როდესაც ქმნი სრულიად ახალ სამყაროს - საქართველოს ბანკი Game Jam Georgia-ს მხარდამჭერია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამედროვე სამყაროში ციფრული თამაშების პოპულარობა სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება. მთელს მსოფლიოში ვიდეო თამაშებს 3 მილიარდამდე ადამიანი თამაშობს, 2027 წლისთვის კი ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა 3.1 მილიარდამდე გაიზრდება.
ჩვეულებრივი მაყურებლისთვის, ეს მხოლოდ ჰობია, თუმცა, არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, ეს სფერო მომავლის პროფესიებს აერთიანებს. დღეს ვიდეო თამაშების ბაზრის ღირებულება 197.11 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და ექსპერტები მომავალში ბაზრის წილის კიდევ უფრო დიდ ზრდას ელოდებიან.
მაშინ, როდესაც თამაშების დეველოპმენტის სფერო უკვე რამდენიმე ათეული წელია სტაბილურად იზრდება, საქართველოში მისდამი ინტერესი მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაჩნდა.
თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ორგანიზაციები აქტიურად ცდილობენ, ხელი შეუწყონ ქვეყანაში მომავლის სფეროების განვითარებას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, რაც დაეხმარება მათ, ფეხი აუწყონ თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის sCool და Student Card-ის, როგორც მთავარი პარტნიორის და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (გაუ), ჯეოლაბის, POSTRED-ის, POSTRED აკადემიის, თბილისის მერიის, HotSale.ge-ის, კანტისა და მეამას მხარდაჭერით, საქართველოში ციფრული თამაშების ჰაკათონი - "Game Jam Georgia" გაიმართა.
48 საათის განმავლობაში 46 მონაწილე აქტიურად მუშაობდა კომპიუტერული თამაშების შექმნაზე. მონაწილე გუნდების დავალება იყო, შეექმნათ "2043-ის" სამყარო, რომელიც ფუტურისტული ხასიათის მატარებელი იქნებოდა.
შედეგად, ჟიურიმ ორი საპრიზო ადგილის მფლობელი გამოავლინა, რომლებმაც საუკეთესო და საინტერესო თემატიკის მქონე კომპიუტერული თამაშების პროტოტიპი შექმნეს.
გამარჯვებულთა შორის იყო გუნდი "H – asks", რომელმაც თამაშის მთავარ თემად ხელოვნური ინტელექტი აირჩია. თამაშის იდეა შემდეგნაირია, მთავარ გმირს გამოექცა 3 AI ბოტი, რომლებიც გარეგნულად ადამიანების იდენტურები არიან. მოთამაშის მიზანი კი ქუჩაში შემხვედრი ადამიანებისთვის ისეთი სპეციფიკური შეკითხვების დასმაა, რომელიც მათ რობოტების გამოვლენაში დაეხმარებათ.
უფრო დეტალურად თამაშის შესახებ კი მის შემქმნელებს გავესაუბრეთ.
"Game Jam-ის დავალება "2043-ის" შესახებ თამაშის შექმნა იყო, რაც შესაძლებლობას გვაძლევდა, ფართო სპექტრში შეგვეხედა დავალებისთვის და შეგვექმნა სამყარო, რომელმაც განიცადა მეტამორფოზა. ჩვენი თამაშის ინსპირაციის წყაროდ ფილიპ დიკის წიგნი "ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხოვრებაზე?" იქცა, რომლის ეკრანიზაცია - "დანის პირზე მორბენალი" ალბათ მკითხველისთვის კარგად არის ნაცნობი", - გვიყვება ბაჩო აფციაური, ვიზუალური არტისტი.
"H – asks-ი" ოთხი წევრისგან დაკომპლექტებული გუნდია, რომლის წევრებიც ზაალ ჯანიკაშვილი, უშანგი ქვრივიშვილი, ნანა ჩიბუხაშვილი და ბაჩო აფციაური არიან.
როგორც ზაალ ჯანიკაშვილი გვიყვება, მისთვის თამაშების დეველოპმენტის სფეროში Game Jam-ში მონაწილეობა პირველი არ ყოფილა, მას მონაწილეობა მანამდეც მიუღია მსგავს ჰაკათონში. თუმცა, აღნიშნავს, რომ შესაძლებლობის გამოყენება - აღმოაჩინო ინდუსტრიის წარმატებული წარმომადგენლები და მიიღო დიდი გამოცდილება მოკლე დროში, ყოველთვის კარგ გადაწყვეტილებას წარმოადგენს.
"კომპიუტერულ თამაშებს ალბათ 6-7 წლიდან ვთამაშობ, გასაკვირი არაა, რომ პატარაობაში სულ ინტერნეტ კაფეებში დავძვრებოდი. თავდაპირველად, თამაშები უბრალოდ გართობის საშუალება იყო, შემდეგ სკოლის რეალობიდან თავის დაღწევის შესაძლებლობად იქცა. გარდატეხის ასაკში კი ისინი ჩემი უნარების გამოვლენისა და სხვებისთვის გაზიარების შესაძლებლობას წარმოადგენდა. დღესაც აქტიურად ვთამაშობ კომპიუტერულ თამაშებს, თუმცა, ის ახლა დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვის ინსტრუმენტი გახდა", - გვიყვება ზაალი.
ბაჩო კი აღნიშნავს, რომ მისთვის კომპიუტერული თამაშები ხელოვნების სახეობაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს, შექმნას სრულიად ახალი სამყარო ვირტუალურ სივრცეში.
"როგორც ვიზუალური არტისტი, ვფიქრობ, რომ კომპიუტერული თამაშები დღესდღეობით არის ხელოვნების გაგრძელება - ეს არის სივრცე, სადაც ქმნი მთლიან სიმულაციურ სამყაროს, ნივთებს, არსებებს, პერსონაჟებს, გარემოსა და ნათებებს. დეველოპერები კი, ამ ყველაფერს აერთიანებენ და ქმნიან ისეთ ატმოსფეროს, რომელიც მოთამაშეს შესაძლებლობას აძლევს, გაერთოს, შეიძინოს ცოდნა და გაიუმჯობესოს ვიზუალურ-სივრცითი უნარები", - განმარტავს ბაჩო.
კომპიუტერული თამაშების თამაშის შედეგად მიღებული სასიამოვნო გამოცდილების გაზიარება და სხვა ადამიანებისთვის ამ შესაძლებლობის შექმნა სწორედ იმ მიზეზად იქცა, რის გამოც მათ გადაწყვიტეს, Game Jam Georgia-ს ფარგლებში საკუთარი შესაძლებლობები გამოეცადათ.
ამბობენ, რომ თამაშების შექმნა იმდენადვე სახალისო პროცესია, რამდენადაც შრომატევადი, რადგან ძალიან დიდ დროს და დეტალებზე კონცენტრაციას მოითხოვს.
მართალია, ზაალისთვის თამაშების დეველოპმენტი ახალ გამოწვევას არ წარმოადგენს, მას შექმნილი აქვს სტარტაპი, რომელიც პროგრამირების საგანმანათლებლო თამაშს წარმოადგენს. ბაჩოს კი სურს, რომ მისი მომავალი პროფესია კონცეპტ არტს და 3D მოდელინგს დაუკავშიროს, რადგან, როგორც ამბობს, ეს ის მიმართულებებია, რომელიც ნებისმიერ ციფრული თამაშის სტუდიას სჭირდება უნიკალური და განსხვავებული ვიზუალების შესაქმნელად.
ამბობენ, რომ საქართველოში კომპიუტერული თამაშების დეველოპმენტის სფერო ჯერ ახლა იწყებს განვითარებას.
"თამაშების მიმართ ინტერესი მათი საქართველოში გამოჩენის პირველივე დღიდან იზრდება. ვფიქრობ, ბევრი მოზარდია დაინტერესებული უშუალოდ კომპიუტერული თამაშით, ხოლო თამაშის შექმნისადმი ინტერესი ჯერჯერობით არც ისე მაღალია, თუმცა კარგი ისაა, რომ ჩვენი რიცხვი იზრდება", - ამბობს ბაჩო.
ზაალი კი განმარტავს, რომ ქვეყანაში თითქმის არ არსებობს ადგილი, სადაც გეიმინგს ისწავლი, მითუმეტეს კონკრეტულ მიმართულებებს. "მართალია, არის სტუდიები, მაგრამ მათი რაოდენობა ძალიან ცოტაა და თითქმის ყველა მათგანი აუთსორსზე მუშაობს", - ამბობს ის.
აღნიშნავს, რომ საქართველოს ბანკის ჩართულობა გეიმინგ ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რადგან ხელს უწყობს ამ სფეროს განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.
"ჩვენ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი იმისთვის, რომ ამოვქაჩოთ ქვეყანა და დავეწიოთ თუნდაც უკრაინას, რომელიც 20 წლით ჩვენზე წინაა ამ დარგში", - ამბობს ზაალი.