Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Impact Hub Tbilisi-ს საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ 6 გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი გუნდი, ხმის მიცემის შედეგად, საზოგადოების რჩეული გახდა. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. გამარჯვებულები მიიღებენ ფულად ჯილდოს ბიზნესიდეის განსახორციელებლად და გაემგზავრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე ბელგრადში (სერბეთი).
2023 წლის Social Impact Award-ის გამარჯვებულები გახდნენ:
- LitKid - საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევი პლატფორმა, რომელიც მშობლებს სთავაზობს რეკომენდაციებს ბავშვის ასაკსა და ინტერესებზე მორგებული, პერსონალიზებული საბავშვო წიგნების შესახებ.
- Cloudcrop - ციფრული აგრონომი, რომელიც თვითსწავლებადი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩამოაყალიბებს სამოქმედო გეგმას ფერმერისთვის, რითიც ხელს შეუწყობს საუკეთესო ხარისხისა და რაოდენობის პროდუქციის მოყვანას მინიმალური რესურსების გამოყენებით.
- Alioni - რეგიონში პირველი ონლაინ აპლიკაცია, რომელიც მომხარებელს ლაივ რეჟიმში აწვდის გამჭვირვალე ინფორმაციას ხის ნარჩენის გადამუშავებული მოცულობის, წარმოების პროცესისა და გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ და ამ ზიანის შესამცირებლად ალტერნატივად სთავაზობს ნარჩენების რაციონალურ გამოყენებას.
Social Impact Award-ის ფარგლებში წელს 70-მდე აპლიკაცია შემოვიდა, ჟიურიმ კი 6 ფინალისტი შეარჩია. გუნდებმა ორი თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავეს პროექტების განვითარებაზე და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით შეიმუშავეს სოციალური ბიზნესიდეების განვითარების გეგმა. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები (ვორქშოფები) გაიმართა თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომელშიც საერთო ჯამში 150-მდე მსურველი დარეგისტრირდა. სამუშაო სესიებზე ახალგაზრდებმა იმუშავეს იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე.
სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 20-მდე ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო კურსს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე.
Impact Hub Tbilisi-მა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეშვიდე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1700+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 170-მდე ახალგაზრდამ (51 გუნდი), გამოვლინდა 25 გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცა დაფინანსება სოციალური ბიზნესსაქმიანობის წამოსაწყებად. ყველა გამარჯვებული პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.
"განვითარებადი ქვეყნებისთვის, სადაც უამრავი სოციალური პრობლემა არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. გვიხარია, რომ პროგრამა Social Impact Award-ის საშუალებით, ამ კონცეფციას ძალიან ბევრი ქართველი ახალგზარდა გაეცნო და მათი ინტერესიც სოციალური მეწარმეობის მიმართ საგრძნობლად გაიზარდა," აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ.
"ახალგაზრდებისა და მათი ბიზნესსაქმიანობების მხარდაჭერა ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის წამყვანი პრიორიტეტია. შესაბამისად, ისეთ მნიშვნელოვან პროექტში ჩართულობა, როგორიც Social Impact Award-ია, ჩვენთვის ძალიან საამაყოა. გვჯერა, რომ მასში მონაწილე თუ გამარჯვებული ახალგაზრდებისთვის პროექტი ღირებული გამოცდილება იქნება და სამომავლოდ განსაკუთრებულ როლს შეასრულებს მათი სოციალური ბიზნესსაქმიანობების განვითარებაში," განაცხადა ტერაბანკის მარკეტინგის მენეჯერმა, ქეთა ვაშაყმაძემ.
"მოხარული ვართ კვლავ მხარი დავუჭიროთ, საერთაშორისო Social Impact Award-ის ფარგლებში, ქართველი ახალგაზრდების ინიციატივებს. ევროპის ფონდს მიაჩნია, რომ თუ ახალგაზრდებს, საჭირო უნარებით გავაძლიერებთ და სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებაში მხარს დავუჭერთ, მათ ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა პრობლემების გადასაჭრელად, ახლებური გზები მოიძიონ," აღნიშნა ევროპის ფონდის პრეზიდენტმა, ქეთევან ვაშაკიძემ.
პროგრამა ხორციელდება ტერაბანკისა და ევროპის ფონდის მხარდაჭერით.