რატომ და როგორ უნდა ვებრძოლოთ პირატულ კონტენტს? Entrepreneur-ის შეკითხვებს POSTRED-ის დამფუძნებელი, ბესო კაჭარავა პასუხობს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბოლო დღეებში, ფილმების პოპულარული ქართული ონლაინ პორტალების გათიშვამ, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ზოგის აზრით, ე.წ. "მეკობრული" კონტენტის ყურებას მსურველი სხვადასხვა უფასო, არალეგალური წყაროებიდან ისედაც მოახერხებს, თუმცა ინტერნეტსაზოგადოების ნაწილის აზრით, ასეთი პროდუქტის არსებობა შემაფერხებელი და დამაზიანებელია ამა თუ იმ ინდუსტრიისათვის ადგილობრივ ბაზარზე.
Entrepreneur დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ ამ თემის შესახებ კონტენტის შექმნასთან, გავრცელებასთან და საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სპეციალისტები. ჩვენს შეკითხვებს ხმის დიზაინერი, POSTRED-ის დამფუძნებელი და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბესო კაჭარავა უპასუხებს:
საქართველოში (ისევე როგორც განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში) მეკობრული კონტენტი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. თქვენი აზრით, რა არის ამის ძირითადი მიზეზები?
ბევრ პატარა ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, ლეგალური კონტენტის დიდი ნაწილი არაა ხელმისაწვდომი. ამ მიმართულებით დაგეგმილია გარკვეული ღონისძიებები, თუმცა დღესდღეობით, ქართველი მაყურებელი HBO-ს ან Disney+-ის კონტენტს ლეგალურად ვერ უყურებს. ცხადია, სხვადასხვა ტექნიკური მანიპულაციით, მათ შორის VPN-ის შეცვლით, შეგვიძლია მოვიტყუოთ, რომ ფიზიკურად სხვა რეგიონში ვიმყოფებით, თუმცა ესეც ისეთივე დარღვევაა, როგორიც "მეკობრული" პროდუქტის მოხმარება. ამ რეალობაში ქართველ მაყურებელს დიდი არჩევანი აღარ რჩება და ამიტომ პირატულ გზებს მიმართავს.
ამჟამად, ოფიციალურ პლატფორმების გამოწერა და ახალი ფილმების თუ სერიალების ყურება ძვირი აღარ ღირს, თუმცა აქ მეორე პრობლემასთან გვაქვს საქმე - უკვე არაერთი თაობა მიეჩვია არალეგალური ფილმების თუ სხვა კონტენტის მოხმარებას და არავინ ფიქრობს, რომ ეს პროდუქტი ძვირი ჯდება, მასში ფული უნდა გადავიხადოთ და უფასოდ არ გვეკუთვნის. მე თავად ვმუშაობ "ჰოლივუდის" პროექტებზე და ვიცი რამდენად ძვირი სიამოვნებაა ფილმების წარმოება, თუმცა "მეკობრული" მოხმარების აღმოსაფხვრელად, ეს ბევრმა უნდა გაიაზროს.
რატომ უნდა ვებრძოლოთ პირატულ კონტენტს და რა რეალური ბერკეტები არსებობს ამგვარი არალეგალური მასალის ინტერნეტით გავრცელების შესაჩერებლად?
სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებით ძალიან მარტივია "მეკობრული" კონტენტი აკონტროლო. საქართველოში, წლების განმავლობაში ამ პროდუქტზე წვდომა ღია იყო, უბრალოდ გარკვეულ საიტებზე შესვლით მარტივად პოულობდი სასურველ ფილმს, რაც არასწორად მიმაჩნია.
მეორე საკითხია Torrent ბმულების აკრძალვა, რაც გაცილებით რთულია, თუმცა იმდენად არაკომფორტულია ამგვარი გზით ფილმის ჩამოტვირთვა, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრს ურჩევნია 20-30 ლარის გადახდა ლეგალური კონტენტის სანაცვლოდ.
შესაბამისად, პირველი რითიც "მეკობრულ" კონტენტს უნდა დავუპირისპირდეთ, არის არალეგალური კონტენტის მქონე საიტების აკრძალვა და მეორე მხრივ, "სტრიმინგ" პლატფორმების ქართული ალტერნატივების გამოჩენა, რომელსაც ექნება სხვადასხვა კომპანიის პროდუქციაზე სამართლებრივი უფლებები და ისე განათავსებენ ფილმებს.
რა ვითარებაა საქართველოში აუდიო კონტენტის საავტორო უფლებების დაცვის კუთხით?
თუკი აუდიო კონტენტში მუსიკას და მის ლიცენზირებას მოვიაზრებთ, საქართველოში ფუნქციონირებს GCA (საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია), რომელიც ავტორების უფლებებს იცავს და GMI Rights Management, რომელიც ქართველ არტისტებს სხვადასხვა საორგანიზაციო მიმართულებით ეხმარება, მათ შორის ლეგალური კუთხით. გარდა ამისა, საქართველოში გვყავს მსხვილი საერთაშორისო კომპანიების (Sony, Universal და ა.შ.) წარმომადგენლობა, რომლებიც აკონტროლებენ თავიანთ კონტენტს. ამიტომ, არალეგალურად საქართველოში მუსიკის გამოყენება შეუძლებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი უკუკავშირი.
რამდენად აზარალებს თავად ავტორს კონტენტის ლეგალური ჩარჩოებისგან გვერდის ავლით გავრცელება?
არალეგალურად კონტენტის გავრცელება არის ქურდობა და როდესაც ამბობენ - "შენ ხო არაფერს კარგავ, მე თუ ამას მოვუსმენ", კანონზომიერი პასუხი იქნება - "მაშინ მომეცი საშუალება გაჩუქო ეს, რატომ მპარავ, ჩემ დაუკითხავად რატომ იღებ, უფასოდ რატომ უსმენ". ამიტომ, ჩემი აზრით, კონტენტის არალეგალურად მოხმარება, ძალიან აზარალებს ავტორებს და არტისტებს ფინანსურადაც და მორალურადაც.
ზოგადად, ცუდი სტიგმაა გაბატონებული საქართველოში, რომ არტისტმა ფული არ უნდა იშოვოს, მაშინ როცა ბევრი კარგი არტისტი შიმშილით კვდება. 21-ე საუკუნეში ხელოვნება საკმაოდ მატერიალიზებული გახდა და პირადად მე, როგორც არტისტი, არასდროს ვიხევ უკან იმისთვის, რომ კარგად ვიყო ანაზღაურებული ან კარგი ჰონორარები მქონდეს პროექტებზე. მგონია, რომ არტისტს, რომელიც ჩვენს საყვარელ პროდუქტს აწარმოებს, უნდა ჰქონდეს კარგი ცხოვრება და კონტენტის შექმნა მისთვის ფინანსურად მომგებიანი უნდა იყოს, იქნება ეს ერთი ადამიანი, ბენდი, გადამღები ჯგუფი თუ სხვა. სწორედ ამიტომ, აბსოლუტურად ვეწინააღმდეგები პირატულად კონტენტის გავრცელებას და მიმაჩნია, რომ ქვეყანაში კულტურის განვითარებას აფერხებს.
რას მოუტანს საქართველოს ლეგალური სტრიმინგ პლატფორმების ამოქმედება?
ლეგალური სტრიმინგ პლატორმის ამუშავება, პირველ რიგში ასწავლის ჩვენს საზოგადოებას, რომ ხელოვნება ფული ღირს და მხოლოდ თეატრში ან კინოთეატრში შესვლისთვის არ უნდა გადაიხადონ თანხა. ინტერნეტში რაიმე კონტენტის ყურებაც ფასიანი უნდა იყოს, რაც სავსებით ლოგიკურია. ეს მომავალში ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს ეკონომიკურადაც და კარგი რეჟისორების განვითარების მხრივაც. დღეს, პროდიუსერებმა და რეჟისორებმა, რომლებიც ფილმებზე მუშაობენ, იციან რომ ყველა პირატულად უყურებს მათ ნაწარმს და არავინ ფულს არ გადაიხდის. ამიტომ, ძალიან პატარა ბიუჯეტებით მუშაობენ და ვერ ახდენენ თავიანთი იდეების განხორციელებას ისე როგორც უნდათ. სტრიმინგ პლატფორმის გამოჩენის პრეცედენტი კი, დაეხმარება ქართულ კინოს და მუსიკას განვითარებაში.
ამავდროულად, ლეგალური პლატფორმების ამოქმედება ქვეყნისადმი ინტერესს გაზრდის საერთაშორისო კომპანიების მხრიდან. ამჟამად, არ მახსენდება არც ერთი დიდი ქვეყანა (გარდა რუსეთისა), სადაც კონტენტი "მეკობრულად" ასეთი მასშტაბით ვრცელდება. თუ საქართველო ამ მიმართულებას ყურადღებას მიაქცევს, ქვეყნისთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.
მაშინ, როდესაც ინტერნეტში, თუნდაც რუსულ საიტებზე პირატული კონტენტის ზღვა მასალაა, რამდენად რეალისტურია, რომ ქართველი მომხმარებლის სამომხმარებლო ქცევა შეიცვლება და პირობითად, ფილმის ყურებაში გარკვეული თანხის გადახდას დაიწყებს?
ჩემი აზრით, თუ ქართულ სტრიმინგ პლატფორმებს ადგილობრივი ბაზრისათვის ადეკვატური ფასი ექნებათ, მომხმარებელი თანხას აუცილებლად გადაიხდის. უპირველეს ყოვლისა, ეს მაყურებელს დაეხმარება მორალურად უკეთ იგრძნოს თავი იმის გამო, რომ მის მიერ გადახდილი ფულით არტისტს ეხმარება, ხოლო მეორე მხრივ, უბრალოდ ბევრად უფრო კომფორტული და დაცულია ლეგალურად, კარგი ხარისხით კონტენტის ყურება, ვიდრე შავ საიტებზე.
და მაინც, სად უყურონ ფილმებს ქართველმა კინომანებმა?
ამჟამად საქართველოში შესაძლებელია NETFLIX პლატფორმის ლეგალურად გამოწერა, ასევე ახლახან გაეშვა ქართული ლეგალური პლატფორმაც Cavea+-ის სახით.
კინომანებს ვურჩევდი, რომ თუ მათ ქართული კინოწარმოების მხარდაჭერა სურთ, არ შეეცადონ "მეკობრული" ვერსიების ყურებას და არ წაახალისონ ისეთი ფილმების არალეგალური გავრცელება, რომელთა ლეგალურად შეძენის შესაძლებლობაც არსებობს.