საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, რომლის სპონსორიც საქართველოს ბანკია, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის ემზადება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის ემზადება - ალეკსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი 2 უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ 21 ნოემბერს ქალაქ ჰელსინკიში, 24 ნოემბერს კი თბილისში.
თბილისიდან ჰელსინკიში 10 ქართველი კალათბურთელი გაემგზავრება, 4 მოთამაშე ჰელსინკიშივე დახვდება, გუნდის უდავო ლიდერი და კაპიტანი, თორნიკე შენგელია კი ნაკრებს თამაშის დღეს, 21 ნოემბერს შეუერთდება. სერბი სპეციალისტის რჩეული თხუთმეტეული ასე გამოიყურება:
- ლუკა ლიკლიკაძე,
- რატი ანდრონიკაშვილი,
- კახა ჯინჭარაძე,
- ბექა ბურჯანაძე,
- გიორგი შერმადინი,
- დუდა სანაძე,
- გიორგი კორსანტია,
- ალექსანდრე ფევაძე,
- მათე ყავლაშვილი,
- თორნიკე შენგელია
- ლუკა მაზიაშვილი,
- მათე ხატიაშვილი,
- კამარ ბოლდუინი,
- გიორგი ოჩხიკიძე,
- ილია ლონდარიძე.
თამაშის წინა დღეს ჯიკიჩი ამ თხუთმეტეულიდან 12 რჩეულს გამოარჩევს და ასე გავიგებთ, თუ ვინ იქნება მატჩის ძირითად განაცხადში. თოკოს წინა გამოცდილების გამეორება მოუწევს და 20 ნოემბერს ბოლონიას მაისურით ჯერ თურქეთში, ფენერის წინააღმდეგ ითამაშებს, მერე კი ნაკრებისთვის ჰელსინკიში გაფრინდება და, ფაქტობრივად, 2-დღიან შუალედში სრული დატვირთვით 2 შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. შენგელიას როლი ამ ფორმაციის ნაკრებში კიდევ უფრო გაზრდილი და ფასდაუდებელია, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ჩვენი NBA-ის ლეგიონი (გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი) ამჯერადაც, ამერიკული ტურნირის წესდებისა და განრიგის გათვალისწინებით, ვერ დაგვეხმარებიან.
აღსანიშნავია, რომ პირველად გამოვცდით და ვიხილავთ ახალ ამერიკელ ლეგიონერს - კამარ ბოლდუინს, რომელიც პოზიციით გამთამაშებელია და ამჟამად ესპანური საკალათბურთო გრანდის, ბასკონიას ღირსებას იცავს. ჯიკიჩმა გაფართოებულ შემადგენლობაში არ შეიყვანა ჩვენი მეორე ლეგიონერი, ჯო ტომასონი, რომელმაც ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის პირველ ორ შეხვედრაში უკვე ითამაშა.
ჩვენს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ორი წაგება აქვს დანიისა და სერბეთის ნაკრებების წინააღმდეგ და G ჯგუფის ბოლო ადგილზეა. ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად აუცილებელია, რომ ჯგუფში ბოლო ადგილზე არ გავიდეთ, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფინეთის ნაკრებთან ორივე შეხვედრაში გამარჯვება, რომ ზედიზედ მეექვსედ ვითამაშოთ კონტინენტის საუკეთესო სანაკრებო ტურნირზე.
რაც შეეხება კვალიფიკაციის ფორმატს - 32 ნაკრები 8 ოთხგუნდიან ჯგუფშია გადანაწილებული, 3-3 საუკეთესო, ანუ 24 ნაკრები ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო ჯგუფებში თამაშობენ 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლები -კვიპროსი, ჩვენი მეტოქე - ფინეთი, პოლონეთი და ლატვია; იმ ჯგუფებიდან, რომლებშიც ეს ნაკრებები მოხვდნენ, ფინალში ისინი და სხვა ორი საუკეთესო გუნდები გავლენ.
ისღა დაგვრჩენია, ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს დარჩენილ ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში. ვიმედოვნოთ, რომ ამჯერადაც გავალთ ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 2025 წლის 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე პერიოდშია დაგეგმილი.