Sponsored Content

შესაძლებლობა და პასუხისმგებლობაა, წარადგინო საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე - ნიკა ვანაძე, ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებული

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, ეკონომიკურ და ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით და GELi-ს ინიციატივით, საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა სწორედ ამ მიზნით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 342 სკოლის 1200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. რთული, რამდენიმე ეტაპიანი შესარჩევი პროცესის გავლის შემდეგ ნახევარფინალში 230 მოსწავლე გადავიდა, მათგან 10 საუკეთესო შედეგის მქონე ფინალისტი გამოვლინდა, ხოლო საბოლოო რაუნდში, ხუთი გამარჯვებული შეირჩა. გამარჯვებულთა შორისაა ნიკა ვანაძეც.

ის ეკონომიკის ოლიმპიადაში მიღებული გამოცდილების, საერთაშორისო ტურთან დაკავშირებული მოლოდინებისა და საკუთარი ინტერესების შესახებ გვიყვება.

ნიკა კომაროვის სკოლის 2023 წლის გამოშვებაა. ის საკუთარი ინტერესებისა და ეკონომიკის ოლიმპიადაში მიღებული გამოცდილების შესახებ გვიყვება.

როგორც ამბობს, ეკონომიკა მისი ინტერესის სფერო დაახლოებით ორი წლის წინ გახდა. შესაბამისად, დაიწყო ეკონომიკის, როგორც მეცნიერების შესწავლა და ამ მიმართულებით დაგროვილმა გამოცდილებამ უბიძგა, საკუთარი შესაძლებლობები ეკონომიკის ოლიმპიადაზე გამოეცადა.

"ეკონომიკა ჩემთვის არის მეცნიერება, რომელიც ძირითადად ამოწურვად რესურსებთან მიმართებით სამყაროს მოქმედებას შეისწავლის და ცდილობს აღმოაჩინოს მის უკან მდგარი მექანიზმი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, რომელშიც უფასო არაფერია, ეკონომიკა გვაძლევს შესაძლებლობას, მის საფუძველზე მივიღოთ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ჩვენ გარშემომყოფთა ცხოვრებასაც", - გვიყვება ნიკა.

ამბობს, რომ ეკონომიკა ეხმარება ადამიანებს, შეცვალონ აზროვნების სტილი. თუ ის ადრე სპონტანურად აკეთებდა არჩევანს, ახლა ცდილობს, უფრო გეგმაზომიერად იმოქმედოს, შეაფასოს როგორც გადაწყვეტილების ალტერნატიული დანახარჯი, ასევე მისი პოტენციური სარგებელიც. სწორედ ამიტომ, მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ისწავლონ და გაითავისონ ეკონომიკის საფუძვლები.

"ამ შემთხვევაში, თითოეული ინდივიდი იქნება უკეთესად ინფორმირებული და გათვითცნობიერებული მოქალაქე. ამასთან, ეკონომიკის ბაზისების ცოდნა მოგვცემს შესაძლებლობას, გავიგოთ, რეალურად როგორ არის სამყარო მოწყობილი და შესაბამისად, უკეთ მოვერგოთ მას, აღმოვაჩინოთ ჩვენი როლი და საკუთარი თავი ამ უზარმაზარ სამყაროში" , - ამბობს ნიკა.

როგორც აღნიშნავს, ეკონომიკური და ფინანსური განათლების მისაღებად სხვადასხვა გზა არსებობს, თუმცა, საუკეთესო საშუალება შემეცნებითი რესურსების გამოყენება და ეკონომიკური საფუძვლების გააზრებაა. შემდეგ არსებულ ფუნდამენტზე პრაქტიკული გამოცდილების მიღება, რაც უფრო ხარისხიანი და ხარჯთეფექტური გადაწყვეტილებებისა თუ ქმედებების საფუძველი გახდება.

"გამომდინარე იქიდან, ჩვენ ყველას ყოველდღიური შეხება გვაქვს ფულთან - ვხარჯავთ, გამოვიმუშავებთ, ვაგროვებთ თუ ვაინვესტირებთ მას, კარგი ფინანსური განათლება უფრო ეფექტურს გახდის ჩვენსა და ფულს შორის არსებულ ურთიერთობას", - განმარტავს ის.

ეკონომიკის, როგორც მეცნიერების უკეთ შესასწავლად და ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად, ნიკა "საღი აზრის ეკონომიკასა" და ვებგვერდზე განთავსებულ მასალებს იყენებდა. ახლა ის საზაფხულო ბანაკში წასასვლელად ემზადება, შემდეგ კი სლოვაკეთში, ეკონომიკის ოლიმპიადის საერთაშორისო ტურში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.

ამბობს, რომ მისთვის ფინალური ტური არის შესაძლებლობა, გაიღრმავოს ცოდნა და განივითაროს უნარები, საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინოს და გამოსცადოს საკუთარი თავი.

"შესაძლებლობასთან ერთად, ეს არის გარკვეული პასუხისმგებლობა - მე ხომ ერთ-ერთი ვარ იმ 5 გამარჯვებულს შორის, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენს", - აღნიშნავს ნიკა.

თუმცა, პასუხისმგებლობა არ აშინებს, პირიქით, უფრო დიდ მოტივაციას აძლევს, რომ მაქსიმალურად წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები.

ინტერვიუს ბოლოს კი აღნიშნავს, რომ ფინანსური და ეკონომიკური განათლების ასამაღლებლად, ამ პროცესებში კერძო კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა გადამწყვეტ როლს ასრულებს.

"ეს პროექტი არის ჩემთვის ეტალონი იმისა თუ როგორ შეუძლიათ კერძო კომპანიებს და ორგანიზაციებს აამაღლონ ახალგაზრდებში ეკონომიკური ცნობიერება. კონკურსების, აქტივობების, პროექტების ორგანიზებით კი მათ შეუძლიათ, მოსწავლეებსა და სტუდენტებში გაზარდონ ამ სფეროსადმი ინტერესი, რაც გრძელვადიან პერიოდში, დიდი სარგებლის მომტანი იქნება როგორც ინდივიდებისთვის, ასევე მთელი ქვეყნისათვის", - აღნიშნავს ნიკა.