საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა STEM ოლიმპიადას იწყებენ - როგორი უნდა იყოს მონაწილე გუნდების შემადგენლობა?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკი განაგრძობს ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას. ამისათვის, ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანი ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და მათში მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავებაა.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა მორიგ ერთობლივ პროექტს - STEM ოლიმპიადას ახორციელებენ. ოლიმპიადაში მეშვიდე-მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები სკოლის სახელით იასპარეზებენ.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებას 100 სკოლა და, შესაბამისად, 100 გუნდი შეძლებს, რომელიც 6 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული. ოლიმპიადა ორ ეტაპად ჩატარდება:
პირველ ეტაპზე გუნდები ერთმანეთს თეორიულ ცოდნაში შეეჯიბრებიან. ტესტი სამ საგანში - ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში ჩატარდება. შესაბამისად, გუნდიდან სამმა მონაწილემ უნდა დაწეროს მათემატიკის, ორმა – ფიზიკის, ერთმა კი – ინფორმატიკის ტესტი.
ამიტომ, გუნდის დაკომპლექტების დროს მნიშვნელოვანია, ის მოსწავლეები აირჩიოთ, რომლებიც აღნიშნულ საგნებს საუკეთესოდ ფლობენ. ოლიმპიადის ფარგლებში ახალგაზრდები წინასწარ გაეცნობიან თითოეული საგანში ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ მასალას.
რეგისტრაციის პროცესში ასევე მნიშვნელოვანია მენტორის სწორად შერჩევა, რომელიც გუნდს მოსამზადებელ პერიოდში გაუწევს მხარდაჭერას - უხელმძღვანელებს მათ, დაეხმარება მეცადინეობაში, გაუზიარებს სავარჯიშო დავალებებს... მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ მენტორი ამავე სკოლის საბუნებისმეტყველო ან ტექნიკური საგნის მასწავლებელი უნდა იყოს (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა, ისტ, ინჟინერია).
პირველი ეტაპის ბოლოს, გუნდის წევრების მიერ თითოეულ საგანში მიღებული ქულები დაჯამდება და 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ასპარეზობას შემდეგ ტურში გააგრძელებენ.
მეორე ეტაპზე გადასული გუნდები ერთმანეთს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში შეეჯიბრებიან. ისინი 8 საათის განმავლობაში ინჟინერიის პრაქტიკული ამოცანების ამოხსნაზე იმუშავებენ.
იმ შემთხვევაში, თუ ერთ სკოლაში ოლიმპიადაზე დარეგისტრირების სურვილი ბევრმა მოსწავლემ გამოთქვა, საუკეთესო ექვსეულის შესარჩევად კომაროვის სკოლის გამოცდილი პროფესიონალები რამდენიმე რჩევას გვიზიარებენ:
- ,,მათემატიკოსი", ,,ფიზიკოსი" და ,,პროგრამისტი" მოსწავლეების შესარჩევად სასურველია, სკოლის შიდა გამოცდა ჩატარდეს, წერების ფორმატისა და შინაარსის შედგენისას კი შეგიძლიათ ოლიმპიადის სარეგისტრაციო გვერდზე ატვირთული პროგრამა გამოიყენოთ.
- უმჯობესია, ტესტის უმეტესი ნაწილი იყოს ღია და არა შემოსახაზი დავალება, ასე უკეთ შეძლებთ შეაფასოთ მოსწავლის ლოგიკური აზროვნება და მსჯელობის უნარი.
- ეცადეთ, შიდა წერების დროები სხვადასხვა საგანში ერთმანეთს არ დაემთხვეს, შეიძლება, რომელიმე მოსწავლეს სურდეს ბედი რამდენიმე საგანში სცადოს.
- სასურველია, საგამოცდო პროცესს დამკვირვებელმა გაუწიოს მეთვალყურეობა, რაც მოსწავლეებისთვის ერთგვარი ,,რეპეტიციაც" იქნება მომავალი ოლიმპიადისთვის.
- ოლიმპიადის ფინალში გამარჯვებისთვის მონაწილეებმა გუნდურად უნდა იმუშაონ და გაუმკლავდნენ პრაქტიკულ დავალებებს ინჟინერიაში, ამიტომ უმჯობესია, კანდიდატებს მიკროკონტროლერი Arduino-ს ცოდნა უპირატესობად ჩაეთვალოთ, მაგალითად: შესაძლებელია, ასეთ მოსწავლეებს შიდა შესარჩევ ტურზე დაემატოთ ქულების 10%, ან ერთნაირი ქულების მიღების შემთხვევაში ის მოსწავლე შეირჩეს, რომელმაც იცის მიკროკონტროლერთან მუშაობა.
- ნუ შეარჩევთ გუნდის წევრების მხოლოდ Arduino-ს ცოდნის მიხედვით, მიკროკონტროლერთან მუშაობა მათ მხოლოდ ფინალურ ეტაპზე მოუწევთ, ფინალამდე მისასვლელად კი ჯერ თეორიულ ცოდნაში მინიმუმ 90 გუნდს უნდა აჯობონ და მოხვდნენ საუკეთესო ათეულში. თანაც, ფინალში გადასული გუნდების მენტორებისთვის სრულიად უფასოდ ჩატარდება სამთვიანი გადასამზადებელი კურსი Arduino-ს შესასწავლად. მტკიცე თეორიული ცოდნისა და სხარტი აზროვნების მოსწავლე მენტორის დახმარებით მარტივად შეძლებს ალღო აუღოს Arduino-სა და პრაქტიკულ ამოცანებს.
- გუნდების დაკომპლექტებისას, სჯობს, გაითვალისწინოთ გამოცდებზე მიღებული შედეგი და არა მოსწავლეების ასაკი, საოლიმპიადო პროგრამები დაბალი (მე-7, მე-8) კლასების სასკოლო პროგრამის მიხედვით არის შედგენილი და შესაძლებელია დაბალკლასელმა მონაწილემ აჯობოს მაღალკლასელს.
შეგახსენებთ, რომ 2023-2024 წლის STEM ოლიმპიადის რეგისტრაცია 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.