"ყველას აქვს იდეები, რომლებიც შესაძლოა რაიმე დიდის შექმნის წინაპირობა იყოს, ამიტომაა მნიშვნელოვანი მეწარმეობის სწავლება", - ლია გუბაშვილი, BTU-ს მეწარმეობის კურსის ლექტორი მივხვდი, რომ ჩემი დაგროვილი ცოდნით და გამოცდილებით შევძლებდი დავხმარებოდი ახალგაზრდა თაობას ეპოვნა საკუთარი საყვარელი საქმე და ამით ფინანსური კეთილდღეობაც შეექმნა", - ლია გუბაშვილი.
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მივხვდი, რომ ჩემი დაგროვილი ცოდნით და გამოცდილებით შევძლებდი დავხმარებოდი ახალგაზრდა თაობას, ეპოვა საკუთარი საყვარელი საქმე და ამით ფინანსური კეთილდღეობაც შეექმნა", − ლია გუბაშვილი.
ქვეყნის სწრაფი განვითარება ინოვაციებზე, რევოლუციურ იდეებსა და იმ ადამიანებზე დგას, რომლებიც არსებული პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას ხედავენ და რისკავენ, რათა მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ გარემო-პირობები. ეკონომიკური პროგრესის სტიმულაციისთვის კი უმნიშვნელოვანესია სამეწარმეო განათლება, რომელიც მრავალმხრივ ცოდნას მისცემს დამწყებ ანტრეპრენერებს და დაეხმარება მათ, საკუთარი ხედვით უკეთესობისკენ შეცვალონ სამყარო. ამ საქმეში უმნიშვნელოვანესი როლი მიუძღვით ლექტორებს − ადამიანებს, რომლებიც ეხმარებიან სტუდენტებს, გააცნონ ყველა ის ეტაპი, რაც ახალი ბიზნესის წამოწყებასთან არის დაკავშირებული. Entrepreneur პერიოდულად გაგაცნობთ მეწარმეობის კურსის ლექტორებს, რომლებიც სტუდენტებს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის მიხედვით ასწავლიან.
ლია გუბაშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მოწვეული ლექტორი და ვარშავის ეკონომიკის სკოლის დოქტორანტობის კანდიდატია. სადოქტორო თემაზე მუშაობის ფარგლებში ლია გახლდათ სასტიპენდიო პროგრამა PROM-ის მონაწილე, რომლის ფარგლებში ფუდანის უნივერსიტეტსა (ჩინეთი, 2019) და ავსტრალიის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (ავსტრალია, 2020) იმყოფებოდა, სადაც განსხვავებულ აკადემიურ ცხოვრებას გაეცნო. სხვადასხვა დროს მართავდა ლოკალურ და საერთაშორისო პროექტებს, ასევე იყო community manager-ი Massachusetts Institute of Technology (MIT)-ის პატრონაჟით განხორციელებულ აქსელერაციის პროგრამაში, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში MIT Enterprise Forum CEE სახელით იყო ცნობილი. ამასთან, ერთ-ერთ საერთაშორისო სამედიცინო სტარტაპში პოლონეთისა და კავკასიის რეგიონის რეგიონული მენეჯერის პოზიციას იკავებდა. დღეს კი, წლების განმავლობაში დაგროვილ გლობალურ გამოცდილებასა და ცოდნას BTU-ს სტუდენტებს, მეწარმეობის კურსის ფარგლებში, უზიარებს.
"მაგისტრატურაც პოლონეთში დავასრულე, პოზნანის ეკონომიკის სკოლაში, ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით. კონკრეტულად, ვსწავლობდი ვაჭრობისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე (Trade and Marketing) 2014-2016 წლებში.
ზოგადად, პირველსავე კურსიდან ვცდილობდი სწავლის პარალელურად მიმეღო მონაწილეობა სხვადასხვა სტუდენტურ აქტივობაში და მემუშავა, რადგან ვფიქრობ, კარგია როდესაც თეორიულ ცოდნას პრაქტიკა ავსებს. სხვადასხვა სფეროში მომიწია მუშაობა: სატელეკომუნიკაციო, მომსახურების, ტურიზმის თუ სამედიცინო სფეროები. ვმუშაობდი როგორც სტარტაპებში, ასევე ორგანიზაციებში, რომლებიც ეხმარებიან სტარტაპებს ფინანსურად თუ არაფინანსურად, რათა გახდნენ გლობალური ბაზრის მოთამაშეები. რასაც მალევე მივხვდი, იყო ის, რომ მაინტერესებდა ტექნოლოგიები და პატარა კომპანიებში მუშაობას ვანიჭებდი უპირატესობას, სადაც არ გაქვს განსაზღვრული კონკრეტული მიმართულება და ბევრი რამის გაკეთება გიწევს სხვადასხვა მიმართულებით. სწორედ ეს მეხმარებოდა განმესაზღვრა, რომელი მიმართულება მომწონდა ყველაზე მეტად. საბოლოოდ, პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით განვავითარე ჩემი ინტერესები", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ლია გუბაშვილი.
