როგორ ამარტივებს გადახდების პროცესს Keepz-ი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რამდენიმე წლის წინ საქართველოს ბანკმა ბიზნესებს ინოვაციური შესაძლებლობა - სტანდარტიზებული და უსაფრთხო API სერვისები - გაუზიარა. ეს სერვისები საქართველოს ღია ბანკინგის რეგულაციის სტანდარტების შესაბამისად შეიქმნა და ბიზნესებს საკუთარ ციფრულ პლატფორმაში ფინანსური სერვისების ინტეგრაცია გაუმარტივა. ამ ცვლილების შედგად, მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, ბიზნესებს შესაძლებლობა გაუჩნდათ, მიიღონ და გააანალიზონ საბანკო მონაცემები, რაც მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული და უსაფრთხო საფინანსო პროდუქტის ჩამოყალიბებასა და გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში დაეხმარება.
ამ შესაძლებლობით უკვე ისარგებლა Keepz-მა და სერვისისა თუ პროდუქტის მიმწოდებლებს, რომლებსაც არ აქვთ ტერმინალი ან ონლაინ გადახდის სერვისები, შემოსავალზე წვდომა გაუმარტივა. 2 წლის წინ შექმნილმა ფინტექ კომპანიამ ამ და სხვა სეგმენტს ბარათით გადახდების მიღება QR ტერმინალით შესთავაზა.
ამ სტატიაში Keepz-ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მარიამიძე საუბრობს, თუ როგორ განვითარდა კომპანია, რა როლი შეასრულა ამ პროცესში საქართველოს ბანკის API სერვისებმა და ღია ბანკინგის სტანდარტებმა და რა არის კომპანიის სამომავლო გეგმები.
Keepz-ის ძირითადი პროდუქტი QR ტერმინალია. ესაა დაბეჭდილი QR კოდი, რომელიც მოვაჭრის სივრცეშია განთავსებული, მომხმარებელს კი შეუძლია, დასკანერებით თანხა მომენტალურად, მოვაჭრის ანგარიშზე ჩარიცხოს. გადახდა ყველა მეთოდითაა შესაძლებელი - Apple Pay-ით, Google Pay-ით, კრიპტო აქტივის გამოყენებით და ახლა უკვე მობილური საბანკო აპლიკაციებითაც, რადგან Keepz პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო.
გარდა ფიზიკური QR ტერმინალისა, Keepz-ის ჩაშენება შესაძლებელია ელექტრონულ კომერციაში. ერთი ინტეგრაცია, ამ შემთხვევაშიც, გადახდის ყველა მეთოდს აერთიანებს. შესაძლებელია დისტანციური გადახდა ლინკის გაზიარებით, სამადლობელის დატოვება და სხვა.
Keepz-ში როგორც საბარათე გადახდების, ასევე ანგარიშზე გადარიცხვისთვის საქართველოს ბანკის API-ებს იყენებენ.
API სერვისის დახმარებით შესაძლებელია გადახდების ინიცირება. ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი საკუთარი ანგარიშიდან მიმღების ანგარიშზე თანხას მხოლოდ QR კოდის დასკანერებით რიცხავს. მას არ სჭირდება ანგარიშის ნომრის, მიმღების დასახელების ან სხვა პირადი მონაცემის შეყვანა, უბრალოდ ასკანერებს QR კოდს, API-ის მეშვეობით კი გადადის ბანკის გადარიცხვის გვერდზე, სადაც მხოლოდ ტრანზაქციას ადასტურებს. ყველა დანარჩენი ველი ავტომატურადაა შევსებული. პროცესების ავტომატიზაციის ხარჯზე, მომხმარებლის მიერ რუტინულ სამუშაოზე დახარჯული დრო იზოგება და სამომხმარებლო გამოცდილებაც უმჯობესდება.
"ჩვენ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობას, ცალსახად, დადებითად ვაფასებთ. ბანკთან რამდენიმე სერვისის ჭრილში ვართ ინტეგრირებულები და თამამად ვამბობთ, რომ საქართველოს ბანკი იყო ერთ-ერთი პირველი პარტნიორი, რომლის სერვისებითაც Keepz -მა ბაზარზე ოპერირების დაწყება შეძლო".
აღსანიშნავია, რომ Keepz-თან უკვე 12 ათასზე მეტი ბიზნესი თუ მცირე მეწარმე თანამშრომლობს. კომპანია კი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.
"ბაზარზე პოზიციონირება მცირე და საშუალო ბიზნესებთან თანამშრომლობით დავიწყეთ, დღეს კი QR ტერმინალს დიდ, ქსელურ ობიექტებშიც შეხვდებით, როგორებიცაა, მაგალითად, "ჯიპისი", "ბიბლუსი", "სკა" "ალკორიუმი" და სხვა. ახალ საფეხურზე გადასვლა ბუნებრივი და თანმიმდევრული პროცესია. პროდუქტი, თავისი ტექნიკური მახასიათებლებით უკვე მზადაა, სრული დაფარვით, დიდ მასშტაბებზე იმუშაოს", - აღნიშნავს გიორგი მარიამიძე და სამომავლო გეგმებზეც საუბრობს: "მომავალში ახალი პროდუქტების დამატებას ვაპირებთ, როგორებიცაა, მაგალითად, ციფრული პოს ტერმინალი და მობილური საფულე, რითაც კიდევ უფრო გავაიაფებთ ჩვენს პროდუქტებს და გავამარტივებთ გადახდის პროცესს. Keepz-ს სხვა კომპანიებისგან ისიც გამოარჩევს, რომ მას, ვინც გადახდას ახორციელებს, არ ჭირდება იყოს Keepz-ის მომხმარებელი ან გადმოწეროს ჩვენი აპლიკაცია. Keepz-ის QR-ით გადახდა შესაძლებელია Apple Pay/Google Pay ელექტრონული საფულეებით, კრიპტო საფულით, ბარათის მონაცემის შეყვანით და ბანკების მობაილ აპლიკაციებით".
ახლა კომპანიის გეგმებში პროდუქტის განვითარება, შემდგომში კი საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაა. Keepz-მა უკვე გააფორმა შეთანხმებები რეგიონის რამდენიმე კომპანიასთან. ღია ბანკინგის სტანდარტების დანერგვისა და გადახდის სისტემების გაუმჯობესების ფონზე კი კომპანიის ერთ-ერთი მიზანი რეგიონული მოთამაშის სახელის დამკვიდრებაა.