საქართველოში პირველად eCommerce Day ჩატარდება ინტერვიუ "იქომერს ასოციაცია საქართველოს" თავმჯდომარე ლადო კანდელაკთან
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოში წელს პირველად ელექტრონული კომერციის დღე გაიმართება, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივი წამყვანი კომპანიები საკუთარ გამოცდილებას გააზიარებენ.
ღონისძიების ორგანიზატორი "იქომერს ასოციაცია საქართველოა", რომელიც 3 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ქართულ ბიზნესებსა და სტარტაპებს იქომერსის დანერგვა-ტრანსფორმაციაში და ონლაინ გაყიდვების ზრდაში ეხმარება.
ასოციაციის და კონფერენციის დეტალების უკეთ გასაგებად "იქომერს ასოციაცია საქართველოს" თავმჯდომარეს - ლადო კანდელაკს ვესაუბრეთ:
მოკლედ რომ მოგვიყვეთ თქვენი გამოცდილების შესახებ
ჩემი გამოცდილება ტექ და სტარტაპ მიმართულებით 2005 წლიდან იწყება, როდესაც ქართულ ბაზარზე პირველმა გავუშვი მობილური ჩატის აპლიკაცია (WAP ტექნოლოგიაზე).
შემდეგ ვმუშაობდი შვეიცარიაში IT კომპანიაში, რომელიც საბანკო და საფინანსო სფეროს ემსახურებოდა რისკ მენეჯმენტის და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებაში. მას მერეც, ჩემი საქმიანობა საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ლიდერობასა და მენეჯმენტს უკავშირდება, რაც ჩემი ინტერესი და ძლიერი მხარეა.
ვცდილობ ყველაფერში ზრდის და განვითარების შესაძლებლობა დავინახო და სწორედ ასე აღმოვჩნდი "იქომერს ასოციაცია საქართველოს" თავმჯდომარის პოზიციაზეც.
როგორ შეიქმნა eCommerce Association Georgia და რა მიზნებს ისახავს?
აღმოვაჩინეთ, რომ კოვიდის პერიოდში, მცირე და საშუალო ბიზნესს შეექმნა სერიოზული პრობლემა, რადგან არავინ იცოდა, როგორ და რა მექანიზმებით უნდა ემართათ იქომერსი. ასოციაცია დავაფუძნეთ 2020 წელს ამ სფეროს პროფესიონალების გუნდმა და ძირითადი მიზანი სწორედ ამ რთულ პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება იყო. შესაბამისად, მათთვის გავაკეთეთ სრულიად უფასო ვებინარების სერია, რამაც დიდი გამოხმაურება მოიპოვა და მონაწილეებსაც დაეხმარა შედეგების გაუმჯობესებაში.
შემდეგ დავმეგობრდით USAID-თან, რომელიც უკვე ბევრი წელია საქართველოში განვითარების და წინსლის ყველაზე დიდი მხარდამჭერია, და მათი დახმარებით დღემდე რამდენიმე საინტერესო პროექტს ვახორციელებთ.
ასოციაციის მთავარი მიზანი არის ქვეყანაში იქომერსის ხელშეწყობა, განვითარება და გაძლიერება.
ასევე აქტიურად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ბიზნესი დროულად ჩაერთოს ელექტრონულ კომერციაში. გვსურს, ბიზნესებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში დავეხმაროთ და დავანახოთ იქომერსის პერსპექტივები, რადგან იქომერსი არის საკმაოდ სწრაფად განვითარებადი, პერსპექტიული და გარდაუვალიც კი თანამედროვე ბიზნესებისთვის.
რას ნიშნავს ასოციაციის წევრობა და რა უპირატესობები აქვს მას?
ასოციაციის წევრებს ბევრი სარგებელი აქვთ. მაგალითად: კონტაქტები, ინფორმაციის გაცვლა სხვა და სხვა შესაძლებლობებზე და შეკრებებზე, კონსულტაციები სფეროს პროფესიონალებთან, საერთაშრისო კავშირების დამყარებაში დახმარება და სხვა მრავალი რამ. ასოციაციაში გაწევრიანება ყველასათვის ხელმისაწვდომია. ამ მომენტისთვის 80-მდე წევრი გვყავს და ეს რიცხვი კიდევ უფრო იზრდება. წევრებს შორის არიან: მცირე და საშუალო ბიზნესები, პლატფორმები და მარკეტფლეისები, IT კომპანიები და გადახდების კომპანიები.
წელს საქართველოში პირველად ტარდება იქომერსის დღე - რა მიზანს ემსახურება კონფერენცია?
ელექტრონული კომერციის დღე არის ინდუსტრიისა და დარგის წარმომადგენლების უკეთ გაცნობის და სამომავლო საქმიანი კონტაქტების შეძენის იდეალური შესაძლებლობა. საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრებენ ელექტრონული კომერციის მთავარ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ უკეთ შეისწავლონ მიზნობრივი აუდიტორია, წამყვანი კომპანიებისგან მოისმინონ ისეთი რჩევები და გამოცდილებები, რაც აუცილებლად დაეხმარებათ სამომავლო საქმიანობაში.
წლევანდელ კონფერენციაში ისეთი ცნობილი საერთაშორისო ბრენდები ერთვებიან, როგორებიც არიან: Amazon Pharmacy, Trendyol, Rakuten Viber... ეს მონაწილეების არასრული ჩამონათვალია და ემატება სხვა, ძალიან მნიშვნელოვანი სფეროს ლიდერი კომპანიები.
სამომავლო გეგმებზიც გაგვიზიარეთ
ბევრი გეგმა გვაქვს, გარდა იმისა, რომ გვსურს, "ელექტრონული კომერციის დღემ" ყოველწლიური სახე მიიღოს და ყოველ წელს ერთ სივრცეში გააერთიანოს იქომერსის ლიდერები და ყველა ჩართული პროფესიონალი, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენი იქომერს აკადემია რეგიონში ყველაზე ძლიერ პროფესიონალებს ამზადებდეს და მჯერა, რომ პროფესიონალთა გუნდით ამას მივაღწევთ.
ასევე დიდი სურვილი გვაქვს და დიდი ალბათობით ამას სულ მალე გავაკეთებთ, გვინდა, რომ ასოციაციის მმართველობაში მოვიწვიოთ მოქმედი ადგილობრივი იქომერსების ტოპ-მენეჯერები ორი წლის ვადით და ასოციაციის საქმიანობა კიდევ უფრო გამჭვირვალე და გამოსადეგი გავხადოთ იმ მიმართულებისთვის რომელსაც ჩვენ ვემსახურებით.