რამდენიმეწლიანი გამოცდილებისა და უამრავ საინტერესო ადამიანთან შეხვედრის შედეგად ლია გუბაშვილი მიხვდა, რომ ყველაზე მეტად ის კომპანიები აღწევენ წარმატებას, რომელთა ხელმძღვანელებსაც ჰქონდათ რწმენა იმისა, რასაც აკეთებდნენ და მათი საქმიანობის მთავარი მიზანი არ იყო მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღება. სწორედ ეს დაკვირვება გახდა ინსპირაცია ლიასთვის, საკუთარი თავი მეწარმეობის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ინდუსტრიაში გამოეცადა.
"თავიდანვე სტარტაპებში ვმუშაობდი, თუმცა მაშინ მათ მხოლოდ პატარა კომპანიებს უწოდებდნენ საქართველოში, რადგან მაშინ არ არსებობდა "სტარტაპის" დეფინიცია და არც არავინ იყენებდა კომპანიის აღმნიშვნელად. ალბათ, სტარტაპების ეკოსისტემაში მრავალწლიანი საქმიანობისთვის, ერთ-ერთი ყველაზე საბედისწერო იყო ჩემი პირველი ოფიციალური სამსახურის დაწყება პოლონეთში, როდესაც დოქტორანტურაზე ვსწავლობდი. მანამდე იყო სტაჟირებები, თუმცა სამსახური მაინც სხვა პასუხისმგებლობებთანაა დაკავშირებული. პოლონეთში პირველი სამსახური საკმაოდ მოულოდნელად დავიწყე, იმ ეტაპზე არ ვგეგმავდი მუშაობის დაწყებას, თუმცა შემომთავაზეს პოლონეთში საკმაოდ ცნობილ აქსელერატორში დამეწყო მუშაობა, community manager-ის პოზიციაზე. სწორედ აქედან იწყება სტარტაპებთან აქტიურ კომუნიკაციაში ჩართვა და თან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ სტარტაპ-ეკოსისტემის მოთამაშეებთან მიწევდა კომუნიკაცია, რითაც ბოლომდე მოვიხიბლე და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს ის სფეროა, სადაც მსურდა ყოფნა", − აცხადებს ლია გუბაშვილი.
საერთაშორისო კარიერის ფარგლებში, ლია გუბაშვილი უამრავი საინტერესო პროექტის ინიციატორი გახლდათ, თუმცა მათგან საქართველო-პოლონეთის ტექნოლოგიურ სამიტს გამოარჩევდა, რომელიც 2019 წელს გაიმართა. იმ დროისთვის მისი კომპანია არ განიხილავდა საქართველოში რაიმე პროექტის განხორციელებას ან ქართული სტარტაპებისთვის აქსელერატორში მონაწილეობის უფლების მიცემას, თუმცა საბოლოოდ, ლიას დიდი სურვილისა და მონდომების შედეგად, საქართველოსაც მიეცა შესაძლებლობა, ყოფილიყო აღნიშნული გლობალური ინიციატივის მონაწილე. შედეგად, დაიგეგმა პროექტი, რომლის ფარგლებში 15-მდე პოლონელი ინვესტორი ჩამოვიდა საქართველოში ქართული სტარტაპებისა და ეკოსისტემის გასაცნობად. 2-დღიანი ღონისძიების შედეგად, ინვესტორები საქართველოს ბაზრისა და სტარტაპ-ეკოსისტემის პოტენციალს გაეცნენ.
ამჟამად ლიას ძირითად საქმიანობას აკადემიური სფერო წარმოადგენს − რამდენიმე თვეა რაც გადაწყვიტა, საკუთარი დროითი რესურსი ლექციების კითხვისკენ მიმართოს და სტუდენტები აღჭურვოს ყველა იმ აუცილებელი უნარითა და ცოდნით, რაც საკუთარი სტარტაპის წამოწყებისთვისაა საჭირო.
"ბოლო ათწლეულია რაც შრომით ბაზარზე მოთხოვნები შეიცვალა, ფინანსური სარგებლის მისაღებად აღარ არის საჭირო არასასურველ გარემოში იძულებით მუშაობა ან არასაინტერესო სამუშაოს კეთება. საკუთარი ბიზნესის წამოწყება საშუალებას აძლევს ადამიანს აკეთოს ის, რაც მოსწონს და ამავდროულად გამოიმუშაოს ფული. რა არის იმაზე უკეთესი, როდესაც ჩვენი გატაცება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა? თუ რაიმეს დიდი სიყვარულით ვაკეთებთ, ჩვენი ყოველი დღე შემოქმედებითია. ყველას აქვს იდეები, რომლებიც შეიძლება რაიმე დიდის შექმნის წინაპირობა იყოს, სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ მეწარმეობის სწავლება ნებისმიერი აკადემიური საფეხურის და პროფესიის ადამიანისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან მათ შეუძლიათ ისწავლონ როგორ აქციონ თავიანთი გატაცებები შემოსავლის წყაროდ. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა, გავმხდარიყავი მეწარმეობის ლექტორი. მივხვდი, რომ ჩემი დაგროვილი ცოდნით და გამოცდილებით შევძლებდი დავხმარებოდი ახალგაზრდა თაობას, ეპოვა საკუთარი საყვარელი საქმე და ამით ფინანსური კეთილდღეობაც შეექმნა", − აღნიშნავს ლექტორი.
სალექციო კურსის ფარგლებში, ლიას განმარტებით, მისი მიზანია, დააინტერესოს სტუდენტები და დაეხმაროს მათ თვითგანვითარების პროცესში. მუდამ ცდილობს, ინფორმაცია კონკრეტულ მაგალითებსა და აქტუალურ თემებზე დაყრდნობით მიაწოდოს, ვინაიდან მიაჩნია, რომ საკუთარ მაგალითებზე დაფუძნებული სწავლება ყველაზე მეტად ამახსოვრდებათ სტუდენტებს. ყოველ ლექციაზე, კონკრეტული სალექციო თემის ახსნასთან ერთად, ლია სტუდენტებთან ერთად ინდუსტრიაში მიმდინარე აქტუალურ თემებსაც განიხილავს − ამგვარად, თითოეული სემინარი ბევრად პროდუქტიული და საინტერესო გამოდის. დღევანდელ სამყაროში, სადაც უამრავი არასაჭირო ინფორმაციაა ჩვენ გარშემო, ყოველკვირეული მნიშვნელოვანი სიახლეების გაზიარებით სტუდენტები სწავლობენ სწორად გაფილტრონ ინფორმაცია და ზღვა ინფორმაციის "მორევში" საჭიროს გაეცნონ.
"საბედნიეროდ, ჩემი აკადემიური და კარიერული საქმიანობა ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. ვფიქრობ, საკუთარი სამეცნიერო კვლევები სადოქტორო საქმიანობის ფარგლებში და უნივერსიტეტში ლექციების კითხვა, დაკავშირებულია ჩემს ყოველდღიურ სამუშაოსთან. თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ერთმანეთთან თანხვედრაშია და ვცდილობ ნებისმიერი თეორიული ცოდნა პირად კარიერაში გამოვიყენო და პირიქით. პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით უფრო ღრმად შევისწავლო მეცნიერულად ესა თუ ის ასპექტი და შემდგომ, საინტერესო მიგნებები და სიახლეები გავუზიარო ჩემს სტუდენტებს", − გვიყვება ლია გუბაშვილი.
შეუძლებელია ცხოვრება და წარმატებების მიღწევა წინაღობების გარეშე. მარცხი და წარმატება ერთმანეთის თანმდევი პროცესებია. ლია განგვიმარტავს, რომ მის აკადემიურ თუ კარიერულ გზაზე უამრავი წინაღობა შეხვდა. ერთ-ერთი რთულად გადასალახი ბარიერი პოლონეთში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების დროს ენის შესწავლა აღმოჩნდა. შესაბამისად, პირველ სემესტრში საკმაოდ რთული იყო სწავლისა და გამოცდილების ჩაბარების პროცესი, თუმცა, როგორც რესპონდენტი აღნიშნავს, ამ გარემომ საბოლოოდ უკეთესი შედეგი გამოიღო, პოლონური ენაც დახვეწა და პოლონელებთან ურთიერთობაც გაუმარტივდა. ლიას მიაჩნია, რომ ნებისმიერი წინაღობის გადასალახად საჭიროა მოტივაცია, რომელიც შეგაძლებინებს, ნებისმიერი გამოწვევა ახალ შესაძლებლობად აქციო.
"ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გაკვეთილი, რომელიც ვისწავლე, არის ის, რომ სწორი შრომა, პასუხისმგებლიანობა და გულწრფელობა საბოლოოდ აუცილებლად ფასდება. შესაძლოა ისე არა, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია იმ კონკრეტულ მომენტში, მაგრამ საბოლოოდ, როდესაც უკან მივიხედავთ ვხვდებით, რომ სწორედ ისე მოხდა ყველაფერი, როგორც საჭირო იყო.
ზოგადად, ნებისმიერი საქმის კეთებაში ჩემი მთავარი მოტივაციის წყარო საკუთარი ოჯახი − მეუღლე და ჩვენი 1 წლის შვილია, რომლის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია იმ საქმეების კეთება, რომლებსაც ვაკეთებ. მეუღლე ჩემი მენტორი და მოტივატორია, განსხვავებული პროფესიები გვაქვს და ყოველთვის მეხმარება საკუთარ საქმეს უფრო ფართო რაკურსიდან შევხედო და ყოველდღიურ საქმიანობებში შემოქმედებითობა არ დავკარგო. ჩემი შვილის წყალობით კი დროის მენეჯმენტი უმაღლეს დონეზე მაქვს გამომუშავებული. პრიორიტეტების სწორად დალაგებასაც წარმატებით მასწავლის.
ხოლო რაც შეეხება ლექციების კითხვის პროცესს, ამ საქმეში ჩემი მთავარი მოტივატორები საკუთარი სტუდენტები არიან. მათი ცოდნის წყურვილი პასუხისმგებლობას მაკისრებს, განვვითარდე პროფესიულად და კიდევ უფრო მეტად შევძლო მათი დახმარება თავიანთ კარიერულ გზაზე", − აღნიშნავს ლექტორი.