,,სადგური'' - პირველი სოციალური საწარმო, რომელიც გლობალურ პრობლემებს ჭრის.
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მრავალფეროვანი კარიერული მოგზაურობა საინტერესო თავგადასავლებთან ერთად, სხვადასხვა სფეროში წამოჭრილი დაბრკოლებების გაცნობა-გამკლავებასაც გულისხმობს.
ცალსახაა თითოეული ადამიანი ყოველდღიურად თავის პროფესიულ ასპარეზზე იბრძვის, თუმცა როდესაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სფეროსთან გვაქვს შეხება აღნიშნულ დაბრკოლებებს ერთიან სურათად აღვიქვამთ. შესაბამისად, მათ მოსაგვარებლად მეტად მასშტაბურ გზებსაც ვსახავთ.
ასეთი მარშუტი ჰქონდა ნინი ღვინაშვილის გზას ,,სადგურის'' შექმნამდე.
რა იყო მთავარი ბიძგი ,,სადგურის'' შექმნისას?
ვერ ვიტყვი, რომ ,,სადგურის'' შექმნა ერთი კონკრეტული მოვლენით ან გარემოებითაა განპირობებული. რეალურად, ის კარიერული მოგზაურობის ანაბეჭდს უფრო ჰგავს. მახსოვს ჩემი პირველი საუნივერსიტეტო პროექტი, რომელიც ნარჩენების მდგრად გამოყენებასა და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურებოდა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, დიდი დრო გავიდა, თუმცა მთავარი მიზანი რომ ჩემი წვლილი შემეტანა გარემოზე ზრუნვასა და ქალების გაძლიერებაში უცვლელი დარჩა.
როგორ მუშაობს ,,სადგური''?
,,სადგური'' კონცეფციურადაც და სამუშაო მიდგომებითაც უალტერნატივო პროექტია. ის ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ინტეგრაციას ბიზნეს საქმიანობაში. სადგურის მისიაა ადგილობრივად არსებული სამუშაო ძალის ეფექტური ტრანსფორმაცია. კერძოდ, მოწყვლადი ჯგუფის ქალბატონების ეკონომიკური გაძლიერება, განათლებისა და დასაქმების გზით.
,,სადგური'' პასუხისმგებლიან ბიზნესთან ერთად ქმნის ძლიერ ქსელს, რომელიც პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის მდგრად მომავალზე.
ამჟამად რა ეტაპზეა ,,სადგური''?
ამჟამად ,,სადგური'' MVP მოდელით მუშაობს. უკვე გადავამზადეთ 2 ქალბატონი. მიღებული გამოცდილების შედეგად დავხვეწეთ სასწავლო მოდული. ასევე პოტენციური მომხმარებლებისთვის შევქმენით პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მათ შესყიდვების სტატუსის დისტანციურად კონტროლში დაეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ნაბიჯი უკვე გადავდგით, ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი ამბიციური მიზნებისკენ.
ვინ იქნებიან ,,სადგურის'' პირველი მომხმარებლები და რა ტიპის შენაძენის გაკეთებას შეძლებენ ისინი?
სადგური თანამშრომლობს მხოლოდ პასუხისმგებლიან ბიზნესთან. კერძოდ, კომპანიებთან, რომლებიც თანხმდებიან გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მნიშვნელობაზე.
აღნიშნული კომპანიები ,,სადგურს'' მიანდობენ მათთვის საჭირო ბრენდირებული ნივთების დამზადებას. თითოეული დამზადებული პროდუქტი იქნება უნიკალური, რადგან მათზე დატანილი QR კოდის დასკანერებით საბოლოო მომხმარებლები გაიგებენ კონკრეტულმა შენაძენმა, რა წვლილი შეიტანა ქალების გაძლიერებასა და გარემოზე ზრუნვაში.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ,,სადგურში'' ჩართულ მხარეებს შორის
ენთუზიაზმით სავსე ხელოვანთა ჯგუფია. ისინი საწარმოო ნარჩენებს კიდევ ერთ სიცოცხლეს აჩუქებენ. დაინტერესებული პირები ე.წ. upcycling ნივთების დათვალიერებასა და მათი ისტორიის გაცნობას ,,სადგურის'' ყოველწლიურ გამოფენაზე შეძლებენ.