Technovation Girls - 2026 წლის წარმატებული სეზონი ტექნოლოგიებში გოგოების გაძლიერება ახალი შესაძლებლობებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობა მხოლოდ ახალი უნარების შეძენას არ ნიშნავს - ეს არის შესაძლებლობა, ადრეული ასაკიდან აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები, შექმნან იდეები, გადაჭრან რეალური პრობლემები და ტექნოლოგიური სფეროს მომავალ მონაწილეებად ჩამოყალიბდნენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საერთაშორისო პროგრამა Technovation Girls, რომელიც საქართველოში საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით ხორციელდება და 13-18 წლის გოგოებს ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის პრაქტიკულად შესწავლის, გუნდური მუშაობისა და საკუთარი იდეების რეალურ პროექტებად გარდაქმნის შესაძლებლობას აძლევს.

საქართველოში პროგრამა 2019 წლიდან ხორციელდება, ხოლო 2025 წლიდან მისი ოფიციალური მასპინძელია საქართველოს უნივერსიტეტი. პროექტის ელჩები არიან ნანა დიხამინჯია და სალომე ნასყიდაშვილი, რომლებიც წლებია აქტიურად მუშაობენ გოგონების ტექნოლოგიური გაძლიერებისა და STEM მიმართულებების პოპულარიზაციისთვის.

პროგრამის მნიშვნელობაზე, 2026 წლის შედეგებსა და პროექტის განვითარების შესაძლებლობებზე საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი ტექნოლოგიების მიმართულებით, ნანა დიხამინჯია საუბრობს.

"Technovation Girls-ის არსებობა საქართველოში ბევრი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, ამ პროექტში გოგოები სწავლობენ საკუთარ თემში პრობლემების აღმოჩენას და მათ გადაწყვეტას ტექნოლოგიური გზით, რაც ინოვაციური აზროვნების განვითარების საფუძველია."

პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი ხელმისაწვდომობაცაა -მონაწილეობისთვის წინარე ტექნოლოგიური ცოდნა აუცილებელი არ არის. ამასთან, პროექტი საერთაშორისო მასშტაბისაა და ქართველ მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი იდეები საერთაშორისო დონეზე გაიტანონ.

ნანა დიხამინჯიას თქმით, პროექტის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის მისი გეოგრაფიული მრავალფეროვნება - მონაწილე გოგოების დაახლოებით ნახევარი საქართველოს რეგიონებიდანაა, მათ შორის ისეთი სკოლებიდან, სადაც ტექნოლოგიური განვითარების შესაძლებლობები შედარებით შეზღუდულია.

იდეიდან რეალურ პროექტამდე

Technovation Girls-ის მთავარი ღირებულება პრაქტიკული გამოცდილებაა. მონაწილეები თავად ირჩევენ პრობლემას, ქმნიან იდეას, მუშაობენ გუნდში, სწავლობენ ტექნოლოგიებსა და მეწარმეობას და საბოლოოდ საკუთარ პროექტს აუდიტორიისა და ჟიურის წინაშე წარადგენენ.

"ამ პროცესში გოგო აღარ არის მხოლოდ მოსწავლე, რომელიც ტექნოლოგიებს სწავლობს. ის ხდება შემქმნელი, მკვლევარი, გუნდის წევრი და ხშირად ლიდერიც," - აღნიშნავს ნანა დიხამინჯია.

პროგრამა ასევე ეხმარება გოგოებს იმ სტერეოტიპების გადალახვაში, რომლებიც ტექნოლოგიებსა და STEM სფეროებს ხშირად "ბიჭების სფეროდ" აღიქვამს. მენტორებთან მუშაობა, პრაქტიკული გამოცდილება და ტექნოლოგიებში წარმატებული ქალების მაგალითები მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი მომავალი ამ სფეროსთან უფრო თამამად დააკავშირონ.

2026 წლის სეზონი - მზარდი მასშტაბი და ახალი შესაძლებლობები

პროგრამის მასშტაბი საქართველოში უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ნანა დიხამინჯიას ინფორმაციით, Technovation Girls-ში საქართველოში 2 000-ზე მეტმა გოგომ მიიღო მონაწილეობა, 2023-2025 წლებში პროგრამაში დაახლოებით 1 200 გოგო ჩაერთო, ხოლო 2026 წელს 550 გოგო დარეგისტრირდა. ამ პერიოდში მონაწილეებმა დაახლოებით 400 გუნდი შექმნეს, ტექნოლოგიურ ბანაკებში კი 700-ზე მეტმა გოგომ მიიღო მონაწილეობა.

2026 წლის ერთ-ერთი სიახლე სკოლა-კლუბების დამატება იყო. პროგრამის ფარგლებში ასევე ჩატარდა ტექნოლოგიური ბანაკი, რომელმაც 20 ყველაზე წარმატებული გუნდი გააერთიანა და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორებმა და მკვლევრებმა ჩაატარეს ლექციები.

პარტნიორობა, რომელიც შესაძლებლობებს აფართოებს

Technovation Girls-ის მასშტაბისა და მდგრადობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია სხვადასხვა ორგანიზაციის პარტნიორობა. პროექტის მთავარი პარტნიორები არიან გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), Association of Teachers of Exact and Natural Sciences, ReThink, Quantum Computing Association, İşbank Georgia, Softgen Group, NB Legal, Idea Design Group და Credo Bank.

ნანა დიხამინჯიას შეფასებით, პარტნიორების ჩართულობა პროექტს დამატებით შესაძლებლობებს აძლევს და აჩვენებს, რომ გოგოების ტექნოლოგიური განათლება და ქალების გაძლიერება უფრო ფართო საზოგადოებრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის ნაწილია.

"GIZ-თან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობა განსაკუთრებით აძლიერებს პროექტის გავლენას და შესაძლებლობას, მეტი გოგო ჩაერთოს პროექტში. ეს აჩვენებს, რომ გოგოების ტექნოლოგიურ განათლებაზე, გენდერულ თანასწორობასა და ქალების გაძლიერებაზე საუბარი მხოლოდ ერთი ორგანიზაციის ინიციატივა არ არის."

Technovation Girls-ის 2026 წლის პროგრამა განხორციელდა საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით და პროექტის "პროფესიული განათლება საქართველოს ეკონომიკის მზარდ სექტორებში" მხარდაჭერით, რომელიც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით მიმდინარეობს და GIZ ახორციელებს.

GIZ-ის მხარდაჭერის ფარგლებში 2026 წლის ტექნოლოგიურმა ბანაკმა საქართველოს მასშტაბით 20 საუკეთესო გუნდი გააერთიანა.

იზაბელ რაპი, BMZ-ის დაფინანსებითა და GIZ-ის მიერ განხორციელებული პროექტის "პროფესიული განათლება საქართველოს ეკონომიკის მზარდ სექტორებში" მენეჯერი აღნიშნავს, რომ ბანაკმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, კიდევ უფრო განევითარებინათ საკუთარი იდეები და მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება.

"მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერის შედეგად კიდევ უფრო მეტმა ახალგაზრდამ შეძლო ბანაკში მონაწილეობა და ამ გამოცდილების მიღება. გვიხარია, რომ მხარი დავუჭირეთ გოგოებისთვის შექმნილ ინიციატივას, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს შექმნან ქსელი, განავითარონ და გააფართოონ საკუთარი უნარები, იპოვონ შთაგონება და თავდაჯერებულად განაგრძონ სვლა თავიანთი მიზნებისკენ."

ტექნოლოგიებში მეტი გოგოს ჩართულობისთვის

Technovation Girls-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია გაეროს ქალთა ორგანიზაცია, რომლის მხარდაჭერაც ქალებისა და გოგოების ტექნოლოგიებში მონაწილეობის გაზრდის უფრო ფართო საქმიანობის ნაწილია.

ელენე გაბელაია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი, აღნიშნავს, რომ გოგოებისთვის ტექნოლოგიებთან ადრეული ასაკიდან დაკავშირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება მათი ინტერესები, პროფესიული მისწრაფებები და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.

"გოგოების ადრეული ასაკიდან ჩართვა ტექნოლოგიებსა და STEM სფეროებში ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ეტაპზე ყალიბდება მათი ინტერესები, პროფესიული მისწრაფებები და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა."

გაეროს ქალთა ორგანიზაციის შეფასებით, გოგოებისა და ქალების ტექნოლოგიებში ჩართულობას კვლავ აფერხებს გენდერული სტერეოტიპები, კარიერული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, რეგიონებში ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა და როლური მოდელების სიმცირე.

ამ კონტექსტში Technovation Girls-ის მნიშვნელობა მხოლოდ ტექნოლოგიური ცოდნის მიღებით არ შემოიფარგლება. პროგრამა გოგოებს შესაძლებლობას აძლევს, თავად გახდნენ ტექნოლოგიური იდეებისა და პროდუქტების შემქმნელები.

