საქართველოს ბანკმა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად მეწარმე ქალთა მეოთხე ნაკადის მიღება დაიწყო
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკმა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, "მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე" მეოთხე ნაკადის მიღება დაიწყო. აღნიშნული ინიციატივა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
მეოთხე ნაკადზე მოხვედრას 25 მეწარმე ქალი შეძლებს. ინიციატივის ფარგლებში ისინი თეორიული უნარების გაუმჯობესებასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენას შეძლებენ.
პროგრამა მეწარმე ქალებისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელსა და ახლად შექმნილი საწარმოს სრული ციკლის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ის ოთხ ძირითად სფეროს აერთიანებს: თეორიულ განათლებას, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნას.
"პროგრამა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის, როგორც დამწყებ, ასევე უკვე წარმატებულ მეწარმე ქალებს აერთიანებს და მათ კომპანიების გაძლიერებისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. "მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა" სწორედ მათი საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. რაც შეეხება, საგანმანათლებლო კომპონენტების ციკლს, ის 2 თვის მანძილზე გაგრძელდება, რომლის შემდეგაც მონაწილეები საგრანტო და პროფესიული ქსელების გაღრმავების ეტაპებზე გადავლენ. პროგრამა მეწარმეებს შესთავაზებს დამატებით აქტივობებსა და საკომუნიკაციო არხებს, რომლის მეშვეობითაც დაუკავშირდებიან სხვა მეწარმეებს და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებს", - აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი.
"პროგრამა მეწარმე ქალებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ სრულყოფილი მხარდაჭერის ციკლი მათი ბიზნესის განვითარებისთვის. საგანმანათლებლო კომპონენტი მოიცავს სპეციალურად შექმნილ ონლაინ კურსებს და პირისპირ სწავლების ინტენსიურ 5-დღიან შეხვედრებს. მენტორებთან დამატებითი ონლაინ სესიები კი, მეწარმე ქალებს ეხმარება მათთვის სპეციფიკური საჭიროებების გადაჭრაში. პროგრამის პრაქტიკულ ეტაპზე, მეწარმეები მონაწილეობას მიიღებენ გაეროს განვითარების პროგრამის საგრანტო კონკურსში და დამატებით აქტივობებში, რაც მათ ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. პროფესიული წრის განვითარება არის პროგრამის განუყოფელი ნაწილი, რადგან ვთვლით, რომ გამოცდილების გაზიარება ბიზნესის წარმატების საწინდარია", - აღნიშნავს გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი, ანა ჩხეიძე.
პროგრამაზე მიღება დაწყებულია და რეგისტაციის გავლას აღნიშნულ ბმულზე შეძლებთ
ინფორმაციისთვის, "მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის" პირველი ნაკადის მიღება 2022 წლის მაისიდან დაიწყო და დღეის მონაცემებით უკვე 70 მეწარმე ქალს აერთიანებს. პროგრამაზე მიღება წელიწადში საშუალოდ სამჯერ ცხადდება და თითო ნაკადზე მოხვედრა 25 მეწარმეს შეუძლია. პროგრამა ჯამში 200 მეწარმე ქალის მხარდაჭერას ითვალისწინებს.