Sponsored Content

როდესაც გაქვს შესაძლებლობა, შექმნა შენი ვირტუალური სამყარო - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Game Jam-ის ჰაკათონი გაიმართა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ვიდეო თამაშები გაძლევს შესაძლებლობას, აღმოაჩინო ახალი, ფანტასტიკური ან თავად შექმნა შენს წარმოდგენებში არსებული სამყარო, მისცე მას განსხეულება და ის სხვებსაც გაუზიარო.

თამაშების დეველოპმენტის სფერო უკვე ათწლეულია გამუდმებით იზრდება. დღეს კომპიუტერულ თამაშებს მსოფლიოში 2.95 მილიარდი ადამიანი თამაშობს და მათი რაოდენობაც მუდმივად მატულობს. ამასთან, მხოლოდ 2021 წელს Steam-ის პლატფორმაზე 10 696 ახალი თამაში გამოვიდა. ამიტომ, გასაკვირი არც არის, რომ ექსპერტების ვარაუდით, 2023 წელს ციფრული თამაშების ინდუსტრიის შემოსავალი 385 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება, ხოლო 2027 წლისთვის ყოველწლიური ზრდა 7.9% იქნება.

საქართველო თამაშების ინდუსტრიის მიმართულებით ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს განვითარებას. სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება თამაშების დეველოპმენტით და რიგ შემთხვევაში მას სამომავლო პროფესიადაც განიხილავს. თუმცა, საქართველოში ციფრული თამაშების ინდუსტრიის პოპულარიზაციის პროცესში დიდი მნიშვნელობა კერძო კომპანიების ჩართულობას ენიჭება.

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავებას.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ციფრული თამაშების ჰაკათონი Game Jam-ი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც თამაშების დეველოპმენტის მოყვარული ახალგაზრდები ცდილობდნენ, გამოცდილ მენტორებთან ერთად, შეექმნათ თამაშები და მათ წარმოსახვაში არსებული სამყარო რეალობად ექციათ.

წელს Game Jam-ის ფარგლებში, 46-მა მონაწილემ წარუდგინა საკუთარი თამაში ჟიურის, მათგან ორი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. პირველი ადგილის მფლობელი კი CHRONO SALTUS -ი გახდა.

CHRONO SALTUS-ის მიერ შექმნილი თამაშის, Chronosaltus: EhO2-სა და საქართველოში თამაშების დეველოპმენტის სფეროს განვითარების ტენდენციების შესახებ გუნდის წევრებს - ანიკი გელაშვილს და ნიკა ხორიაშვილს გავესაუბრეთ. ანიკი გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორია, თუმცა რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა, თამაშების დეველოპმენტის პროგრამა unity ესწავლა და საკუთარი თავი ამ მიმართულებით გამოეცადა. ნიკა კი Unity Developer-ია და ის უკვე ორი წელია რაც თამაშების დეველოპმენტით არის დაკავებული.

"Game Jam-ის თემა "2043" იყო. დავალებას მარტივად მივუდექით, გადავწყვიტეთ, რომ თამაში დროში მოგზაურობაზე შეგვექმნა. ვფიქრობ, საბოლოო პროდუქტი უნიკალური გამოვიდა იქიდან გამომდინარე, რომ განსაკუთრებული სამყარო, ისტორია, ვიზუალური და აუდიო სტილი შევქმენით.

თამაშის სიუჟეტი შემდეგნაირია: თამაშში 2043 წელია. წარსულში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის გამო კი დედამიწაზე ჟანგბადი გაიშვიათებულია. კატასტროფის თავიდან ასარიდებლად, მთავარი პერსონაჟი იტაცებს დროის მანქანას, რათა გადავიდეს 2003 წელში, მიაღწიოს იმ ადგილამდე, სადაც კატასტროფა მოხდა და შეაჩეროს ის. თამაშის სახელი Chronosaltus: EhO2-ც სწორედ ამ იდეის საილუსტრაციოდ შევარჩიეთ", - გვიყვება ანიკი.

გვიხსნის, რომ ყველაზე საინტერესო თამაშის ვიზუალური ესთეტიკაა - მაშინ, როდესაც მოთამაშე და მთავარი გმირი 2043 წელში იმყოფებიან, დიზაინი neotokyo/cyberpunk-ის ვიზუალურ ესთეტიკას ატარებს და ტექნო საუნდტრეკი აქვს, ხოლო 2003-ში გადასვლისას კი ვიზუალური სტილი იცვლება და ის პიქსელარტის სახეს იღებს. შესაბამისად იცვლება ხმაც და "chiptune" ტრეკად გარდაიქმნება.

როგორც ამბობს, თამაშის შექმნის პროცესში ყველაზე რთული გუნდის წევრების - ხუთი ადამიანის შეზღუდულ დროში, ეფექტურად და ჰარმონიულად მუშაობა იყო. რადგან, მათ არასდროს ჰქონიათ ერთად მუშაობის გამოცდილება. თუმცა, თითოეული მათგანის თავდაუზოგავი შრომა, ციფრული თამაშების სიყვარული და მიზნისკენ მისწრაფება ის მთავარი კომპონენტები აღმოჩნდა, რომლებმაც ისინი ერთმანეთთან დააკავშირა და მათ გამარჯვება მოუტანა.

"ჯერ კიდევ 9 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვითამაშე კომპიუტერული თამაში. მაშინ ოცნებად მექცა, მეც შემექმნა ჩემი განსაკუთრებული ვირტუალური სამყარო, საკუთარი ისტორიითა და პერსონაჟებით. თამაშების შექმნაზე უკვე ორი წელია ვმუშაობ. თავიდან, უბრალოდ თავშესაქცევ გასართობს წარმოადგენდა და ჩემი მიზანი იყო, რაც შეიძლება კარგად მესწავლა ეს სფერო. ახლა კი ამ საქმიანობას ჩემს მომავალ პროფესიად ვუყურებ. კომპიუტერული თამაშები ხომ ჩვენი მომავალია", - ამბობს ნიკა.

თავდაუზოგავი შრომა და მონდომება კი დამწყებსა თუ გამოცდილ დეველოპერს წარმატებას უქადის.

"პირადად მე დამწყები ვარ ამ მიმართულებით. მართალია, კომპიუტერული თამაშები მრავალი წელია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, თუმცა, მათ შექმნაზე ფიქრი მხოლოდ ცოტა ხნის წინ დავიწყე.

კომპიუტერულ თამაშებში ყველაზე მეტად კვლევის ნაწილი მიზიდავს. ძალიან მხიბლავს შესაძლებლობა, აღმოვაჩინო წარმოსახვითი სამყაროები, საკუთარი ქმედებების, არჩევანისა და თავსატეხებთან გამკლავების შედეგად ნელ-ნელა გავიგო და მოვისმინო ამბავი, რომლის მოყოლაც თამაშს უნდა. ამიტომ, ხშირად, უმიზნოდაც კი მიხეტიალია თამაშის რუკაზე მხოლოდ იმიტომ, რომ დამეთვალიერებინა ის", - ამბობს ანიკი.

როგორც გვიხსნის, თამაშები მისთვის ამბის თხრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი მედიუმია.

"ვფიქრობ, რომ "მაყურებლისთვის" არჩევანის გაკეთებისა და მოქმედების საშუალების მინიჭებით ყველაზე ემოციური ამბების მოყოლა შეიძლება. ყოველთვის ვეძებ მდიდარი ისტორიის მქონე თამაშებს და იმედი მაქვს, რომ ქართულ ბაზარზეც ვიხილავ ბევრ ავთენტურ და ორიგინალურ ნამუშევარს", - განმარტავს ანიკი.

ამბობს, რომ გეიმ დეველოპმენტი მას საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება. მართალია, ამ სფეროს მომავალ პროფესიად არ განიხილავს, თუმცა, გვეუბნება, რომ ამჟამინდელ საქმიანობასთან ერთად პატარ-პატარა, მისთვის საინტერესო პროექტებზე მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.

ნიკა კი განმარტავს, რომ საქართველოში კომპიუტერული თამაშები ძალიან პოპულარულია, თუმცა გეიმ დეველოპმენტით ცოტა თუ ინტერესდება.

"დღეს საქართველოში უკვე ბევრი თამაშებს არა მხოლოდ თავშესაქცევ საქმიანობად, არამედ პროფესიად აღიქვამს. ამ ბოლო დროს აქტიურად ვადევნებ თვალს Esport-ს და ჩემთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით კარგი "გეიმერი" გვყავს. მართალია, წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს ქართულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილავ", - ამბობს ნიკა.

ანიკი კი გვიხსნის, რომ თუ ადრე კომპიუტერული თამაშების მოყვარულებს საზოგადოება სტერეოტიპულად უყურებდა და უარს ამბობდა თამაშების მზარდი გავლენის აღიარებაზე, დღეს სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა კომპიუტერულ თამაშებს განტვირთვისთვის იყენებს.

"ჩემი დაკვირვებით, ზოგადად, იცვლება დამოკიდებულება თამაშების მიმართ. რამდენიმე წლის წინ გეიმერებს ცოტა სტერეოტიპულად თუ უყურებდნენ და საერთოდ უარს ამბობდნენ კომპიუტერულ თამაშებზე, დღეს ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი ისე თამაშობს, როგორც მაგალითად საღამოს ნეტფლიქსს უყურებდა. ახალგაზრდებიც აცნობიერებენ, თამაშების ინდუსტრია ახლა იწყებს განვითარებას საქართველოში და რომ მას დიდი პოტენციალი აქვს", - განმარტავს ანიკი.