პლატფორმა თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებლად – გაიცანით 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის მონაწილე სტარტაპი Perkskit
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა 500 Georgia უკვე მეხუთე ნაკადს მასპინძლობს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 5 ქვეყნის 10 გამორჩეული ბიზნესი შეირჩა, რომელთაგან ერთ-ერთი Perkskit-ია – აზერბაიჯანული კომპანია, რომელიც ადამიანური რესურსების მიმართულებით მუშაობს და ზრუნავს დასაქმებულთა ბენეფიტების გაუმჯობესებაზე.
სტარტაპის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებას წამახალისებელი ბიუჯეტის მათი საჭიროებების მიხედვით განაწილების შედეგად. Perkskit-ის საქმიანობის შესახებ უფრო დეტალურად მის თანადამფუძნებელს, ფარიდ აღმალიოღლუს გავესაუბრეთ.
როგორ შეიქმნა Perkskit-ი?
დაკვირვების შედეგად, მივხვდით, რომ თანამშრომლებსა და კომპანიებს შორის კავშირი არასათანადოა. ამას ემატება ისიც, რომ დაქირავებულებისთვის შეთავაზებული ბენეფიტების პაკეტი თითქმის ყოველთვის ძალიან ბანალური და უბრალოა. ამ სფეროში კი ერთი შეთავაზების განურჩევლად ყველაზე მორგების მეთოდი არ მუშაობს.
მეორე მხრივ, HR დეპარტამენტები და ორგანიზაციები თანამშრომელთა ბენეფიტების მენეჯმენტისას მთელ რიგ პრობლემებს აწყდებიან. უწევთ გაუმკლავდნენ კომპლექსურ საკითხებსა და სხვადასხვა სახის შეუთავსებლობას – ამიტომ, სამართავად უფრო ადვილად გამოსაყენებელი და ეფექტური პლატფორმის საჭიროება უდავოა. როცა ეს გავიაზრეთ, გადავწყვიტეთ ბენეფიტები მეტად ხელმისაწვდომი გაგვეხადა და ამ საქმეს ენთუზიაზმით მივუდექით – მიზნად დავისახეთ პროცესში დასაქმებულისა და დამსაქმებლის თანაბრად ჩართვა. ასე გაჩნდა Perkskit-ის ჩაშვების იდეა.
რა გამოარჩევს Perkskit-ს და რას სთავაზობს ის პოტენციურ მომხმარებლებს?
Perkskit-ის უნიკალურობას რამდენიმე თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი განსაზღვრავს: პირველ რიგში – საჭიროება. მივხვდით, რომ ყოვლისმომცველ, იოლად გამოსაყენებელ პლატფორმაზე მოთხოვნა გაჩნდა, რომელიც ბენეფიტებს თანამშრომლებს მოარგებდა. ვფიქრობთ, ჩვენი პროდუქტის ხიბლი მის ინოვაციურობაშიცაა, Perkskit უახლეს ტექნოლოგიებს იყენებს – ნერგავს ავტომატური მენეჯმენტისა და თვითმომსახურების პრაქტიკას. გარდა ამისა, Perkskit-ის იოლი დიზაინი მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, პლატფორმაზე ქმედებები ინტუიტურად შეასრულონ და პროცესში მაქსიმალურად ადვილად ჩაერთონ. გვაქვს Perkskit-ის საბანკო ბარათიც, რაც ბენეფიტების მიღებას უფრო მოსახერხებელს ხდის. გვჯერა, რომ თანამშრომელთა წახალისებისა და უფრო მეტი სარგებლის მიღების სისტემის დახვეწა მათ კმაყოფილს დატოვებს და ორგანიზაციის წარმატებაზე მნიშვნელოვნად და დადებითად იმოქმედებს. თუმცა, ალბათ სხვა ჩამოთვლილთან ერთად, Perkskit -ის მთავარი უპირატესობა მისი ადაპტაციის უნარია, რაც კომპანიებს აძლევს საშუალებას, ბენეფიტები საკუთარი ორგანიზაციის ღირებულებებისა და კულტურის მიხედვით განსაზღვრონ.
რატომ გადაწყვიტეთ 500 Georgia-ში მონაწილეობის მიღება?
500 Georgia-ში ჩართვამდე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით პროდუქტის განვითარების კუთხით, უკვე გვყავს B2B მომხმარებლებიც. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაშინვე გავიაზრეთ რა მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენთვის პროგრამაში ჩართვა – ის ბიზნესის სტრუქტურირებულ განვითარებაში დაგვეხმარებოდა. აპლიკაციის შევსებისკენ რამდენიმე ფაქტორმა გვიბიძგა, მათ შორის 500 Georgia-ს მენტორებთან ურთიერთობის, მათი ცოდნისა და პროფესიონალიზმისგან სწავლის შესაძლებლობამ. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა გვაძლევს შანსს მივწვდეთ პოტენციურ ინვესტორებს, რომლებიც Perkskit-ს ელვის სისწრაფით გაზრდაში დაეხმარებიან. ინვესტორებთან ერთად, პროგრამა სხვა სტარტაპერებთანაც გაკავშირებს, რაც მომავალი თანამშრომლობების საწინდარი შეიძლება გახდეს.
როგორ ფიქრობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი 500 Georgia-ში მონაწილეობა თქვენი სტარტაპისთვის?
500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის დასრულების შემდეგ, ვფიქრობთ რომ უკეთესი ბიზნეს-სტრატეგია გვექნება. იმედია, მოვიპოვებთ ინვესტიციებსაც, იმისთვის რომ გავაგრძელოთ განვითარება და სწრაფად ზრდა. ველით, რომ ბაზარზე უკეთ წარმოვჩინდებით და ჩვენი მომხმარებელთა ბაზაც გაიზრდება.
სამომავლოდ, ვგეგმავთ გავხდეთ მთავარი მოთამაშეები ბენეფიტების მართვის სფეროში და დამსაქმებლებს თანამშრომლებისთვის ბრწყინვალე სამუშაო გარემოს მოწყობაში დავეხმაროთ. ცხადად ვხედავთ პროდუქტის განვითარების გზას და დარწმუნებული ვართ, დასაქმებულთა ბენეფიტების მართვის პროცესებს უკეთესობისკენ შევცვლით.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის, GITA-ს და 500 Global-ის თანამშრომლობით, საქართველოში სტარტაპების გლობალური აქსელერაციის პროგრამა 500 Georgia-ს სახელით წელს უკვე მეხუთედ ხორციელდება. 12 კვირიანი, ინტენსიური პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტარტაპები საერთაშორისო დონის აქსელერაციის ექსპერტებთან ერთად მუშაობენ საკუთარი ბიზნესის სწრაფი ზრდის, განვითარებისა და ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავებაზე.