SME Care - მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შექმნილი სადაზღვევო პროდუქტი PSP დაზღვევისგან
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
12 წელზე მეტია, რაც PSP დაზღვევა ინდივიდუალურ საჭიროებაზე ორიენტირებულ სადაზღვევო პროდუქტებს ქმნის და მომსახურების უმაღლეს სტანდარტს უზრუნველყოფს. განვითარებასა და ინოვაციებზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანია "ნიუ ჰოსპიტალსთან", "GMP-ისთან" და "PSP ფარმასთან" ერთად "PSP ჯგუფის" წევრია.
12 წლის განმავლობაში PSP დაზღვევამ განვითარების ხანგრძლივი და საინტერესო გზა განვლო. თუ თავდაპირველად კომპანია მხოლოდ სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით მუშაობდა, ბოლო რამდენიმე წელია მის სერვისებში სხვა სადაზღვევო მიმართულებებიც გამოჩნდა, როგორიცაა ქონების, ავტო, სამოგზაურო და სხვა პაკეტები. ამ დროის განმავლობაში კომპანია 250 ათასზე მეტ ადამიანს მოემსახურა და მათი რისკები დააზღვია.
"PSP დაზღვევა ყოველთვის გამოირჩევა საკუთარი დამოკიდებულებით პარტნიორებთან ურთიერთობაში. სადაზღვევო ინდუსტრიაში ჩვენ ვასოცირდებით ხარისხზე ორიენტირებულ და სტაბილურ პარტნიორად. დაზღვევის ბიზნესი, რაც რისკების მართვას გულისხმობს, შეუძლებელია სტაბილური, მგრადი და პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გარეშე. სწორედ ამიტომ, ეს არის ჩვენი ღირებულება და ბიზნესოპერირების მთავარი საფუძველი", - აღნიშნავს სოფიო ლებანიძე, PSP დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ალბათ, დამეთანხმებით, რომ დაზღვევა ნეგატიურ მოვლენებსა და ბიუროკრატიულ სირთულეებთან არ უნდა ასოცირდებოდეს, აქედან გამომდინარე, PSP დაზღვევის გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, სადაზღვევო სერვისები ინდივიდებს პირადი მენეჯერების, კვალიფიციური ოჯახის ექიმების ინსტიტუტისა თუ პროვაიდერი კლინიკების ფართო არჩევანის სახით მიაწოდოს. ნებისმიერ საქმიანობაში აუცილებელია, ბიზნესმა მომხმარებელს თანამედროვე და ინდივიდუალურ მიდგომაზე დაფუძნებული სერვისები შესთავაზოს, განსაკუთრებით კი დაზღვევის ბიზნესში, როდესაც თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური რისკი და რისკის მართვის ინდივიდუალური მოლოდინები აქვს. ინდივიდზე მორგებული, სადაზღვევო სერვისების ერთობლიობა და ხარისხიანი მომსახურება ქმნის კომფორტს, რაც სტაბილურ თანამშრომლობას განაპირობებს.
PSP დაზღვევა დიდ ძალისხმევას დებს არა მხოლოდ თავად კომპანიის, არამედ საზოგადოების განვითარებაში. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ცნობიერების ამაღლება ინდივიდუალური რისკების მართვის საჭიროებაში ძალიან საყურადღებო საკითხია. აქედან გამომდინარე, PSP დაზღვევამ SME Care-ის სახით საკმაოდ საინტერესო და ინოვაციური პროექტი წარუდგინა საზოგადოებას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესზეა ორიენტირებული. უფრო ვრცლად, საიდან გაჩნდა აღნიშნული სერვისის შექმნის იდეა და კონკრეტულად რას გულისხმობს იგი, Entrepreneur-ი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, სოფიო ლებანიძეს ესაუბრა.
PSP დაზღვევა - ინოვატორი სადაზღვევო ინდუსტრიაში
როგორც სოფიო ლებანიძე აღნიშნავს, საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრია კარგად ინსტიტუციონალიზებული ბიზნესია და თავისუფლად გაუმკლავდება უფრო დიდი და მასშტაბური ზრდის ტენდენციებს. მისი თქმით, აუცილებელია დაზღვევის სიკეთე სწორად დავინახოთ, რადგან ეს არის ბიზნესი, რომელიც ნებისმიერ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს იცავს ფინანსური დანაკარგებისაგან, რაც საბოლოო ჯამში აისახება ინდივიდის სოციალურ კეთილდღეობასა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებზე. კომპანიის მიზანია სწორად მართოს ფიზიკური პირების და ბიზნესსუბიექტების რისკები. შესაბამისად, შეამსუბუქოს მათი ფინანსური დანაკარგები. რისკების სწორი, გონივრული მართვით მცირე და საშუალო ბიზნესს ეძლევათ განვითარების კარგი და მყარი შესაძლებლობები.
PSP დაზღვევის ინიციატივები ყოველთვის ეყრდნობა მოთხოვნას, რომელიც ეფუძნება რაციონალობას და განვითარების პერსპექტივებს. PSP დაზღვევა ყურადღებით იკვლევს მოთხოვნებსა და საჭიროებებს, ამის საფუძველზე ავითარებს და ნერგავს ინიციატივებს. კომპანიის თითოეული გადაწყვეტილება ეხმაურება მკაფიოდ იდენტიფიცირებულ საჭიროებებს.
"კომპანიის განვითარების სტრატეგია გულისხმობს სტაბილური პარტნიორობის გარანტიების შექმნასა და რისკების გონივრულ მართვას. ეს ყველაფერი საბოლოოდ თავს იყრის ხარისხიანი მომსახურების სისტემებთან, რომლებიც დაკავშირებულია არა მხოლოდ სიცოცხლის, არამედ არასიცოცხლის რისკების დაზღვევასთან. ნებისმიერი სტრატეგიული გადაწყვეტილების მტკიცებულება არის მოთხოვნა, რასაც გულდასმით ვიკვლევთ ბაზრიდან - თითოეული მომხმარებლის მოსაზრება, რეკომენდაცია ყოველთვის არის საფუძველი კომპანიის სტრატეგიული გადაწყვეტილებებისა", - ამბობს სოფიო ლებანიძე.
სადაზღვევო ინდუსტრია ეკონომიკის მნიშვნელოვანი რგოლია რისკების მართვის და ფინანსური დანაკარგების პრევენციის ბუნებიდან გამომდინარე. დანაკარგების მართვის სტაბილური, ეფექტიანი სისტემა, თავის მხრივ, რთული და კომპლექსური საკითხია. სწორედ ამიტომ სიახლეების დანერგვა გამოწვევებთან დაკავშირებული პროცესია. PSP დაზღვევა პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხით ეკიდება ნებისმიერ დაპირებასა და სიახლეს. პარტნიორებს სთავაზობს მათზე მორგებულ, ნოვატორულ და ხელმისაწვდომ პროდუქტებს. უახლოეს წარსულში ამ პრაქტიკაზე დაფუძნებით, კომპანიამ ორი მნიშვნელოვანი და მასშტაბური სიახლე განახორციელა, რომლებიც ძალიან მარტივად ადაპტირდა ქართულ რეალობაში, რამდენადაც მოთხოვნა სწორად იყო შესწავლილი და გაანალიზებული.
ინდუსტრიაში ციფრული ტექნოლოგიების შემოტანის თვალსაზრისით PSP დაზღვევა პირველი იყო, რომელმაც სადაზღვევო სერვისებით სარგებლობის ელექტრონული სისტემა "დაზღვევის პორტალი" დანერგა და 2017 წელს მომხმარებლებს სრულად ელექტრონული სადაზღვევო სერვისების მიღების შესაძლებლობა მისცა. დაზღვევის პორტალის არსებობა გახდა საფუძველი იმისა, რომ კოვიდპანდემიის პერიოდში PSP დაზღვევამ ყოველგვარი შეფერხების გარეშე გააგრძელა ოპერირება.
