახვეწოს კომპანიის პროდუქტი, სერვისები და შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაზარდოს მომხმარებელთა კმაყოფილების დონეც. პროდუქტის განვითარებისთვის სწორი მიმართულების მიცემა კი პირდაპირპროპორციულად აისახება ბიზნესის მომგებიანობაზე. შედეგად, აღნიშნული ბიზნესი დროულად პასუხობს ბაზარზე არსებულ საჭიროებებს და ინარჩუნებს პირველობას რეგიონში კრიპტოგადახდების პოპულარიზაციის საკითხებში.

"სტარტაპგარემოში მუდმივად გიწევს სხვადასხვა როლის მორგება, რაც ძალიან საპასუხისმგებლო და ამავდროულად, უზომოდ საინტერესოა. მიხარია, რომ დეველოპმენტ-გუნდის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი მაქვს შეტანილი როგორც რეკრუტინგში, ასევე შემდგომ განვითარებასა და მართვაში. სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა იმ პროდუქტისა და ტექნოლოგიის შექმნა, რომელსაც, დღესდღეობით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ − მის ფარგლებს გარეთაც ძალიან ბევრ ქვეყანაში იყენებენ. ერთი იდეისა და იდეოლოგიის ირგვლივ გაერთიანებული CityPay.io-ს გუნდი დიდი წარმატებით ახერხებს კრიპტოგადახდების პოპულარიზაციას. ვფიქრობ, სწორედ CityPay.io-ს გუნდის დამსახურებაა, რომ დღეს უკვე ბევრი ბიზნესი ადაპტირდა კრიპტოგადახდებთან", − განმარტავს თამთა დავითაშვილი.

მარიამ ხიზანიშვილი − პარტნიორებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი

ბაზარზე გასვლის დღიდან CityPay.io დიდ ყურადღებას ანიჭებს პარტნიორებთან ურთიერთობას. კომპანიის თითოეული გადაწყვეტილება ეყრდნობა პარტნიორი ბიზნესებისა და მომხმარებლების უკუკავშირს, შესაბამისად, ეს მიდგომა განვითარების უწყვეტ შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამ მიმართულებას ხელმძღვანელობს CityPay.io-ს კიდევ ერთი გუნდის წევრი − მარიამ ხიზანიშვილი, რომელსაც 1,000-მდე პარტნიორ ბიზნესთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს და თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურ მიდგომას ამჯობინებს.

გაყიდვების გუნდი

"დღეს CityPay.io უამრავ ბიზნესს ემსახურება წარმატებით ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულ ჩვენს პარტნიორთან გვქონდეს ინდივიდუალური მიდგომა და ვცდილობთ, ნებისმიერ მასშტაბზე ეს სტრატეგია შევინარჩუნოთ. ვგეგმავთ ინდივიდუალურ კამპანიებს ჩვენს თითოეულ პარტნიორ კომპანიასთან ერთად და ვითვალისწინებთ მათ საჭიროებებს ნებისმიერ აქტივობაში, რასაც მათთან ერთად ვახორციელებთ. ვფიქრობ, ინდივიდუალური მიდგომა და სწრაფი რეაგირება მათ ნებისმიერ საჭიროებაზე ის მთავარი კომპონენტია, რაც ჩვენ ბიზნესების სანდო და საიმედო პარტნიორად გვაყალიბებს", − განმარტავს მარიამ ხიზანიშვილი.

გაიცანით გუნდის დანარჩენი წევრები:

კომპანიის სამომავლო გეგმები

ამჟამად CityPay.io-ს 1,000-მდე პარტნიორი კომპანია ჰყავს, რომელიც ორიენტირებულია შექმნას კომფორტული გარემო ასიათასობით კრიპტომომხმარებლისთვის. გუნდის მიზანია, მაქსიმალურად გაამარტივოს და დანერგოს კრიპტომომსახურება CIS რეგიონში, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ფიატში გადაკონვერტირების გარეშე შეძლონ სასურველი პროდუქტითა და სერვისით სარგებლობა.

CityPay.io უფრო აქტიურად აგრძელებს სტარტაპის განვითარებას და გლობალურ მასშტაბზე გასვლას. წელს ისინი უფრო მეტ პროექტს გეგმავენ, რომლებიც კრიპტოგადახდების ეკოსისტემას CIS რეგიონში ყოველდღიური ცხოვრების სტილად აქცევს − პარტნიორ ბიზნესებთან ერთად სხვადასხვა სფეროს შემოერთებით კი კრიპტოგადახდების არეალის გაფართოებას აპირებენ.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს