რატომ არის კვლევა და განვითარება (R&D) მნიშვნელოვანი ინოვაციური იდეების წასახალისებლად
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტექნოლოგიური ცვლილებების პარალელურად, სწრაფად ცვალებად და განვითარებად ბაზრებზე კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად და მოგების გასაზრდელად კომპანიები დიდი ოდენობით თანხებს ხარჯავენ კვლევასა და განვითარებაში (Research & Development). ამით კომპანიები ისწრაფვიან მუდმივი განვითარებისკენ და ემზადებიან უკეთესი მომავლისთვის, პოზიციების გასამყარებლად ბაზრებზე. კვლევასა და განვითარებაში ჩადებული რესურსი (დრო, ფული, ადამიანური კაპიტალი) გრძელვადიან პერიოდში კომპანიისთვის წარმატების მომტანია, თუმცა მოკლევადიან პერიოდში მას ხარჯების გაზრდა და სხვა გამოწვევებიც ახლავს თან. წარმატებული კომპანიები აქტიურად იყენებენ კვლევასა და განვითარებას (R & D) ახალი პროდუქტის შექმნისათვის ან მომსახურების გასაუმჯობესებლად, პროდუქტის ახალი შეფუთვის დიზაინის შემუშავებისათვის, ან არსებული პროდუქტის განახლებისათვის, არსებულ ბაზრებზე სიტუაციური ანალიზის ჩასატარებლად ან პროცესების გაუმჯობესების მიზნით ახალი მიდგომების დასანერგად. ახალი პროდუქტის შექმნის, მომსახურების ან პროცესების გასაუმჯობესებლად კვლევისა და განვითარების ფაზა პირველია, რითაც ბიზნესი იწყებს ინოვაციურ იდეაზე მუშაობას და შემდგომ ექსპერიმენტების ჩატარებას. კვლევის და განვითარების ფაზებია: 1. იდეის ჩამოყალიბება და თეორიებით მისი გამტკიცება; 2. იდეის კვლევა და შემოწმება; 3. დიზაინის შემუშავება და განვითარება, რაშიც იგულისხმება იდეიდან პროდუქტის ან მომსახურების შექმნა, მისი დიზაინი, პროტოტიპირება, გამოცდა, დატესტვა და დახვეწა.
კომპანიაში ინოვაციური კულტურის ხელშეწყობის მიზნით კომპანიის ხელმძღვანელები კვლევისა და განვითარების დეპარტამენტებს ქმნიან, თუმცა ზოგიერთი კომპანია ე.წ. "აუთსორსინგის" სერვისით სარგებლობს. კომპანიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კომპანიაში კვლევისა და განვითარების დეპარტამენტი მნიშვნელოვანი რგოლია, ვინაიდან გუნდი ჩახედულია კომპანიის საქმიანობაში, იცის მისი მისია, ხედვები, სტრატეგია და შესაბამისად, უფრო ადვილად შეუძლია კომპანიისთვის ახალი პროდუქტის შექმნა ან არსებულის გაუმჯობესება, რომელიც კომპანიის ხედვებთან და სამომავლო გეგმებთან იქნება შესაბამისობაში. კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ფუნქცია კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში კომპანიის დახმარების გარდა პროდუქტის ან მომსახურებისთვის ახალი ბაზრების მოძიება, სამიზნე ბაზრის კვლევა, სიტუაციური ანალიზის ჩატარება, რისკების თავიდან აცილება და ნაკლები დანახარჯებით ახალი პროდუქტის ან მომსახურების შექმნა და ხარისხის კონტროლია. რასაც წარმატებით ახორციელებენ ისეთი გიგანტი კომპანიები, როგორიცაა Google, Microsoft, Amazon, Facebook.
წარმატებული უცხოური კომპანიების მიერ კვლევასა და განვითარებაში განხორციელებული ინვესტიციების სარგებელი
კომპანიაში კვლევისა და განვითარების ღონისძიებები გავლენას ახდენენ კომპანიის სტრატეგიული მიზნების შესრულებაზე, რაშიც ჩართულია გუნდი, რომელიც კვლევასა და განვითარებაში მონაწილეობს, ხოლო სტრატეგიული მიზნების შესრულებაზე გავლენას ახდენს კომპანიის შიგნით ან კომპანიის გარეთ მიმდინარე პროცესები და ის, თუ როგორ უმკლავდება გამოწვევებს კომპანია. კომპანიები Apple, Amazon, Samsung მილიარდობით დოლარს ხარჯავენ კვლევასა და განვითარებაში. კომპანიების ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კვლევასა და განვითარებაში ჩადებული ინვესტიცია დიდია და იზრდება მათი ხარჯები, პროდუქტის ბაზარზე გაშვებამდე გაწეული ხარჯი საბოლოო ჯამში უფრო ნაკლებია, ვიდრე ბაზარზე არასაჭირო პროდუქტის ჩაშვებისგან მიღებული ზარალი, ამასთან ბიზნესი თვლის, რომ კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და მომხმარებლების მოთხოვნილებების მუდმივ ცვლილებებთან გასამკლავებლად, მათ უღირთ ჩადონ ინვესტიცია კვლევაში და განვითარებაში.
საწარმოში ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნა რა თქმა უნდა დაკავშირებულია ინოვაციასთან, ახალი და განსხვავებული იდეების განვითარებასთან, ახალი, კრეატიული და ინოვაციური გზით განსხვავებული პროდუქტის ან მომსახურების შექმნასთან, ან პროცესების გაუმჯობესებასთან, რაც ზრდის ეფექტიანობას და ამცირებს ხარჯებს გრძელვადიან პერსპექტივაში, ზრდის კონკურენტულ ბაზრებზე მათ სიცოცხლისუნარიანობას. მაგალითად, კომპანია Amazon, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით ამანათის მიწოდების პროცესში ზრდის კომპანიის კონკურენტული უპირატესობის შანსებს ბაზარზე. რის შედეგადაც, კომპანია წლებია არ კარგავს ლიდერის პოზიციას ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. კომპანიის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი აცხადებს, რომ კომპანიის წარმატების მთავარი გასაღები ის არის, რომ კომპანიისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი მომხმარებელია და კომპანიას აქვს ექსპერიმენტების ჩატარების სურვილი ახალ ინოვაციური პროდუქტების ან მომსახურებების დასატესტად. ყოველწლიურად კომპანია დიდ ინვესტიციას დებს კვლევასა და განვითარებაში, მაგალითისთვის, გასულ წელს 22,6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და 20 კომპანიას შორის პირველი ადგილი უკავია კვლევასა და განვითარებაში განხორციელებული ინვესტიციით. მას მოსდევს კომპანიები Alphabet (16.2$), Volkswagen (15.8$), Samsung (15.3$), Intel Co (13.1$), Microsoft (12.3$), Apple (11,6$). ბლუმბერგის გლობალური ინოვაციის კვლევის მიხედვით, კვლევასა და გავითარებაზე 701.6 მილიარდი დოლარი დაიხარჯა შემდეგ სექტორებში: კომპიუტინგი და ელექტრონიკა (23.1%), ჯანდაცვა (22.7%), საავტომობილო ინდუსტრია (15.5%), პროგრამული უზრუნველყოფა და ინტერნეტი (14.5%), მრეწველობა (10.2%) და სხვა დანარჩენი (14.3%). შემოსავლების მიხედვით კვლევასა და განვითარებაზე დახარჯული თანხები კომპანიების მიხედვით ასე ნაწილდება: Intel Co (21%), Microsoft (13%), Alphabet (15%), Amazon (13%), Huawei (15%), Johnson & Johnson (14%), Facebook (19%).
რატომ ახორციელებენ კომპანიები ინვესტიციას კვლევასა და განვითარებაში (R & D)
კომპანიისთვის კვლევასა და განვითარების ღონისძიებებს და მასში ინვესტიციას რამდენიმე უპირატესობა აქვს. კერძოდ:
- ახალი და გამოცდილი კადრების მოზიდვის შესაძლებლობა - წარმატებული ადამიანები ისწრაფვიან ითანამშრომლონ ინოვაციურ კომპანიებთან, შესაბამისად, კომპანიები, სადაც წარმატებით ხორციელდება კვლევა და განვითარება, მიმზიდველი ხდება მათთვის;
- ინვესტიციის მოზიდვის მაღალი ალბათობა - ინოვაციური კომპანიები, რომლებსაც სურთ ინვესტორების მოზიდვა კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის წარმატებული საქმიანობა ზრდის შანსებს დავანახოთ კომპანიის შესაძლებლობები პოტენციურ ინვესტორებს. ამასთან, კომპანიაში კვლევასა და განვითარებაში ჩადებული ინვესტიცია ზრდის ამონაგებს ინვესტიციაზე გრძელვადიან პერსპექტივაში;
- ხარჯების შემცირება გრძელვადიან პერიოდში - კვლევისა და განვითარების ღონისძიებებით შესაძლებელია საწარმოო ხარჯების შემცირება გრძელვადიან პერიოდში, რესურსების ოპტიმიზაცია და შესაბამისად საწარმოო პროცესების გაუმჯობესება;
- მოგების გაზრდა - ინოვაციური პროდუქტის შექმნა ან არსებულის დახვეწა ახალი ტექნოლოგიებით ზრდის პროდუქტის კონკურენტუნარიანობას, რაც ხელს უწყობს კომპანიის მოგების ზრდას;
- ახალი ინოვაციური პროდუქტების შექმნა, მომსახურების ან პროცესების გაუმჯობესება - კვლევა და განვითარება ზრდის კომპანიის შანსებს შექმნას ახალი ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება ან განავითაროს არსებული;
- რისკების შემცირება - ახალი პროდუქტის შექმნამდე ან მომსახურების შეთავაზებამდე კომპანია იკვლევს ბაზარს, ახდენს იდეების დატესტვას, ვალიდაციას და მხოლოდ ამის შემდეგ გააქვს პროდუქტი ბაზარზე, რაც ამცირებს პროდუქტის ბაზარზე წარუმატებლობის რისკებს;
- გუნდური გარემოს შექმნა - კვლევის და განვითარების პროცესში ჩართულია კომპანიის ყველა დეპარტამენტი, შესაბამისად ეს ხელს უწყობს ახალ იდეებსა და კონცეფციებზე ღიად და მოქნილი ფორმატით თანამშრომლობას, რაც პროცესების დაჩქარებას უწყობს ხელს, ამცირებს დროის ფუჭად ხარჯვას და აუმჯობესებს წარმოების ეფექტიანობას;
- თანამშრომლების ინოვაციური აზროვნების განვითარება - თანამშრომლების ჩართვა კვლევასა და განვითარებაში ხელს უწყობს მათი ინოვაციური და კრეატიული აზროვნების განვითარებას, რაც ზრდის ალბათობას განავითარონ ინოვაციური იდეები და ხელი შეუწყონ ინოვაციური გადაწყვეტების შემუშავებას და დანერგვას.
კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ კვლევის და განვითარების ღონისძიებებს, აწყდებიან ისეთი გამოწვევებს, როგორიცაა: ხარჯების გაზრდა მოკლევადიან პერიოდში - კვლევა მოითხოვს დიდ ინვესტიციას, რაც მუდმივი პროცესია და შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში კომპანიას უწევს დიდი ინვესტიციის განხორციელება; მეტი დროის დახარჯვა- შესაძლოა ახალი პროდუქტის შექმნას წლები დასჭირდეს და კომპანიამ ამონაგები ინვესტიციაზე მოკლევადიან პერიოდში ვერ მიიღოს; ფუჭი მცდელობები - კომპანიამ შესაძლოა განახორციელოს დიდი ინვესტიცია და დახარჯოს დრო და რესურსი პროდუქტის შექმნაში ან განვითარებაში, თუმცა შესაძლოა შუა პროცესში აღმოჩნდეს, რომ იდეა, რომელსაც ავითარებს გუნდი აღარ არის აქტუალური და პროცესის თავიდან დაწყება გახდეს საჭირო.
როგორც წარმატებული კომპანიების მაგალითებიდან ვხედავთ, კვლევასა და განვითარებაში ჩადებული ინვესტიციით კომპანია ახდენს ახალი პროდუქტის შექმნას ან მომსახურების შეთავაზებას, არსებული პროცესების გაუმჯობესება ან ახალი ტექნოლოგიების დანერგვას კომპანიაში.
კვლევისა და განვითარების (R & D) პროცესი
კვლევისა და განვითარების (R & D) პროცესი გამოსახულია შემდეგ გრაფაში, სადაც მოცემულია ის ეტაპები, რომელიც პროდუქტმა ბაზარზე გაშვებამდე უნდა გაიაროს:
უნდა აღინიშნოს, რომ კვლევასა და განვითარებაში ჩადებული ინვესტიციის ამონაგების მიღებას კომპანიები გრძელვადიან პერიოდში ელოდებიან. დიდი კომპანიები უფრო მეტ დროს და რესურსს დებენ კვლევასა და განვითარებაში, შესაბამისად ახალი ინოვაციური პროდუქტის შექმნაში ან გაუმჯობესებაში მათი წარმატების შანსი უფრო მაღალია. თუმცა მცირე და საშუალო ზომის კომპანიები საკუთარი მცირე რესურსებით ცდილობენ ინვესტიციის განხორციელებას კვლევასა და განვითარებაში, რაც მეორე მხრივ მათი მცირე ზომის მასშტაბურობიდან გამომდინარე და იქიდან რომ ისინი საწარმოო პროცესებში და გადაწყვეტილების მიღებაში უფრო მოქნილები არიან, შესაძლოა ვიფიქროთ რომ მათი წარმატების შანსებიც მაღალია. ბაზრის მუდმივი კვლევა, მომხმარებლების საჭიროებების და სურვილების მუდმივი ძიება, საშუალებას აძლევს კომპანიებს მუდმივად გააუმჯობესონ საწარმოო პროცესები, დახვეწონ ან შექმნან ახალი ინოვაციური პროდუქტები, ეძებონ მომსახურების მიწოდების ახალი გზები, შეიმუშავონ ახალი მიდგომები მომსახურების კუთხით, იპოვონ მომხარებელთან ურთიერთობის ახალი გზები, რაც გრძელვადიან პერიოდში საშუალებას მისცემს კომპანიას დაზოგოს ხარჯები და გაზარდოს მოგება, გახადოს პროცესები ინოვაციური და გახდეს კონკურენტუნარიანი ბაზარზე.
ცვლილებების თეორია (ToC) სოციალური გავლენის მისაღწევად
ცვლილებების თეორიით (ToC) ვახდენთ იმის ვიზუალიზაციას, თუ როგორ და რატომ გვინდა სასურველი ცვლილების განხორციელება და რას ვაპირებთ მიზნის მისაღწევად. ცვლილებების თეორიის მეთოდით ვაკავშირებთ აქტივობებს კომპანიის მისიასთან ან გრძელვადიან მიზნებთან. სოციალური და გარემოსდაცვითი ცვლილებების განსახორციელებლად კომპანიები შეიმუშავებენ ცვლილებების თეორიის მოდელს იმის გასაანალიზებლად, თუ სად იქნება, რა როლი და მიზნები ექნება კომპანიას მაგალითად მსოფლიოში, ქვეყანაში ან ბაზარზე მიმდინარე ცვლილებების საპასუხოდ.
ცვლილებების თეორიის მოდელზე მუშაობა იწყება ბოლოდან, გავლენის გრაფიდან, ხოლო კომპანია შემდეგ გრაფებში აანალიზებს რა სჭირდება იმისათვის, რომ მოახდინოს სასურველი გავლენა გარემოსა და საზოგადოებაზე.
განვიხილოთ ერთი კონკრეტული მაგალითი:
კომპანია Google-მა 2017 წელს განაცხადა, რომ მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს გარემოზე უარყოფითი გავლენების შესამცირებლად. კომპანიამ დაიწყო განახლებადი ენერგიის შესყიდვა ქარის ელექტროსადგურებისა და მზის პანელებიდან, რომელიც სპეციალურად კომპანიისთვის აშენდა და დამონტაჟდა, ასევე ოფისებში მზის პანელების დამონტაჟება. შესაბამისად, კომპანიამ გასცა პასუხი კითხვას: თუ რას გააკეთებს გარემოზე უარყოფითი გავლენების შესამცირებლად. შუალედური შედეგია ელექტროენერგიის მიღება ქარის ელექტროსადგურებისა და მზის პანელებიდან და მზის პანელების დამონტაჟება ოფისებში, ხოლო საბოლოო შედეგი CO2 ემისიების შემცირებაა. კომპანია ხელს უწყობს უარყოფითი გავლენის შემცირებას გარემოსა და საზოგადოებაზე.
ცვლილებების თეორიის მოდელის შემუშავებისთვის საჭიროა დავადგინოთ:
- ვინ გამოიყენებს ცვლილებების თეორიას და რისთვის?
- რა არის პრობლემა/საკითხი, რის გადაჭრასაც ვცდილობთ?
- როგორ მოხდება მონაცემების შეგროვება პრობლემის/საკითხის ირგვლივ და რა ფორმით მოხდება ადამიანებთან კომუნიკაცია პრობლემის სიღრმისეული ანალიზისთვის?
- როგორ ჩავრთავთ დაინტერესებულ მხარეებს პროცესში? ეს იქნება დაინტერესებული მხარეების შერეული ჯგუფი თუ ცალკეული ჯგუფები კონკრეტული საკითხების ირგვლივ გაერთიანებული?
- რა რესურსებია (ფინანსური, ადამიანური, საწარმოო, ინტლექტურალური) საჭირო ცვლილებებისთვის? და რომელი რესურსის გარეშე შესაძლებელია შედეგის მიღწევა? რამდენად ეფექტურად ვიყენებთ რესურსებს? რა რესურსები რა აქტივობებზე შეიძლება გავანაწილოთ?
- რა მიზანს ემსახურება ცვლილებები? რა არის ჩვენი სტრატეგია?რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ფინანსური მდგრადობა მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში?
- რა აქტივობების განხორციელებაა საჭირო იმისათვის, რომ მოგების მიღებასთან ერთად მოვახდინოთ გავლენა გარემოსა და საზოგადოებაზე? მიგვიყვანს ეს აქტივობები სასურველ სოციალურ გავლენამდე, რომლის მიღწევასაც ვცდილობთ?
- რა პროდუქტს ან მომსახურებას ვქმნით? მივაღწევთ სასურველ შედეგს ამ პროდუქტით ან მომსახურებით?
- რა იქნება საბოლოო შედეგი დაინტერესებული მხარეებისთვის?
- რა გავლენას მოვახდეთ საზოგადოებაზე? რა ცვლილებებს მივაღწევთ? რა იქნება ჩვენი გრძელვადიანი გავლენა საზოგადოებაზე?
ცვლილებების თეორიის მოდელის შემუშავებით კომპანია:
- ტესტავს ჰიპოთეზებს თუ როგორ მოახდენს ცვლილებებს
- ახდენს ცვლილების ვიზუალიზაციას, საზოგადოებაში მოსალოდნელ ცვლილებებს და განხორციელების გზებს
- შეიმუშავებს შეფასების გეგმას გაზომვადი ინდიკატორებით
- ახდენს დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციას და შეთანხმებას მოსალოდნელ ცვლილებებზე.
ცვლილებების თეორიის მეთოდის გამოყენებით კომპანიის წარმომადგენლები გეგმავენ თუ როგორ მიაღწევენ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით სოციალურ ცვლილებებს და მოახდენენ გავლენას გარემოსა და საზოგადოებაზე გრძელვადიან პერიოდში. ცვლილებების თეორიის მოდელს კომპანიის წარმომადგენლები იყენებენ საოპერაციო და სტრატეგიული გეგმების, მონიტორინგის და შეფასების გეგმების შესამუშავებლად, გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანიის წინაშე არსებული შესაძლებლობების და გამოწვევების გასაანალიზებლად, რეალისტური და მიღწევადი მიზნების დასახვისთვის, პასუხისმგებლობების გაანალიზებისთვის. ცვლილებების თეორიის მოდელის გადახედვა და განახლება ხდება რეგულარულად, გარკვეული პერიოდულობით, ხოლო ცვლილებების თეორიის შემუშავებაში ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე. სოციალური გავლენის მისაღწევად დაინტერესებული მხარეების ჩართვა პროცესში მნიშნელოვანია, ვინაიდან მათი წარსული გამოცდილებები და შეხედულებები გავლენას ახდენს მთლიან პროცესზე, გარდა ამისა მათი ჩართულობა ყველაზე ეტაპზე საშუალებას იძლება მიღწეულ იქნეს შეთანხმება ცვლილებებზე საწყის ეტაპზე.
სტატია მომზადებულია პროექტის "ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის", რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, Green Lane NGO (სომხეთი) და KRDF (საქართველო) ერთად, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით.