Get All Access for $5/mo

,,თეგეტა" გარემოსთვის - დედაქალაქის სიახლოვეს დაყრილი საბურავები Tegeta Green Planet-მა გაიტანა რა ფუნქციას შეიძენს საავტომობილო ნარჩენი

By თეკლა ადამია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ბილი ბილიხოძე

თბილისის შემოვლით გზაზე, სოფელ ნორიოსთან ახლოს, ტრიალ მინდორზე შავი ლაქა კოსმოსიდანაც მკაფიოდ აღიქმებოდა. გაზაფხულზე, გამწვანებასთან ერთად, ათასობით მეორადი საბურავი ზოგმა თანამედროვე ინსტალაციად წარმოიდგინა, ზოგიც შეშფოთდა − გააბრაზა უპასუხისმგებლო ქმედებამ, ნაწილი კი შესაძლოა უბრალოდ საერთო ვნებათაღელვას აჰყვა, რომელიც სოციალურ ქსელში ფოტოგრაფ ბილი ბილიხოძის ფოტოებმა გამოიწვია. მავნე ნარჩენებით სავსე მინდორი ხელოვანის ფოტოობიექტივში მოხვდა და სხვადასხვა ქსელში მალევე გავრცელდა.

მღელვარების ტალღა მალევე გადაფარა ინფორმაციამ, რომ დაბინძურებული ტერიტორიიდან საბურავებს ორგანიზაცია Tegeta Green Planet-ი გაიტანდა. საავტომობილო ნარჩენი ორგანიზაციამ პარტნიორ საწარმოებს ჩააბარა. ლიცენზირებულ ქარხნებში საბურავების გადამუშავება ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ხდება. Tegeta Green Planet-ი "თეგეტა ჰოლდინგში" შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორიზაციით, 2022 წლიდან ფუნქციონირებს.

ნათიკა ბერძული, "თეგეტა ჰოლდინგის" სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: "თეგეტასათვის", როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, გარემოზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მეტიც − გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ჩვენი CSR-სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომაც მხოლოდ ემოციური რეაქცია შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ჩვენი გუნდის მხრიდან საკმარისი ვერ იქნებოდა − საჭირო იყო კონკრეტული მოქმედება და ტერიტორიიდან მავნე ზეგავლენის მქონე ნარჩენის გატანა. ეს მისია თავის თავზე ჰოლდინგის შვილობილმა ორგანიზაციამ − Tegeta Green Planet-მა აიღო, საბურავებით დაბინძურებული მინდორი გაწმინდა და ნარჩენი გადამამუშავებელ საწარმოებს ჩააბარა. შეგროვებაც და ტრანსპორტირებაც სრულად "თეგეტას" რესურსით განხორციელდა".

ნარჩენების მართვის შესაბამისი გამოცდილებით, Tegeta Green Planet-ის გუნდმა, საბურავის ნარჩენებით დაბინძურებული ადგილი 3 დღეში დაასუფთავა. ორგანიზაციაში გვიყვებიან, რომ საქმის დასრულება ერთი დღით ადრეც შეიძლებოდა, მაგრამ სამუშაოები უხვი ნალექის გამო შეფერხდა. პროცესი დროებით საგანგებოდ გააჩერეს, რათა სატვირთო ავტომობილებს ტერიტორიიდან გამოტანილი ტალახით საგზაო მაგისტრალი არ დაებინძურებინა.

საბოლოოდ, საბურავები Tegeta Green Planet-მა შესაბამისი ლიცენზიის მქონე გადამამუშავებელ ქარხანაში მიიტანა, სადაც ნარჩენებს ახალ ფუნქციას შესძენენ.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია Tegeta Green Planet "თეგეტა ჰოლდინგის" შემადგენლობაში რამდენიმე თვის წინ გაჩნდა.

ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა ნარჩენი საბურავების, ზეთების და აკუმულატორების, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში მართვაზე. ეს ნიშნავს, პირველ ეტაპზე, ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი, მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.

უსარგებლო ნარჩენები რეციკლირების იმ ობიექტებს გადაეცემა, რომელთაც შესაბამისი საქმიანობის ოფიციალური ნებართვა აქვთ.

ორგანიზაციაში გვიხსნიან, რომ ნარჩენი არ არის ნაგავი − ნებისმიერი ნედლეული კონკრეტული საქმიანობისათვის გამოსადეგია. აუცილებელია მხოლოდ მისი დახარისხება და დამუშავება.

შალვა ახვლედიანი, Tegeta Green Planet-ის დირექტორი: "ჩვენი ორგანიზაციის მიზანია სპეციფიკური ნარჩენების რაოდენობის შემცირება, რაც მათი სეპარირებული შეგროვებით, გადამუშავებითა და მისგან ახალი პროდუქციის მიღებით ხორციელდება. ორგანიზაციის საქმიანობა მჭიდროდ კავშირებისეთი გლობალური საკითხების გამკლავებას, როგორებიცაა გარემოს დაბინძურების პრევენცია, რესურსების მდგრადი გამოყენება და გლობალურ დათბობაზე ზემოქმედების შემცირება. ვფიქრობთ, აღებული ვალდებულებით, ერთი მხრივ, დავიცავთ და გავუფრთხილდებით ეკოლოგიას, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შევუწყობთ მწვანე ეკონომიკის განვითარებას".

მხოლოდ მიმდინარე წელს Tegeta Green Planet-მა ერთ-ერთ პარტნიორ გადამამუშავებელ საწარმოს "რაბერ ტექს" 400 ტონამდე საბურავი ჩააბარა. ახლა ქარხანა ნარჩენისაგან გრანულებს მიიღებს, რომელიც სტადიონების ან სკვერების კეთილმოსაწყობად გამოიყენება. საბურავებისგან მზადდება ასევე მეტალი, რომელსაც რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ჩაიბარებს და მისგან ქართულ არმატურას აწარმოებს. მზადდება პუდრიც, რომელიც ევროპაში გზის საფარისთვის, ხოლო საქართველოში რეზინის სხვადასხვა პროდუქტის საწარმოებლად გამოიყენება.

Tegeta Green Planet-ს მკაფიოდ აქვს გაწერილი სამომავლო გეგმები და ინიციატივები, რომელთა შესრულება მომდევნო რამდენიმე წელზეა გათვლილი, კერძოდ: ნარჩენების სექტორის ინფრასტრუქტურაში კერძო ინვესტიციების მოზიდვა; ლიცენზირებული გადამამუშავებელი ქარხნებისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძიება და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა; შეგროვების პუნქტების მოძიება/მოწყობა/ლეგალიზების სამუშაოების განხორციელება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

გარდა ამისა, Tegeta Green Planet აქტიურად ახორციელებს საინფორმაციო კამპანიებს, რათა ნარჩენების მართვა სწორად განხორციელდეს და მისი გამოყენება ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად მოხდეს.

თბილისის შემოვლით გზაზე, სოფელ ნორიოს სიახლოვეს მწვანე მინდორი ახლა სრულად გაწმენდილია. Tegeta Green Planet-ის მიერ შესრულებული სამუშაოს შემდეგ, საბურავებისგან გასუფთავებული ტერიტორიის ფოტო ისევ ბილი ბილიხოძემ გადაიღო და საზოგადოებას გაუზიარა.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე