რომის პაპის პირადი აუდიენცია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციასთან
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
13 თებერვალს ვატიკანში პაპმა ფრანცისკემ, პირველად ჩვენს ისტორიაში, ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს პირადად უმასპინძლა, რაც უპრეცედენტო ფაქტია. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციის 80-მდე წევრს,მათ შორის: უნივერსიტეტის დამფუძნებლებს, პროფესორებს, საბაუნის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებსა და სტუდენტებს პაპმა პერსონალურად მიმართა.
"მადლობას მოგახსენებთ თქვენი ვიზიტისა და საქმიანობისათვის, რომელიც საუკეთესო მაგალითია თავდადებული კულტურული კვლევა-ძიებისა და იმ ფასდაუდებელი სიკეთისა, ახალგაზრდობის აღზრდა რომ ჰქვია. განათლება სწორედ ამას გულისხმობს - ხელი შეუწყო ახალი თაობების ზრდას, ყველაზე ნაყოფიერი ფესვების აღმოჩენასა და მოვლას, რათა იხარონ და ნაყოფი გამოიღონ. ეს კარგად ეხმიანება თვით საქართველოს იდენტობასაც, ახალგაზრდა, მაგრამ უძველესი ისტორიის მქონე ქვეყნისა, ზეცით კურთხეული მიწისა, რომლის ბედნიერი მოგონებანიც მარად შემორჩა ჩემს ხსოვნას" - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორის, აკაკი ჭელიძის განმარტებით, პაპთან ვიზიტი ჯერ კიდევ 2 წლის წინ, სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად დაიგეგმა, თუმცა კოვიდ პანდემიის გამო გადაიდო და ახლახან განხორციელდა. როგორც თავად აღნიშნა, ეს უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო დონეზე აღიარების ტოლფასია: "ჩვენი მისიის ნაწილია, რომ ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების პრინციპების ერთგული საზოგადოების განვითარებაში მივიღოთ მონაწილეობა. ვარსებობთ მხოლოდ იმისათვის, რომ გამოვადგეთ ადამიანს. განათლების მიცემა კი, ამის მიღწევის საუკეთესო საშუალებაა. რომის პაპის პირადი აუდიენცია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან, ჩვენი აკადემიური საქმიანობისა და იმ სოციალური პასუხისმგებლობის ერთგვარი დაფასებაა, რომელიც უნივერსიტეტს დაარსებიდან დღემდე აკისრია. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენს სტუდენტებსაც მიეცათ საშუალება ამ მნიშვნელოვანი დღეზე დასწრებისა" - აღნიშნა აკაკი ჭელიძემ.
როგორც "საბაუნის" პრორექტორმა, დიმიტრი გეგენავამ განმარტა, მიუხედავად იმისა რომ შეხვედრას მხოლოდ საბაუნის საზოგადოება ესწრებოდა, პაპმა, ზოგადად, ქართველი ხალხისთვისა და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა: "პირველად, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომის პაპმა ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს პირადად უმასპინძლა, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მოვლენაა მთელი ერისთვის. ამას ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ მიუხედავად ჩვენი პირადი აუდიენციისა, შეხვედრა რომის პაპისთვის საქართველოზე, ქართველ ხალხზე, თავისი მნიშვნელოვანი სათქმელის გაზიარების საშუალებად იქცა".
როგორც პაპმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: "ქართველები, ახალგაზრდებით დაწყებული, იმსახურებენ ფართო გზასა და შესაძლებლობებს… საქართველო ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომასა და გაბრწყინებას, მაშინაც კი, როცა გამუდმებით ექცეოდა უცხოელი დამპყრობლების ბატონობის ქვეშ და მას არასდროს დაავიწყდება საქართველოს ის მიწები, რომლებიც ჯერ კიდევ წართმეული გვაქვს".
რომის პაპთან ვიზიტი ვატიკანის საელჩოს საქართველოში (წმინდა საყდრის სადესპანო) მხარდაჭერით განხორციელდა.
"მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვანი და ამავდროულად საზეიმო შეხვედრის ხელშეწყობა ჩვენი საელჩოს დახმარებით განხორციელდა. უნივერსიტეტმა, რომელიც გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, სულხან-საბა ორბელიანის სახელს ატარებს, დაარსებიდან დღემდე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორების შეძენა მოახერხა. ეს ის უნივერსიტეტია, რომლის აკადემიური საქმიანობა 30 გულანთებული სტუდენტითა და ერთი ფაკულტეტით დაიწყო, დღეს კი, რამდენიმე ფაკულტეტსა და საგანმანათლებლო პროგრამას აერთიანებს, მუდმივად იზრდება და ვითარდება." - განაცხადა ვატიკანის ელჩმა საქართველოში – ჟოზე აველინო ბეტანკურმა.
ვატიკანში რამდენიმე დღიანი ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრების ციკლი, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, რამდენიმე ინსტიტუციაშიც განხორციელდა, მათ შორის - კულტურისა და განათლების სამინისტროში.