"ქალები და გოგოები არ არიან მხოლოდ ციფრული ტექნოლოგიების მომხმარებლები - აუცილებელია, მათი ხმა და წვლილი იყოს წარმოდგენილი ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ქალები უნდა იყვნენ არა მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლეების მიმღებები, არამედ აქტიური ლიდერები და ამ ცვლილებების შემქმნელებიც," - ამბობს ელენე გაბელაია.

მონაწილეებიდან მომავალი მენტორობისკენ

Technovation Girls-ის გავლენა პროგრამის დასრულებით არ მთავრდება. მონაწილეები აგრძელებენ მონაწილეობას სხვა საგანმანათლებლო პროგრამებში, კონკურსებსა და ჰაკათონებში, ნაწილი კი ტექნოლოგიურ, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მიმართულებებს პროფესიულ მომავალს უკავშირებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყოფილი მონაწილეები ხშირად თავად ბრუნდებიან პროგრამაში მენტორებად და საკუთარ გამოცდილებას ახალ თაობას უზიარებენ. ამგვარად, პროექტი ცოდნისა და გამოცდილების გადაცემის უწყვეტ სისტემას ქმნის.

პროგრამის გავლენას თავად მონაწილეების გამოცდილებაც აჩვენებს. 2026 წლის Technovation Girls-ის Senior კატეგორიის გამარჯვებული გუნდის წევრი ქეთი ბუზალაძე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. ქეთი პროგრამაში 2024 წელსაც მონაწილეობდა, თუმცა გამარჯვება ვერ მოიპოვა. 2026 წელს გუნდმა კონკურსში კვლავ მიიღო მონაწილეობა და ამჯერად გამარჯვება მოიპოვა.

"Technovation Girls ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ კონკურსი. 2024 წელს გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ, თუმცა არ დავნებდით და 2026 წელს კვლავ დავბრუნდით. ამ გამოცდილებამ დაგვანახა, რომ პირველი წარუმატებელი მცდელობა საბოლოო შედეგს არ განსაზღვრავს. პროექტზე მუშაობამ განგვივითარა კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარები, გაგვიღრმავა ცოდნა ტექნოლოგიებისა და სტარტაპის შექმნის მიმართულებით და მოგვცა შესაძლებლობა, რეალურ პრობლემებზე გვემუშავა," - ამბობს ქეთი ბუზალაძე.

მისი გუნდის გამარჯვებული იდეა კახეთის ფერმერების საჭიროებებს უკავშირდება. მიღებულ გამოცდილებას ქეთი დღესაც იყენებს სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროექტსა და ახალგაზრდულ საქმიანობაში და ცდილობს, ცოდნა სხვა ახალგაზრდებსაც გაუზიაროს.

"ჩემს თანატოლებს ვურჩევდი, არ შეუშინდნენ პირველ ნაბიჯს, შეცდომებსა თუ წარუმატებლობას. ჩვენი გამოცდილება ამის საუკეთესო მაგალითია - ზოგჯერ ერთი შესაძლებლობა შეიძლება ცხოვრების გარდამტეხ წერტილად იქცეს. მომავალში თავადაც მსურს Technovation Girls-ში მენტორის როლში დავბრუნდე და სხვა ახალგაზრდებს საკუთარი იდეების განხორციელებაში დავეხმარო."

საერთო მიზანი - შესაძლებლობა ყველა გოგოსთვის

ნანა დიხამინჯიას შეფასებით, საბოლოო მიზანი საქართველოში ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ნებისმიერ გოგოს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი იდეა განავითაროს.

"საუკეთესო შედეგი იქნება, როცა შევძლებთ, რომ საქართველოს ყველა სკოლა ჩაერთოს ამ პროექტში და ნებისმიერ მსურველ გოგოს შეეძლოს, საკუთარ სკოლაშივე შექმნას გუნდი."

Technovation Girls-ის 2026 წლის გამოცდილება აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური განათლების, მენტორობისა და სხვადასხვა სექტორის პარტნიორობის გაერთიანება გოგოებისთვის ქმნის შესაძლებლობას, არა მხოლოდ შეიძინონ ახალი ცოდნა, არამედ თავად გახდნენ ინოვაციების, ტექნოლოგიური ცვლილებებისა და ახალი შესაძლებლობების შემქმნელები. შემდეგი ეტაპის მთავარი ამოცანა კი ამ შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოება და მეტი სკოლისა და გოგოს ჩართვაა.