"ძალიან ამაყები ვართ იმით, რომ ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიის ბაზარზე PSP დაზღვევა იყო პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელმაც ეს შესაძლებლობა შექმნა. ეს იყო კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც თვალსაჩინოდ დავინახეთ, PSP დაზღვევის მომხმარებლებს უკვე მრავალი წელია აქვთ შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი სადაზღვევო მომსახურება მიიღონ ციფრული, ელექტრონული საშუალებებით. ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და კიდევ უფრო მეტად განვავითარებთ ელექტრონული სერვისებით მომსახურების შესაძლებლობებს", - ამბობს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
მეორე მნიშვნელოვანი ინოვაცია სწორედ SME Care-ია. როგორც სოფიო ლებანიძე აღნიშნავს, დღეს დაზღვევის ბაზარზე ყველაზე თვალსაჩინო პრობლემა მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციების წვდომაა რისკების მართვის სხვადასხვა მოდელზე. ამ პრობლემის დიაგნოსტირების შემდგომ, PSP დაზღვევამ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს ხელმისაწვდომი რისკების მართვის მოდელი შესთავაზა. ის მიზნად ისახავს სამედიცინო დაზღვევის ახალი ხედვისა და განახლებული ხელმისაწვდომობის სისტემის ჩამოყალიბებას.
სოფიოს ლებანიძის თქმით, აუცილებელია ვიყოთ დაზღვეულები, რადგან ეს არის ფინანსური დანაკარგების მართვის ერთადერთი გზა. კომპანიის მიზანია შექმნას ხელმისაწვდომობა სადაზღვევო პროდუქტებზე, მართოს სხვადასხვა რისკი და დაიცვას ინდივიდები სხვადასხვა ტიპის ფინანსური დანაკარგებისგან.
რას გულისხმობს SME Care-ი?
აღნიშნული პროდუქტი PSP დაზღვევამ მომხმარებლებს 2023 წლის ნოემბრიდან წარუდგინა, რომელიც ექსკლუზიურად მცირე და საშუალო ბიზნესის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის შექმნილი ჯანმრთელობის დაზღვევაა. იგი მორგებულია კომპანიებზე, სადაც 10-დან 50-მდე ადამიანია დასაქმებული. ამ პროდუქტის მთავარი უპირატესობა გახლავთ ის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები უფრო ხელმისაწვდომ ფასად ისეთივე სერვისებსა და სარგებელს იღებენ, როგორსაც დიდი კორპორაციები.
"ამ სადაზღვევო პროდუქტმა თითოეულ ადამიანს უნდა შეუქმნას გარანტიები იმისა, რომ მიიღებს მაღალი ხარისხის მომსახურებას. ჩვენი სტრატეგია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ პირს, ვისაც აქვს სურვილი მისი ჯანმრთელობის რისკები იყოს დაზღვეული და მართული, ჰქონდეს ამ რისკების მართვის კარგი შესაძლებლობა, გონივრულ ფასად და მაღალი ხარისხით", - აღნიშნავს სოფიო.
SME CARE-ი სამი სადაზღვევო პაკეტისგან შედგება და სხვადასხვა სეგმენტს მოიცავს. იგი არ ზღუდავს მომხმარებელს ერთი უნიკალური დაფარვის პაკეტით, არამედ შესაძლებლობას იძლევა, რომ სასურველ საფასო კატეგორიაში მიიღოს შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტი. მაგალითად, ALTIMA პაკეტის ღირებულება 55 ლარია, ULTIMA - 75 ლარი, MAXIMA პაკეტი კი − 95 ლარი ღირს.
აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო პოლისები ფარავს როგორც ამბულატორიული და ჰოსპიტალური მომსახურების ხარჯებს, ისე ორსულობა-მშობიარობის, მედიკამენტების შეძენისა და სტომატოლოგიური სერვისების დანახარჯებს. სამედიცინო დაზღვევის სამივე პაკეტი მომხმარებელს სთავაზობს მომსახურებას მოცდის პერიოდის გარეშე, მაღალ ლიმიტებსა და თანაგადახდებს, მცირე გამონაკლისებს ქრონიკული და დაზღვევამდე დამდგარი დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას, გარდა პროდუქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასევე, ოჯახის წევრებისა დაზღვევის შესაძლებლობას. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ამ პროდუქტს არ აქვს მოცდის პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს 6-12-თვიანი ლოდინის გარეშე, დაზღვევის გააქტიურებისთანავე შეუძლია ისარგებლოს შესაბამისი მომსახურებებით.
ამჟამად SME Care-ის სერვისით უკვე 9 მცირე და საშუალო კომპანია სარგებლობს, რაც 150-მდე დაზღვეულ თანამშრომელსა და 100 000 ლარამდე მოზიდულ პრემიას გულისხმობს.
"ჩვენ შევისწავლეთ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის საჭიროება და მოლოდინები. სწორედ ამაზე დაყრდნობით შეიქმნა პროდუქტი, აქედან გამომდინარე, ინტერესიც მაღალი მოჰყვა. რეალური შედეგებიც თვალსაჩინოდ შეგვიძლია დავინახოთ", - აღნიშნავს სოფიო ლებანიძე.
აღნიშნული პროდუქტის გარდა, საინტერესო სიახლეა ისიც, რომ 2024 წლის იანვრიდან PSP დაზღვევა "მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია" SMEDA-სთან თანამშრომლობს. SMEDA წევრობაზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესების მდგრადობას, ზრდასა და განვითარებას - ადვოკატირების, კონსულტირებისა და სწავლება-გადამზადების გზით. ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარე წლის განმავლობაში PSP დაზღვევამ და SMEDA-მ არაერთი ღონისძიება განახორციელეს, როგორც დაზღვევის მნიშვნელობისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, ასევე, ახალი პროდუქტის SME Care-ის პოპულარიზაციისათვის.
"დღეს სადაზღვევო ინდუსტრიის მთავარ გამოწვევად შეგვიძლია მივიჩნიოთ ბაზრის დაბალი პენეტრაცია, რაც შესაძლებელია განპირობებული იყოს საზოგადოების ცნობიერებისა და ზოგიერთ შემთხვევაში ინფორმაციის დეფიციტით. აქტიური საინფორმაციო კამპანიები, ხელმისაწვდომი და კარგი სადაზღვევო პროდუქტები, აუცილებლად კარგ შედეგს მოგვიტანს. აუცილებელია პროაქტიური მოქმედებები. ინდივიდების, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის ინფორმირების ხარისხის ზრდა უდრის მეტ დაზღვეულ მოქალაქეს, რაც ნიშნავს ფინანსური რისკებისაგან დაცულ ოჯახებს, ეს კი სოციალური უსაფრთხოების გლობალურ მასშტაბებს იძენს. ჩვენი მიზანია, SME Care-ის პროდუქტით გავზარდოთ ინდივიდების და ოჯახების ფინანსური სტაბილურობის გარანტიები სამედიცინო რისკების წარმოშობის შემთხვევაში. ყველამ სწორად უნდა შეაფასოს, რა არის დაზღვევის სიკეთე, ასევე მთავარია სასურველ სადაზღვევო პროდუქტებზე არსებობდეს ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა", - ამბობს სოფიო ლებანიძე.
როგორც PSP დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, ამ თანამშრომლობის განმავლობაში წამყვანი როლი "დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს" უკავია, რომელიც დაზღვევის ბიზნესის სტაბილური განვითარებითაა დაინტერესებული. PSP დაზღვევა აქტიურადაა ჩართული ყველა პროცესში, რათა სადაზღვევო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა იყოს გაზრდილი, პროდუქტების სარგებლიანობაზე ინფორმაცია კი სწორად გააზრებული. სამომავლოდ SMEDA-სა და PSP დაზღვევის თანამშრომლობა საინტერესო ღონისძიებებს გვპირდება.
ვინ ქმნის PSP დაზღვევას?
"PSP დაზღვევა არის ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია სტაბილური განვითარების ხედვა, რომელსაც ქმნის და ავითარებს ჩვენი კომპანიის თითოეული გუნდის წევრი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ დასაქმებული ადამიანი მხოლოდ თანამშრომელი არ არის, არამედ თითოეული ჩვენგანი ვართ გუნდის წევრები, რომლებიც ერთად, ერთობლივი ძალისხმევით, პატრიოტული და ერთგულების სულისკვეთებით ვემსახურებით ერთობლივად ჩამოყალიბებულ მიზანს. ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები, რომელსაც კომპანია მრავალი წლის განმავლობაში ემსახურება", - აღნიშნავს სოფიო ლებანიძე.
კომპანიის გუნდი განსაკუთრებული მონდომებით მუშაობს სხვადასხვა საინტერესო პროდუქტსა და მის განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ მათ განსაკუთრებული მიდგომები აქვთ ადამიანური კაპიტალის კუთხით, თითოეულ თანამშრომელს PSP დაზღვევა შესაძლებლობისა და კარიერული განვითარების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ორგანიზაციის პრიორიტეტული მიმართულებაა რაც შეიძლება მეტი მოტივირებული ახალგაზრდა მოიზიდოს გუნდში.
"ჩვენი კომპანიის ადამიანური რესურსების პოლიტიკის მთავარი ქვაკუთხედია ის, რომ ვეძებთ ახალგაზრდა, მოტივირებულ ადამიანებს, რომლებსაც ვუქმნით შესაძლებლობებს, რომ მათი ხედვები, იდეები იყოს სწორად დანახული და დაფასებული. ნებისმიერი კრეატიული მოსაზრება იყოს სწორად ადაპტირებული და, რაც ყველაზე მთავარია, ვაძლევთ მათ განვითარების შესაძლებლობას", - აღნიშნავს სოფიო ლებანიძე.
PSP დაზღვევამ ძალიან ბევრ სტუდენტს მისცა კარიერის დაწყებისა და შემდგომ მაღალი მწვერვალების მიღწევის შესაძლებლობა. გარდა იმისა, რომ კომპანია ქმნის განვითარების შესაძლებლობებს, საკუთარი თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფს სტაბილურ სამუშაო პირობებსაც. დღეის მდგომარეობით კომპანია 130-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, ვისთანაც ურთიერთობის ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია. საერთო ღირებულების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები ერთად აყალიბებენ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც განვითარებასა და შედეგზეა ორიენტირებული.
"ვფიქრობ, რომ PSP დაზღვევაში ცოდნისა და გამოცდილების ბალანსი ძალიან კარგადაა დაცული. ერთი მხრივ, არის გუნდი, რომელსაც გააჩნია ძალიან მყარი აკადემიური ცოდნა და გამოცდილება. მეორე მხრივ, გვიერთდებიან ახალგაზრდა, ნიჭიერი, მოტივირებული გუნდის წევრები, რომლებიც კრიტიკული და კრეატიული აზროვნების შესაძლებლობებით გამოირჩევიან. ეს სინერგია, ვფიქრობ, უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის. ეს ადამიანები კი ერთად ქმნიან PSP დაზღვევის შესაძლებლობებს", - აღნიშნავს სოფიო ლებანიძე.
როგორია კომპანიის განვითარების სამომავლო ხედვა?
როგორც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, PSP დაზღვევის გუნდი მთელი მონდომებით მუშაობს იმ ინოვაციური პროდუქტის განვითარებაზე, რასაც SME Care-ი ჰქვია. ახლა კომპანიას საინტერესო და ამბიციური გამოწვევები აქვს წინ. PSP დაზღვევამ ახლახან დაასრულა განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა, რომლის მიზანი კომპანიის სრული ტრანსფორმაციაა, რაც მოიცავს ხედვის, სტრატეგიის, ორგანიზაციული კულტურისა და ბრენდის ტრანსფორმაციას, ასევე გაციფრულების პროცესის დაჩქარებას.
კომპანიის მთავარი ხედვაა საჭიროებების შეფასება, დროული გადაწყვეტილებების მიღება და მოთხოვნაზე მორგებული სიახლეების გაზიარება.
"PSP დაზღვევა არის სტაბილურობის, ხარისხისა და სიახლეების ინიცირების კარგი სინთეზი. გავაგრძელებთ მუშაობას სიახლეების დანერგვაზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ მომხმარებლების ინდივიდუალურ მოლოდინებსა და საჭიროებებს. ჩვენ შევქმნით ახალ პროდუქტებს და სერვისებს, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს ჩვენი მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებას", - აღნიშნავს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.